პროპორციული საარჩევნო სისტემა - შესაძლებლობები და გამოწვევები


გადმოწერეთ PDF ფაილი

ვერსიები, დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

ვენეციის კომისიის ანგარიშებიდან :

„საარჩევნო სისტემის არჩევა, სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და აზრი არა აქვს ერთნაირი საარჩევნო სისტემის ძებნას ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისთვის. საჭიროა დადგინდეს ბარიერები და ეს ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს,რომელი ფორმა და ბარიერის რომელიც ზომა შეესაბამება ქვეყანას, მისი ისტორიისა და პარტიული სისტემის გათვალისწინებით. 


საჭიროა დამაკმაყოფილებელი ბალანსის პოვნა ორი, პოტენციურად წინააღმდეგობრივ მოთხოვნას შორის, როგორიცაა წარმომადგენლობა და მმართველობა... განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში და იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტური სიტუაციაა ახალ და ყოფილ ხელისუფლებას შორის...“
 

 

უკვე რამდენიმე თვეა, საარჩევნო სისტემა და მისი რეფორმა, ყველაზე ცხელი თემაა საქართველოში. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არჩევანის უფლება, ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანი.

საარჩევნო სისტემა, ყოველთვის იყო აქტუალური თემა საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა რამდენიმე თვის წინ, როცა პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი და დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის საგანი გახდა. ამავე დროს, არის მოსაზრება, რომ ამომრჩევლისთვის სულერთია, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება და მეტიც, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით ქუჩის აქციებში მონაწილეთა უმრავლესობამ არ იცის რაში მდგომარეობს იგი და არც ის, თუ რატომ უნდა ვითხოვდეთ მას დაჟინებით.

აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას იყენებენ ზედსართავს „სამართლიანი“, რაც ცოტა არ იყოს, დამაბნეველია, რადგან გამოდის, რომ ისინი, ვინც შერეულ სისტემას უსამართლოს უწოდებს და წლების განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე, უსამართლო სისტემით ატარებდნენ არჩევნებს და შესაბამისად, მათი ხელისუფლება არალეგიტიმური იყო.

ამიტომ, ახლა ვცადოთ საზოგადოების ყველა წევრისთვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე, ზოგადად განვიხილოთ ყველა მოქმედი საარჩევნო სისტემა და გავარკვიოთ, რამდენად არის რომელიმე მათგანი პანაცეა საქართველოს რეალობაში, სადაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების დაყოფა იდეოლოგიური პლატფორმის მიხედვით, პირობითია. 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში, საარჩევნო სისტემის რამდენიმე ლეგიტიმური ფორმა მოქმედებს და არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც მათ შორის რომელიმეს უსამართლოდ აღიარებს. საარჩევნო სისტემის იდეალური მოდელი არ არსებობს თითოეულ მათგანს აქვს როგორც დადებითი ასვევე უარყოფითი მხარეები. დიდწილად სწორედ ამით აიხსნება საარჩევნო სისტემების მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოში (სურ.1)

 

 

ანუ, ვთანხმდებით, რომ ზემოთ მოტანილი ფორმებიდან, არცერთია უნაკლო, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით ისინი მიჩნეულია სამართლიანად და ლეგიტიმურად, ხოლო რომელიმე მათგანის არჩევა, სახელმწიფოს სუვერენული უფლება და შიდა საქმეა. [1]

ახლა მოკლედ განვიხილოთ თითოეული და გავარკვიოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

მაჟორიტარული სისტემაამ სისტემის გამოყენებისას მანდატებს მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობა (აბსოლუტური ან ფარდობითი) მიიღეს. ეს სისტემა, ძირითადად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება, სადაც, ჩვეულებრივ, კენჭს იყრიან კონკრეტული პირები, მრავალმანდატიანში კი ხმას აძლევენ როგორც გარკვეულ პიროვნებებს, ისე პარტიულ სიებსაც. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აშშში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და კანადაში.

დადებითი მხარეებია:

  • მარტივია (ამომრჩეველი ხმას კონკრეტულ კანდიდატს აძლევს);
  • შედარებით მცირეა იმის ალბათობა, რომ არჩეული ორგანო პოლიტიკურად „ჭრელი“ აღმოჩნდეს;

უარყოფითი მხარეებია:

  • დიდია ხმების დაკარგვის ალბათობა;
  • მხარდამჭერთა რაოდენობის მიხედვით პირველ ორ ადგილზე გასული პარტიების მანდატების რაოდენობა, შეიძლება მეტი ან ნაკლები იყოს მათი რეალური მხარდამჭერების რაოდენობაზე, ანუ შეუსაბამო, თუ ორივე პარტიის მხარდამჭერები თანაბრად არიან განაწილებული საარჩევნო ოლქებში;
  • დიდია ალბათობა, რომ გაიმარჯვოს გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებების, მაგრამ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებისთვის კარგად ცნობილმა ან დიდი ფინანსური შესაძლებლობის პირმა, რაც დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის);

პროპორციული სისტემა - ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პრორპორციულად. პროპორციული საარჩევნო სისტემის ვერსიები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბარიერის მნიშვნელობა: - პროპორციული სისტემის შეუზღუდავი გამოყენება ხშირად იწვევს მრავალი პატარა პარტიის ნაკლებგავლენიანი, მაგრამ ამბიციური წარმომადგენლების მოხვედრას პარლამენტში. მისი დაწესება ხელს უშლის წარმომადგენლობით ორგანოში ძალიან სუსტი პარტიების წარმომადგენლების მოხვედრას, რომლებიც, „ამინდს“ ვერ შექმნიან, მაგრამ შეიძლება პრობლემები შეუქმნან არა მარტო უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მთავრობის შექმნას და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ძლიერი ოპოზიციის ჩამოყალიბებასაც.

მაღალი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება პარლამენტში მხოლოდ უმცირესობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. მით უმეტეს, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმები გამარჯვებულ პარტიებზე ნაწილდება. სასურველია, რომ საარჩევნო ბარიერი 3-5%-ს არ აღემატებოდეს.

ამ სისტემის სირთულე, ხმების დათვლის მეთოდებია - კვოტირების და გამყოფთა მეთოდებს, სხვადასხვა ფორმულა და ვარიაციები აქვს (ჰეირის კვოტა, ჰოგენბახ-ბიშოპის, უდიდესი ნაშთის წესი,  უდიდესი საშუალოს წესი, ჰანტინგტონ-ჰილის ფორმულა, გამყოფთა მეთოდი, დ’ონტის ფორმულა და სენ-ლაგის ფორმულა), პარტიულ სიებშიც რამდენიმე ვარიანტია - ხისტი სიების, მოქნილი სიების და პრეფერენციების.

დადებითი მხარეები:

  • პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა, მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია;
  • მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა;
  • პარტიას აძლევს საშუალებას პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა;

უარყოფითი მხარეები:

  • რთულია პარტიული სიებით წარდგენილ კანდიდატებში გარკვევა და გადაწყვეტილებას ლიდერთა მიმართ დამოკიდებულების მიხედვით იღებენ. ამის გამო მათ შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა (დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის“ ქვეყნებისთვის);
  • როდესაც პარტიების შიდა მოწყობა საკმაოდ ხშირად არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა ადგენს და გამორიცხული არაა, რომ სიები პირადი ერთგულების პრინციპით შეადგინონ.
  • თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც ძალიან „ჭრელი“ გამოვა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს და გადაწყვეტილებების მიღებას აძნელებს, რაც არაეფექტურს ხდის პარლამენტის მუსაობას.

შერეული სისტემა - შერეული საარჩევნო სისტემების გამოყენების მიზანია სხვადასხვა სისტემის დადებითი მხარეების გაერთიანება და ნაკლოვანებათა შემცირება. აქ გამოიყენება, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემების ელემენტები. ამ ელემენტების თანაფარდობაზე დამოკიდებულებით ზოგი სისტემა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისაკენ იხრება, ზოგი – პროპორციულისკენ. მას რამდენიმე მეთოდი და ვარიაცია აქვს:

  • კუმულაციური კენჭისყრის მეთოდი (პარტიულ–ბლოკური კენჭისყრა),
  • პარალელური (კომბინირებული) კენჭისყრა, რომლის მაგალითია ბუნდესტაგის ქვედა პალატა, რომელიც ნახევრად პროპორციული, ნახევრად კი მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრებით კომპლექტდება.
  • შეზღუდული კენჭისყრა - ეს სისტემა გამოიყენება ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო ეროვნულ დონეზე მას მხოლოდ ესპანეთში,  ზედა პალატის არჩევნებისას იყენებენ 1997 წლიდან.
  • კონსენსუსის მეთოდი.

პროპორციული სისტემის ძირითადი პრონციპები 

ახლა განვიხილოთ უშუალოდ პროპორციული სისტემა და მისი პერსპექტივა საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. მართალია, პროპორციული სისტემის მთავარი ღირსება, მიღებული ხმების მიხედვით მანდატების პროპორციული განაწილებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ პარლამენტში შესვლის შემდეგ იწყება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობა არცერთ პარტიას ექნება? პარტიები იწყებენ მოლაპარაკებას, რაც შეიძლება თვეობით გაგრძელდეს ან საერთოდ, უშედეგოდ დამთავრდეს და ახალი, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს[2].

თუ გავითვალისწინებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ველზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა კლასიკური ტიპის, იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები, სადაც ერთიანდებიან თანამოაზრეები მსოფლმხედველობის, მენტალობის და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პლატფორმის საფუძველზე, ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური შეთანხმება ვერ შედგა პარტიებს შორის. ასეთი მაგალითები უამრავია დასავლეთ ევროპის უახლეს ისტორიაში (სურ.2):

სურ.2 დღეების რაოდენობა მთავრობის გარეშე

 

 

პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოიყენება მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და საფრანგეთის გარდა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს სისტემა გააადვილებს პარლამენტში ექსტრემისტული პარტიების  შეღწევას, თუმცა, პროპორციული სისტემა იშვიათად აძლევს მთავრობის ფორმირების საშუალებას ერთ პარტიას, რაც ნიშნავს, რომ საჭირო იქნება კომპრომისი, თეორიულად კი სტაბილური, ცენტრისტული პოლიტიკა ხშირად უპირატესია. კომპრომისი - ყოველთვის არ არის იდეალური: მაგალითად, ტეტჩერის მიერ განხორციელებული პროფკავშირის რეფორმა და ტონი ბლერის რეფორმები შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი და ერთიანი სახელისუფლებო გუნდის გარეშე.

კოალიციური მთავრობა - ხშირად სუსტი და არაეფექტურია, უჭირს გადაწყვეტილებებზე შეთანხმება. იტალიის პარლამენტი, 3-ჯერ დაითხოვეს ვადამდე 2008 წლის მერე, ამას გარდა მოლაპარაკებები კოალიციის შესაქმნელად, შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და ქვეყანა მთავრობის გარეშე დარჩეს. (სურ.2)

პროპორციული სისტემა, ამცირებს შიდაპარტიული კომპრომისის აუცილებლობას არჩევნებამდე. ახალ და მცირერიცხოვან პარტიებს სულ უფრო მეტი შანსი აქვთ საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ეფექტური პარტია იქნება პარლამენტში. მსოფლიოში ეფექტური (პოლიტიკურ პროცესზე რეალური გავლენის პოტენციალის მქონე) პარტიების საშუალო რაოდენობაა 4,5, თუმცა გააჩნია ქვეყანას - ისრაელში მათი რაოდენობა უკვე 9, ბელგიაში 8; რატომ არის ეს პრობლემა?- რაც უფრო მეტია ეფექტური პარტია, მით მეტია კოალიციური და არასტაბილური მთავრობის შანსი.

ცხადია, რომ კოალიციური მთავრობა, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგრამ პროპორციულ სისტემაში ეს ალბათობა უკიდურესად იზრდება. 2000-დან 2017 წლამდე პერიოდში, პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტებში კოალიციური მთავრობის წილი იყო 87%. მეტი კოალიციური მთავრობა, ნიშნავს მეტ არასტაბილურ ხელისუფლებას და მეტ გაურკვევლობას ამ მთავრობების შემადგენლობაში. კოალიციის ფორმირებისთვის საჭირო მოლაპარაკებებსაც დიდი დრო მიაქვს. ჩრდ. ირლანდია, 590 დღე დარჩა  მთავრობის გარეშე, როცა 2017 წლის იანვარში დაიშალა კათოლიკური-პროტესტანტული ადმინისტრაცია. რაც უფრო მნიშვნელოვანია, - ამომრჩეველი, საკუთარ ხმას იყენებს პარტიების ან დასასჯელად, ან დასაჯილდოებლად სწორედ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. კოალიციური მთავრობის პირობებში კი რთული გასარკვევია, ვის დააკისროს პასუხისმგებლობა. 

განვიხილოთ კოალიციური მთავრობის ფორმირების უახლესი გამოცდილება დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: მართალია პროპორციული სისტემა უკეთ ასახავს ამომრჩევლების განსხვავებულ შეხედულებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოალაპარაკებებში გასათვალისწინებელია  მეტი მოსაზრება  და პოზიცია, რაც ქმნის საშუალო ამომრჩევლისთვის მისაღებ პოლიტიკას, მაგრამ რეალურად, ეს მოლაპარაკებები, არ ეფუძნება ამომრჩევლის, ხალხის ნებას, არამედ მხოლოდ პარტიების გადაწყვეტილებებს.

ზუსტად ეს მოხდა შვედეთში,  როცა 2019 წლის 18 იანვარს, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტში, მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტულ ბლოკებად შევიდნენ შვედეთის დომინანტი პოლიტიკური პარტიები. იმის გამო, რომ თითოეულმა მათგანმა მანდატების მხოლოდ 40-40% მიიღო, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ მოახერხეს მესამე ადგილზე გასული, რადიკალი მემარჯვენე ანტისაიმიგრაციო დემოკრატების პარტიის მონაწილეობის გარეშე, რომელსაც  სხვა პარტიებმა უარი უთხრეს თანამშრომლობაზე.  

მაგრამ ბლოკებს შორის 133 დღიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, პროფკავშირების ყოფილმა  კონსერვატორმა ლიდერმა და ყოფილმა შემდუღებელმა, მნიშვნელოვანი კომპომისების შეთავაზებით, მოახერხა ცენტრისტული და ლიბერალური პარტიების გაცალკევება და მათი ბლოკების დაშლა, დაჰპირდა გადასახადების შემცირებას, უძრავი ქონების ბაზარზე არენდის რეფორმას და დასაქმების შესახებ მკაცრი შვედური კანონების შერბილებას. შედეგად, მან მოახერხა უმცირესობის მთავრობის ფორმირება, რომელიც ყველაზე სუსტი იქნება შვედების მეხსიერებაში. მისი ფორმირებისთვის  დათმობებზე წასვლა გახდა საჭირო კონსერვატორი პარტნიორების წინაშე და რაც მთავარია, მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავს.

ანალოგიური კოალიციური რყევებია გერმანიაშიც - ევროპის უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს, მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური და იდეური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც 171 დღე გრძელდებოდა  - მოლაპარაკებები ახალი კოალიციის ფორმირების შესახებ კონსერვატორებს, ლიბერალებსა და მწვანეებს შორის ჩაიშალა იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. ბოლოსდაბოლოს, კოალიციას უხალისოდ შეუერთდნენ მემარცხენეები, რომლებმაც მალევე შეუქმნეს პრობლემა მერკელის ისედაც მყიფე მთავრობას. პირველი კრიზისი დაიწყო გასული წლის დეკემბერში, როცა მემარცხენე პარტიის ახალმა ლიდერებმა კოალიციური შეთანხმების გადახედვა მოითხოვეს და კოალიციის დატოვებით დაიმუქრნენ. მერკელის პარტიამ ღიად მიანიშნა, რომ არ აპირებენ შეთანხმების გადახედვას და არც მინიმალური ხელფასის 30%-ით გაზრდას. მოლაპარაკებები გადაიდო 2020 წლის შობა-ახალი წლის არდადეგების დამთავრებამდე და სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.

მაგრამ აქვე მეორე კრიზისი წამოეწია ისედაც დაშლის პირას მდგარ კოალიციას: გასულ კვირას, აღმოსავლეთ გერმანიაში, ტიურინგიის მიწაზე ადგილობრივი პრემიერის არჩევნებში, კრემლთან დამეგობრებულმა ულტრა-მემარჯვენე, ნეო-ნაცისტური პარტიის (IFD) დახმარებით გაიმარჯვა თომას კემერიხმა. ეს ფაქტი, შეფასდა, როგორც „გერმანიის სირცხვილი“ და „პოლიტიკური მიწისძვრა“, ათი ათასობით პროტესტანტი გამოვიდა ქუჩაში. მერკელის პარტიამ დაარღვია 1949 წლის შემდეგ არსებული ტაბუ, როცა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა პასუხისმგებლობა აიღეს, რომ არ დაუშვებდნენ ნაცისტური პარტიის უმრავლესობით მოსვლას, ახლა კი მასთან კოლაბორაციონიზმში ამხილეს. გასულ კვირას, გერმანია, რეალურად დადგა ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინაშე, თუმცა კემერიხმა განაცხადა, რომ ფაშიზმის წინააღმდეგია, ორ დღეში გადადგა და ტიურინგიაში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა (აღსანიშნავია, რომ ტიურინგიიდან დაიწყო ჰიტლერის პარტიის აღზევება 1929 წელს).

ინციდენტი, ამით არ ამოწურულა, 10 თებერვალს გადადგა მერკელის პარტიის ლიდერიც, რომელსაც იგი უნდა შეეცვალა. პარტიის ლიდერის ვინაობა დღეისთვის გაურკვეველია, რადგან მას მ.წ. დეკემბერში დანიშნულ ყრილობაზე აირჩევენ. ამ ყველაფრის შემდეგ, მერკელის პარტიის რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ულტრა-მემარჯვენეების კი - პიკზეა. მოგებული მხოლოდ მწვანეები გამოდიან, რომლებიც არ გასვრილან ამომრჩევლებისთვის მიუღებელ პოლიტიკურ თამაშებში.

ანალოგიური პრობლემებია ისრაელშიც, სადაც ბოლო ერთი წლის მანძილზე უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2 მარტს: ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა და 2019 წლის 21 ოქტომბერს, განაცხადა, რომ მისი მცდელობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, უშედეგოდ დამთავრდა. ეს მისი მეორე მარცხია აპრილის არჩევნების შემდეგ, როცა იძულებული გახდა ახალი არჩევნები დაენიშნა 17 სექტემბრისათვის. ასევე, უშედეგოდ დამთავრდა მისი კონკურენტის, გადამდგარი გენერლის, განცის მცდელობა კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, რომელიც ნეთანიაჰუმ პალესტინელი არაბების ფრაქციასთან თანამშრომლობაში ამხილა.

ისრაელის საარჩევნო სისტემა - მოიცავს პროპორციულ წარმომადგენლობას დაბალი ბარიერით - 3.25%, რაც იდეაში, მცირერიცხოვან პარტიებს ვეტოს უფლებას უტოვებს და კოალიციურ მთავრობასაც უზრუნველყოფს. თუმცა, ისრაელში პოლიტიკური დაქსაქსულობა გაღრმავდა ბოლო დეკადაში, რაც ქნესეთში წარმოდგენილი ეფექტური პარტიების რაოდენობის ზრდაშიც ჩანს: გასული საუკუნის 50-იან წლებში, ქნესეთში ხუთი ეფექტური პარტია იყო, ახლა კი მათი რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შედეგია ყოველი ახალი ქნესეთის მოკლე ვადა: - უკანასკნელად,  როცა ქნესეთმა თავისი ვადა ბოლომდე დაასრულა ვადამდელი არჩევნების გარეშე, ეს იყო 1984-88 წლებში.

საინტერესოა ესპანეთის დრამატული გამოცდილებაც: 2019 წლის 17 სექტემბერს, ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, პედრო სანჩესმა პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა პარლამენტში უმრავლესობის ფორმირების შეუძლებლობის გამო. შემდეგ, სოციალისტების გენერალურმა მდივანმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - 10 ნოემბერი. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, მონარქმა გადაწყვიტა აღარ წამოეყენებინა კანდიდატი მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ, რადგან არცერთი კანდიდატი არ სარგებლობს პარლამენტის უმრავლესობის აუცილებელი მხარდაჭერით.

10 ნოემბერს დანიშნული არჩევნები, უკვე მეოთხე იყო უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. აპრილის ბოლოს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა ესპანეთის სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ, თუმცა პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

სოციალისტების მოკავშირეები შეიძლებოდა გამხდარიყვნენ მემარცხენე პოპულისტები „პოდემოსიდან“, თუმცა სანჩესსა და „პოდემოსის“ ლიდერს, იგლესიასს შორის  გადაულახავი შეუთანხმებლობის გამო,  შეთანხმება ისევ ჩაიშალა.

პოლონეთმა, მოახერხა და აიცილა პოლიტიკური კრიზისი,  როცა 2019 წლის 13 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - მმართველმა პარტიამ დაკარგა კონტროლი სენატზე და მიიღო ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 43,59%, მაგრამ მის ანგარიშზეა მანდატების 51% სეიმში.

ეს შესაძლებელი გახადა ხმების დათვლის სისტემამ და კიდევ რამდენიმე ნიუანსმა, - მანდატების განაწილებისას, გამოიყენეს D'hond-ის ფორმულა, რომელიც ძირითადად ხელს აძლევს დიდ პარტიებს. ამხელა სხვაობა ხმებსა და მანდატების რაოდენობას შორის იმიტომ არის, რომ პოლონეთში დაშვებულია ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ბარიერი განსხვავებულია: დამოუკიდებელი სუბიექტებისთვის იყო 5%, ხოლო ბლოკებისთვის - 8%; შესაბამისად, სხვაობა, განაპირობა არა იმდენად ფორმულამ, არამედ მაღალმა ბარიერმა. ბარიერს მიღმა დარჩა ბევრი ,,უპატრონო" ხმა. დაბალი ან 0-ოვანი ბარიერის შემთხვევაში, D'hondit" ფორმულა ასეთი სასარგებლო ვერ იქნება დიდი პარტიებისთვის.

პოლიტიკური კრიზისის კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებიდან, იგივე იტალიის, ავსტრიის, მოლდოვას და ა.შ. მაგალითები, საკმაოდ საგულისხმოა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველა ამ შემთხვევაში, ლაპარაკია პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიურ შეუთავსებლობაზე.  საქართველოში, სულ სხვა სურათს ვხედავთ დღეს: ე.წ. „პარტიების“ აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ დამფუძნებლებით არის წარმოდგენილი და მათი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება კულისებში და რა ფასი დაედება თითოეულ მანდატს, რომელიც მთავრობის ფორმირებითვის საჭირო კოალიციას დააკლდება. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებების თემა არ იქნება არც წინასაარჩევნო დაპირებები და არც იდეოლოგიური თეზისები, როგორც ეს შვედეთში, ისრაელში ან გერმანიაში ხდება ახლა. არც არარსებული იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო გადადგება რომელიმე გუბერნატორი ან მინისტრი არჩევიდან ორ დღეში. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს პირადი ინტერესებით დროებით გაერთიანებული ჭრელი კონგლომერატი, რომლის შემადგენლობასაც სამართლიანად უწოდებენ „ერთკაციან“ პარტიებს, მათ არაფერი აერთიანებთ ერთი კაცის სიძულვილის გარდა და ხუხულასავით, სულის პირველივე შებერვაზე დაიშლება.

დესტაბილიზაცია, როგორც მიმდინარე ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი -  პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე გვავალებს გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები და ვეცადოთ დესტაბილიზაციის პრევენციას ქვეყანაში. ეს ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რეგიონში (ზოგადად, მსოფლიოში) მიმდინარე კრიზისულ პროცესებთან კავშირში.

სიმშვიდის დეფიციტი ყოველთვის იყო ჩვენს რეგიონში, მაგრამ ამჯერად, მსოფლიოში მიმდინარე ხმაურიანმა პოლიტიკურმა პროცესებმა, განსაკუთრებით უსაფრთხოების პირობების გაუარესებამ ჩვენს რეგიონში, საქართველო კიდევ ერთხელ დააყენა პრობლემის წინაშე, როცა სტაბილურობას ქვეყანაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

2019 წლის მეორე ნახევარი, საქართველოშიც პოლიტიკური ბრძოლის გამწვავებით აღინიშნა. დაპირისპირებამ ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ სულ უფრო არარეალური გახდა ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის რამე შეთანხმების მიღწევის ალბათობა, მითუმეტეს, წარმოუდგენელია კოალიციური მთავრობის ფორმატში თანამშრომლობა.

დაპირისპირებისთვის მუდმივად მზადყოფნაშია ოპოზიციის რევანშისტული ფრთა, რომლის ლიდერმაც სატელევიზიო ჩართვაში მოუწოდა თავის მომხრეებს, „დაელოდონ „კაზუს ბელის“ და დაამხონ ხელისუფლება“. ადამიანებმა, რომლებიც არასოდეს ერიდებიან ნებისმიერი, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგო თემის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, ამჯერადაც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს მოწოდება და შტურმით დააპირეს პარლამენტის შენობის აღება.

24 ივნისს გაცემულ დაპირებას მოჰყვა კიდევ უფრო რადიკალური დაპირისპირება და ხელისუფლების მარგინალიზაცია იქამდე, რომ არასაპარლამენტო პარტიებს, აიძულებდნენ საჯაროდ, ხელმოწერით დაედასტურებინათ მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე უარი, მაგრამ ამავე დროს, ოპოზიციის ლიდერები მზადყოფნას აცხადებდნენ პრორუსულ ძალებთან კოალიციურ შეთანხმებაზე ხელისუფლების წინააღმდეგ.  

ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამგვარ დესტრუქციულ ძალებთან კოალიციური შეთანხმების მიღწევა, შეუძლებელი იქნება, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში. მაშინ, როცა რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველო კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა გარე საფრთხეების მიმართ, პოლიტიკური კრიზისის დაშვება და ისრაელივით, 3-4 საპარლამენტო არჩევნების ჩატარება წელიწადში, საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება - რასაც ძალიან ადვილად და სიამოვნებით გამოიყენებს მტერი, რომელიც არასოდეს ერიდებოდა და არც ახლა ერიდება კრიზისული სიტუაციების შექმნას მღვრიე წყალში იოლი სარგებლის მისაღებად. ამის უკანასკნელი მაგალითი რამდენიმე დღეა ჩვენს თვალწინ ვითარდება იდლიბის გარშემო შექმნილ კრიზისში, სადაც რუსეთი, თურქეთის ინტერესებს უპირისპირდება. ამიტომ, სტაბილურობის შენარჩუნება, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა და იგი, სათუო არ უნდა გახდეს - პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება, საზოგადოებაში არ უნდა გავრცელდეს.

იმისათვის, რომ გავაკეთოთ ინფორმირებული არჩევანი, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ვეცადოთ გავიხედოთ მომავალში. სულ უნდა გვახსოვდეს მიმდინარე „ჰიბრიდული ქაოსის“ პოლიტიკა, რომელსაც ამჟამად ჩვენი მტერი წარმატებით ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში და ა.შ. მისი მიზანი კი ხელისუფლების დისკრედიტაცია, დესტაბილიზაცია და საზოგადოების პოლარიზაციაა, რადგან სწორედ ასეთ დროს ხვდება მას კარი ღია და საშუალება ეძლევა უიარაღოდ დაიმორჩილოს ქვეყანა.

 

დადებითი:

 

1. ისმის განსხვავებული მოსაზრებები (ამას არც სხვა სისტემები გამორიცხავს);

 

2. ამცირებს დაკარგულ ხმებს;

 

3. ამცირებს ძალაუფლების უზურპაციის რისკებს.

 

უარყოფითი:

 

1. მეტი შანსია რადიკალურ-ექსტრემისტული პარტიებისთვის;

 

2. დიდია პოლიტიკური ჩიხის და კრიზისის ალბათობა; არ უზრუნველყოფს კონკრეტული დაჯგუფების პირდაპირ წარმომადგენლობას;

 

3. კომპრომისი ყოველთვის არ არის გამართლებული;

 

4. მმართველობის არასტაბილური ფორმაა;

 

5. ნაკლებად დემოკრატიულია იმ გაგებით, რომ მცირე პარტიებმა შეიძლება დააშანტაჟონ უმრავლესობა - გაცვალონ პრინციპები და მიიღონ იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე პროპორციულად მიიღეს: კოალიციის შესაქმნელად, უმრავლესობას თავს მოახვევენ თავის ხედვას  და მხარდაჭერის სანაცვლოდ შესთავაზებენ თავის პოზიციას, რომელსაც ისინი ვერასოდეს მიაღწევდნენ დამოუკიდებლად; 

 

6. საარჩევნო კამპანია და მანიფესტები, ამ სისტემაში პოპულისტური და არარეალურია, მიზანი, მხოლოდ ხმების მოპოვებაა, რადგან კოალიცია, როგორც წესი ორიენტირებულია მოკლევადიან ხედვაზე, რადგან მათ არ შეუძლიათ დაგეგმონ მეორე ვადით არჩევა ანალოგიური ფორმით და შემადგენლობით;

 

7. ყველაზე დიდი რისკი - კოალიციაში შემავალი დროებითი პარტნიორები, დიდი ალბათობით პრინციპულად არ ეთანხმებიან ერთმანეთს იდეოლოგიურად, ამიტომ გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება და ეფექტური მმართველობა;

 

8. „პროპორციულია, მაგრამ არა წარმომადგენლობითი“, - ეს არის არგუმენტი, რითაც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, უარს ამბობენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე: „ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ადგილობრივმა წარმომადგენელმა უკეთ იცის, ვიდრე პარტიულ სიაში ჩაწერილმა შემთხვევითმა სუბიექტმა...“.

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

[1]COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS CONCERNING THRESHOLDS WHICH BAR PARTIES FROM ACCESS TO PARLIAMENT1   https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2018)004-e

 

[2] Calculations based on news reports,

*As of July 23, 2019, a government hasn't been formed yet. **Technocratic caretaker government appointed by the president after the elected coalition's collapse. https://www.bloomberg.com/opinion/articles/2019-07-23/spain-can-flourish-with-coalition-government

 

ავტორი: ლალი ცინცაძე

 

მთავარი ფოტო: www.imdinews.ge

გააზიარე: