„ომი სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“. სუნ-ძი
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც კონფლიქტის პოტენციური შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი საინფორმაციო კუთხითაც. არაერთი სტატია და ანალიზი დაიწერა მიმდინარე ომის თავისებურებების, მისი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ასპექტების შესახებ.
თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ყურადღების ღირსია და მისი სამხედრო თეორიული და პრაქტიკული გააზრების აუცილებლობა უთუოდ დადგება დღისწესრიგში სხვადასხვა სამხედრო, თუ სამოქალაქო სასწავლებელში, ეს ჰიბრიდული ომის ფაქტორის გავლენაა ამ კონფლიქტზე. ვფიქრობთ, ჰიბრიდული ომის მნიშვნელობა, გადაჭარბებული წარმოდგენები მასზე, გაბატონებული მედია აქცენტირება წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, რის გამოც რუსული სამხედრო ჩანაფიქრი ზედმეტად კონცენტრირებული იყო მისთვის უკვე „ტრადიციულად“ ქცეული მეთოდების, როგორც გენერალურ გეგმად გამოყენებაზე.
ომის დაწყებამდე ყველასთვის ცნობილი მოვლენების ფონზე, რუსული ჯარების კონცენტრირება და თავმოყრა უკრაინის ირგვლივ გარკვეულ კითხვებს ბადებდა - რამდენად შესაძლებელი იყო თუნდაც 200 000-იანი დაჯგუფების მიერ, უკრაინის დაახლოებით იგივე რაოდენობის შეიარაღებული ძალების პირობებში, ქვეყნის ნაწილობრივი, ან მთლიანი ოკუპაცია. შესაბამისად, წარმოუდგენელ ავანტურად ჩანდა კონვენციური მეთოდებით მოსკოვისათვის დასახული სამხედრო-პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია. ამ ფაქტორების გათვალიწინებით, დამკვირვებელთა უმრავლესობისათვის ომის დაწყების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან, წმინდა სამხედრო ლოგიკით, ასეთი ძალთა ბალანსის პირობებში, შემტევი მხარე ფაქტობრივად განწირული იყო მარცხისათვის.
თუმცა, როგორც ჩანს ბოლო 10 წლის მანძილზე რუსული ჰიბრიდული ომის შედეგებით გატაცებული რუსული სამხედრო-პოლიტიკური ხელმღვანელობა სულ სხვა მოლოდინებით იყო განმსჭვალული. ნებისმიერი ომის გეგმისთვის, მისი სამხედრო თეორიული შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია - სწორედ მასზე უნდა აიგოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმოდგენა, გნებავთ ომის გეგმა მომავალი კონფლიქტისა. ეს გეგმა განსაზღვრავს შენს ხელთ არსებული სამხედრო ინსტრუმენტის, სამხედრო ძალების გამოყენების მთავარ მიზნებს, გამოყენების ხერხებს, საშუალებებსა და სტრატეგიულ ჩარჩოს. რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო-თეორიული გააზრებისათვის, აუცილებლად დასაფიქრებელია ის სავარაუდო მავნე ზეგავლენა რაც ე.წ. „რუსული ჰიბრიდული ომის“ წარმატებამ თვითონ კრემლზე და რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე იმოქმედა. იმისათვის, რომ მკაფიოდ გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ განვმარტოთ ომის არსი, მისი კავშირი პოლიტიკასთან და ჰიბრიდული ომი.
კლაუზევიცი უკრაინაში
როგორც მოგეხსენებათ, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. კლაუზევიცის ეს გამოთქმა ყველასათვის ცნობილ მაქსიმას წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ 200 წელი გავიდა ამ სიტყვების დაწერიდან, სამხედრო-პოლიტიკური ელიტები პერიოდულად მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, „წვალობენ“ აღნიშნული ფორმულის გააზრებისას, მითუმეტეს, სამხედრო ინსტრუმენტის ამოქმედების გადაწყვეტილების მიღების დროს. აღნიშნული კავშირის არასწორი, ან მცდარი წარმოდგენა უდიდეს დაღს ასვამს ხოლმე სამხედრო კამპანიების მიმდინარეობაზე, მის საბოლოო შედეგებზე და ხშირად ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიარდობით დახარჯული მატერიალური სახსრები სრულიად ფუჭი აღმოჩნდება ხოლმე ომის მიზნებთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა ადამიანის აზროვნებაში ომი მარტივი აღსაქმელია, სინამდვილეში იგი განმარტებისათვის არც თუ ისე ადვილად გადმოსაცემი საკითხია. მითუმეტეს არასპეციალისტისათვის ორმაგად რთულია საუბარი ომის ბუნებაზე.
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ადამიანთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების აღწერა და ჩანიშვნა დაიწყო, ომი ადამიანთა ინტელექტუალური პაექრობის საგნად იქცა. სხვადასხვა დროს, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში, არაერთი ავტორი, მხედარმთავარი ან ისტორიკოსი ცდილობდა ომის შესახებ მწყობრი თეორიული ხედვის ჩამოყალიბებას თუ არა, მისი სხვადასხვა ასპექტის ან პრინციპების მისეულ აღწერას და გარკვეულ სააზროვნო ჩარჩოებში ჩასმას. ასე იყო დაწყებული, მაგალითად, სუნ ძის, თუკიდიდეს, ქსენოფონტესა თუ მაკიაველის ნაშრომთა შემთხვევებშიც. ისტორიის მანძილზე არაერთი სხვა ავტორიც ცდილობდა ომის საგანი აეხსნა, ან წარმოეჩინა იგი სხვადასხვა კუთხით. იყვნენ ისეთები, ვინც ომის სიღრმისეული ბუნების განსაზღვრას უფრო ეცადა, ვიდრე იმის თეორიულ განსაზღვრას თუ როგორი ხერხებით უნდა იყოს ომი წარმოებული ბრძოლის ველზე.
სწორედ ამდაგვარი ფართო ხედვის უფრო გვიანდელი და ყველაზე ფუნდამენტური და კონცეპტუალური მიდგომის ავტორი, XIX საუკუნეში ნაპოლეონის ომების პერიოდში მოღვაწე ცნობილი პრუსიელი სამხედრო თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცია. ის მიზეზები, რამაც კლაუზევიცის თეორიული აზროვნების საფუძვლები განაპირობა ცალკე საუბრის თემაა და მისი ბიოგრაფიის და იმდროინდელი გერმანულ ფილოსოფიაში გაბატონებულ აზროვნებაზე უფრო ღრმა საუბარს საჭიროებს, რაც არ წარმოადგენს ჩვენი ამ სტატიის მიზანს. თუმცა, რამდენიმე ასპექტი უცილებლად ხაზგასასმელია.
ჩვენი მსჯელობისთვის, კლაუზევიცი საინტერესოა სწორედ იმდენად რამდენადაც, ჩვენის აზრით, მან ყველაზე მთავრი - ომის ბუნების გააზრების საშუალება მოგვცა, რაც აუცილებელია ომის ნებისმიერი გამოვლინების, მისი ნებისმიერი ფორმისა და თვისობრივად ახალი ომის წარმოების მეთოდების გააზრებისათვის. ჰიბრიდული ომის გააზრებაც სწორედ იგივეს საჭიროებს.
რას გვასწავლის კლაუზევიცი ომის ბუნების შესახებ, რა არის ომი?
როგორც გენერალ-ლეიტენანტი, პროფესორი დავით თევზაძე 2010 წელს სტატიაში: „ევროპული ომის ფილოსოფია: კარლ ფონ კლაუზევიცი“ წერს, კლაუზევიცის მიხედვით - „...ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა. ესენია: დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება. აღქმისთვის ომი ძალადობა, შემთხვევითობა და გაურკვევლობაა, ხოლო ფიზიკურ პლანში, რეალურად, ომი როგორც მოვლენა, რომელიც ჩვენივე აღქმის შედეგად ჩვენი განსჯის საგნადაა ქცეული - შეიარაღებულ ძალთა დაპირისპირებაა, რომელიც მეომარ მხარეთა მიერ პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად გამოიყენება. შესაბამისად, ზოგადად, ომი გვევლინება როგორც ძალადობა, დაპირისპირება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა. ეს ასე ვთქვათ, მისი ობიექტური მხარეა, ის, რაც ყველა ომისთვის საერთოა, და სხვათა შორის, ის, რაც უცვლელად გადადის ეპოქიდან ეპოქაში და, როგორც ჩანს, რაც მის რეალურ ბუნებას წარმოადგენს. ხოლო ის, რაც ნებისმიერ ომს უნიკალურს ხდის, ასე ვთქვათ, მისი სუბიექტური პლანი, ეს - სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის შეზღუდვები გახლავთ, რომელიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელი.“
კლაუზევიცის სწორედ ეს ფუნდამენტური გააზრებაა უმნიშვნელოვანესი - მიუხედავდა იმისა, რომ ომი ადაპტირებს გარემოებებთან, მისი ობიექტური მხარე ყოველთვის უცვლელია. თუმცა ორივე მხარე - სუბიექტურიც და ობიექტურიც ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული.
ამავე დროს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ამ ორი ფაქტორის ერთიანობას სჭირდება ერთგვარი მამოძრავებელი, რაც ყველაფერს, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, მოძრაობაში მოიყვანს, და პროცესის სახეს მისცემს. ასეთი მამოძრავებელიც სამია კლაუზევიცისთვის - ე.წ. „კლაუზევიცის ან, ომის სამება“. სამივე, სხვათა შორის, თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ის საკვირველ (ანდა განსაცვიფრებელ) სამებას უწოდებს: პოლიტიკის გავლენა, ალბათობა და ძირეული (ალბათ, უფრო, სიღრმისეული) მტრობის განცდა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ომისკენ უბიძგებს. ობიექტურ სიბრტყეში, აღნიშნული სამება წარმოადგენს სამ დინამიურ ძალას, რომელიც ომის მსვლელობას განსაზღვრავს:
• მიმართულების განმსაზღვრელი ზეგავლენა;
• ალბათობის თამაში (შემთხვევითობა);
• სიღრმისეული შუღლი (მაგ. მეზობელ ეთნოსებს შორის).
სუბიექტურ სიბრტყეში კი, სამება არის:
• ხელისუფლება –- მიმართულების მიმცემი ზეგავლენა;
• სამხედრო ძალა –- შემთხვევითობის შემომქმედი;
• ხალხი (გემანულად Folk ) – ომის წარმოების სერიოზული ემოციური რეზერვი.
ამგვარად, კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი აქტიორი ჰყავს, სამივე თანაბარმნიშვნელოვანი და ომზე მსჯელობისას რომელიმე მათგანის უგულვებელყოფას ნებისმიერი თეორია ჩიხში შეჰყავს. ამგვარად, ტრიადა მთავრობა-არმია-ხალხი წარმოადგენს იმ ღერძს, რაზედაც ომის თეორია უნდა დაფუძნდეს. ამათგან, მთავრობა პოლიტიკურად მართავს ომს, ხალხი წარმოადგენს შინაგანი სიძულვილის მატარებელ სუბსტრატს, ხოლო არმია, ამ ხალხის სახელით, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის იბრძვის.
ის გარემოება, რომ განსჯისთვის ომი ძალადობრივ დაპირისპირებაზე აგებული საკუთარი ნების რეალიზაციის პროცესია, ლოგიკურად გვკარნახობს მისი ეფექტურად წარმართვის ალგორითმს: ეს რომ შესაძლებელი გახდეს, მოწინააღმდეგე იმდენად მძიმე ვითარებაში უნდა ჩავაყენოთ, რომ ჩვენ მიერ მისგან თავდაპირველად მოთხოვნილი დათმობანი უფრო მსუბუქი აღმოჩნდეს. მას ეს ძლიერ მოტივაციას უჩენს დანებებისათვის და ჩვენი პოლიტიკური ნების რეალიზაციის ალბათობას აძლიერებს. ამგვარად, იკვეთება, რომ ჩვენი ნების განხორციელების პირობა გახლავთ თუ როგორ მოვახერხებთ, რომ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის სურვილი და უნარი წავართვათ. სხვა სიტყვებით, ომის მიზანი საბოლოო ნიშნით - მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის ნების გატეხვა არის. ამ გზაზე კი მორალური შემადგენლის უგულებელყოფის შემთხვევაში, ნებისმიერი ხერხი დასაშვები და მისაღები ხდება.
ჰიბრიდული ომის გააზრებისთვის, სწორედ ეს დასკვნა არის უმთავრესი და სწორედ ზემოთ მოყვანილი დასკვნებია კლაუზევიცის უდიდესი კონტრიბუცია სამხედრო-სტრატეგიულ თეორიაში და ომის საკითხის გაგებაში. მან ამით მოგვცა ის ქვაკუთხედები რაც უცვლელად გვხდება ნებისმიერი ეპოქის ომებში - საზოგადოებები ვითარდებიან, გარემოებები იცვლება, იცვლება ომის წარმოების საშუალებები, მაგრამ ომის არსობრივი მხარე არ იცვლება, ის კვლავაც ძალადობის, დაპირისპირების, შემთხვევითობისა და გაურკვევლობის ასპარეზია.
ომის წარმოების ხერხებში ცვლილებები პირდაპირ უკავშირდებოდა ომის სუბიექტური მხარის - არმიათა დოქტრინების, შეიარაღების სახეობების, ტექნოლოგიებისა თუ ზოგადად, კაცობრიობის ცივილიზაციური განვითარების სხვა შედეგებს. სწორედ ეს ცვლილებები იწვევს ძირითად სიახლეებს და პერიოდულად ახალი განზომილებებიც შემოაქვს ომის სიბრტყეში. ასე გაჩნდა თავის დროზე საჰაერო დომეინი, კიბერ სივრცე, კოსმოსი და ა.შ. ბუნებრივია, ცვლილებები გლობალურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში თავის დაღს ასვამდა ომის წარმოების ხერხებს, მის შემზღუდავ ფაქტორებსა თუ მეთოდებს. ასეა ე.წ. ჰიბრიდული ომის შემთხვევაშიც.
რუსული ჰიბრიდული ომი და პუტინის გამრუდებული სარკე
2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინის ცნობილი მოვლენების შემდგომ, ბევრი უცხოელი მკვლევარი შეეცადა ამ მოვლენების დროს რუსეთის მიერ გამოყენებული „ახალი“ სტრატეგიისა თუ ტაქტიკის ფესვების ძიებას, რამაც ისინი მიიყვანა რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის ვალერი გერასიმოვის მიერ 2013 წლის თებერვალში „სამხედრო-სამრეწველო კურიერის“ 8-ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიამდე - „მეცნიერების მნიშვნელობა მომავლის განმჭვრეტისათვის.“ მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ტერმინი „ჰიბრიდული ომი არ გვხდება“, ამ სტატიაში გადმოცემული ხედვების გამო, გერასიმოვი მოგვიანებით აღქმული იქნა როგორც რუსული ჰიბრიდული ომის იდეოლოგი.
სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს არა სამხედრო საშუალებების მნიშვნელობას, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების როლს თანამედროვე კონფლიქტებში. ყურადღებას ამახვილებს ტრადიციული სამხედრო საშუალებების მნიშვნელობის კლებაზე ომის პოლიტიკური ამოცანების მიღწევაში. ხაზს უსვამს სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციისთვის იმ არასამხედრო მეთოდების როლს, რომლებიც სახელმწიფოს საფუძვლების შერყევისკენ არის მიმართული, რათა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად სამხედრო საშუალებების გამოყენება არ გახდეს საჭირო. გერასიმოვის აზრით, ამდაგვარ ომებში ფრონტის ხაზი ძალიან პირობითია და ერთდროულად ყველა სივრცეში შეიძლება გადიოდეს.
გერასიმოვის ხედვა ეფუძნება იდეას, რომლის თანახმადაც თანამედროვე ომში ბრძოლის მთავარ სამიზნეს გონება წარმოადგენს და შესაბამისად, თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში დომინანტური ადგილი საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს ეთმობა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერასიმოვთანაც კლაუზევიცური ომის არსი, რა თქმა უნდა, არ იცვლება, მიზანი კვლევაც მოწინააღმდეგის ნების გატეხვა არის, ოღონდ სხვა არატრადიციული ხერხებით. როგორც სჩანს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ რუსული სამხედრო მანქანის სტრატეგიული გეგმა აღნიშნულ ხედვებს ეყრდნობოდა.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ომის საწყისი რუსული ჩანაფიქრი, მცდარ მოლოდინებზე იყო დამყარებული. მთელი ომის, მისი სამხედრო პოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია დაფუძნებული იყო აქამდე წარმოებული რუსული ჰიბრიდული ომის მოქმედებების შედეგების წარმატების მოლოდინზე. კერძოდ, მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებას წლების განმავლობაში უნდა შეექმნა სასურველი ნიადაგი უკრაინის მოსახლეობაში, რაც კიევის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნეიტრალიზაციის შემდგომ მოსკოვს საშუალებას მისცემდა მინიმალური დანაკარგებით მოეხდინა ინტერვენცია და, შესაძლოა, უკრაინის უდიდესი ნაწილის ოკუპაციაც ადგილობრივი ადმინისტრაციების შექმნითა და პრორუსულ მოხალისეებზე დაყრდნობით.
უკრაინაში 2014-15 წწ-ის მოვლენების, ყირიმის ანექსიის, სირიის მოვლენების, დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური მანიპულაციებით, არჩევნებში ჩარევით, პოლიტიკური მკვლელობებით, სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერის შედეგად და, ზოგადად, დასავლეთში ერთიანი პოლიტიკური დისკურსის არევით „გაბლატავებულ“ მოსკოვს და კერძოდ, ვლადიმერ პუტინს, როგორც სჩანს გაუჩნდა დაუსჯელობის მყარი სინდრომი, რომ მის მიერ „უკრაინის პრობლემის“ საბოლოოდ გადაწყვეტის მცდელობა აბსოლუტურად დაუსჯელი დარჩებოდა. სხვა სიტყვებით, ე,წ. რუსული ჰიბრიდული ომი კვლავინდებურად გამარჯვების მთავარი ფორმულა იქნებოდა.
ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გათვლით, რომ ჩვენ მიერ ნახსენები კლაუზევიცის სამების - მთავრობა, ხალხი, ჯარის კავშირი, უკრაინის შემთხვევაში, წლების განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული ომის (ჩვენი აზრით ჰიბრიდული მეთოდების) ძალისხმევის შედეგად, იმდენად სუსტი და არამყარი იყო, რომ მოსკოვის კიევზე მყისიერი იერიშისა და სამთავრობო კვარტალის დაკავების შემდგომ ორგანიზებული წინააღმდეგობა უნდა ჩამოშლილიყო. შესაბამისად, ომის დაწყებამდე არსებული მოსკოვისათვის არახელსაყრელი სამხედრო ძალთა ბალანსი, არ უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასეთი წარმოდგენა, როგორც სჩანს, პირველ რიგში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წარმოდგენაში იყო გაბატონებული და მთელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური ელიტაც ამ სურათის განმტკიცებისკენ იყო მომართული. ომის დაწყებამდე უშიშროების საბჭოს სხდომის ნაჩვენები სატელევიზიო „პერიპეტიებიც“ სწორედ ამდაგვარი დასკვნის გამოტანისკენ გვიბიძგებენ. როგორც სჩანს, კრემლში სასურველის რეალობად გასაღების პრაქტიკა იმდენად მიღებულია, რომ მთელი რუსული სამხედრო-პოლიტიკური ელიტა, ან მისი უდიდესი ნაწილი ვლადიმერ პუტინის თამადობით, რეალობის ამ მრუდე სარკეში იყურებოდა, იქ სადაც დასავლეთის მხრიდან რუსეთის დაუსჯელობით და ბოლო დროინდელი „წარმატებებით“ ფრთაშესხმულ პუტინს მისი გეოპოლიტიკური ამბიციების მთავარი ფინალური აკორდის რეალიზაციისთვის მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაღა დარჩენოდა უკრაინის რუსულ სივრცეში საბოლოოდ დასამკვიდრებლად.
სამხედრო თეორიულ ტყვეობაში
კაცობრიობის ომების ისტორია არა ერთ მაგალითს იცნობს, როდესაც არასწორ პოლიტიკურ მიზნებს, ან მოლოდინებს დაქვემდებარებული სამხედრო-სტრატეგიული გათვლები, სახელმწიფოების ომში მარცხის მიზეზი და, საერთოდაც, მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხიც გამხდარა. რაც არ უნდა თანამედროვედ აღჭურვილი, შეიარაღებული და მოტივირებული იყოს ესა თუ ის არმია, რომელიც მისი პოლიტიკური ხელმღვანელობის მიერ განსაზღვრული სამხედრო ამოცანების შესრულებას ცდილობს, თუ ეს მიზნები არასწორ გათვლებს და მოლოდინებს ეფუძნება და მთლიანად ამ არასწორ წარმოდგენას უქვემდებარებს ომის წარმოების სტრატეგიას, მაშინ ამდაგვარი სამხედრო კამპანიები უდიდესი ალბათობით კრახისთვის არის განწირული. დარწმუნებული ვარ, რუსული შეიარაღებული ძალების მოქმედება უკრაინის ომის პირველ ფაზაში, სწორედ ამდაგვარი მაგალითი გახდება კაცობრიობის სამხედრო ისტორიისთვის.
მოსკოვში, ჰიბრიდული ომის მიდგომებით განსაზღვრულ სამხედრო-პოლიტიკურ მოლოდინებს დაუქვემდებარეს ომის დაწყება ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელთანაც მიმართებაში რუსულ ჯარს ფაქტობრივად დასმული ამოცანების შესასრულებელი ადეკვატური რესურსები, პირველ რიგში ადამიანური, არ გააჩნდა, შესაბამისად, მთელი ფსონი დაიდო კიევის სწრაფ დამარცხებაზე, იმ მოლოდინით რომ უკრაინის ხალხი და პოლიტიკური ხელმღვანელობა არ გაწევდა სათანადო წინააღმდეგობას, რომ ყველაფერი მზად იყო 5-ე კოლონის ასამოქმედებლად და რუსულ არმიას მხოლოდ მცირე წინააღმდეგობების ფონზე ტრიუმფალური მარშით კიევში შესვლაღა თუ მოუწევდა. ანუ კლაუზევიცის სამების - მთავრობა, არმია, ხალხის კავშირი უკრაინის შემთხვევაში იმდენად სუსტი იქნებოდა, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე მოსკოვი შეძლებდა უკრაინის წინააღმდეგობის ნების გატეხვას.
დღეს უკვე ყველა კარგად ვხედავთ, რომ უკრაინის ომი არის მორიგი კლასიკური მაგალითი, სადაც კლაუზევიცის სამების ერთიანობა წარმატებით მუშაობს - მთავრობა მთლიანად უზრუნველყოფს ომის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ განზომილებას, ამით ზურგგამაგრებული ჯარი იბრძვის მტკიცედ და მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით, ხოლო ხალხი ამ პროცესისათვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი მორალურ-სულიერი სიმტკიცის წყაროს და ეკონომიკურ ზურგს წარმოადგენს. შედეგად, კავშირი სამების კომპონენტებს შორის არის მტკიცე და საგარეო დახმარების პირობებში უზრუნველყოფს უკრაინის ჯარების წარმატებულ მოქმედებებს ოკუპანტების წინააღმდეგ.
რუსული სამხედრო მანქანა, მისივე პოლიტიკური ხელმღვანელობის მცდარი სამხედრო-პოლიტიკური გათვლების ტყვეობაში აღმოჩნდა და პირველადი მარცხის შედეგად იძულებულია შეცვალოს საბრძოლო მოქმედებების გეგმა, არის გაცილებით წამგებიან პირობებში და შეზღუდული ამოცანების შესრულებას ცდილობს, რომელიც მისი გათვლით უნდა გახდეს მომგებიანი პოლიტიკური ვაჭრობის საფუძველი მოლაპარკებების მაგიდაზე. ამდაგვარი მცდელობის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით რუსეთს ომი, სტრატეგიული თვალსაზრისით, წაგებული აქვს, მისი დაწყების წინ არასწორი სამხედრო-თეორიული და პოლიტიკური კალკულაციების შედეგად, პირველ რიგში კი მის მიერ ბოლო წლებში ჰიბრიდული ინსტრუმენტების წარმატებული გამოყენების იმედად მყოფს.
დასკვნის მაგივრად
ბოლო წლებში ჰიბრიდული ომის საკითხით გატაცება განსაკუთრებული მოვლენა გახდა და მას ხშირად წარმოაჩენდნენ, როგორც სამხედრო თეორიისთვის სრულიად ახალ ან ძნელად ასახსნელ მოვლენას. უფრო მეტიც, ხშირად ის წარმოდგენილი იყო, როგორც სახელმწიფოების მიერ წარმოებული ომების უმთავრესი სტრატეგიული მეთოდი. პირადად ჩვენთვის და აკადემიური წრეების დიდი ნაწილისათვის, აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული სკეპტიციზმის საფუძველი იყო მუდამ. საუბრები რომ კონვენციურმა ომებმა დრო მოჭამა, დიდი სახელმწიფოები აღარ გამოიყენებენ ომის ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს, ბუნებრივია, მცდარი იყო და რუსეთ-უკრაინის ომმა ეს კიდევ ერთხელ კარგად წარმოაჩინა. უფრო მეტიც, რუსეთის სამხედრო მარცხი, სწორედ ტრადიციული, ფუნდამენტური ომის პრინციპების წარუმატებელმა რეალიზაციამ გამოიწვია - მთლიანად ჩავარდა დაზვერვა, ლოგისტიკა, მართვა და კონტროლი. ამდაგვარ პირობებში კი, ვერანაირი ჰიბრიდული ომის მეთოდი ვერ უშველის შეიარაღებულ ძალებს.
ჰიბრიდული საფრთხეები და მეთოდები, თავისი არსით არ არის ახალი მოვლენა. ფარული მოქმედებები, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ოპერაციები, დივერსიები და საბოტაჟი, პროქსი ჯგუფების მხარდაჭერა კაცობრიობის ომების ისტორიის მუდმივი თანმდევი ნაწილი იყო. კიბერ საშუალებების და თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაც ომის ევოლუციის ბუნებრივი ეტაპია. ნებისმიერი თაობის ომებზე უდიდეს გავლენას ახდენდა კაცობრიობის განვითარების თანმხლები სიახლეები. ამ მხრივაც დღეს არაფერი ახალი არ ხდება.
რუსეთის-უკრაინის ომი წარმოადგენს ძალიან კარგ მაგალითს იმისა, რომ გარკვეული თეორიებით და კონცეფციებით დაუსაბუთებული გატაცება, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა, სახელმწიფოსათვის და მათი ხელმძღვანელობისათვის ყოფნა-არყოფნის საკითხიც შეიძლება გახდეს, ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ელიტამ კარგად უნდა გაიაზროს ომის ფუნდამენტური პრინციპები, ეპოქისა და კონკრეტული გარემოებების პოტენციური გავლენა დაგეგმილი ომის მიმდინარეობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა ფართომასშტაბიანი, მაღალი ინტენსივობის ომის მაღალი ადამიანური ხარჯებიც. რუსების ცნობილი მსხვერპლი მდინარე სივერსკი დონეცკის ფორსირებისას და სხვა ბრძოლები აჩვენებს, რომ ეს არის ომი, სადაც ასეული, ბატალიონი და კიდევ უფრო დიდი ფორმირებები შეიძლება განადგურდეს თვალის დახამხამებაში, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ჯარისკაცი დაიღუპება და დაიჭრება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მატერიალური დანაკარგები.
მნიშვნელოვანია, ისიც რომ უკრაინის ომში მსხვერპლთა ეს დონე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა აყენებდეს დასავლური არმიების და მათი საზოგადოებების უნარს შეინარჩუნონ ადეკვატური საბრძოლო ძალა და სულისკვეთება მსგავსი მაღალ დანაკარგიანი ომის სცენარებში. ეს შეკითხვა დასავლეთის წრეებშიც უნდა დაისვას.
რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრებულა. კონფლიქტის დაწყებიდან მესამე თვეს, ეს ომი ფაქტობრივად გამოფიტვის სტრატეგიის რეჟიმში გადავიდა და მისი სწრაფი დამთავრების წინაპირობები ჯერ არ ჩანს. ასეთ პირობებში, მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტა კვლავინდებურად ბურუსით არის მოცული, თუმცა, ამის მიუხედავად, სამხედრო-სტრატეგიული ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია და აუცილებელია ეს დასკვნები კარგად იყოს გაანალიზებული როგორც დასავლეთში, ასევე აქ, საქართველოშიც.