ავღანური “მემკვიდრეობა”: შედეგები და გავლენა რეგიონზე

ავტორი:

ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მოჰყვა მსჯელობის გააქტიურება პერიფერიული რეგიონებიდან დასავლეთის უკან დახევისა და მისი ყურადღების ერთ კონკრეტულ, -  მისთვის ცენტრალური მნიშვნელობის რეგიონზე - ფოკუსირების შესახებ.


გამყოფმა ხაზმა მსოფლიოს იმ რეგიონებს, რომლებშიც დასავლეთი თავისი ინტერესების დაცვას და გატარებას კვლავ აუცილებლად და უპირობოდ მიიჩნევს, და იმ რეგიონებს შორის, რომლებშიც გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე მხოლოდ განსაკუთრებული დისკრეციულობით ჩაერევა, გეოგრაფიულად უფრო მეტად დასავლეთისკენ გადაინაცვლა და ამჟამად შავსა და კასპიის ზღვებს შორის გადის.


შედეგად, ჩვენი რეგიონი არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესებისა და გავლენების სასაზღვრო ტერიტორიად, არამედ მთავარ „დაცვის ზღუდედ“ იქცა შუა აღმოსავლეთიდან, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთი ნაწილიდან მომდინარე მრავალი საფრთხისათვის. შავი და კასპიის „ინტერმარიუმის“ (intermarium) როლი და გავლენა მართლაც არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ევრაზიის უსაფრთხოების ლანდშაფტისთვის, როგორიც დღეს არის.


გარდა ამისა, შექმნილი რეალობა არის ახალი გამოცდა დასავლეთისათვის, რომელსაც მოუწევს დაამტკიცოს თავისი სიმტკიცე, უნარი და თავდადება იმ ახალი წესრიგის ფარგლებში, რომელიც ამჟამად ყალიბდება. მაღალი ალბათობით, სამომავლო საერთაშორისო წესრიგი რეგიონალურ „წარმომადგენლებს“ (proxy systems), ე.წ. რეგიონალურ დაქსელვას“ (hub-and-spoke) დაეფუძნება. ამდენად, მეტად კრიტიკულია, რომ დასავლეთმა გაზარდოს თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების პირდაპირი მხარდაჭერა, რათა მათ განიახლონ ძალა და უნარი ისეთ რეგიონალურ სისტემებში თავის დასაცავად, რომლებშიც დასავლეთის ყოფნა არ არის იმდენად ცხადი და ხელშესახები, როგორიც ამას არაერთი ისურვებდა. შავი ზღვაც ხომ სრულიად აშკარად სწორედ ის რეგიონია, რომელშიც დასავლური ინტერესების ნამდვილობა საქართველოს რეგიონულ პოზიციონირებასა და ქცევაში, მის ეროვნულ თავდაცვით შესაძლებლობებსა და ურყევ საგარეო პოლიტიკაში აისახება.


ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ტიპის, შეფერილობისა და კატეგორიის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული შეტევების სამიზნედ იქცა. წარმატებული დასავლური და დემოკრატიული საქართველო სწორედ დასავლური ნორმატიული სამყაროს პრინციპებისა და ფასეულობების სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება იქნება. საკითხის ეს ორი მხარე დღეს იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ თითქმის განუყოფელია. 


საქართველოს დასავლურ გეოპოლიტიკასა და დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურასთან კავშირზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ხელმძღვანელობით სხვადასხვა ოპერაციებში ავღანეთში, განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებსა (ISAF) და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM). 2012-2014 წლებში საქართველოს ავღანეთში 1500-მდე ჯარისკაცი ჰყავდა და ეს თბილისის მიერ საერთო პრინციპებისა და ინტერესებისადმი ერთგულების საოცრად ნათელი და ხელშესახები დემონსტრირებაა. შედარებით ახლო წარსულში კი ჩვენ მხარი დავუჭირეთ ნატოსა და მოკავშირეთა ძალების  ავღანეთიდან გაყვანას და უზრუნველვყავით ამ პროცესის სრული მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შეუფერხებელი ტრანზიტის ორგანიზებით. აღნიშნულ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი წვლილი სხვადასხვა ჰუმანიტარული კუთხით. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა ხელი შეუწყო შესატყვისი პერსონალის ტრანზიტისა და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერის ყველა აუცილებელი ღონისძიებას. არანაკლებია ისიც, რომ  თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა, დახმარებოდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას (მაგ.: აზიის განვითარების ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს) მათი პერსონალის ევაკუაციაში და საქართველოში დროებითი ბინადრობით უზრუნველყოფაში. 


ავღანური მოვლენების დრამას კიდევ უფრო აღრმავებს ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ წარმოქმნილი სამხრეთკავკასიური რეგიონალური დილემა. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა რეალურად უნდა დაადასტურონ, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში თავის მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობის ხელშესახებ განმტკიცებისაკენ ესწრაფიან. კონკრეტულ მოქმედებაში გარდასახული ზეპირი განცხადებები უნდა მოემსახუროს ვაშინგტონის მიერ შავი ზღვის სტრატეგიის კონცეფციის კონტურების ძალიან მკაფიოდ გამოკვეთას. ამ პროცესის ნებისმიერი შეფერხება კიდევ უფრო გააუარესებს უსაფრთხოების სურათს, ხოლო პრაქტიკულ შედეგებზე მიბმულ გადაწყვეტილებებში დაგვიანება მოვლენათა სასიკეთოთ შემოსატრიალებლად საბედისწეროდ იმოქმედებს.


ასევე აღსანიშნია, რომ დღეს რეგიონს სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და, ზოგადად, დასავლეთის მიერ გადადგმული მკაფიო ნაბიჯები რეგიონში მათთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირის გასაღრმავებლად. გარდა ვაჭრობისა და გეოპოლიტიკურად სიცოცხლისუნარიან შესაძლებლობებში ახალი ინვესტიციებისა, საქართველო ასევე ელის ნატოში გაწევრების ზუსტ გზამკვლევს და ვადებს  ან, თუ ასეთი გაწევრების პერსპექტივა გაურკვეველი დარჩება, ჩვენ დანამდვილებით გვჭირდება ალტერნატიული „საკომპენსაციო“ გადაწყვეტების შესახებ დისკუსიის გახსნა სტრატეგიულ პარტნიორთან, რათა გავაუმჯობესოთ საკუთარი უსაფრთხოება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სტრატეგიულ მოკავშირეობად გარდაქმნით. მეტიც, ორივე მხარის ნოვატორმა, გაბედულმა და კრეატიულმა ლიდერებმა ეს ტრანსფორმაცია  მაქსიმალურად უნდა დააჩქარონ. 


ცხადია, დასავლეთს და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებს არაერთი სხვა და უფრო პრაგმატული მიზეზებიც აქვთ შავი ზღვისა და კასპიის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საქმე ისაა, რომ ავღანეთიდან გამოსვლა არ ნიშნავს დაპირისპირებითა და სერიოზული გამოწვევებით აღსავსე კრიტიკული რეგიონიდან გასვლას. ამ გამოწვევებს შორის მოიაზრება ის საფრთხეც, რომელსაც ავღანეთსა თუ მიმდებარე რეგიონში ჯიჰადისტებისა თუ სხვა მებრძოლთა ქსელების, ისე როგორც თალიბანის ახალი მთავრობის არაპროგნოზირებადობიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის გაწყვეტის პირობა დადო, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორ შეასრულებს მას. ამდენად, აშკარად არ არსებობს იმის გარანტია, რომ ავღანეთსა და მის გარშემო ფესვგადგმული მებრძოლთა დაჯგუფებები აღარ დაემუქრება რეგიონის სხვა ქვეყნების ან თუნდაც შეერთებული შტატების უსაფრთხოებას.


აქედან გამომდინარე, აშშ-ს ჯარების გარკვეულ სიახლოვეს ყოფნა გადამწყვეტია მონიტორინგის, შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში – რეაგირებისათვის. ჟენევის სამიტზე პრეზიდენტმა პუტინმა მტკიცე პოზიცია დაიკავა ცენტრალურ აზიაში აშშ-ს ყოველგვარი ფორმით ყოფნის წინააღმდეგ – დრონების ბაზირება იქნება ეს, ანტიტერორისტული დანაყოფების განლაგება თუ ნებისმიერი სხვა. პრობლემას აღრმავებს ის ლოგისტიკური სირთულეები, რომლებიც კატარში ბაზირებულ აშშ-ს ავიაციას ავღანეთამდე თუ მის მიმდებარე რეგიონამდე მისაღწევად შორი მანძილის დაფარვის აუცილებლობის გამო ექმნება. გარდა ამისა, რუსეთიც და ჩინეთიც პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ცენტრალურ აზიაში აშშ-ს დაბრუნებას. დღესდღეობით რუსეთი თავის თავს უფრო უსაფრთხოების გარანტორად ხედავს, ხოლო ჩინეთი, პირველ ყოვლისა, ცენტრალური აზიის ეკონომიკებში წვლილის შემტანის როლს ირგებს. ბოლო ხანს შეიმჩნევა ჩინეთის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან დაკავშირების ტენდენცია, ასევე გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით ჩინეთის ურთიერთობა ავღანეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.


აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები თავისი პოლიტიკური ხელწერის ბუნებით ტრადიციულად არ მიესალმებიან მათ ტერიტორიებზე უცხო ჯარების განლაგებას. გასაგებია, რომ ცენტრალური აზიის სხვადასხვა მთავრობებმა თავიანთ ქმედებებსა და გზავნილებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მთავარ აქტორებთან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათი რეგიონისთვის რისკები მეტად რეალურია. 


ყველა ხსენებულ სირთულეს მიგვიყვართ ქმედუნარიანი ვარიანტების გამოძებნის აუცილებლობამდე. ვფიქრობ, რომ შავი ზღვის ფართო რეგიონი გვაძლევს გარკვეულ რეალურ შესაძლებლობას, რათა შემდგომშიც საგრძნობი წვლილი შევიტანოთ დასავლური კოალიციის ძალისხმევაში საერთაშორისო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან საბრძოლველად. ფაქტია ისიც რომ შავი ზღვისა და კასპიის რეგიონების მთლიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევრაზიის უსაფრთხოების ჭრილში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნია, რომ აშშ-ს ავღანეთიდან გასვლა მიანიშნებს, რომ ევრაზიულ რეგიონში გავლენებისათვის დიდი თამაშის მორიგი ეტაპი იწყება. ამ გარემოებაზე თუნდაც ამ ბოლო ხანს  რუსეთის, ავღანეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ირანისა და ინდოეთის ოფიციალურ პირებს გახშირებული კომუნიკაცია მიუთითებს: ევრაზია - ხოლო მასთან ერთად, ბუნებრივია, შავი და კასპიის ზღვის რეგიონი - ახალ გეოპოლიტიკურ სპირალში გადადის. გეოპოლიტიკურ ფაქტორთან ერთად, აგრეთვე, გასათვალისწინებელი, რომ სამხრეთ აზიის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ვრცელი არეალი ტერორიზმისა და რადიკალიზაციის ახალი ტალღის წინაშე დგას. შესაბამისად, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან საქართველოს მხრიდან ურთიერთობათა განმტკიცება ახალი მიდგომებისა ძიებისა და ამოქმედების გზით არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ამ პროცესის წარმატებულობა ასევე თანაბრად პასუხობს  საქართველოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ინტერესებს რეგიონში თუ რეგიონის მიღმა. შედეგად, ინტერესთა ასეთ თანხვედრას ორივე მხარე - ჩვენც და ისინიც -  უალტერნატივო აუცილებლობამდე მივყავართ:  შავი და კასპიის ზღვის დიდი რეგიონისათვის სტრატეგიული ხედვის უსწრაფესად განსაზღვრა და რეალურ პირობებში მისი დაუყოვნებლივ განხორციელება. ამ მხრივ, წამზომი უკვე კარგა ხნის ჩართულია, ხოლო დრო კი ჩვენზე არ მუშაობს.  
 

 

*აბსტრაქტი გამოსვლიდან 2021 წლის 16-17 ნოემბერს კასპიის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იყო კასპიის პოლიტიკის ცენტრისა და აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის სამხრეთ აზიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის მიერ.

გააზიარე: