მოსათელად
არსებული გეოპოლიტიკური სტრუქტურა დღემდე არაერთ უცნობ მოცემულობასა თუ ამოცანას გვიპირისპირებს, რაც აკადემიური ინტელექტის და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაქსიმალურ ამოქმედებას საჭიროებს შედარებით უსაფრთხო სამოქმედო გზების მოსაძებნად. ვითარების უჩვეულობა, ასევე, განაპირობებს მსჯელობისათვის უკვე დამკვიდრებული ჩარჩოების უარყოფას, ისევე როგორც გაბედული და არაორდინალური გადაწყვეტილებების პოვნას. ასეთ უჩვეულობებს შორის ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის ახლად ფორმირებად საერთაშორისო წეს-წყობილებაში ორგანულად კუთვნილი ადგილის დანახვა და მისი რეგიონალურ თუ გლობალურ მოთამაშეებთან სინქრონიზაცია. ვფიქრობთ, რომ ეს საუკუნე იმითაც იქნება გამორჩეული, რომ დროთა განმავლობაში იგი არჩევანის მეტ მრავალფეროვნებას შესთავაზებს განსაკუთრებით მცირერიცხოვან ერებს მათი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ტრანსფორმირების პროცესში, ხოლო შესატყვისი არაორდინალური გადაწყვეტების მხარდამხარ თვისობრივად ახალ საფრთხეებს დაუპირისპირებს. ასევე, აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ამ გზაზე არანაირი სიკეთე არ იქნება იმთავითვე ბოძებული და ყოველი წარმატება თუ წინსვლა მიზანმიმართული გარჯის, ინტელექტისა და დისციპლინის უწყვეტ რეჟიმში იქნება შესაძლებელი; მეტიც, მცირერიცხოვან ერს მისი კონკურენტისა თუ პარტნიორის თვალში ყოველდღიურად ექნება ადგილი დასამკვიდრებელი. სწორედ ასეთად გვესახება ის სურათი, რასაც მიმდინარე ასწლეული გვპირდება. ეს მოცემულობა საჭიროებს მასთან შეგუებას, მის სწორად გათავისებას და რაციონალურად გამოყენებას. წარმოდგენილი სტატიის მიზანიც არის მცდელობა, უარი ეთქვას დღემდე არსებულ სადისკუსიო შაბლონებს თუ ურისკო სტერეოტიპებს, სამსჯავროზე დაიდოს დღემდე არასაკმარისად გამოკვლეული თუ დაუტესტავი თემატიკა, აკადემიური და პოლიტიკური აზრი ჩაწვდეს ახლებურ წახნაგებს. მიგვაჩნია, რომ ამით მსჯელობა ჩვენი ქვეყნის სახვალიო ფუნქციონალურ დატვირთვაზე, ისევე როგორც გეოპოლიტიკური თანამეგობრობისათვის მის პრაქტიკულ სარგებელზე, აუცილებელია უფრო პრაგმატული და დაუკომპლექსებელი გახდეს, ხოლო შედეგად ამისა, გარე სამყაროს მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულება იქცეს ბუნებრივ და ორმხრივ საჭიროებაზე აგებულ განტოლებად. უდავოდ, განსახილველი კონცეფციები, მოდელები თუ კონფიგურაციები მრავალია და ყოველი მათგანი თეორიული კვლევის მიზნისათვის ძალზე საინტერესოა. თუმცა, გლობალური და რეგიონალური კონტექსტის, ისევე როგორც ჩვენი დღის წესრიგის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთი კონცეფციებისა თუ კონფიგურაციების შედარებით მცირე ოდენობა თუ იმსახურებს ჩვენგან დაკვირვებასა და გაანალიზებას. ამ პრობლემატიკაში ერთგვარი ზოგადი შესავალი იყო წინა სტატია (ქართული "ახლო საზღვარგარეთი": ჩრდილო და სამხრეთის პერიმეტრებს გასწვრივ), ხოლო ახლა, ერთგვარი ჩაშლის პრინციპით, უფრო სპეციალიზებულ თეორიულ-პრაქტიკულ მოდელებზე გვსურს შევაჩეროთ მკითხველის ყურადღება.
„საყრდენი ქვეყანა“: ვიცნობდეთ და ვიცოდეთ
გასულ საუკუნეში, „საყრდენმა ქვეყანამ“ პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გაიჟღერა, როდესაც აშშ-ში მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური პროექტის - მარშალის გეგმის - მონახაზი განიხილებოდა. ნაცისტური გერმანიისგან განთავისუფლებულ დასავლეთ ევროპას ახალი, ამჯერად, კომუნისტური საფრთხე დაემუქრა, რომლის აღკვეთა მხოლოდ მყისიერი და მასშტაბური ჩარევის შედეგად გახდებოდა შესაძლებელი. სწორედ მარშალის გეგმაზე განხილვისას მაშინდელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დინ აჩესონმა, ევროპის დასავლური ქვეყნები დაახასიათა როგორც „მსოფლიოს საყრდენი სივრცე“, მაგრამ, მაშინ ეს მხოლოდ ფრაზეოლოგიის დონეზე ნათქვამი იყო, საჭირო სიღრმისეული გააზრების გარეშე.
„საყრდენი ქვეყნების“ (იგივე რაც „საყრდენი სივრცის“) რეალური გააზრება, და რაც მთავარია, - მისი პრაქტიკაში დანერგვა - გაცილებით გვიან მოხდა და, ამ შემთხვევაშიც, რთულია, მონიშნო ამ მოვლენის ევოლუციონირების კონკრეტული ფაზები და ფორმები. ნებისმიერ შემთხვევაში, „საყრდენი ქვეყნის“ აზრი უკავშირდება, ერთის მხრივ, გლობალურ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს და, მეორეს მხრივ, კონკრეტულ ქვეყანას შორის იმგვარი თანამშრომლობის ფორმატს, როდესაც - ყოველგვარი სამართლებრივი სტატუსის, სახელშეკრულებო მიკუთვნების ან ბლოკური გაწევრიანების გარეშე - ასეთი ქვეყანა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის რეალურად ქმედითუნარიან პარტნიორად მოიაზრება. ნიშანდობლივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, ასევე, საგანგებოდ აღნიშნავს „ქმედითუნარიანობის“ მოთხოვნას, ანუ აშშ-ის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებთან რეგიონალურ ფორმატში ქმედითი ერთობლივი მუშაობის კრიტერიუმს. ამრიგად, ეს ის თემაა, როდესაც პარტნიორ ქვეყნად მიჩნევა-არმიჩნევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა ფორმალურ, არამედ რეალურად ფუნქციონალურ მხარეს.
გასაანალიზებელია, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო მყარად დამკვიდრდეს, როგორც რეგიონის „საყრდენი ქვეყანა“, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს ჩვენი ქვეყნის თანამონაწილეობას რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. ამავდროულად, - გარდა უსაფრთხოების ელემენტისა, - ჩვენი „საყრდენი“ როლი თანაბრად უნდა გამოიხატოს რეფორმატორულ პოლიტიკასა და შავი ზღვის კონტექსტში გლობალური და ეროვნული ინტერესების პრაგმატულ შეწყობაში. ერთი რამ ცხადია: აღნიშნული სტატუსის რეალიზება მოითხოვს, რომ თავად ვიქცეთ რეგიონალური დღის წესრიგის თანაგანმსაზღვრელად და არა მხოლოდ მის ნეტო მომხმარებლად. მკვლევართა და პოლიტიკოსთა ნარატივში არცთუ იშვიათად ე.წ. „ცენტრალურ (სტრატეგიული) ქვეყანაზე (სახელმწიფზე)“ (pivot state) დასესხებასაც შევხვდებით. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იმავე ფენომენზეა საუბარი, რაც ამა თუ იმ ქვეყნის რეგიონალური როლისა და დანიშნულების უკეთ გაგებას ემსახურება.
ერთი სიტყვით, მსოფლიო წესრიგის თვისობრივი ცვლილებები, ქცევის ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო სუბიექტთა შორის ურთიერთდამოკიდებულებაში ახალი ნორმების შემოღება თამამი (ალბათ, ექსპერიმენტული) მოსაზრებების საშუალებას იძლევა. მაგალითად რომ, მინიმუმ, რეგიონალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევისათვის „გლობალურ“ და „ნორმალურ“ მოთამაშეთა შორის განსხვავება ზოგან საკმაოდ პირობითია; ის რომ გამოწვევათა დასაძლევად ყველასგან მომდინარე რესურსი თანაბრად აუცილებელია და თუნდაც ერთის, მცირეოდენის, საერთო სურათიდან ამოვარდნა უკვე ხელშემშლელია სასურველი შედეგის მისაღწევად.
ამასთანავე, არსებითია იმის აღნიშვნა, რომ რეგიონში სხვადასხვა (ხშირად, კონფლიქტური) ინტერესების დასაბალანსებლად, „საყრდენ ქვეყანას“ უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ საჭირო პოლიტიკური ნება, არამედ გააჩნდეს ყველა რესურსი ნამდვილი, და არა მოჩვენებითი, მასტაბილიზირებელი ფუნქციის აღსასრულებლად. ასეთად აღიარებულმა ქვეყანამ რეალურად ხელი უნდა შეუწყოს დაპირისპირებულ სახელმწიფოებს ან თუნდაც ცივილიზაციურ ჯგუფებს შორის საერთო ენის გამოძებნას; საქმით და არა მხოლოდ განცხადებებით იზრუნოს სამეზობლოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად; პრაქტიკულად იმოქმედოს რეგიონში წარმოდგენილი მოთამაშეების ინტერესთა გასათვალისწინებლად და მათ დასაახლოვებლად. დღევანდელი ტრანზაქციური მსოფლიოს ერთ-ერთი ნიშან-თვისებაც ხომ სწორედ ისაა, რომ ამა თუ იმ რეგიონის ფორმატში „დიდსა“ და „მცირეს“ შორის გამყოფი ზღვარი ზოგჯერ პირობითია, ხოლო რეგიონალურ პროცესებში მცირერიცხოვანი ქვეყნის როლი არათანაზომიერად აღემატებოდეს მის შიდა შესაძლებლობებს და ფიზიკურ რესურსს. მსოფლიო რუკაზე სწორედ ასეთი პოზიციონირება გამოარჩევს ერთ მცირე ქვეყანას მეორესგან, როდესაც ის ერთი გარე მოთამაშეებისათვის ქმედით პარტნიორად, - მაშასადამე, „საყრდენ ქვეყნად“ აღიქმება, - ხოლო მეორე კი საერთაშორისო სამართლის ფორმალურ სუბიექტად განაგრძობს არსებობას.
ჩვენ როგორც „საყრდენი ქვეყანა“?
ერთიანი განსაზღვრება „საყრდენი ქვეყნისა“ არ არსებობს. არ არსებობს არც ასეთად მაკვალიფიცირებელი ნიშნებისა თუ მოთხოვნების ამომწურავი ჩამონათვალი. პრინციპში, ასეთი ჩამონათვალი ვერც იარსებებს, რადგან ქვეყნის „სარგებლიანობა“, მისი “საიმედოობა“ და „ფუნქციონალური სისავსე“ როგორც კონკრეტული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური, ასევე, იმ ეტაპისათვის ისტორიული პროცესის მოცემულობითაა ნაკარნახევი. ამდენად, ეს განსაზღვრებაც დიდწილად პირობითია, შეფასებითია და, არცთუ დაბალი ხარისხით, ალბათ, მანიპულირებადიც კი. ამისდა მიუხედავად, შესაძლებელია, დასახელდეს ის რამდენიმე საბაზისო წინაპირობა, რომელთა „დაკმაყოფილება“ აუცილებელია, რომ ქვეყანა „საყრდენად“ მივიჩნიოთ.
დავიწყოთ გეოგრაფიით. ქვეყნის ადგილმდებარეობა უდავოდ აღნიშვნის ღირსი კრიტერიუმია, მაგრამ არა საკმარისი. დამატებითი მოთხოვნაა, რომ საკუთრივ გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა, გეოგრაფია უნდა ატარებდეს ინტეგრაციის განმაპირობებელ ან მასტიმულირებელ დატვირთვას. ასე მაგალითად, საქართველო, როგორც ერთ-ერთი კარიბჭე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, საინტერესოა იმითაც, რომ ქვეყნის ტერიტორიას კვეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას სანავთობო და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სატრანზიტო კომუნიკაციები, რაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას მაინტეგრირებელ კვანძად აქცევს. პერსპექტივაში ეს ქართული მახასიათებელი კიდევ უფრო გაღვივდება, როდესაც რეალობად იქცევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ეროვნული პროექტი, ხოლო გაფართოების შედეგად ახალ სიცოცხლეს შეიძენს ფოთის საზღვაო პორტი. შედარებით შორი, მაგრამ უკვე განხილვის ეტაპზე არსებულ პროექტებს შორისაა ლაპიზ-ლაზულის მეგასატრანსპორტო დერეფანი, რომლის სრულად რეალიზების შემთხვევაში, შავი და კასპიის ზღვის ერთიან მაკრორეგიონში დღევანდელისაგან თვისობრივად განსხვავებული გეოეკონომიკური ლანდშაფტი წარმოიქმნება.
როგორც უკვე აღინიშნა, „საყრდენი“ და „საიმედო“ ქვეყანა-პარტნიორის აუცილებელ თვისებას წარმოადგენს მისი უნარი ესაუბროს უშუალო გარემოცვას, ისევე როგორც ხელი შეუწყოს რეგიონალურ გეოპოლიტიკურ დინებებში მონაწილეთა შორის ურთიერთობაში კონსტრუქტივიზმს და არა მათ დაშორიშორებას და კონფლიქტის გაღვივებას. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, გაგვიმართლა, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ისტორიული მრავალსაუკუნოვანი კულტურით ნაბოძები მემკვიდრეობა და უნარი, ვესაუბროთ სხვადასხვა ცივილიზაციებს და თანავარსებობდეთ მათთან ერთად. ამასთანავე, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე დავძენთ, რომ ეს უნარი არა მხოლოდ სათავისოდაა გამოსაყენებელი, არამედ ჩვენი მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებიანი რეგიონის სასიკეთოდ. თბილისი, როგორც „კავკასიის ვენა“, უკეთ გააზრებასა და სისტემატიზაციას მოითხოვს. ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ეს საინტერესო შეიძლება გახდეს შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონისათვის.
რეგიონალური და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებში მონაწილეობა ისეთი განხილვის თემაა, რომელსაც მრავალი (ხშირად, წინააღმდეგობრივი) შრეები ახლავს თან და ამ საკითხის დეტალური ჩაშლა მოცემული სტატიის ფარგლებში ახლა შეუძლებელია. საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოება ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზეა და მას მრავალსაფეხურიანი განვითარება აქვს. მაგალითისათვის, დაწყებული ვიწროდ რეგიონალურით (ბაქო-თბილისი-ანკარას სამკუთხედი) და დამთავრებული მრავალმხრივით (ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტი) - ყველა ეს კომპონენტი ერთიანობაში ქმნის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ქვეყნის საგარეო ინტეგრაციის ხელშესახებ და რეალურ შინაარსს. ვფიქრობთ, აქ მთავარი ის უნდა იყოს, რომ უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებში ქვეყნის მონაწილეობისას - ბუნებრივია, ეროვნული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასთან ერთად - დამატებით საზომად უნდა იქცეს ის თუ რამდენად პასუხობს ესა თუ ის მოდელი ზოგადრეგიონალურ უსაფრთხოებას; ამა თუ იმ მოდელის გაზიარებით ან მასთან მიერთებით, რა ხარისხით ფარავს „აქტივები“ თანმდევ „პასივებს“; ის თუ რამდენად უწყობს იგი ხელს დიალოგისა და ინტერესთა თანხვედრას და არა გათიშულობასა და დაპირისპირებას. მიგვაჩნია, რომ საკითხის რაციოანალიზმით შეფასება გვეხმარება ავირიდოთ შედეგის როგორც გადაფასება, ისე დაუფასებლობა. მეტიც, ეს მიდგომა სრულად ეწერება თამაშის იმ წესებში, რომელთა დემონსტრირებასაც მიმდინარე გლობალური პროცესი ახდენს - მეტი რეალიზმი საკუთარი ინტერესების ადვოკატირებისას, „მისაღებისა და გასაცემის“ უკეთ გათვლა, ემოციისგან მაქსიმალური განთავისუფლება კომპეტენტური ტექნოკრატიულობის სასარგებლოდ.
ამ ქვეთავის შესავალში უკვე ვახსენეთ, რომ „საყრდენი ქვეყნის“ მახასიათებლების სრული და ამომწურავი ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა ერთ-ერთი საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ: კერძოდ, „საიმედო პარტნიორობაზე“ პრეტენზიის მქონე ქვეყანა აუცილებლად უნდა განაგებდეს როგორც სახელმწიფოებრივი ნებით, ასევე შესატყვისი შესაძლებლობებით, რათა უზრუნველყოს რომელიმე სამეზობლო ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ლოკალიზება და მთლიან რეგიონზე მათი განვრცობის აღკვეთა. ეს ისევ და ისევ თემის „სიტუაციურ“ წაკითხვას უკავშირდება, ხოლო „საყრდენი ქვეყნის“ მიერ „სანიტარული კორდონის“ ამომწურავ შინაარსზე ერთიანი აზრი არ არსებობს. არც ჩვენ ვაპირებთ ამ მხრივ რაიმე ნოვატორულ შემოთავაზებას, მაგრამ მოკლედ კი ვიტყვით თუ როგორ გვესმის ქართული სახელმწიფოს საიმედოობა. ვფიქრობთ, რომ უმთავრესად ეს არის რეგიონალური პრობლემების გადაჭრისადმი ფრთხილი დამოკიდებულება, ეროვნული „ეგოს“ მოთოკვა და საკითხების გადაწყვეტის მცდელობა სხვებთან საკონსულტაციო რეჟიმში, ისევე როგორც სხვათა მოლოდინების პრაგმატული გათვალისწინების პირობით. ერთი სიტყვით კი: სრული პასუხისმგებლობით პოლიტიკის კეთების უნარი და სურვილი.
რამდენიმე ანალოგის მაგალითზე
უკვე ითქვა, რომ „საყრდენი ქვეყნის“ კონცეფცია ვერ იარსებებს ერთი კონკრეტულად განსაზღვრული ფორმით და მას არაერთი, უმეტეს შემთხვევაში, პრაქტიკაში არსებითად განსხვავებული გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს. ასეთ მრავალფეროვნებაზე თუნდაც შემდეგი ორი, საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო, მაგალითის მოყვანაც კმარა.
აზერბაიჯანული მოდელი:
თანამედროვე აზერბაიჯანული საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია ნულოვანი ჯამის სიტუაციების თავიდან არიდება კასპიის ზღვის არეალში ინტერესის მქონე ყველა მხარესთან თანამშრომლობით. ამასთანავე, ბაქო ცდილობს სათანამშრომლოდ ყველასათვის საჭირო წინაპირობა და მოტივაცია შექმნას, ხოლო მათი ინტერესები სწორად გადაანაწილოს. ზოგადად, ასეთ მიდგომას „მცოცავ შკალას“ ეძახიან, როდესაც ამა თუ იმ საჭიროებიდან გამომდინარე აზერბაიჯანი განსაზღვრულ რეგიონალურ ინტერესს უახლოვდება მხოლოდ და მხოლოდ სხვა რეგიონალური ინტერესის საპირწონეს მიზნით; დაახლოება კი იმ პირობით ხდება, რომ არც ერთ გარე ინტერესთან სრული ინტეგრირება არ მოხდეს. შედარებით უფრო რთულ მოცემულობაში კი, ეს ქვეყანა ისწრაფის ჩრდილოეთ-სამხრეთისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის გადაკვეთებზე საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის.
აზერბაიჯანული მოდელის უკეთ წარმოდგენისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტიც საკმარისია. პროექტის ფორმატში ბაქომ ყველაფერი იღონა, რომ ნავთობსადენი რუსეთზე არ გასულიყო, მაგრამ, ძირითად სატრანზიტო ნაკადთან ერთად კასპიის ნავთობის გარკვეული რაოდენობა ნოვოროსიისკის ტერმინალისაკენ გადაამისამართა. ეს გადაწყვეტილება, ალბათ, გეოეკონომიკური „რებალანსირების“ კლასიკურ ნიმუშად ითვლება. თუმცა, გეოეკონომიკურ ასპექტს არც უსაფრთხოება და თავდაცვა ჩამორჩა. ასე მაგალითად, აზერბაიჯანი მიუმხრობელთა მოძრაობას მიუერთდა 2011 წელს, მაგრამ ამან მას ხელი არ შეუშალა ნატოსთან პარტნიორობასა და სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობას.
ცნობილმა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა ჰიქმატ ჰაჯიზადედმა ასე შეაჯამა „საყრდენი ქვეყნის“ აზერბაიჯანული ფორმულა: „ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა და, მაშასადამე, ჩვენი ტერიტორიის გავლით თქვენ საფრთხე არ გემუქრებათ“.
სამხრეთკორეული მოდელი:
სამხრეთი კორეა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების აზია-წყნარი ოკეანეს პლაცდარმად იქცა წინა საუკუნის 50-იან წლებში. ამ პლაცდარმის მეშვეობით ვაშინგტონს საკუთარი გავლენის პროეცირების შესაძლებლობა მიეცა რეგიონზე, სადაც გლობალური ძალების ბალანსი იმ დროისათვის ძალზე მყიფე იყო.
რეალურად თუ ვიტყვით, სეულს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ხოლო ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი არჩევანი სამხრეთ კორეის დასავლური ინტერესების საზღვრისპირა ქვეყნად გადაქცევა იყო ჩინეთისა და სსრკ ექსპანსიონიზმის საპირისპიროდ. გაცილებით საყურადღებოა თუ რა განვითარება ჰპოვა საკითხმა მოგვიანებით, როდესაც სამხრეთკორეულ საგარეო ვექტორში ძირეული ტრანსფორმაცია ორმა მეგამოვლენამ განაპირობა. თავდაპირველად ეს იყო სსრკ-ის დაშლა, ხოლო ერთი წლის თავზე, ჩინეთთან ურთიერთობების დათბობა. მეტიც, დროთა განმავლობაში სეულისათვის ჩინეთი მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.
შედეგად ამ ცვლილებებისა, სამხრეთ კორეის უსაფრთხოების ფორმულამ თანამედროვე კონტურები მიიღო, რაც მის ე.წ. „ორსიხშირიანობაში“ გამოიხატება: ერთის მხრივ, აშშ-თან ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებით გამყარებული, ხოლო, მეორეს მხრივ, ეკონომიკური კეთილდღეობის იმპერატივით ნაკარნახევი, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სახელდება.
ამასთანავე, სეულმა ბევრი იმუშავა თანამშრომლობის მრავალმხრივი რეგიონალური ფორმატების დასამკვიდრებლად, - მაგალითად, ჩრდილოეთ აზიის მშვიდობისა და თანამშრომლობის ინიციატივა, - რაც სამხრეთ კორეას „საყრდენი ქვეყნისათვის“ დამახასიათებელი დიალოგის ხელშემწყობის როლი შესძინა.
აღსანიშნავია, რომ ახლანდელი სამხრეთ კორეის სახელმძღვანელო ტრენდად იქცა „რეალური პოლიტიკის“ (realpolitik) ჩანაცლება „ნდობის პოლიტიკით“ (trustpolitik), რაც ჩვენი ქვეყნის რეგიონალური სპეციფიკის გათვალისწინებით განსაკუთრებით საყურადღებოა.
საკითხის „მკრთალი ფერები“
„საყრდენი ქვეყნის“ კონცეფცია არა ერთ კითხვას წარმოშობს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ამის მიზეზად გარკვეულად მისი ამორფულობაა და, კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის სპეციფიკისდა გამო, შესატყვისი მოქმედებების თუ გადაწყვეტილებების სიტუაციური იმპლემენტირება. მეტიც, კონცეფციის გატარების თანმიმდევრობა არა მარტო ერთი ქვეყნის ნებასა და მზაობაზე, არამედ ამ ქვეყნისადმი ასევე გარე სამყაროს დამოკიდებულებაზეა. ჯამურად აღებული, „საყრდენი ქვეყნის“ განტოლება მეტად რთულია.
საკითხი განსაკუთრებულ დელიკატურობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანას განსაზღვრული საგარეო ვექტორი მკაფიოდ დეკლარირებული აქვს. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის ევროატლანტიკური ერთობა და მასში სრულფასოვანი წევრობა, რაც არა მხოლოდ შექმნილი რეალობით განპირობებული გადაწყვეტილებაა, არამედ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ვექტორში დამატებითი ელემენტების შეტანა - რამდენად რაციონალური და პრაქტიკული არ უნდა იყოს - დიდ დაკვირვებას, კვალიფიციურ შესწავლას და ფილიგრანულ რეალიზებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგისტრალური ვექტორი არასასურველ აბერაციას განიცდის. ასეთ დროს, აგრეთვე, საჭიროა, აზროვნების თავისუფლება და არასტერეოტიპულობა, პრაგმატული გათვლა და გეგმის უზადო ცოდნა, რამეთუ უნებლიე შეცდომამ არც ეროვნული ინტერესების და არც პარტნიორების თუ მოკავშირეების მოლოდინების საზიანოდ არ უნდა იმუშავოს. ასეთ მოლოდინთა შორის მოიაზრება ქართული სახელმწიფოს მდგრადობა იმგვარი რეგიონალური საფრთხეების მინიმიზაციისათვის, როგორიცაა ექსტრემიზმი, რადიკალიზმი და ტერორიზმი. ამ მიზნით ქართული ინტერესების თანხვედრა რეგიონალურ და გლობალურ მოთამაშეებთან პრაქტიკულად აბსოლუტურია. ამავე თანხვედრიდან უნდა მომდინარეობდეს ასეთ მოთამაშეთა საკუთარი ეროვნული ინტერესები; ამ თანხვედრის აუცილებელი მოთხოვნაა ჩვენი, ქართული, ინსტიტუტების გარე შოკებისგან თავისუფალი განვითარება, ქვეყანაში სტაბილურობის დამკვიდრება, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის წინააღმდეგ მიმართული გარე თუ შიდა დივერსიის აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ ინტერესთა ხსენებული სინქრონიზაციის შედეგად საქართველო შეიძენს „საყრდენი ქვეყნისათვის“ დამახასიათებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, სახელდობრ, სხვებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანოს ნეგატიური რეგიონალური (მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის) პროცესების „გვერდითი ეფექტის“ აღსაკვეთად და მათი ლოკალიზება-დაკონსერვებისათვის.
ზემოაღნიშნულ გარემოებას აქვს დამატებითი პრაქტიკული ღირებულებაც. კერძოდ, მისი გამოისობით „საყრდენი ქვეყანა“ აღარ წარმოადგენს გლობალური ან სუპერრეგიონალური ქვეყნების ინტერესთა დაპირისპირების პოლიგონს. უფრო მეტიც: ასეთ მძიმეწონიან მოთამაშეებს უჩნდებათ მოტივაცია ერთმანეთში საკონსულტაციო რეჟიმში იმუშავონ და ამავე რეჟიმის მონაწილედ „საყრდენი ქვეყანა“ გახადონ. შედეგად, ვღებულობთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელ კონსენსუსს და ეროვნული განვითარებისათვის შიდა რყევებისგან პრევენციის დამატებით მექანიზმს. სხვათა შორის, სწორედ ურთიერთობათა ასეთ კომპლექსურობას ეძღვნება აშშ ანალიტიკური ორგანიზაცია „რანდი“-ს მიერ მომზადებული ამასწინდელი ვრცელი კვლევა (A Consensus Proposal for a Revised Order in Post-Soviet Europe and Eurasia, RAND Corporation). მოკლე შენიშვნის სახით, ეს კვლევა დაპირისპირებული გავლენების ქვეშ მოქცეულ რეგიონალური პრობლემატიკის გადაწყვეტის ახალ მიდგომებზე საუბრობს და რიგ საინტერესო რეკომენდაციებს გვთავაზობს. ასეთი კვლევები თუ მიდგომები საქართველოსთვის არა მხოლოდ თეორიულ ინტერესს წარმოადგენს, არამედ გვიბიძგებს დისკუსიებში აქტიური ჩართულობისაკენ, ჩვენივე საკუთარი შეხედულებების ფორმულირებისა და მოსინჯვისაკენ.
ამ სტატიის ჭრილში საქართველოს ირგვლივ საუბრისას აუცილებლად აღსანიშნია შავი ზღვის ფაქტორი. რეგიონისათვის მის მნიშვნელობაზე მანამდე არაერთხელ გვქონდა საუბარი. ამ ჯერზე მოკლედ შევნიშნავთ, რომ შავი ზღვა განსაკუთრებული გრავიტაციის ცენტრია ზოგადი ევრაზიული კონფიგურაციისათვის, რაც გამორჩეულ პოზიციონირებას ქმნის ქვეყნისათვის. ამავდროულად, ამგვარი გრავიტაცია საკითხავია საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, ვინაიდან ჯერჯერობით პოზიტივი და ნეგატივი ერთმანეთს აბალანსებს. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენს საერთოეროვნულ რესურსზეა, ისევე როგორც საერთაშირისო თანამეგობრობის ადექვატურობასა და მიზანმიმართულობაზე დამოკიდებული თუ რამდენად გადაწონის პოზიტიური მხარე ნეგატიურს და, საბოლოო ჯამში, შავი ზღვის არეალში საქართველოს „ქვაკუთხედ“ მდებარეობას ხელშესახებ აქტივად გადაზრდის.
დასკვნითი მოსაზრებები
არსებულ რეალობაში ქართული არჩევანი პრაქტიკულად ერთია: ან ქვეყანა დარჩება გავლენათა სფეროების „საზღვრისპირა“ პოლიგონად ანდა პარტნიორთა თანადგომით შესძლებს, გამოკვეთოს თავისი ფუნქციონალური სარგებლიანობა რაც, ფაქტობრივად, რეგიონალურ „ქვაკუთხედად“ აქცევს.
მერამდენედ აღვნიშნავთ, რომ რეალურ „საყრდენ ქვეყნად“ - საიმედო და ქმედითუნარიან პარტნიორად - ჩამოყალიბება მაღალი დონის გეოპოლიტიკური ხელოვნებაა. ამ პროცესის მუდმივი თანმდევია რისკების დროული წაკითხვა და მინიმიზაცია, გარე ინტერესთა დაპირისპირებით შესაძლო დესტაბილიზაციის აცილება და დესტრუქციული ფორმების საკუთარ ტერიტორიაზე განუვრცელებლობა, გლობალურ და სუპერრეგიონალურ მოთამაშეებთან ურთიერთობათა სწორი სისტემის აწყობა. აშკარაა, რომ ამ რთული ამოცანის შესრულება მხოლოდ სურვილის ამარად ვერ დარჩება. ამისათვის ძალზე კრიტიკულია პოლიტიკური კულტურისა და დიალოგის სიმწიფე, ეკონომიკის მდგრადობა, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობა, თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, ქვეყნის პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური და საქმიანი ელიტა, შესატყვისი ინტელექტუალური რესურსი. საგარეო ვექტორის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების შეუქცევადობისას, საქართველომ უნდა გაამრავალფეროვნოს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურათაშორისი დიაპაზონი, რაშიც არა იმდენად ღირებულებითი, რამდენადაც პრაგმატული მოსაზრებებით მოტივირებულ მხარდამჭერთა თანამონაწილეობა გამოიხატება. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვინმეს მარგინალიზაცია დაუშვებელია: გრძელ ვადაში ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველა სტრატეგიულად და სიტუაციურად შესატყვისი მოთამაშის დაინტერესებულ მხარედ მოაზრებას მოითხოვს. მიგვაჩნია, რომ სხვა აუცილებელ - ქმედით პოლიტიკურ-ეკონომიკურ და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტებთან ერთად - ქვეყნის ძირითად აქტივად და ფუნქციონალურ უპირატესობად უნდა იქცეს მისი უნარი და სარგებლიანობა რეგიონში ურთიერთგაგებისა და სტაბილური გარემოს მისაღწევად.