პატარა სახელმწიფოს სინდრომი


ავტორი: გიორგი ლომინაძე, "ჯეოქეისის" ალუმნი

 

„ნაპოლეონის კომპლექსი“, იგივე პატარა კაცის სინდრომი, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც პატარა ადამიანი აგრესიულია და სხვაზე დომინირებას ცდილობს. ამ საკითხის განხილვა ასევე არასრულფასოვნების კომპლექსის ჭრილში შეიძლება. მსგავსი მდგომარეობა თვალსაჩინოდ ჩანს გეოპოლიტიკაში, როცა პატარა სახელმწიფოები თავს მნიშვნელოვან აქტორებად თვლიან. ამ მდგომარების საყურადღებო მაგალითია კატარი, რომელმაც 1971 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა და სპარსეთის ყურის უღარიბესი ქვეყნიდან ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა. საერთაშორისო პოლიტიკაში „როლის“ ქონის დიდი სურვილით შეპყრობილი კატარი ამ „როლის“ ძიებისას იღებს არაპროგნოზირებად და სადავო გადაწყვეტილებებს, რომლებიც  გამაღიზიანებელი სპარსეთის ყურეში მისი მეზობლებისთვის. 2014 წელს სწორედ ამან გამოიწვია საუდის არაბეთის, ბაჰრეინის და არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ ელჩების გამოწვევა  დოჰიდან. 


კატარს არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა საუდის არაბეთის მიმართ, რადგან საუდელები გარკვეულ მნიშნველოვან აქტორებს წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ რეგიონში. კატარი ხშირად უპირისპირდებოდა საუდის არაბეთს: მაგალითად, ჰეზბოლას მხარდაჭერაში, სირიის დიქტატორ ასადის იმიჯის აღდგენაში, მაშინ  როდესაც საუდის არაბეთი მის ოპოზიციას უჭერდა მხარს. კატარი ლიბიაში კადაფის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2011 წელს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით,  საუდის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს აუდიო ფაილები, სადაც დღეს ექს-ემირი შეიხ ჰამადი განიხილავდა საუდელების დინასტიის დამხობას. კატარი აფინანსებს ჰუსიტებს, რომლებიც იემენში არეულობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და საუდის არაბეთში სამხრეთ საზღვრის  უსაფრთხოების გამოწვევა. 2013 წელს შეიხ ჰამადის მიერ მისი ვაჟისათვის მართველობის სადავეების გადაცემამ იმედი ჩაუსახა მეზობელ სახელმწიფოებს, იყო შეხვედრები, თუმცა  კატარი დღემდე აგრძელებს ამ „როლის“ მოპოვების სურვილის დაკმაყოფილებას. 


მსგავსი მდგომარეობის კიდევ ერთი მაგალითია აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოს  რუანდას საგარეო პოლიტიკა. პრეზიდენტი კაგამე ასევე შეპყრობილია „როლის“ იდეით. მისი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას აფრიკული  სინგაპური. დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ რუანდა დღეს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპებით მოწინავეა. რუანდა მონაწილეობდა კონგოს 2 სამოქალაქო ომში, რუანდას ფარულად 20 000 კაციანი კონტიგენტი ყავდათ განთავსებული კონგოში. ამ ფართომასშტაბიანი ომის მსვლელობისას, 2000 წელს, რუანდა დაუპირისპირდა უგანდას ქალაქი კისიგანის გამო. დღეს რუანდას სამხედრო ნაწილები განთავსებული ყავს მოზამბიკში, სადაც რადიკალურ დაჯგუფება“ ალშაბააბს“ წარმატებით ამარცხებს. 


ამ ვრცელი შესავლის შემდეგ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს მდგომარეობა.


თითქოს მთელი ჩვენი ერი შეპყრობილია ამ „როლის“ ძიებით და პატარა სახელმწიფოს კომპლექსი ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში: გვინდა რომ მნიშვნელოვნები ვიყოთ. ამ მდგოამრეობის შემყურე, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ადამიანურ და საზოგადოებრივ დონეებზეც შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ნარცისიზმის სხვადასხვა კლასიფიკაციით მოაზრებულ ფსიქოლოგიური მდგომარეობებთან, რომლებიც შემდგომ უცნაურ პოლიტიკურ ხელოვნურ ფონს ქმნიან და რომელნიც მალევე მარტივად იმსხვრევა.  მთავარი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება,  არის ფართოდ გავრცელებული კოლექტიური ნარცისიზმი ერში. აღნიშნული მდგომარეობისას საზოგადოება ფაქტებს მიაწერს სიდიადეს და კონკრეტულ ჯგუფს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს სხვებთან შედარებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული იდენტობა მიგვაჩნია სხვისაზე აღმატებულად.  ადამიანები ცხოვრობენ 900 წლის წინანდელი დიდებით, ვცხოვრობთ იგივე აზროვნებით, მივტირით ამ წარსულს და გვიჭირს განჭვრეტადი და შორი მომავალის სურათის დანახვა.  აღნიშნულ კონდიციას ეწოდება ეთნოცენტრიზმი რაც ძირთადად ხშირად ცრუ წარმოდგენებით და რწმენით არის შექმნილი. კოლექტიურ ნარცისიზმს ახასიათებს ასევე მსგავსი ტიპის ქარიზმატული ლიდერების შექმნა. დღესაც საზოგადოება ელოდება ლიდერს, მესიას, რომელიც ასევე „როლის“ ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რაღაც მისტიური გაბრწყინებული იბერიის შექმნის მოლოდინით. 


საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყოველ საფეხურზე არიან მსგავსი ლიდერები, რომლებსაც ხალხი ბრმად მიყვება და შემდგომ მათ გამო ერთმანეთსაც უპირისპირდებიან და ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშნველოვანი ქვეყნის მდგომარეობა და მისი მომავალია. ამის ნათელი გამოხატულება იყო საქართველოში სამოქალაქო ომი, რომელმაც ქვეყანა საგრძნობლად უკან დასწია და სიბნელესა და გაჭირვებაში ჩააგდო. 


ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობების პარალელების გავლების შემდგომ შეიძლება დავინახოთ ჩვენი ქვეყნის პრობლემის კომპლექსური სურათი. ეს მდგომარეობა წარმოშობს „როლის“ დაჟინებულ მოთხოვნას. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი „როლის“ პოლიტიკა არის აგებული სატრანზიტო დერეფნებზე, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ამ იდეას ნელ-ნელა ვშორდებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულებისას გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ტრანს-კასპიურ ტრანზიტს ბევრად ამოკლებს და საქართველოს მის მიღმა ტოვებს. საგულისხმოც არის, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში განზრახ არ ჩაერია, ეს არის ერთერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს და უფრო დამოკიდებულს გაგვხდის ჩრდილოეთზე. 


ერთმანეთთან დაპირისპირებაში „ტრანზიტის“ დაკარგული კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, რომელსაც შეეძლო რაღაც „როლი“ შეეძინა ჩვენთვის. ცრუ ეროვნულ ფასეულობებზე აგებული პოლიტიკით დაკარგული ტრანზიტული-ინფრასტრუქტურული პროექტი, „ნამახვანჰესის“ სახით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ენერგორესურსებს შეჰმატებდა. 


თითქოს გვინდა და მოგვწონს ამ „როლის“ მორგება, მაგრამ ჩვენი ქცევიდან გამომდინარე, პირიქით გამოდის და ჩვენით ვკარგავთ ამ ყველაფერს. აბრეშუმის გზის აღდგენის იდეა, საზოგადოებაში კარგად არის გამჯდარი წარსული დიდიეებიდან გამომდინარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს აბრეშუმის გზა გადიოდა საქართველოზე, თუმცა რუკების თანახმად აბრეშუმის გზას კავკასიის სიახლოვესაც კი არ გაუვლია და, შესაბამისად, მსგავსი წარმოდგენა ასევე არის ეთნოცენტრიზმისა და კოლექტიური ნარცისიზმის დამსახურება.  


არანაკლებ ტრანზიტული სახელმწიფო არის აზერბაიჯანი, რომელსაც აქვს ნავთობისა და გაზის მარაგები, რაც დღეს ჩვენზე მეტად მნიშნველოვანს ხდის მას საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა „ქუთაისის დატბორვის“ და „გათურქების“ თავიდან აცილების ფასად ჩვენ დავკარგეთ, მომავლის საწვავის ულევი წყაროს ქონის შესაძლებლობა. 


საქართველოს უნდა იყოს და ცდილობს, რომ იყოს „სავაჭრო ჰაბი“, რომელიც მნიშნელოვან პროდუქტს ვერ ქმნის და გაუმართავი რკინიგზა გააჩნია, საქართველო არის ღვინის სამშობლო, ყველაზე მეტი ვაზის ჯიშით, რომელიც არაკონკურენტულია საერთაშორისო ბაზარზე და ღვინის ფასი მიზერული და წამგებიანია წარმოების მასშტაბთან შედარებით, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები შიდა ბაზრის დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებს. საკმაოდ გავრცელებულია პათოსი, რომ საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი წერტილი, თუმცა რეალურად ეს წერტილი მდებარეობს სტამბულში, ეს ყოველთვის ასე იყო, სწორედ აბრეშუმის გზა მთავრდებოდა კონსტანტინეპოლში, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთს უყურებს. კონსტანტინეპოლის დაცემამ უბიძგა კაცობრიობას უდიდესი პროგრესისა და აღმოჩენებისაკენ. ამ წარმოდგენაში ცხოვრება და საზოგადოებაში არსებული ფსიქოლოგიური კონდიცია ბადებს დღევანდელ მდგომარეობას და ისევ გავყურებთ 1121 წელს დამარცხებულ მტრებს, თითქოს ისევ ის დრო იყოს. იმ დროიდან უკვე 900 წელი გავიდა, თურქეთი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა. იგი რეგიონში მნიშნველოვანი აქტორია, საქართველო კი ალბათ ყველაზე სუსტი მოთამაშეა. 


წარმატების გზა მიიღწევა ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაძლევით, რეალობისათვის თვალის გასწორებით, თანამედროვეებისათვის  მაქსიმალურად ფეხის აწყობით. თანამედროვე პრობლემებს თანამედროვე გადაწყვეტის გზები ესაჭიროება. საჭიროა  ამ ყველაფრისგან განთავისუფლება, აქცენტების სწორი დასმა და „როლის“ დაკარგვა. დროსთან ერთად თანდათანობით მოვა ყველაფერი და ოდესღაც შეიძლება მივიღოთ „გაბრწყინებული იბერია“. 

 

გიორგი ლომინაძე, "ჯეოქეისის" ალუმნი

30 ნოემბერი, 2021 წ.

 

ბიბლიოგრაფია: 

Abbas, F. J. (2020, May 20). AlarabyaNews. Retrieved from: 
https://cutt.ly/1T5pVTj

 

Nilsen, E. (2021, September 8). CNN.com. Retrieved from: 
https://cutt.ly/jT5afsy

 

გააზიარე: