როდესაც საკითხის არსს გავურბივართ და ვემალებით

ავტორი:

აზრზე მონოპოლიის სენი
 

ქვეყნის წინაშე მრავალგვარი პრობლემა დგას; ზოგიერთი მათგანი კი იმგვარია, რომ არათუ ჩვენ, ქართველებს, არამედ ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს მათზე ზუსტი და ადეკვატური პასუხი ჯერ არ უპოვიათ. არაერთი პრობლემური საკითხი თავიდან ბოლომდე ჩვენივე, ეროვნული წარმოშობისა და ხასიათისაა, ზოგი კი გლობალური ტრანსფორმაციის ბუნების გამოძახილია. თემატიკისა თუ შინაარსის მიხედვით განსხვავებული ამ საკითხების კატეგორიზაცია შესაძლებელია. ამაში მეტწილად შესატყვის დარგებში დაგროვებული ცოდნისა თუ გამოცდილების გვეხმარება, ასეთ საკითხთა ანალიზი და სისტემურობა.
 

ცალკეული პრობლემის მოგვარება მოკლე დროშია შესაძლებელი,  სხვებს კი შედარებით მეტი ან ხანგრძლივი ვადა ესაჭიროება; ნაწილი ეროვნული ძალისხმევით გადაიჭრება, ნაწილი კი მხოლოდ საერთაშორისო რესურსთან სწორი კომბინირებით. მაგრამ... ან რა, ან როდის ეშველება პოლიტიკური კულტურის - უკეთ რომ ვთქვა, პოლიტიკური უზნეობის - იმ საუკუნოვან მანკიერებას, რომელიც მოვლენათა შეფასებისას თვალთმაქცობაში გამოიხატება? რა საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეცეპტი გვიხსნის იმისაგან, რომ ქვეყნის ინტერესების სწორად განსაზღვრას მოდას აყოლილ ქცევას ვამჯობინებთ, ხოლო რისკებისა თუ გამოწვევების სიღრმისეულ გამოკვლევას მედიასივრცეში თავმომწონე და უსარგებლო რიტორიკას ვანაცვალებთ? რა დავუპირისპიროთ იმას, რომ სპეტაკ და კვალიფიციურ შეფასებას „გულების მოსაგებად“ გამიზნულ კეკლუცობასა და ზედაპირულობას ვწირავთ?
 

რომელი დამოკიდებულებაა სახელმწიფოებრივი ასეთ დროს? ქცევის როგორი სტანდარტი უპასუხებს ეროვნულ ინტერესს? – იაფფასიანი ცნობადობის მოსახვეჭად ამწუთიერ ფეხის ხმას აყოლილი, განსაკუთრებული ექსკლუზივით მოსარგებლე (საეჭვო მიზეზით) „საექსპერტო აზრი“, თუ სწორი და რაციონალური გამოსავლის პოვნის მიზნით ახლისა და არასტანდარტულის ძიება და შეთავაზება? მესმის, რომ შეკითხვები მეტად რიტორიკულია და, სავარაუდოდ, მათზე პასუხიც არ უნდა ჭირდეს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, ვინაიდან რეალურად ძალიანაც გვიჭირს როგორც პასუხების გაცემა, ისე მათი გათვალისწინება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში  და საბოლოო აღსრულება. გვიჭირს ხოლმე იმდენად, რომ ზიანდება ქვეყნის უსაფრთხოება, კნინდება მისი კონკურენტუნარიან ეროვნულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესი და ეს ყველაფერი როგორც შიდა, ისე გარე წარმომავლობის რისკების მატების პირობებში ხდება.
 

ამ მოკლე სტატიაში პირადი მოსაზრება მინდა გამოვთქვა რამდენიმე აქტუალურ თემაზე. მეჩვენება, რომ მათ შესახებ მსჯელობა ხშირად იმ სტერეოტიპული მარწუხების ზეგავლენით მიმდინარეობს, რაც ახშობს კრიტიკული აზროვნების უნარს, აქვეითებს თავისუფალ აზრს, ხოლო ამგვარი მსჯელობის შედეგად „დასკვნებსა“ თუ „შეფასებებს“ პრაქტიკული პოლიტიკისათვის უსარგებლო კლიშეებად აქცევს.
 

კარგად ვაცნობიერებ იმასაც, რომ დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და კლიშეების საზღვრებს გარეთ გასვლა სხვადასხვა ნიშნით „ანტი“,  „კონტრ“ და „პრო“ იარლიყების მიწებებას გიქადის. ამას საკმაოდ მოხერხებულად და დიდი ენთუზიაზმით ართმევენ თავს ისინი, ვინც ათწლეულებია ჩვენს ქვეყანაში ანალიტიკური აზროვნების  „წმინდა გრაალის მცველებად“ გვევლინებიან და თავიანთი „უნიკალურ-საპატიო“  წვლილი შეაქვთ ქვეყნის ერთ წრეზე უშედეგო ტრიალში. თუმცა, რატომ უშედეგო, როდესაც ერთი შედეგი აშკარაა: ხსენებულ „გრაალის მცველებს“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის ფორმირებისათვის გაწეული და გასაწევი დაუღალავი შრომა უფასდებათ და დაუფასდებათ. ასე იქმნება ერთგვარი „მონოპოლია სწორ აზრზე“ – ჩაკეტილი, სტერეოტიპული მიდგომა, რომელიც განვითარებისათვის აუცილებელ თავისუფალ და არაანგაჟირებულ ფიქრსა და მსჯელობას აფერხებს. ეს იწვევს საზოგადოებრივი პროცესის სტაგნაციას, ეს უხერხემლოსა და უუნაროს გვხდის პოლიტიკური გათანამედროვებისათვის, ეს საგრძნობლად აჭიანურებს სახელმწიფოებრივი სიმწიფის დადგომას.    
 

თავის მართლებად..?


კონკრეტულ საკითხზე გადასვლამდე - აღწერილი სევდიანი რეალობისადმი ანგარიშის გასაწევად - პროფესიული კარიერიდან რამდენიმე შემთხვევას დავასახელებ. ისევ და ისევ, სტატიაში გამოთქმული ზოგიერთი, ალბათ საკამათო პასაჟის სანდოობის გასამყარებლად. იმედია, ეს მოკლე „მარკეტინგული“ ჩანართი ოდნავ მაინც დაუოკებს „მონოპოლისტებს“ ზემოხსენებული დაიარლიყების სურვილს და საგნობრივ განხილვას შეუწყობს ხელს. იმედია.  
 

არასრული ოცდაათწლიანი იურიდიული პრაქტიკის განმავლობაში იურიდიულ ფირმას, სადაც მე ვსაქმიანობ, ქვეყნისათვის არაერთ გეოპოლიტიკურ და მსხვილ ეკონომიკურ პროექტზე უმუშავია. მათ შორისაა როგორც საქართველოს გავლით ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მეგათემის – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთკავკასიური მილსადენების, ისე  ქვეყნის საჰაერო თავდაცვისათვის ფრანგული აღჭურვილობის შესაძენად გარიგების სამართლებრივი თანხლება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთის რიგი სახელმწიფო თუ დიპლომატიური დაწესებულების კონსულტირება, ათობით დასავლური და დასავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს  მიკუთვნებული აზიური კომპანიის მიერ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირების იურიდიული მხარდაჭერა, მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სხვადასხვა პროექტის დაკრედიტებასა და კაპიტალის სტრუქტურირებასთან დაკავშირებულ, ხშირად ნოვატორულ გარიგებებში მონაწილეობა და სხვ. 


ამ „რწმუნებათა სიგელების“ წარდგენამ ასევე უნდა შეაფერხოს უნაყოფო ჩაძიება იმ ანალიტიკური ორგანიზაციის ხელწერასა და მიდგომაში, რომლის წევრობაც პატივად მერგო. მით უფრო, რომ ასეთი ჩაძიების შედეგად - მსურველთა გასაგონად - იმას ვერ აღმოაჩენთ, რასაც ეძებთ.


ახლა კი საქმეზე, მაშასადამე, სათქმელზე გადავიდეთ.

 

ვისაუბროთ ღიად
 

არის საკითხები, რომელთა ირგვლივ საუბარი მაქსიმალურ ღიაობასა და მოსაუბრეთა გულახდილობას მოითხოვს, მინიმუმ, მკვლევრებისა და ანალიტიკოსების დონეზე. მათი უმთავრესი მიზანი ხომ ის უნდა იყოს, რომ  პრობლემატიკის სრულფასოვანი დიაგნოსტიკის მეშვეობით, პოლიტიკური პროცესის პრაქტიკოსებს ქვეყნისათვის მისაღები გადაწყვეტების განსაზღვრაში დაეხმარონ. მეტიც, არაპოლიტიზებული, იდეაფიქსებისა და მედიაეფექტებისაგან თავისუფალი მსჯელობა თანაბრად ესაჭიროება როგორც მომხმარებელს ქვეყნის შიგნით, ისე ქართული პროცესების აქტორებს ქვეყნის გარეთ. ხანდახან კი მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პარტნიორებს, ამ მხრივ, გაცილებით მეტი მზადყოფნა და სურვილი აქვთ, ვიდრე ქართულ სატელევიზიო ტოქშოუებში „ინტელექტდაღვრილ“ ცალკეულ ადგილობრივ პოლიტიკოსებსა თუ მოღვაწეებს – ნება და მისწრაფება. ისევე როგორც უნარი, სხვათა შორის.
 

ახლა მოდით, საგნობრივად.
 

რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალურობა
 

ბოლო ხანს მძაფრი მსჯელობა იმართება ე.წ. „3+3“ ინიციატივის თაობაზე. წინაისტორია დაინტერესებულ მკითხველს კარგად მოეხსენება და მასზე შეჩერებას არ ვაპირებ. არც საგარეო საქმეთა მინისტრის ამასწინანდელ კომენტარს ჩავუღრმავდები, რომელმაც საქართველოს „ინფრასტრუქტურულ პროექტებში“ ჩაბმაზე ფიქრისაკენ მოუწოდა, რამაც, განსაკუთრებით „3+3“ ფორმატის ფონზე, აზრთა გაყოფა და მღელვარება გამოიწვია. არ დავმალავ, რომ აღნიშნული კომენტარის გამო პირადად მეც დამეუფლა უკმარისობის განცდა. მართალია, არა პოლიტიზებული, არამედ ჯანსაღი დამოკიდებულებით მიდგომის შემთხვევაში, მთავარი გზავნილი მაინც იკითხებოდა, თუმცა ობიექტურად, სასურველი იყო, მინისტრს უკეთ განევრცო თავისი აზრი, რაც მოგვიანებით გაკეთდა კიდეც საგარეო უწყების განცხადებაში.
 

დავიწყებ იმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე გაკეთებულ შეფასებას ყოველთვის ახლავს იმ „წითელი ხაზების“ მკაფიოდ აღნიშვნა, რომელთა გადაკვეთა შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან; ასეა ამჯერადაც, ასე იყო ყველა ქართული ხელისუფლების შემთხვევაში და ასე გაგრძელდება მომავალში, რა პარტიული ნიშნითაც არ უნდა დაკომპლექტდეს ქართული ხელისუფლება. ამის პირობაც და წინაპირობაც ქართული საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანია, რომელსაც ესა თუ ის ხელისუფლება გამოხატავს.
 

ამასთანავე, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია მიმდინარე პროცესების რამდენიმე არსებითი გარემოება. თავშივე ვახსენოთ მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გადაწყობა რეგიონალიზმის ფაქტორის წინა პლანზე დაწინაურებით. ერთ ან ორპოლუსიან სამყაროსთან დისტანცირების კვალდაკვალ (თუმცა მრავალი წყარო დღეს ახალი ორპოლუსიანობის -  აშშ-ჩინეთის - აღმოცენებაზე საუბრობს), გავლენათა ფორმირების რეგიონალური ცენტრები განახლებულ გრავიტაციულ როლს შეიძენენ როგორც შესატყვის რეგიონებში, ისე გლობალურად გეოპოლიტიკური ამინდის ფორმირების თვალსაზრისით. რამდენჯერმე აღვნიშნე კიდეც ახალი მსოფლიო წესრიგის ე.წ. რეგიონალური პრინციპით დაქსელვის ტენდენცია და მისი გამომწვევი მიზეზები და დინამიკაც განვიხილე. 
 

ამ პირობებში, ქართული სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისათვის კრიტიკულია როგორც ჩვენი სტრატეგიული კურსის უდანაკარგოდ შენარჩუნება, ისე ჩვენს სამეზობლოსთან (არსებული პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით) ურთიერთობის გასაგებ და მისაღებ თამაშის წესებზე აწყობა. დიახ, აქ სწორედ რომ თანაბრად უნდა იყრიდეს თავს ქართული საგარეო პოლიტიკის ორივე ხაზი: ერთი – უკვე ხსენებული ცივილიზაციური არჩევანი, როგორც ქართული სახელმწიფოებრივი მედეგობის უმთავრესი საყრდენი, ხოლო მეორე კი - იმ შეუვალი ჭეშმარიტების საქმით პრაქტიკული რეალიზება, რომელიც სამეზობლოსთან განჭვრეტადი და პროგნოზირებადი ურთიერთობით ქვეყნის შიდა და გარე რისკების მინიმიზაციას ემსახურება.
 

რეალობა ისეთია, რომ სამეზობლოში მრავალვექტორული ტენდენციების მატებასთან ერთად, ქართული დიპლომატიაც უფრო მრავალშრიანი უნდა გახდეს. ვიმეორებ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მზიდი კურსის ცვლილებას ან ერთის მეორით ჩანაცვლებას. საქმე ისაა, რომ ერთ, ორ ან თუნდაც რამდენიმეპოლუსიანი სისტემისათვის დამახასიათებელი, „გამჭოლი გეოპოლიტიკური“ გავლენების უპირობო განვრცობა გლობალურ მოთამაშეებს დღეს უჭირთ, ხოლო მათი ტაქტიკური თუ სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონალურ მოთამაშეებთან კვალდაკვალ იზრდება. სხვა შედეგებთან ერთად, ამ ყოველივეს უკვე არსებული რეგიონალური ალიანსების გადაწყობა, გადაჯგუფება ან ახლების - მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ ამორფულისა და მოკლევადიანისაც კი - წარმოშობა მოჰყვება. აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალვექტორული პოლიტიკა საქმითაც და ეფექტითაც პრაქტიკულად გაუტოლდა აქტიურ ნეიტრალიტეტს. ეს ისე, ცნობისათვის.


სწორედ ამგვარი პროცესის მოწმენი ვართ ჩვენ დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რის შესახებაც ბევრი იწერება და სხვადასხვა მოსაზრება თუ შეფასება გამოითქმის. მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი - ზემოხსენებული „წითელი ხაზების“ შეუვალობის პირობით - მშვიდ და უემოციო განხილვას იმსახურებს.
 

ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ ისევ მინისტრისა და საგარეო უწყების განცხადებას დავუბრუნდეთ. პირველის არარეალიზებული მცდელობა, ხოლო მეორის ერთმნიშვნელოვანი განმარტება ცხადყოფს, რომ ოფიციალური თბილისი „3+3“ ფორმატს, ერთი მხრივ, არ განიხილავს მისი შემადგენლობის გამო და, მეორე მხრივ, ვერ განიხილავს ოფიციალური გაწევრების უარყოფითი შედეგების გამო. ამდენად, ის ოფიციალური მასალა, რომელიც ჩვენ დღეს ხელთ გვაქვს, წესით ამ თემაზე სპეკულირებას უნდა გამორიცხავდეს. ამგვარი გამორიცხვა, რა თქმა უნდა, იოლია თუ ქართულ რეალობაში მოჭარბებული პოლიტიკური და არასამთავრობო „სპეკულანტების“ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და ანალიტიკური პროცესით „ჟონგლირებაზე“ მონოპოლიის სურვილს დავივიწყებთ (?).


ამავდროულად, ფართო აუდიტორიის ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს საგარეო უწყების პოზიციის ერთი უაღრესად ძირეული ასპექტი: ქვეყნის ფუნქციის მნიშვნელობა თანამედროვე რეგიონალურ კონტექსტში. ეს ის პრინციპული საყრდენია - ფუნქცია! -  რომლის გარეშეც გარე პროცესებში ქვეყანა ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. უფუნქციო ქვეყანა ჯერ სხვებისათვის უინტერესო პასიურ და უმოქმედო სუბიექტად იქცევა, ხოლო სულ ცოტა ხანში კი ცალკეული რეგიონალური ძალების მავნე ზემოქმედების ობიექტად.
 

არაერთ სხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად  კი, საქართველოს ფუნქციური დანიშნულება ის პრაქტიკული სარგებელია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ახალ წესრიგში ინტეგრირების საშვს აძლევს. შემთხვევითი როდია, რომ წინა საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენ ამ მეტად საჭირო საშვის მოპოვების პროცესში ჩავებით და იმჟამად ეს მცდელობა წარმატებული გამოდგა გარკვეული პერიოდით განგრძობადი ეფექტით. მაგრამ, როგორც ყველაფერი, ესეც ცვალებადია. ცვლილებების ტემპი კი დღევანდელ მსოფლიოში დაჩქარდა, ხოლო ქართული საგარეო უწყების აქცენტი „ფიქრზე“ უმთავრესად და უწინარესად ქვეყნის ფუნქციონალურ დატვირთვას და ამ მხრივ მისი როლის გამოკვეთას უკავშირდებოდა. ასეთია პირადად ჩემი წაკითხვა მოცემული ვითარებისა, თუმცა ვისურვებდი, რომ საკითხს მეტი განმარტება და ძალისხმევა მიეძღვნას. ის ამას იმსახურებს და მოითხოვს.
 

ამ მხრივ, რეგიონალურ საკითხზე დასკვნით ნაწილში საუბრისას, ქართული აქტივიზმის (სიმართლე ითქვას, მივიწყებულის) ფერმკრთალი, თუმცა შესაძლო ფრთხილი ოპტიმიზმის ნიშნებს ვახსენებდი. ახლახან გამოითქვა „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ და იმედია, რეგიონში ოფიციალური თბილისი მისთვის ანგარიშის გაწევას შეუწყობს ხელს. ინიციატივის სულისკვეთება მისასალმებელია, მაგრამ დეტალები კი უცნობი. გასაგებია, რომ დეტალიზაციაც მრავალ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორს უკავშირდება, ხოლო კონკრეტიკა კი რეალურ პროცესში გამოიკვეთება. მიამიტი არცერთი არ ვართ, არსებული კონიუნქტურაც გვესმის და ჩვენს შესაძლებლობებსაც კარგად ვაცნობიერებთ. მაგრამ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი არსებობის წყარო უწყვეტი დინამიზმი და პროაქტიულობაა. მეტიც, ქართული ისტორიული ავკარგიანობაც კი იმაში მდგომარეობს, რომ არცთუ იშვიათად, საჩვენო შედეგის მისაღწევად არათუ საკუთარი გზის ნაწილის, არამედ სხვათა მონაკვეთის დაფარვაც გვიწევს.   
 

აღმოსავლეთ პარტნიორობა ან/და „ტრიო“: სვლა საკუთარი მარშრუტით? 
 

ოდნავ შორიდან. ახლახან სლოვენიაში ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტი მოეწყო. მისი დღის წესრიგი ევროკავშირში „ბალკანური ექვსეულის“ ინტეგრაციას მიეძღვნა. ეს ის საკითხია, რომელმაც ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა და ტესტად იქცა არა მხოლოდ ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და ჩერნოგორიის ევროპულ კავშირში სრული გაერთიანებისათვის, არამედ თავად ევროკავშირის რეალური მზაობისათვის, განაგრძოს გაფართოება აღმოსავლეთით. თემის ირგვლივ ევროკავშირის წევრებს შორის აზრთა სხვაობა იჩენს თავს, რაც მხოლოდ „ბალკანური ექვსეულის“ რეფორმათა და მათი ევროპულობის  შეფასებას როდი უკავშირდება: დამატებით განმსაზღვრელ ფაქტორად სახელდება რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის მიმართ ცალკეული წევრი-სახელმწიფოების დამოკიდებულება და მათი ინტერესები პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ჭრილში. წუთით რომ გადავდოთ საკუთრივ შიდაბალკანური პროცესი, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში სიტყვა „გაფართოება“ შესამჩნევ წინააღმდეგობას აწყდება. 


გარკვეულწილად, ალბათ ასეთი წინააღმდეგობის პასუხია ბოლო ხანს რამდენიმე ბალკანური ქვეყნის რამდენიმე კვაზი-ინტეგრაციული მცდელობა, მაგალითად, „ღია ბალკანეთის“ ინიციატივა, რაც საერთოევროპული თემატიკის ირგვლივ კოორდინაციისა და მეტი ინტეგრირებისათვის მზაობის გაუმჯობესებას ემსახურება. 
 

აქ მიმოხილული ერთი კონკრეტული რაკურსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ მსჯელობაში დაგვეხმარება, მით უფრო, რომ აღნიშნული პლატფორმის წინაშე ევროპულობის პოლიტიკურ-ეკონომიკური ტესტი გაცილებით რთული და კომპლექსურია, ვიდრე ბალკანეთის შემთხვევაში. მხოლოდ იმის ხაზგასმა რად ღირს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დასავლეთი ჯერაც ე.წ. „ბუფერულ ზონად“ აღიქვამს, ხოლო ამ ქვეყნებზე რუსული ზეწოლა დღითიდღე იზრდება. ამასთანავე, პრობლემის სიმწვავეს პარტნიორობის რამდენიმე ქვეყნის - „ასოცირებული ტრიოს“ - მიმართ ღია აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია განაპირობებს. შედეგად, მათი ევროკავშირში ინტეგრირება არქისირთულის გამოწვევებს ქმნის.
 

როგორი უნდა იყოს ამ ვითარებაში საქართველოს დამოკიდებულება ევროინტეგრაციული პროცესისადმი? სად და რა ხარისხით იკვეთება ჩვენი ინტერესები გეოპოლიტიკური სულისკვეთებით ყველაზე ახლოს მდგომ - „ასოციირებული ტრიოს“ - ქვეყნებთან? 
 

ვფიქრობ, რომ „უფროსი ევროპელების“ საუკეთესო პასუხი იქნება ტრიოს მეტი ევროპეიზაცია და ევროკავშირთან სექტორული ნიშნით ინტეგრირების გაღრმავება. ევროკავშირთან სხვადასხვა ორმხრივ პროგრამასთან ერთად, განხილვის საგნად აგრეთვე მოვიაზრებ „ტრიოს“ საერთორეგიონალური ბაზრის შექმნას და ასეთი ბაზრის ფარგლებში წესებისა და რეგულაციების უნიფიცირებას. უკვე ხსენებული ორმხრივი პროცესის - ჩვენ რეფორმებს ვახორციელებთ, ხოლო ევროკავშირი დაპირებებს ასრულებს - კვალდაკვალ, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის რეგიონალური ნიშნით სამმხრივ ფორმატში მეტი სინერგია ერთ–ერთი ოპტიმალური პასუხია დასავლეთევროპულ სკეპტიციზმზე. 


ეკონომიკური მდგენელის გარდა, კონსულტაციის რეჟიმში საჭიროა „ტრიოს“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ეროვნულ სისტემებს შორის მეტი დაახლოება. ფაქტია, რომ ევროკავშირისა და ნატოს კარებზე განმარტოებით კაკუნი და საერთო „ბრახუნი“ ორი დიამეტრულად განსხვავებული მოცემულობაა. ვფიქრობ, რომ ამ ორი კომპონენტის გასწვრივ სამეულის შესაბამისი ნაბიჯების სისტემატიზაციას დასავლეთიც მიესალმება. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, ხოლო მეორე მხრივ, „ტრიოს“ შიგნით საგარეო და უსაფრთხოების ხაზით თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია ასევე გაცილებით ეფექტიანს გახდის ჰიბრიდულ და დეზინფორმაციის სხვა საფრთხეებთან ბრძოლას.


მკითხველი შენიშნავდა, რომ მსჯელობა „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ დავიწყეთ და მერე „ასოციირებულ ტრიოზე“ გადავედით. ასეთი გადასვლა არც შემთხვევითია და არც უნებლიე. მიმაჩნია, რომ მიუხედავად „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ დეკლარირებული მხარდაჭერისა (ამა წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტის დოკუმენტი ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ ამის მორიგი მაგალითია) „პარტნიორობის“ ხაზით ევროკავშირისკენ სვლა უფრო აგრძელებს გზას, ვიდრე ეს „ტრიოს“ შემთხვევაში წარმომიდგენია. აქ საქმე მხოლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მისამართით ევროკავშირის ცალკეული პოსტულატების - მაგალითად, „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ - ბუნდოვანებაში არ არის; არც იმაზე სპეკულირებაში, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის მხრიდან ერთგვარი დისტანცირების მცდელობაა „პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისაგან. თუმცა არც ეს ბოლო თეზაა საფუძველს მოკლებული... არსებითად და უმთავრესად, „პარტნიორობის“ ევროინტეგრაციული ხარვეზი მის წევრთა მაგისტრალურ ინტერესებს შორის თანხვედრის არარსებობაა, რაც ამ გაერთიანებას მეტად ამორფულს ხდის, ხოლო ევროკავშირში „ერთბაშად“ გაწევრებას –  არარეალურს.
 

შესაბამისად - და რეალიზმიც სწორედ ეს მგონია - ევროკავშირისკენ „ასოციირებული ტრიოს“ გზით სვლა უფრო პერსპექტიულია. სწორედ ამ გაცილებით ერთგვაროვანი შეჯგუფებით, ოფიციალური თბილისი, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, შედარებით გაუმარტივებს ევროკავშირსაც შემხვედრი პრაქტიკული ნაბიჯების გადმოდგმას. აქ ხომ უკვე ნახსენებ „ევროპეიზაციასთან“ ერთად, ინტეგრაციის პროცესის ორივე მხარეს - ჩვენ და მათ - მეტწილად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგვეთხოვება. ეს კი საერთოევროპულ ფასეულობებთან ერთად, თანამედროვე მსოფლიოსათვის აშკარად გამოკვეთილ სარგებლიანობას, მიმღებლობასა და პრაგმატულობას ემყარება. 
 

ასე შორი და ასე ახლო ... „ნატო“


ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა კვლავ ერთ საკვანძო საკითხში იყრის თავს: ალიანსის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა აღმოსავლეთით გაფართოების თაობაზე. სამიტიდან სამიტამდე - ნაცვლად 2008 წლის დაპირების შესრულებისა - დაპირებებზე ახალ დაპირებებს ვიღებთ. ამასთანავე, ნატოს ბოლო სამიტს, დეკლარაციაში „ინდივიდუალური წევრობის გეგმაზე“ ანაქრონული ჩანაწერის გათვალისწინებით, უკან გადადგმულ ნაბიჯად თუ არა, მორიგ უსარგებლო მოწოდებად აღვნიშნავდი: „ადგილზე ნაბიჯით იარ!“.
 

ზოგადად, ალიანსის გაფართოება დასავლური სამყაროს მოდერნიზაციისა და გლობალურ უსაფრთხოებაში სწრაფად ცვალებადი გარემოებებისადმი ადეკვატური მისადაგების ტესტად იქცა. შედეგად, მივიღეთ ისეთი რეალობა, რომ პარალელურად ოფიციალური თბილისის მცდელობისა, გახდეს ალიანსის წევრი, ასევე მოწმენი ვართ საკუთრივ ალიანსის მცდელობისა, თავისივე თავი პოვოს ახლებურ კონტექსტში. 
 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს არ მიუღია მკაფიო გზავნილი გაწევრების კონკრეტული ვადის შესახებ. ხოლო „ინდივიდუალური წევრობის გეგმას“ რაც შეეხება, ქართული საზოგადოებისათვის თანაბრად უცნობია, თუ რა უნდა მოიმოქმედოს დამატებით ქვეყანამ მეტი კონკრეტიკისათვის. მკაფიოდ გასარკვევია, თუ კიდევ რას მოელიან თავდაცვის თუ სხვა კუთხით ჩვენი პარტნიორები ქვეყნისაგან, რომელიც ურთულეს რეგიონალურ სივრცეში გაასმაგებული ზეწოლის მიუხედავად, დღესაც დასავლური გეოპოლიტიკური კურსის მებაირაღეა.
 

ამდენად, კვლავ ნების პრინციპულობის მოთხოვნას მივადექით: ნატოს წევრთა ერთობასა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გაბედვას უკვე დიდი ხანია ველოდებით. მეტიც, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, იქმნება განცდა, რომ ლოდინი კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს. ასეთი ვითარება კი - თუ ის რეალობად იქცა - უსამართლოა და ეს მოურიდებლად უნდა ითქვას.


სიტყვა „უსამართლობა“ შემთხვევით არ ვახსენეთ. დღევანდელი მოცემულობით, საქართველო ბევრად დაწინაურებულია ნატოს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე, ვიდრე, ვთქვათ, ბულგარეთი და რუმინეთი 1999 წელს და ალბანეთი 2007 წელს. მეტიც, დიდი შავი ზღვის რეგიონში გავლენათა სურათი სწრაფი ტემპით იცვლება. ეს კი გადაწყვეტილებათა მიღებისას „ფასეულობებზე“ ნაკლებ საუბარს, ხოლო „ინტერესებისათვის“ მეტ სისხარტესა და დინამიკას განაპირობებს. 
 

შექმნილი ვითარება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან „თამაშის წესებზე“ გულახდილ და კონკრეტულ საუბარს მოითხოვს. საუბრის პარალელურად კი ქართულ მხარეს ისღა რჩება, რომ წამით არ გაჩერდეს და განუწყვეტლივ,  შეუჩერებლად(!) იმუშაოს სამხედრო და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით შეუფერხებელ და თვისობრივ რეფორმებზე. 
ასეთ ცვლილებებზე მუშაობა უნდა ხდებოდეს თავმოწონების, უმიზეზო პიარისა და დაყვედრების გარეშე. რეალური და ყოვლისმომცველი ცვლილებები ხომ უპირველესად მათ ნამდვილ ბენეფიციარს - ჩვენს ქვეყანას და ჩვენსავე საზოგადოებას სჭირდება. 
 

ამასთანავე, ქვეყნის მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თუ არ დავავალდებულებთ, უნდა მოვუწოდოთ მაინც, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფაქტობრივად ვაქციოთ სამოკავშირეოდ, რათა მათ მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ამ ურთიერთობას მხოლოდ ხელმოწერაღა აკლდეს.
 

პოლიტიკურ-დიპლომატური ხაზით თბილისის აუცილებელი გააქტიურების კვალდაკვალ, ნატოს შესაძლო ჩანაცვლებისა ან უსაფრთხოების ატლანტიკური ქოლგის ამოქმედებამდე, მიზანშეწონილად მიმაჩნია  ე.წ. უსაფრთხოების „საკომპენსაციო“ მოდელების განხილვა. ესეც არაერთგზის გამხდარა ჩვენი მსჯელობის საგანი, ხოლო ამჯერად ამგვარი მოდელირების ორ ძირითად ფორმატს გამოვყოფ. 


ერთ–ერთია შავ ზღვაზე ტერიტორიული განლაგების ნიშნით გარკვეული ალიანსის სტრუქტურირება. უკვე მრავალჯერ ითქვა შავი ზღვის როლზე საერთოევრაზიულ სისტემაში. მას მართლაც უნიკალური დატვირთვა აქვს როგორც „უსაფრთხოების ჩამკეტს“ აღმოსავლეთ ევროპის, საბჭოეთის ყოფილი ქვეყნების, თურქული სივრცისა და ახალი „რუსული კალინინგრადის“ (ყირიმის) გეოსტრატეგიულ კვეთაზე. ამდენად, დროა, რომ ამ დასაბუთებული შეფასების სარეალიზაციოდ პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას.  

ალტერნატივად (ან სულაც თანმხვედრად) მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივ სტრატეგიულ მოკავშირეობაში გადაყვანა შეიძლება მოიაზრებოდეს - აქაც უსაფრთხოების თანმდევი შედეგებით. ამ მოდელის აღნიშვნისას საყურადღებოა აშშ–ს თავდაცვის მდივნის ამასწინანდელი ვიზიტი თბილისში და ის, თუ რა პრაქტიკული გაგრძელება მოჰყვება მას.  
 

ამავდროულად, აუცილებელია, რომ ასეთმა თანამშრომლობამ მხოლოდ ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონალურ პოზიციებს და მის მედეგობას. ქვეყნის უსაფრთხოების განსამტკიცებლად განხორციელებული ღონისძიებები განპირობებული უნდა უმთავრესად ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესით – უზრუნველვყოთ ჩვენივე მოქალაქეებისა და საზოგადოების მშვიდობიანი და პერსპექტივაზე ორიენტირებული განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია, ითქვას და განიმარტოს, რომ ასეთი განვითარება შავი ზღვის დიდ რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობასაც შეუწყობს ხელს. ეს თანაბრად მისაღებია ისეთი სამეზობლოსათვის, რომლისთვისაც სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიული მთლიანობა და ცივილიზებული თანაარსებობა შეუვალი პრინციპია.
 

ერთი სიტყვით..
 

სტატიაში წამოწეულ თემებზე მსჯელობა კიდევ ერთი - და უკვე მერამდენე - შემოთავაზებაა, რომ საკუთარ თავს და ერთმანეთს რეალიზმისა და კონკრეტიკის პრიზმაში ვესაუბროთ. ვფიქრობ, რომ აზროვნებისას ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს პრაქტიკული პოლიტიკის გამტარებლებს, რომ ჩამოაყალიბონ ქვეყნის ერთდროულად პრინციპული და მოქნილი პოზიცია. საქართველოს უფლება არა აქვს იყოს „შეთანხმების უუნარო“ მაშინ, როდესაც საკითხი მის უსაფრთხო განვითარებას ეხება. ამავე დროს, ქვეყნის პარტნიორებთან და სამეზობლოსთან ჩარჩო შეთანხმებებზე დაფუძნებულ ურთიერთობათა სისტემები მხოლოდ ტექნოკრატიულად რაციონალური და გამოყენებითი ანალიტიკით ყალიბდება. დროა, ქართული პოლიტიკაც მკერდზე მჯიღის ცემას მოეშვას და ყალბი მედიაეფექტის შექმნიდან რეალობის ასახვაზე გადაერთოს. პრაქტიკულად ხელშესახები და გრძელვადიანი შედეგი მხოლოდ ასე მიიღწევა და არა...

გააზიარე: