რუსების ახალი პროექტი - „კარგი რუსები“


თავისუფალი სამყარო შეთანხმდა, რომ შეცდომა იყო რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის იმედით მისი იმპერიული ამბიციების მოთოკვა-მოთვინიერება, შეცდომა იყო გადატვირთვის ღილაკებით ვიზიტები, შეცდომა იყო მეზობელ ქვეყნებში მისი აგრესიის წაყრუება და პატიება, ახლა, როცა მიღებულია რუსეთის დასჯის გადაწყვეტილება, სანამ არ განიკურნება იმპერიული ვირუსისგან, რუსების ნაწილმა განაცხადა, რომ არსებობენ „კარგი რუსები“, რომლებსაც უნდა შეურიგდეს დასავლეთი და ითანამშრომლოს ახალ პოლიტიკურ ელიტასთან...

 

მაისის შუა რიცხვებში, ტალინში ყოველწლიურად იმართება მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური, ესტონეთის პირველი პრეზიდენტის სახელობის სამდღიანი კონფერენცია, რომელსაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებიან.

ამჯერად, კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე შედგა დისკუსია თემაზე „სურთ თუ არა რუსებს ომი“, სადაც ყველაზე ხშირად ისმოდა გვარი „პუტინი“. მონაწილეებს შორის იყვნენ ლიბერალი რუსი ემიგრანტებიც, რეჟიმისგან დევნილები და ა.შ.

კონფერენციის შესახებ ესტონეთის წამყვანმა გაზეთმა დაწერა[1], რომელიც ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ ესტონეთში. სტატიის ტონი უჩვეულოა თავშეკავებული ჩრდილოელებისთვის, მაგრამ ჟურნალისტმა თეეთ კორსტენმა  არჩია შიშველი სიმართლე დაენახა მკითხველს და პირდაპირ ეთქვა, რომ „რუსეთის მთავარი პრობლემა და უბედურება, მისი იმპერიალიზმია. რომ „ვერც ნავალნი იქნება მეგობრული პრეზიდენტი მისი მეზობლებისათვის, სანამ მთლიანად, რუსული საზოგადოება არ გაივლის იმპერიალიზმისგან განკურნების გრძელ და რთულ გზას“.  

კონფერენციას სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანების ესწრებოდნენ, მაგრამ რუსეთის თემაში გამოიკვეთა ორი უკიდურესობა: ერთს წარმოადგენდა ლუბა სობოლი (ნავალნის გუნდი), რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსების უმრავლესობა კარგები არიან, მათ ომი არ უნდათ, მხოლოდ პუტინი და მისი გარემოცვაა ცუდი. პუტინის პარტია, „ქურდებისა და თაღლითების პარტიაა“, რუსი ხალხი კი მსხვერპლი. ნავალნისა და სობოლს მიაჩნიათ, რომ ამ ხალხთან ერთად, რუსეთს აქვს მომავალი, ამიტომ დასავლეთმა მხოლოდ პუტინს და მის გარემოცვას უნდა დაუწესოს სანქციები, ოპოზიციას კი დაეხმაროს კორუფციის დაძლევაში. თუმცა, რუსული ოპოზიცია, რომელსაც ნავალნი და სობოლი წარმოადგენენ, ზუსტად ისევე იხელმძღვანელებენ თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებით, როგორც ამას პუტინი აკეთებს და ჟურნალისტს მოაქვს ნავალნის ციტატა, - „ყირიმი, ბუტერბროდი არ არის, რომ მისი დაბრუნება შეიძლებოდეს“. 

მეორე უკიდურესობაა პუტინის რეჟიმისგან დევნილი რუსი ჟურნალისტი, არკადი ბაბჩენკო, რომელმაც განაცხადა, რომ არ უდარდია 2016 წლის დეკემბერში შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ეკიპაჟთან ერთად დაიღუპა მთელი სამხედრო ორკესტრის შემადგენლობა, რადგან მიაჩნია, რომ „დაიღუპა რუსული პროპაგანდის ნაწილი და  კრემლის ყველაზე სახიფათო იარაღი, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა იმ დროს სირიაში“.

რაც შეეხება ნავალნისტებს, ბაბჩენკო აამბობს, რომ ისინი აცდენილი არიან რეალობას და ამის დასამტკიცებლად მოაქვს ჯერ კიდევ 1950 წელს გამოქვეყნებული ციტატა, სადაც თავისუფლად შეიძლება სიტყვა „ბოლშევიზმი“, „პუტინიზმით“  ჩავანაცვლოთ:

„ეს შეუძლებელი იქნებოდა, დასავლეთს რომ არ მიეღო და არ გაევრცელებინა ილუზია, რომ რუსი ხალხი და ბოლშევიკური (პუტინისტური) იმპერიალიზმი, ორი სხვადასხვა რამეა, რომ რუსი ხალხი, მისი მატარებელი კი არა, მხოლოდ მსხვერპლია, რომ ბოლშევიზმთან (პუტინიზმთან) ბრძოლისკენ შეიძლება მიმართო რუსი ხალხის უმრავლესობა, როგორც დასავლეთის მოკავშირე.

დასავლეთში ამ ილუზიას ავრცელებენ რუსებიც, რუსული ემიგრაციის მთელი პოლიტიკური საქმიანობით და განსაკუთრებით, ისეთი გავლენიანი დასავლური წრეებით, რომლებიც ხელმძღვანელობენ მშიშარა ზედაპირულობით ან წვრილმანი ტაქტიკური მიზნებით და საკუთარი ქვეყნების პოლიტიკას და საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ ასეთი მცდარი მიმართულებით.

ასეთივე მცდარი და მისი შედეგებით კატასტროფულია კონცეფცია ამერიკისა და ბრიტანეთის პოლიტიკაში რუსი ხალხის იმპერიალისტური ტენდენციების და ბოლშევიზმის გამიჯვნაზე. დასავლეთი აცნობიერებს, რომ იმპერიალისტური მისწრაფებები თანდაყოლილია რუსი ერისთვის, ისინი უცვლელად ცხოვრობენ და მოქმედებენ ყველა შიდა ფორმაციაში. რუსული იმპერიალიზმისადმი მტრულად განწყობა, უდავოდ ნიშნავს მთელი რუსი ხალხის შენს წინააღმდეგ განწყობას. დასავლეთში ესმით, რომ რუსეთის ნებისმიერი ექსპანსიური იმპერიალიზმი, თეთრი იქნება ის თუ წითელი, ისწრაფვის უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობას და ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ამის მიუხედავად, მათ პოლიტიკაში დომინირებს სურვილი, რომ პირველ რიგში, განთავისუფლდნენ ბოლშევიზმის სასიკვდილო საფრთხისგან, რომელიც რუსული იმპერიალიზმის ყველაზე უარეს ფორმად მიაჩნიათ.

მთელი რუსეთის წინააღმდეგ რეპრესიების შიში მათ აიძულებს მიიღონ მხოლოდ ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შემოგდებული მცდარი კონცეფცია ისეთი ფორმულირებით, რომელიც მთელი რუს ხალხს არ დააპირისპირებს დასავლეთთან და, თუ ეს შესაძლებელია, მიიმხროს მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ან მოახერხოს თუნდაც სამხედრო ლტოლვის დემობილიზება. ამისათვის მათ სურთ, რომ არ შეეხონ რუსი ერის იმპერიალისტურ მისწრაფებებს, არამედ, პირიქით, დაუმტკიცონ მათ, რომ ამით არ არიან დაკავებულნი და რომ ისინი ამას განმარტავენ, როგორც თავად რუსი ხალხის ხელშეუხებელ სფეროს და სურთ მხოლოდ მათი განთავისუფლება ბოლშევიზმისგან და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.

ჩვენი ბრძოლის ინსცენირებას და მთელ ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკას, ამავე დროს, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო და ხაზგასმული სიმკვეთრე ყველა სახის და ყველა სახის ნიღბის ქვეშ დამალული რუსული იმპერიალიზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა ნათლად დაინახონ, რომ არ შეიძლება იყოს რაიმე სახის კომპრომისზე საუბარი და მათ აქვთ არჩევანი: ან ალიანსი უკრაინის და სხვა ხალხების განმათავისუფლებელ ბრძოლასთან ჩვენი ფრონტიდან, ან თავის მოტყუება ომში რუსეთთან, რუსი ხალხისთვის.

რუსეთი, მხოლოდ ერთია - იმპერიალისტური და ასე იქნება მანამდე, სანამ რუსული იმპერიალიზმი (პუტინიზმი) არ დაცარიელდება, არ გატყდება, ხოლოდ რუსი ხალხი არ განიკურნება მისგან იმ შეგნებით, რომ მის იმპერიალიზმს, სწორედ რუსეთისთვის მოაქვს ყველაზე მეტი უბედურება, მსხვერპლის, ტანჯვისა და დაცემის სახით. აქამდე ჯერ ძალიან შორია, ახლა რუსი ხალხი შეპყრობილია იმპერიალიზმით, როგორც არასდროს“ - ეს ციტატა ეკუთვნის თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელს, სტეფან ბანდერას და ჯერ კიდევ 1950 წელს დაიწერა. გავიდა 72 წელი და ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არა აქვს მნიშვნელობა ცარიზმი იქნება თუ ნეპი, ლენინიზმი თუ სტალინიზმი, კომუნიზმი თუ პუტინიზმი - სწორედ რუსი ხალხია იმპერიალისტური ვირუსის მატარებელი და არა მისი მსხვერპლი.

ტალინის კონფერენციამ აჩვენა, რომ თავისუფალ სამყაროში არის მზაობა, ისწავლონ და გააგრძელონ ცხოვრება რუსეთის გარეშე. ომში დამარცხებული რუსეთის მოსახლეობის მოლიბერალო ნაწილს კი არ სურს ევროპის კურორტებზე მოგზაურობის და საბანკო კომფორტის დათმობა, ამიტომ რამდენიმე დღეში, სასწრაფოდ მოიწვიეს მეორე კონფერენცია ვილნიუსში[2], სადაც 20 მაისს გარი კასპაროვი, მიხეილ ხოდორკოვსკი, დიმიტრი გუდკოვი, ევგენი ჩიჩვარკინი, ვლადისლავ ინოზემცევი, ევგენი კისელიოვი, ლიუბოვ სობოლი, ალფრედ კოხი, ელენა ლუკიანოვა, ტარას ბერეზოვეცი, იური ფელშტინსკი, ლანდბერგისი და სხვ. მსჯელობდნენ მომავალ პოლიტიკურ ელიტაზე და „კარგი რუსების“ ფენომენზე, რომლებსაც არ უნდა შეეხოს დასავლეთის სანქციები და ომის შემდეგ, სწორედ მათთან უნდა გააგრძელოს მეგობრობა დასავლეთმა.

ვილნიუსის კონფერენციაზე, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა, შეიქმნა „კომიტეტი ომის წინააღმდეგ“ და უამრავ სადისკუსიო თემას შორის, მთავარი იყო „კარგი რუსების“ თემა, რომელთა გამოსავლენად უკვე ვებ-გვერდიც მოქმედებს, სადაც ფიზიკური პირები,  იდენტიფიკაციის მკაცრი პროცედურის შემდეგ, დეკლარაციას აწერენ ხელს, რითაც გმობენ ომს, აღიარებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ხელისუფლების არალეგიტიმურობას. ორგანიზატორების აზრით, დეკლარაციაზე ხელისმომწერთა ბაზა იქნება სახელმძღვანელო დასავლეთის ქვეყნებისთვის, თუ ვის არ უნდა შეეხოს სანქციები, მათ უნარჩუნდებათ საბანკო ბარათები, საზღვარგარეთ გადაადგილების, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ომის შემდეგ კი სწორედ ეს ადამიანები და ეს ბაზა იქნება რუსეთის ახალი პოლიტელიტა, რომელთანაც დასავლეთი ითანამშრომლებს.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის, ყველაზე ადეკვატური იყო აშშ უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი იური ფელშსტინსკი, რომელმაც დაინახა, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე პუტინი და შესაბამისად, მისი მოშორებით არაფერი მოგვარდება რუსეთში, რადგან ხელისუფლება მიტაცებული აქვს სპეცსამსახურებს და სანამ იგი არ გაქრება პოლიტიკური სცენიდან, არაფერი შეიცვლება: - „2000 წლიდან შენდებოდა ეს სისტემა და ახლა უკვე მთელი მსოფლიო ხედავს, ვისთან გვაქვს საქმე, ვხედავთ, რომ ეს, ფაშისტური სისტემა და სახელმწიფოა. ამიტომ, სასურველი შედეგი, მხოლოდ სამხედრო დამარცხებით მიიღება, რადგან ქვეყანას მართავს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ მაფიოზური ორგანიზაცია. 2008 წელს, უკვე ცხადი იყო, ვისთან გვაქვს საქმე და ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ ნატო, არა მხოლოდ იარაღით დაეხმარება უკრაინას, არამედ უფრო აქტიურად ჩაერთვება პროცესში, რადგან პუტინი, აუცილებლად წავა ომის გაფართოვებაზე, შემდეგი იქნება მოლდოვა, ბალტიის ქვეყნები, საქართველო... ეს კი ზრდის ბირთვული ომის საფრთხეს“.

რუსი პოლიტიკოსი, ილია პონომარიოვი, არ იზიარებს კოლექტიური პასუხისმგებლობის იდეას, მაგრამ ეთანხმება უკრაინელებს, „რომ ვისაც უკრაინელების დახმარება სურს, რუსეთში უნდა იბრძოლოს და იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს რეჟიმი აქამდე მიუშვეს, რომ რეჟიმის შეცვლა, რუსების საქმეა, დანარჩენს კი მსოფლიო გააკეთებს“.  მას სჯერა, რომ რუსების ცნობიერებაში უკვე მოხდა გარდატეხა, მაგრამ მათ არ ჰყავთ ის ლიდერი, ვინც ამ ბრძოლაში წაიყვანს.

ლუკიანოვა - ავითარებს ორი რუსეთის იდეას, სხვადასხვა განათლებით, ამბობს, რომ  „რუსული სამყაროს და სამხედრო ძალის ფიასკო უკვე ვნახეთ და „კარგ რუსებს“, დიდხანს მოგვიწევს თავის მართლება „ცუდი რუსების“ გამო, რადგან ეს რეჟიმი ავტორიტარულია ფაშიზმის ელემენტებით“.

გარი კასპაროვმა განცხადა, რომ „ანტი-ომის კომიტეტი“ მოამზადებს ნიადაგს დასავლეთთან მომავალი ურთიერთობისთვის და მას რუსეთის ეს ნაწილი წარმოუდგენია, როგორც ვირტუალური ‘სამხრეთი კორეა“. კასპაროვს „არ აინტერესებს რუსეთის გეოგრაფიული საზღვრები და რომ ფედერაციის სუბიექტების ერთობა, იქნება მხოლოდ ნებაყოფლობითი, იმპერიული ამბიციების გარეშე“. უცნაურია, მაგრამ საინტერესოა, როგორ თანაარსებობს ეს ორი დოქტრინა ერთად, როცა იქვე ამბობ, რომ „აუცილებელია ყირიმის რუსების დაცვა დეპორტაციის დროს, რომელსაც უკრაინის ჯარები განახორციელებენ“. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფრის მიუხედავად, ყველა რუსი, მაინც ერთ აზრამდე მიდის, ყველას მიზანი „დიდი რუსეთია“. უბრალოდ, ზოგი, ადრე ამჟღავნებს ამას, ზოგი კი გვიან. ყველა რუსი ლიბერალი ერთია ამ საკითხში,  თუნდაც ის ბაქოელი ებრაელი, ან პუტინის მიერ მოწამლული ნავალნი იყოს. კასპაროვი, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია და მაინც - "რუსების დაცვას აპირებს ყირიმში". გამოდის, რომ „არ მოგწონს საშუალება. მაგრამ მხარს უჭერ მიზანს".

იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გააკეთონ ამ ციხის დასანგრევად, ყველა ღონეს ხმარობენ „კარგი რუსული სამყაროს“ შესანარჩუნებლად: ხოდორკოვსკი გამოდის ციხიდან და ამბობს, რომ იბრძვის ჩეჩნეთის დამონებისთვის, ნოვგოროდცევი სამუშაოდ მიდის მედვედჩუკის არხზე,  ლატინინა აპირებს ააშენოს რაღაც „ახალი რუსეთი“ უკრაინაში. კასპაროვი ქმნის „ანტი-ომის კომიტეტს“ და იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს უკრაინულ არმიას, რომელიც ერთადერთია, ვინც რეალურად ებრძვის პუტინს, „დაიცავს ყირიმის რუსებს უკრაინული არმიის ბოროტმოქმედებისაგან“.

რუსეთის ბოროტმოქმედებისაგან უკრაინელების, ქართველების, მოლდოველების და ბალტიელების დაცვის ნაცვლად,  იმის ნაცვლად, რომ ისარგებლონ უნიკალური შესაძლებლობით, რომელსაც ისტორია საუკუნეში ერთხელ გვაძლევს მორიგი ომის შემდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ „პუტინი არ დაიცავს ყირიმის რუსებს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს, რუსმა ლიბერალებმა!“, ანუ, უნდა დაიცვან რუსეთის მოქალაქეები რუსეთში გადასვლისგან!  კასპაროვის აზრით, თუკი „აფრიკის ნახევარი ფრანგულად საუბრობს“, მომავალში რატომ არ უნდა ლაპარაკობდეს უკრაინის ნახევარიც "კარგი რუსების" რუსულ ენაზე?!“

ლონდონში ემიგრირებული რუსი რესტორატორის, ჩიჩვარკინის აზრით, „კარგი რუსების“ ბაზა, უნდა გახდეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და მხარე, დასავლეთთან მომავალ მოლაპარაკებებში რეჟიმის შეცვლის შემდეგ. იგი ემხრობა სევასტოპოლში უკრაინის დროშის დაბრუნებას და რუსული იმპერიული მატრიცის გაუქმებას.

კასპაროვის აზრით, დასავლეთმა უნდა მოიხსნას შიში რუსეთის დაშლის კატასტროფულ შედეგებზე, რუსეთის ომში დამარცხება, შოკური თერაპია უნდა იყოს რუსებისთვის და უარი უნდა ათქმევინოს იმპერიულ მემკვიდრეობაზე. მას იმედი აქვს, რომ „ეს პლატფორმა, გაერთიანებაში დაეხმარება საერთო პრინციპების მქონე ადამიანებს და იქნება ბაზა, იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად ბანკებში, სამუშაოს და საცხოვრებელი ადგილის ძებნაში“.

ვიტაუტას ლანდსბერგისი[3] - სვამს კითხვას: „არსებობს კი „კარგი რუსეთი“ და აქვს ხმა იმ რუსეთს, რომელსაც ჭკუა და სინდისი მოეკითხება? უკვე რამდენი დეკადაა, მსოფლიო აკვირდება რუსეთს, რომელიც ძარცვავს, კლავს, ახლა კი ცოფდება შურისძიებისაგან. როდის დაიწყებს რუსეთი რაიმე კარგის და კეთილის შექმნას სხვებისთვის?“. ლანდსბერგისი იხსენებს 1999 წელს გამოთქმულ პროგნოზს, რომ „თუ შურისმაძიებლები ჩეჩნეთს უფსკრულში უბიძგებენ, ის მათ თან გაიყოლებს“ და იქვე ვარაუდობს, რომ შურისმაძიებელი რუსეთი, ჩეჩნეთის ბედს გაიზიარებს.

კითხვაზე, რატომ არის ასე ცუდად საქმე რუსეთში?  - ლანდსბერგისს აქვს პასუხი: „იმიტომ, რომ აზროვნებენ ცუდად, არა აქვთ ადამიანურობა, რაც რუსეთის და მისი მმართველების უბედურებაა“. მისი პროგნოზი, საკმაოდ პესიმისტურია რუსეთისთვის, მაგრამ რეალურია  - „აქამდე თუ ვიცნობდით კიევის და მოსკოვის რუსეთს, ახლა იქნება ჩინეთის რუსეთი, რომელსაც ასწავლიან, თუ როგორ იმუშაონ და იცხოვრონ“. მას მიაჩნია, რომ რუსეთის ჩინეთიზაცია - რუსეთის ისტორიული შანსია, რომელიც მან 1991 წელს დაკარგა. პარადოქსია, მაგრამ პუტინი, არასოდეს მალავდა თავის გეგმებს, ღიად ამბობდა რას აპირებდა. სიტუაციის მთელი ტრაგიზმიც იმაშია, რომ ის არა მხოლოდ ახმოვანებდა, ასრულებდა კიდეც თავის გეგმებს გროზნოში, საქართველოში, სირიაში, ახლა კი მარიუპოლშიც...

ლანდსბერგისს სჯერა, რომ არც კომუნისტების და არც კგბ-ს გაქრობა უშველის რუსეთს, სანამ მისგან იმპერიულ მატრიცას არ ამოიღებენ, თუმცა მის მომავალზე ლაპარაკი ამ შემთხვევაშიც უაზრობაა, რადგან არ ვიცით, რა დაგვხვდება შიგნით, შეიძლება იყოს სრული სიცარიელე... მთავარი კითხვაა - ვინ შეიძლება აიღოს რუსულ დემოკრატიულ მომავალზე პასუხისმგებლობა? ეს ძნელი იქნება, რადგან „ქვეყანა ავადაა და ამაყობს მიტაცებული ტერიტორიებით, ამაყობს, რომ კიდევ იზრდება, მაგრამ შიგნით რა ხდება? რას ქმნით, რისთვის და როგორ ცხოვრობს თქვენი ხალხი? მერკელმაც კი ვერ გაბედა მათთვის ეთქვა - ცდებით! სხვისი დამცირებით ამაყობენ და მიდიან უფსკრულისკენ“.

ლანდსბერგისი იქვე აღნიშნავს, რომ „სამწუხაროა ადამიანების დაყოფა ადამიანებად და კაციჭამიებად, მაგრამ სანამ რუსეთი იზოლაციისკენ მიდის, ისინი კი საერთო ორგანიზაციებში ერთად სხედან და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე. კაციჭამიებთან ადამიანურ ფასეულობებზე ლაპარაკი, უაზრობაა. მხოლოდ სამხედრო კატასტროფა იქნება შოკური თერაპია მათთვის. არის კი პროგრესი, თუ კაციჭამიას დანა-ჩანგლის გამოყენებას ასწავლით? უკრაინის გამარჯვება, აუცილებელ ცვლილებებს მოიტანს, მათ უკვე მისცეს იმპულსი მსოფლიოს ტირანიის წინააღმდეგ და უკვე არის მზაობა ფასეულობების დასაცავად“.

ლანდსბერგისის აზრით, პუტინმა სწორად გათვალა, „ყველა იყიდება, ხოლო ვინც არ იყიდება, მას მეტს გადაუხდის! რომ კორუმპირებულია დასავლეთი სამყარო, რუსებზე იყიდება საფეხბურთო კლუბები, მას შერჩა საქართველოში აგრესია, შერჩა სირია, ყირიმი, დონბასი, სკრიპალები, ბოინგი... რატომაც არა, გადაწყვიტა, რომ ყველაფერი შესაძლებელია და დადგა 24 თებერვალიც... სამწუხაროა, რომ ასე, მხოლოდ პუტინი არ ფიქრობდა...“ თუმცა, იგი მთავარში შეცდა, მან ვერ გაითვალისწინა თავისუფალი ადამიანების ნება, რაც დიქტატორებს არ ესმით. იგივე შეცდომა დაუშვა დასავლეთმაც, მაგრამ საბედნიეროდ, მალევე გამოასწორა. ამის მაგალითი იყო თუნდაც ევროვიზიის კონკურსის შედეგები: თითქოს არაფერი, მაგრამ ეს იყო უპრეცენდენტო მხარდაჭერა უკრაინისთვის და ეს იყო სიგნალი პოლიტიკოსებისთვის და ისინი რიგ-რიგობით ჩადიან კიევში... ახლა საკითხავია, რუსებს როდის აეხილებათ თვალი და როდის მოუნდებათ სხვაგვარად ცხოვრება? როდის შეწყვეტენ მეზობლებზე აგრესიას, კვლას, ძარცვას, როდის შექმნიან რაიმეს ნგრევის ნაცვლად? მათ ეს სისუსტედ მიაჩნიათ, სჯერათ, რომ მერე მათ პატივისცემას დაკარგავს მსოფლიო, მთავარია შენი ეშინოდეთ და თუ არ ეშინიათ, ესე იგი, „არასაკმარისი ძალა მაქვს, არასაკმარისი ვანგრიეთ...“ მათი ეს ეროვნული ფანტომი, პუტინმა კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან მისდევს ლენინის დოქტრინას: „კარგია ის, რაც კომუნიზმის გამარჯვებას ემსახურება“. რატომღაც ეს არ ესმის დასავლეთს, არ უნდა გაიგოს, თუ რატომ არიან ასეთი არაადამიანურები. პასუხი ერთია - რუსებში სისუსტედ ითვლება ადამიანურობა! სულ ცოტა, 105 წელი გრძელდებოდა გენეტიკური შერჩევა, მოაზროვნე ხალხი ამოიკრიფა და ამიტომ აღარ არის გასაკვირი რუსი ჯარისკაცების მხეცობა უკრაინაში, მათ ასეთი საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში.

ადამიანებს, რომლებიც გვიმტკიცებენ „კარგი რუსების“ არსებობას, არ გააჩნიათ ხედვა და პროგრამა, თუ როგორი წარმოუდგენიათ რუსეთის მომავალი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ, რომელიც დღეს კაციჭამიების პროგრამით ცხოვრობს. მათი არსებობის ისტორია, სხვა არჩევანს არ გვიტოვებს  - იმპერიული მატრიცისგან გათავისუფლების გარდა - დე-კაგებეზაცია, დე-ნაციფიკაცია და ტერიტორიების ნაცვლად, მეგობრების შეძენა.

ბელორუსი პოლიტიკოსის, ანდრეი სანნიკოვის[4] აზრით, ამ ომის შემდეგ, არა მხოლოდ რუსეთი, მსოფლიოც უნდა შეიცვალოს, მაგრამ მას არ უნდა შეცვლა, რადგან „ისტორია კარგი მასწავლებელია, მაგრამ ცუდი მოსწავლეები ჰყავს“: სსრკ-ის დაშლისთანავე, დასავლეთი დათანხმდა გავლენის სფეროების არსებობას, აქცენტი გაკეთდა საბაზრო ურთიერთობებზე, ბიზნესი აეწყო, მაგრამ დემოკრატია - ვერა! მართალია, ბჟეზინსკი იმედოვნებდა, რომ 10 წლის მერე, რუსეთს დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები შეცვლიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ძველი ევროპა კი დაინტერესებული იყო რუსეთით, როგორც დიდი ბაზრით.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მართალია მსოფლიოში გაიზარდა ანალიტიკური ცენტრების და ექსპერტების რაოდენობა, მაგრამ ვერცერთმა შეძლო უკრაინაში ომის პროგნოზირება, რადგან ეს ცენტრები, ინფილტრირებულია რუსეთის სასარგებლო იდიოტებით და გავლენის აგენტებით. ეს ფონდები და ცენტრები, მუშაობენ ადამიანებთან, რომლებიც დასავლეთში ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ დიქტატორებს, მხარდამჭერები ჰყავთ. ეს აჩენს პესიმიზმს დასავლეთის მიმართ. საქართველოს უარი უთხრეს ნატოში, მაგრამ მისი ტერიტორიების ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, შესთავაზეს ასოცირების ხელშეკრულება და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა. ეს არათანმიმდევრული პოლიტიკა იწვევს კითხვებს - ვინ აქცია პუტინი ასეთად, ვინ მისცა უფლება, რომ ასე მოგვქცეოდა?  განიცდის თუ არა დასავლეთი კოგნიტურ დისონანსს, როცა საუდის არაბეთთან და რუსეთთან ვაჭრობს, ხოლო მაგალითად იგივე საქართველოს, რომელსაც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავდა ნატოს მისიებში და ათობით ქართველი ჯარისკაცი დაკარგა, დღემდე არა აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უახლოეს პარტნიორებთან? მეორე მაგალითი, გერმანია - მისი მოქალაქეების 90% თანახმაა მძიმე შეიარაღებით დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ მთავრობა არ აკეთებს ამას... ამ ომის შემდეგ, დასავლეთი, რუსეთისგან ენერგო-დამოუკიდებელი უნდა გახდეს და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ის ფასეულობები, რომლებსაც პირველ რიგში, თავად დაიცავს.

 

ავტორი: ლალი ცინცაძე, პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარ-ანალიტიკოსი 

 

 

[1] TEET KORSTEN Eesti, Bandera ja III maailmasõda https://arvamus.postimees.ee/7523967/teet-korsten-eesti-bandera-ja-iii-maailmasoda

 

[3] (1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ლიტვის სეიმის (1996—2000). სამამულო მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი (1993) და თავმჯდომარე, ამჟამად ევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის, ევროპელი ხალხის პარტიის EPPწევრი)

[4] ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატი

 

*** სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და, შესაძლოა, არ ასახავდეს ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" პოზიციას

გააზიარე: