გიორგი ანთაძე - საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია

ავტორი:

ჟენევაში უსაფრთხოების საკითხებზე დაწყებული ამერიკულ-რუსული და ბრიუსელში ახლაც მიმდინარე ნატო-რუსეთის კონსულტაციების სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

 

- ბატონო გიორგი, ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე დაიწყო და ახლა ნატო-რუსეთის ფარგლებში გრძელდება.
 

პირველი შედეგები ასეთია - ვაშინგტონმა და მოსკოვმა ვერ მიაღწიეს პროგრესს დაწესებულიყო შეზღუდვა ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. აშშ-მ უარი თქვა ეს საკითხი განეხილა იმ ქვეყნების გარეშე, ვისაც ეს საკითხები ეხება. ამაზე მოსკოვმა თავისი პოზიცია კვლავ გაიმეორა. ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
 

ზოგი თვლის, რომ ჟენევაში გამართულმა ამერიკულ-რუსულმა კონსულტაციებმა აჩვენა, რომ ახლა რუსულ ულტიმატუმთან დაკავშირებით ახლა ყველაფერი ამერიკელებზეა დამოკიდებული. ზოგიც მიიჩნევს, რომ ჯერ ყველაფერი წინაა.
 

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონსულტაციების საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევი ჩანს, თქვენ როგორ შეაფასებდით ჟენევაში დაწყებულ ამერიკულ-რუსული კონსულტაციების პირველ შედეგებს?
 

- ჩვენს წინა ინტერვიუში აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მოთხოვნებზე უპირობო დათანხმება ფაქტობრივად დასავლეთის კაპიტულაციას ნიშნავდა და ამიტომ მოლაპარაკებების პირველადი შედეგების არ არსებობა ფუნდამენტურ საკითხებზე გასაკვირი არ არის. მეტიც, ეს ლიბერალური სამყაროსათვის და იმ ქვეყნებისათვის რომლებიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან მისასალმებელი ფაქტია.
 

თუმცა, აქვე აღინიშნა, რომ არსებობს არა ერთი საკითხი სადაც სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია და შესაძლებელია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა.
 

ეს გულისხმობს როგორც ბირთვული, ასევე არა ბირთვული შეიარაღებების საკითხებს, სამხედრო გამჭვირვალობის, რისკების შემცირებისა და სამხედრო წვრთნების ჩატარების ირგვლივ არსებულ განსახილველ თემებს. ასევე ვაშინგტონის მხრიდან ხაზი გაესვა რომ, პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაძაბულობის დეესკალაციის პირობებში.
 

ჯამში, ჩემთვის ამ ეტაპზე მოსალოდნელი სცენარით ხდება მოვლენების განვითარება. კერძოდ, როგორც აღვნიშნე, დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში სტრატეგიული დათმობას მე არ ველოდი. თუმცა როდესაც საუბარი ეხება ისეთ სახელმწიფოებს როგორიც აშშ და რუსეთის ფედერაციაა, იქ ყოველთვის მოიძებნება ისეთი განსახილველი საკითხები, სადაც ორივე მხარემ შეიძლება იპოვოს ერთობლივი ინტერესები და კომპრომისის საფუძვლებიც.
 

თუმცა ზოგადად, სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებები არ დასრულებულა და ერთიანი სურათის დანახვა უფრო მკაფიოდ ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. მოდუნების საბაბი ჯერ არ გვაქვს.
 

- ჟენევაში გამართულ ამ შეხვედრაზე კრემლის წარმომადგენლის სერგეი რიაბკოვის განცხადება ვახსენე და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თემაზე ამ განცხადების სიღმისეული ანალიზი არა მარტო ღირს, აუცილებელიც კია.
 

ბატონო რიაბკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „უსაფრთხოების გარანტიებზე ამერიკულ-რუსული კონსულტაციების ჩიხში შეყვანა არ შეიძლება და უნდა გადაიდგას რეალური შემხვედრი ნაბიჯი რუსეთის მიმართ“ .
 

„თუ წინსვლა არ იქნა მიღწეული ალიანსის არგაფართოების თემაზე, აშშ-სთან სხვა ასპექტებზე მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“. - განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
 

მისივე თქმით, „ნატოს არგაფართოების საკითხი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისათვის საკვანძოა“.
 

მეტიც - „რუსეთს სჭირდება რკინაბეტონის გარანტიები იმისა, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს ვერ შევლენ ნატოში“.
 

ფაქტია, რომ მოსკოვი დასავლეთისგან ულტიმატუმის ფორმით კვლავ მოითხოვს ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან იურიდიულად მიაღწიოს მათთან შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ უკრაინა და საქართველო ვერასდროს ვერ შევლენ ნატოში“.
 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსმა პოლიტოლოგმა ბორის სოკოლოვმა განუცხადა - „მოსკოვმა ულტიმატუმი კი წაუყენა დასავლეთს, მაგრამ კრემლში არც ისეთი იდიოტები სხედან, რომ ჰქონოდათ მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთი რუსულ ულტიმატუმს დათანხმდებოდა“.
 

მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თუ კრემლმა იცის, რომ დასავლეთი მის ულტიმატუმს არ მიიღებს, რატომ აგრძელებს მისი ულტიმატუმის პუნქტების კვლავ გამეორებას? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით სულაც არ ხდება და მოსკოვმა რაღაც ფორმით მიიღოს ის, რასაც ვაშინგტონისაგან და ალიანსისაგან მოითხოვს?
 

- სხვა და სხვა ფორმით ისედაც არსებობდა წინააღმდეგობები იგივე უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რომელთა გადალახვაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას საჭიროებს დღესაც.
 

შესაბამისად სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაში გამოიკვეთება რამდენიმე მომენტი. პირველი - თუ რუსეთი ვერ მიიღებს სასურველ შედეგებს, რაც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, მნიშვნელოვანი იქნება ის თუ, როგორ თარგმნის ამ მდგომარეობას მოსკოვი საშინაო აუდიტორიისთვის და რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს კრემლი.
 

ასეთ ვითარებაში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან დეკლარირებულია მტკიცე მზაობა რუსეთისათვის მძიმე ეკონომიკური და ფინანსური შედეგების მქონე სანქციების დაწესებისათვის, რაც შეიძლება შეკავების ფაქტორი გახდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რუსეთი გაჩერდება.
 

აი აქ მივდივართ მეორე მნიშვნელოვან მომენტთან - ასეთ ვითარებაში მოსკოვი სავარაუდოდ მისთვის ინტერესის მქონე რეგიონებში, სადაც ბუნებრივია ჩვენც შევდივართ, გააძლიერებს ჰიბრიდული და არა პირდაპირი მეთოდებით გავლენის შემდგომი გაძლიერების მცდელობას.
 

იგი მაქსიმალურად შეეცდება კიდევ უფრო დაძაბოს ამ ქვეყნებში შიდა სიტუაცია, შეაფერხოს დემოკრატიული პროცესები და მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალების გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი.
 

იმ ფონზე, რომ მოკავშირეების ურყევი პოზიციაა ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რაზეც ქალბატონმა დეგნანმაც ისაუბრა, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ ნატოში გაწევრიანება ეს ალიანსისა და ასპირანტი ქვეყნების საქმეა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსა და უკრაინის შიდა დემოკრატიული პროცესების წარმატება, ვინაიდან გართულებულ საერთაშორისო ფონზე, თითოეული შიდაპოლიტიკური შეცდომის საფასური გაცილებით ძვირი იქნება ალიანსში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე.
 

შესაბამისად, მოსალოდნელი იქნება უკვე არსებული რისკებისა და გამოწვევების გამძაფრება. მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის გამწვავება, ექსტრემისტული და რადიკალური აქტივობების მხარდაჭერა-წახალისება და ა.შ..
 

ამიტომ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია.
 

მოსკოვს მისი სამომავლო ქმედებების მხარდასაჭერად ჭირდება აღნიშნული ულტიმატუმების მუდმივი გამეორება. ეს მოსკოვს ლავირების საშუალებას უტოვებს, როგორც რადიკალური სცენარით სამოქმედოდ, ასევე უფრო ჰიბრიდული მეთოდებით სამოქმედოდაც.
 

ამასთან ერთად, მუდმივი მუქარა, აშშ-ს მოკავშირეებზე პოლიტიკური გავლენის მოხდენასაც ემსახურება, რამაც სათანადო შედეგი უნდა იქონიოს მათი აზრით, ნატოს შემდგომ გაფართოებაზე და ზოგადად დასავლეთის ერთიანობაზე.
 

- ბატონ რიაბკოვის განცხადებაში არის ერთი დეტალი, რომელზეც შეჩერება ცალკედაც კი ღირს.
 

იგი აცხადებს - „ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ თუ წინსვლა არ იქნა სამ საკვანძო საკითხზე, სხვა ასპექტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვანია, კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. სამ მიმართულებას მიეკუთვნებიან - ნატოს არგაფართოება, რაკეტების არგანთავსება და ასევე ნატოში გაწევრიანებული ქვეყნების ტერიტორიების მატერიალური ათვისება“.
 

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, მესამე პუნქტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსკოვი ვაშინგტონსა და ბრიუსელს კვლავ გავლენის სფეროებზე ვაჭრობას სთავაზობს. თქვენ როგორ აღიქვით რუსული მხარის სამი საკვანძო მიმართულებები, განსაკუთრებით მესამე პუნქტი? თქვენი აზრით, ამით რას ეუბნება მოსკოვი აშშ-სა და ნატოს ერთი მხრივ, და მეორე მხრივ კიევსა და თბილისს?
 

- ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრე, თუმცა იგივე მეორე პუნქტი სწორედ ის საკითხია სადაც უკვე მიდის დიალოგი ორ ქვეყანას შორის და ყველაზე მეტი შანსი არის კომპრომისის და შეთანხმების მიღწევის. ხოლო ნატოს აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების შეჩერება არსობრივად ეწინააღმდეგება ნატოს სამხედრო უსაფრთხოებისა და მოთხოვნების ლოგიკას.
 

კერძოდ, იმისათვის რომ აღმოსავლეთ საზღვარზე წევრმა სახელმწიფოებმა ნატოს მოქმედი გეგმების შესაბამისად უზრუნველყონ სამხედრო კომპონენტის განვითარება, აუცილებელი ინება კონკრეტული მოთხოვნების რეალიზაცია.
 

თუ ეს ნატოს ეგიდით არ მოხდება და ამ მხრივ რუსეთის არ გაღიზიანების გამო, ნატო შეზღუდავს აქტიურობას, ეს გაზრდის ამ ქვეყნებზე დაწოლას, ვინაიდან ისინი იძულებულები იქნებიან კიდევ უფრო გაზარდონ ეროვნული ხარჯები და ძალისხმევა თავდაცვისუნარიანობის ავტონომიურად განსავითარებლად, რაც ვერ იქნება მარტივი და სწრაფად რეალიზებადი ამოცანა ყველასთვის.
 

ვფიქრობ, ამას ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგად უნდა აცნობიერებდნენ, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ მხრივ რაიმე კომპრომისი იქნება.
 

სავარაუდოდ მხარეებისთვის უფრო ადვილი იქნება, სამხედრო აქტივობების შესახებ გამჭვირვალობისა და ურთიერთინფორმირებულობის ხარისხის დონის გაზრდა. ნატოს ღია კარის პოლიტიკა კი ურყევი პრინციპია, რომლის გადახედვაც გამორიცხულია.
 

- იქონიებს თუ არა გავლენას აღნიშნული მოლაპარაკებები რეგიონულ პროცესებზე?
 

- რა თქმა უნდა, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები თავისი მნიშვნელობით გლობალურ დატვირთვას ატარებს და მისი შედეგები არა მარტო რეგიონულ მოვლენებზე, არამედ გლობალურად იქონიებს გავლენას.
 

ფაქტობრივად საუბარი მიდის საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი თამაშის წესების დამკვიდრებაზე, რაც პირველ რიგში ავტორიტარულ სამყაროს წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან ფუნდამენტური პრინციპების დაცვას გლობალური მნიშვნელობა გააჩნია და ეს განსაკუთრებით ჩვენნაირი მცირე სახელმწიფოებისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
 

ამ კონტექსტში ასევე შვედეთისა და ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხმაც წამოიწია. დარწმუნებული ვარ ანკარაში, თეირანსა თუ პეკინში ყურადღებით აკვირდებიან აშშ-დასავლეთსა რუსეთს შორის მიმდინარე პროცესებს. უფრო მეტიც, მოლაპარაკების შედეგები ე.წ. „3+3“ ფორმატისა და ტაივანის საკითხის მომავალზეც აისახება.
 

- ნატოს ყოფილმა გენ.მდივანმა ბატონმა რასმუსენმა ტვ-„იმედის“ „ქრონიკას“ განუცხადა - „საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე“.
 

ამ თემაზე ბატონმა რასმუსენმა ამგვარი მოსაზრება თბილისში ყოფნისას რამდენიმე წლის წინაც ყოფნისას განაცხადა, მაგრამ, ახლა როცა ამერიკელებსა და რუსებს, ნატოსა და რუსეთს შორის კონსულტაციებია დაწყებული, მისი მხრიდან ამ თემაზე აქცენტების გაკეთებას წარმოუდგენელია ჩვენს არ მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ნატოში ადრე კონსენსუსი არ არსებობდა.
 

„მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას“, - განაცხადა რასმუსენმა.
 

ვითარებაში, როცა აშშ აცხადებს, რომ მზადაა განიხილოს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს რასმუსენის განცხადება იმის თაობაზე, რომ ალიანსმა უკრაინა და საქართველო უნდა მიიწვიონ ნატოში რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების გარეშე?
 

- ყოფილი გენ.მდივანი ბატონი რასმუსენი, დღეს უკვე არ წარმოადგენს ოფიციალურ პირს და უფრო დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში საუბრობს. ეს იდეა საკმაო ხანია გაჟღერებულია, მათ შორის ბატონ ლუკ კოფის მიერაც, რომელმაც დღესაც კიდევ ერთხელ გააჟღერა ეს საკითხი.
 

აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანამ ალიანსი რაიმე სახით მსგავს იდეას რეალურად განიხილავს, ჩვენს ქვეყნით შიგნით უნდა გვქონდეს საერთო ეროვნული პოზიცია ამ კონკრეტულ მოდელთან მიმართებაში და უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ასეთი გზა როგორც შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე დეოკუპაციის კუთხით და გლობალური უსაფრთხოების ჭრილშიც. შესაბამისად, აღნიშნულ თემაზე ქვეყანაში უფრო ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებშიც.
 

ამ მიზნით ასევე აუცილებელია მოკავშირეებთან და პირველ რიგში ვაშინგტონთან ორმხრივი დიალოგის გაძლიერება და მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება. ეს რუსეთის მუქარის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს როგორც ჩვენთვის, ასევე დასავლეთის პოზიციონირებისთვის.
 

ზოგადად ნატოს გაფართოება გარკვეული ტალღებით ხორციელდება და ახლაც გვიწევს დაველოდოთ უკეთეს ისტორიულ ფანჯარას. შესაბამისად აუცილებელია ჩვენ ვიყოთ მზად სხვადასხვა სცენარებისათვის და გვქონდეს ალტერნატიული ვარიანტებიც, რაც აგვარიდებდა მხოლოდ ამ მოლოდინის იმედად ყოფნას.
 

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ თემაზე ჩვენს მოკავშირეებთან და ქვეყნის შიგნით აქტიური დიალოგის გამართვის აუცილებლობას, რომელიც ნატოში გაწევრიანებისათვის პრაქტიკული შედეგების მომცემი შეიძლება გახდეს მომავალში. ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებასთან სწორ შიდა სტრატეგიულ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა ექნება.
 

- ამ თემებზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით ჟენევაში დაწყებულ ამერიკულ-რუსულ კონსულტაციებზე საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან განცხადებას.
 

ვაშინგტონმა ამჯერად თავისი წარმომადგენლის საშუალებით ცალსახად გვითხრა - „რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე - ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.
 

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“, - აცხადებს მიმართვაში დეგნანი.
 

საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი 30 წლის წინ აქვს განსაზღრული, მაგრამ რადგან ამერიკა და ატლანტიკური ალიანსი საქართველოსა და უკრაინაზე საუბარს მოსკოვთან თბილისისა და კიევის გარეშე არ აპირებს, შესაძლოა ახლა უპრიანიც კი იყოს იმაზე ფიქრი თუ რა პოზიციებით უნდა მიიღოს მონაწილეობას ამერიკულ-რუსულ, ნატო-რუსულ კონსულტაციებში საქართველომ.
 

ამგვარ მოლაპარაკება- კონსულტაციაში ქართული მხარის პოზიციები და ქცევა სავარაუდოდ როგორი უნდა იყოს?
 

- ამ მხრივ ჩვენი და უკრაინის ინტერესების დაცვა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაშინგტონის მხრიდან უნდა მოხდეს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ გარკვეული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაშიც, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელ ბრიფინგზეც პრესისათვის.
 

ზოგადად კი, ჩვენს შესაბამის უწყებებს მართებს აქტიურ კონტაქტზე იმყოფებოდეს ვაშინგტონთან, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული აღნიშნულ მოლაპარაკებებში.
 

ის რომ საქართველოს გარეშე ვერ იქნება მოლაპარაკებები საქართველოზე, ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია. ერთის მხრივ ეს წარმოადგენს აშშ-ს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და მეორეს მხრივ, მიანიშნებს შიდაპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე და ზოგადად იმაზე, თუ რამდენად ბევრი იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ძალისხმევაზე, შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, კონსოლიდაციაზე ფუნდამენტური მიზნების გარშემო და ზოგადად ქართული პოლიტიკური კლასის მოქმედებებზე დემოკრატიული განვითარების ჭრილში.
 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამწვავებულ საერთაშორისო ფონზე სკეპტიკოსებს არ მივცეთ სალაპარაკო საბაბი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მზაობის შესახებ. ჯამში კი, ქალბატონი ელჩის მხრიდან ძალიან მისასალმებელი და დროული გზავნილებია გაჟღერებული, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის.
 

- და ბოლოს, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებისა და ზოგადად მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე?
 

- ჩემი აზრით ეს მოვლენები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ და მკაფიოდ გავმიჯნოთ ყაზახეთში მიმდინარე პროცესები უკრაინის მიმართულებით არსებული რუსული პოლიტიკისაგან.
 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში მომხდარი მოვლენები არა მარტო შიდა სახალხო პროტესტის გამოვლინებაა, არამედ მეტწილად შიდა ძალაუფლებისათვის ბრძოლის ძალიან დიდი ფაქტორიც მოქმედებს.
 

რადიკალური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება გარკვეულ ადგილობრივ ჯგუფებს რომელთაც თავიანთი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებთ.
 

ამიტომ შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად თოყაევის რეჟიმი იძულებული გახდა რუსეთის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ( ოდბკ-ს) დახმარება გამოეყენებინა. ეს ბუნებრივია ახლო ვადიან პერსპექტივაში მოსკოვის პოზიციებს ყაზახეთსა და რეგიონში განამტკიცებს.
 

ამასთან ერთად, მოსკოვისთვის ამ ეტაპზე ყაზახეთი ვერ იქნება დასავლეთ მიმართულებაზე მისთვის საინტერესო დივიდენდების საპირწონე საკითხი, რაზეც ვლადიმერ პუტინის განცხადებაც მეტყველებს, რომ კუხო-ს( ოდბკ-ს) სამხედრო ძალები სტაბილურობის აღდგენის შემდგომ დატოვებენ ყაზახეთის ტერიტორიას.
 

შესაბამისად დღეს უმთავრესი გლობალური მოვლენა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი შედეგებია.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გააზიარე: