ნატო-ს მადრიდის სამიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, დასრულდა ნატო-ს მორიგი სამიტი ესპანეთში. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ეს სამიტი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრების შესახებ და ნატო-მ ოფიციალურად დაიწყო შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცედურები.
უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ნატო-ს ქვეყნების ლიდერების შეფასებები იყო მკაფიო - „რუსეთთან ყველანაირი დიალოგი დამთავრებულია“.
სამიტზე არა ერთხელ ითქვა, რომ რუსეთი ნატო-ს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და ეს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც აისახა. როგორც ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა - „ნატო-ს მიერ მიღებული ახალი კონცეფცია ასახავს რეალობას“.
თუ რა შედეგით დასრულდა ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. იმის გათვალისწინებით რომ სამიტის შედეგებს მრავალი ასპექტი აქვს, ჩვენი საუბარიც სამიტის შედეგებით უნდა დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით მადრიდის სამიტის შედეგებს?
- ნატო-ს მადრიდის სამიტის უმთავრესი შედეგი გახლდათ სტრატეგიული კონცეფციის მიღება, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაცია არის მთავარი და პირდაპირი საფრთხე ალიანსის უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის, სტაბილურობისათვის ევროატლანტიკურ სივრცეში.
ნატო-ს ყველა წევრის მიერ რუსეთის ოფიციალურად მთავარ საფრთხედ აღიარება კი ცვლის ალიანსის მიდგომებს. ნატო ორიენტირებულია შეკავებისა და თავდაცვის ინსტრუმენტების განმტკიცებაზე, მედეგობის უზრუნველყოფასა და რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდაზე.
სამიტმა აჩვენა, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის კრიტიკულ მომენტში ნატო-ს ხედვა მკაფიოა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს სურთ ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი არის დაცული და თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს საკუთარი გზა აგრესიისა და სხვა ტიპის იძულებითი ქმედებების გარეშე. ნატო-ს წევრები ერთობლივი ძალისხმევით დაიცავენ თავიანთ თავისუფლებასა და შეიტანენ წვლილს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.
ალიანსის წევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ყველა ნორმა და პრინციპი, რომელიც განსაზღვრავდა ევროპული უსაფრთხოების წესრიგის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას. შესაბამისად, აღნიშნული გამოწვევა გლობალური ხასიათისაა.
ნატოს ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ალიანსი დაიცავს თავისი წევრების ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე, ნატო-ს წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ მხარს დაუჭერენ პარტნიორებს საერთო გამოწვევასთან გამკლავებაში.
ლიდერები გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ მოქმედებებს და გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვითი უფლებისადმი. ალიანსი უკრაინას სათანადო დახმარებას გაუწევს, სხვაგვარად ომის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა.
დღეს უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ფინანსური დახმარება. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევა მიმართულია ყველა იმ შემაკავებელი ინსტრუმენტის გამოყენებისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინაში ომის შეჩერებას და არ დაუშვებენ ვითარების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას.
ნატო-ს მადრიდის სამიტმა აჩვენა, რომ მიუხედავად რუსეთის ულტიმატუმებისა ალიანსის გაფართოების პროცესი შეუქცევადია და შვედეთის, ფინეთის ნატო-ში წევრობა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის სისტემას უფრო განამტკიცებს.
აღნიშნულმა ქვეყნებმა გეოპოლიტიკური მოცემულობა სტრატეგიულად სათანადოდ გამოიყენეს. ეს ჩვენთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო საგარეო პოლიტიკურ მიზნებს გამოწვევების, საფრთხეების მიუხედავად.
ამდენად, მადრიდის სამიტი მნიშვნელოვანია ალიანსის გაფართოების კონტექსტშიც, რადგან სამიტის ფარგლებში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აჩვენეს, რომ სახელმწიფოები შეიძლება ნატო-ს წევრები გახდნენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის MAP-ის მინიჭების გარეშე.
ამ პრეცედენტის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ნატო-ს წევრი ქვეყნები დავარწმუნოთ იმაში, რომ MAP-ის გარეშე მიეცეს საქართველოს ალიანსში წევრობის შესაძლებლობა. მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკული და შედეგებზე ორიენტირებული ფორმატები, რომლებიც მოიცავენ ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს (SNGP).
აღნიშნულმა ინსტრუმენტებმა ქვეყნის ალიანსში წევრობისათვის მომზადების შესაძლებლობები შექმნეს და ამან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივის მეტად გამოკვეთას მომავალში. საქართველო ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი.
- ნატო-ს მადრიდის სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სამიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა ალიანსის ქვეყნების ლიდერებთან.
მმართველ გუნდს ოპონენტები საყვედურობენ იმას, რომ მას არ უთქვამს სამიტზე რა გზავნილით ჩავიდა საქართველოს ხელისუფლება.
მიუხედავად ამისა, ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და სამიტის დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებით ვნახეთ ალიანსის დაფიქსირებული პოზიციები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მხარდაჭერის ახალი პაკეტების მიღების შესახებ.
როგორც ჩანს, საქართველოსთვის ალიანსის ახალი პაკეტის დეტალებზე საუბარი იყო პრემიერისა და ქართული დელეგაციის სხვა წევრების ამერიკელ სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კომიტეტების ხელმძღვანელებმა მიიღეს.
რა კონკრეტული შედეგით დასრულდა ნატო-ს მადრიდის სამიტი საქართველოსთვის და რას ითვალისწინებს ჩვენთვის ალიანსის მიერ შემუშავებული ახალი პაკეტი?
- საქართველოს დელეგაციის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაზე მიწვევა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობის პროცესში ჩართვა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ, ასევე ევროპულ მისწრაფებებს.
რაც შეეხება კონკრეტულ შედეგს, ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი" მიიღეს.
აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ პროცესში ალიანსის უფრო ქმედით ჩართულობას კონკრეტული ღონისძიებების სახით, მათ შორის კიბერთავდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერების, სიტუაციური ანალიზისა და კრიზისებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებებით.
- უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ახლა ალიანსის ყურადღება უკრაინაზე და უკრაინის მიერ რუსულ აგრესიასთან გამკლავების პრობლემებზეა კონცენტრირებული, მაგრამ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისა და უკრაინისთვის ალიანსის დახმარების ფონზე ნატოსა და საქართველოს შორის მეტი კოორდინაციის პირობებში შესაძლებელი იყო ხელისუფლებას მეტი ეზრუნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და იმაზე, რომ ნატო ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე. თუმცა ალიანსის ათწლიან სტრატეგიულ კონცეფციაში წერია, რომ ნახსენებია ბუქარესტის სამიტი და ის, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა.
მადრიდის სამიტის შემდეგ როგორ გამოიყურება საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესაძლებლობები?
- ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს ნატო-ში წევრობის მსურველი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე, ალიანსი მათთან პოლიტიკურ დიალოგს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს საფრთხეებთან მიმართებით მათი უნარიანობის, შესაძლებლობების განმტკიცებას. ბუნებრივია, აღნიშნული ჩანაწერი ვრცელდება საქართველოზეც, როგორც ალიანსის ასპირანტ ქვეყანაზე. ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნატო კვლავ რჩება ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგული.
ყველა ევროპულ დემოკრატიას, რომელიც იზიარებს ალიანსის პრინციპებს, ღირებულებებს და შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, შეუძლია გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. ალიანსის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებებს მხოლოდ წევრი სახელმწიფოები იღებენ და მესამე მხარეს არ აქვს უფლება გავლენა ჰქონდეს ამ პროცესზე.
ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციის მე-18 პუნქტიც ეხება ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. ამასთანავე, სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, ლიდერები კვლავ ადასტურებენ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირებისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრი ქვეყნები გახდებიან. ნიშანდობლივია, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციისგან განსხვავებით ალიანსის სტრატეგიული კონცეფცია უფრო გრძელვადიან ხედვაზეა ორიენტირებული.
ამდენად, აუცილებელი იყო მთელი რიგი ჩანაწერების ასახვა, უპირველეს ყოვლისა, სტრატეგიულ კონცეფციაში. თუმცა, ამავდროულად, ვისურვებდი ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი უფრო ვრცელი ყოფილიყო როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევების უფრო მკაფიოდ ჩვენების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მის მიერ გაწეული წვლილის ჩათვლითა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე შესაბამისი აქცენტების გამახვილებით.
რაც შეეხება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ნატო-ს მადრიდის სამიტის დეკლარაცია ამ თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანია. დოკუმენტის თანახმად, ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება შესთავაზოს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და მოლდოვის რესპუბლიკას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი ზომები. აღნიშნული ზომები მიზნად ისახავენ მათი მედეგობის უზრუნველყოფასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას.
ევროატლანტიკური პერსპექტივის კონტექსტში, შეჯამების სახით, უნდა ითქვას, რომ როგორც შვედეთი და ფინეთი იმსახურებენ ალიანსში წევრობას, ასევე, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით შესასრულებელია 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება აღნიშნული ქვეყნების ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით.
რუსეთს მხოლოდ რეალური ძალის დემონსტრირების ენა ესმის. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი უნდა იყოს ყოველთვის გათვალისწინებული მტკიცე გადაწყვეტილების მიღებისას, რათა საბოლოოდ, ერთობლივად, დავძლიოთ რუსული საფრთხე.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველომ უნდა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოსთან და უფრო მეტად აჩვენოს თავისი საჭიროება, რაც აუცილებელია მეტი შედეგის მისაღწევად.
- ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება თავისი სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) 40 ათასიდან 300 ათასამდე გაზრდის შესახებ. NRF-ს ქვედანაყოფები აღჭურვილები არიან ბოლო თაობის ტექნიკით და იმყოფებიან მუდმივ და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.
რას შეიძლება ნიშნავდეს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობის გაზრდა?
- ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდა ნიშნავს ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების მასშტაბის უპრეცედენტო გაფართოებას და ყველა სცენარისათვის სათანადოდ მზადებას. ეს გადაწყვეტილება იძლევა კრიზისზე მყისიერ, უმოკლეს პერიოდში, რეაგირების რეალურ საშუალებას. ამასთანავე, ეს მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული ვითარების მეტად ესკალაცია და საჭიროა, შეკავების, თავდაცვის განსაკუთრებული ზომების მიღება.
მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, აშშ შექმნის არმიის ახალ მუდმივ შტაბ-ბინას პოლონეთში და გააძლიერებს გრძელვადიან სამხედრო ყოფნას ევროპაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად.
ახალი ამერიკული გემები გაიგზავნება ესპანეთში, სახმელეთო ჯარები - რუმინეთში, საჰაერო თავდაცვის ნაწილები - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და იტალიაში, ხოლო აქტივების ფართო სპექტრი -ბალტიისპირეთში.
ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილ კოლექტიური თავდაცვის უფლებაზე და აღნიშნეს, რომ დაიცავენ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.
ეს მოცემულობა კვლავ ცხადყოფს, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნე სახელმწიფოებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის სწორედ ალიანსში წევრობა წარმოადგენს უსაფრთხოების რეალურ გარანტიას, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.
- ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ბრიტანეთი საქართველოს 5 მილიონ სტერლინგს გამოუყოფს კიბერუსაფრთხოების პრობლემებთან გასამკლავებლად.
სამიტზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ალიანსი გააძლიერებს თავის ყოფნას შავი ზღვის რეგიონში. იმის გათვალისწინებით რომ ალიანსი შავი ზღვის რეგიონში აძლიერებს თავის ყოფნას, ნატო-ს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერების ფარგლებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით რა სიახლეებია მოსალოდნელი?
- ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება დაიცვან კრიტიკული ინფორმაციული სისტემები და გაუმკლავდნენ კიბერგამოწვევებს.
რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, ამ რეგიონს ალიანსისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. არსებულმა მოცემულობამ კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახადა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი. ამ კონტექსტში საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
რაც შეეხება კონკრეტულ სიახლეებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ალიანსი მადრიდის სამიტზე მიღებული სტრატეგიული კონცეფციის საფუძველზე რა ტიპის სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებს. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა აუცილებელია, რადგან მის გარეშე ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში.
ეს კი ზრდის საქართველოს როლსა და მნიშვნელობას ერთიანი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და გვაძლევს შესაძლებლობას მივაღწიოთ ჩვენს ევროატლანტიკურ მიზნებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი