1300 კილომეტრით მეტი

ავტორი:

რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ მთავარ შედეგად ნატო-ს შემდგომი გაფართოება შეიძლება ჩაითვალოს, ახალი წევრების - შვედეთისა და ფინეთის მიღების ხარჯზე.


ამ გადაწყვეტილებით ნატო-რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1300 კილომეტრით იზრდება, რამაც სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენა წარმოდგენა პუტინის სტრატეგიული გამჭრიახობის შესახებ.


საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელისშეშლა სახელდებოდა, მასში უკრაინის მიღების ხარჯზე; ალიანსის მადრიდის სამიტმა კი, ივნისის ბოლოს, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.


ამ გადაწყვეტილების ფონზე სრულიად ბუნებრივი იყო ქართული საზოგადოების ნაწილის იმედგაცრუება - აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან სწრაფად, გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშეც შესაძლებელია ნატო-ს წევრი გახდეს ქვეყანა, თანაც ორი ერთად;


საქართველო კი, რომელიც წლების განმავლობაში ალიანსის პარტნიორი და მის საერთაშორისო მისიებში უდიდესი კონტრიბუტორია, ახლაც გაწევრების კონკრეტული შეთავაზების გარეშე დარჩა. აღნიშნულ საკითხს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკვლევარებიც გამოეხმაურნენ.


როგორც ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, იან ბჟეზინსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა - „სამწუხაროდ, ეს უარყოფითი სიგნალი იყო. საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატო-ს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ...


როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა...


რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული, ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით...


როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია - 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს.“


თქვენს მონა მორჩილს კი, მადრიდის სამიტსა და ქართული საზოგადოების გამოხმაურებებზე მეგობართან საუბრისას, თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილები“ გაახსენდა, უფრო სწორად, ფილმის ფინალური სცენა, სადაც ბავშვები ყვირილით მისდევენ მატარებელს „დეიდა ნატოს“ ძახილით.


მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ თემებზე ფიქრის, მსჯელობის თუ მედიაგაშუქების დროს.


პირველ რიგში, დავუბრუნდეთ შვედეთის და ფინეთის ნატო-ში ინტეგრაციას:


ალიანსი ღებულობს განვითარებულ, დემოკრატიულ და ძლიერი თვითკმარი თავდაცვითი შესაძლებლობების მქონე ორ ქვეყანას, რომლებიც ნატო-ს სტანდარტებს უკვე აკმაყოფილებენ;


შვედებს შესანიშნავი საზღვაო ძალები და განვითარებული სამხედრო ინდუსტრია აქვს, ხოლო ფინეთს - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახმელეთო ჯარი და საარტილერიო შესაძლებლობები;


აღნიშნული ქვეყნების ალიანსში გაწევრების შემდგომ, ბალტიის ზღვა, ფაქტობრივად, ნატო-ს შიდა ტბად იქცევა, რომლის უდიდეს ნაწილს ალიანსი გააკონტროლებს;


ორივე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური სტაბილურობის დონე უმაღლეს დასავლურ სტანდარტებს აკმაყოფილებს;


ამიტომ, როცა საუბარია უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე, ჩვენი დიდი კონტრიბუციის მიუხედავად, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს საშინაო დავალებები - ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარების მიმართულებით.


ფინეთის და შვედეთის მაგალითზე ისიც კარგად ჩანს, რომ უმნიშვნელოვანესია თვითკმარი და განვითარებული თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც ალიანსის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო, ნატო-ში გაწევრების შემთხვევაში, გეოგრაფიულად მისი სამხედრო-ოპერატიული სივრცის პერიფერია გახდება და, რაიმე სახის ესკალაციის პირობებში, ამას სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს.


ნატო-ში გაწევრების კონტექსტში, უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფაქტორი, რომელიც ჩვენს რეგიონში განსაკუთრებულია, შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით.


რუსეთი საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყანაა, რაც სკეპტიკოსი სახელმწიფოების მხრიდან ხშირად გამოიყენება საქართველოს მიღების საწინააღმდეგო არგუმენტად.


იმავდროულად, აშკარაა, რომ თანამედროვე საერთაშორისო პროცესები განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს და ეს ნატო-ს სტრატეგიულ კონცეფციაშიც დაფიქსირდა.


უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალი გეოსტრატეგიული კონფიგურაცია, სადაც დემოკრატიული, ევროატლანტიკური ღირებულებების მქონე ქვეყნების ალიანსს უპირისპირდება რუსეთი და ავტორიტარული ქვეყნების კლუბი, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგის გადაწერას ცდილობენ. უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ საქართველო სწორედ პირველი ჯგუფის ქვეყნების გვერდით მოიაზრება და შესაბამის ფორმატებშიც მონაწილეობს.


ნამდვილად დადგა დრო, როდესაც დასავლეთმა მეტი სტრატეგიული და გრძელვადიანი თანმიმდევრობა უნდა გამოიჩინოს, - ერთი მხრივ, რუსეთის, როგორც საფრთხის და მეორე მხრივ, საქართველოსნაირი მცირე სახელმწიფოების მისწრაფებების მიმართ, ასევე თანამედროვე საერთაშორისო წესრიგში მათი ადგილის განსაზღვრისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრების კონკრეტული ნაბიჯები ან დრო არ დათქმულა, სტრატეგიულ კონცეფციაში არის ჩანაწერი, რომელიც გამოხატავს ნატო-ს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ასევე ხაზგასმას, რომ ნატო ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებისა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.


პარალელურად, აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება, და საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადადგმული ნაბიჯები ამ თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანი.

გააზიარე: