საქართველო და ახალი წესრიგი სამხრეთ კავკასიაში

ავტორი:

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ეტაპი იწყება. ომი უკრაინაში, სომხეთსა და თურქეთს შორის და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების კონკრეტული ნიშნები, ისევე როგორც უფრო გლობალურ დონეზე, რუსეთ-დასავლეთის და ჩინეთ-დასავლეთის დაპირისპირებები, საქართველოს წინაშე როგორც გამოწვევებს, ასევე მრავალ შესაძლებლობას ქმნის. სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის დამყარების ნიშნები ჩნდება, სადაც საქართველოს ძლიერი პოზიციონირებისთვის ესაჭიროება აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება და ბევრი აქამდე არსებული საგარეო პოლიტიკური ჭეშმარიტების გადახედვა.
 

ომი უკრაინაში ფართო შავი ზღვისპირეთისთვის ბრძოლას ნიშნავს. ეს არის რუსეთის მცდელობა ბუფერული ზონები შეიქმნას თავისი საზღვრის დასავლეთით. ისტორიული რაკურსიდან დანახული ეს რუსული ქმედებები საერთოდაც არაა მოულოდნელი. რუსეთი ყოველთვის ახორციელებდა დარტყმებს თავისი საზღვრების გასწვრივ მდებარე სივრცეებზე თუ გრძნობდა, რომ ამ ტერიტორიებზე გავლენა ხელიდან ეცლებოდა. ისევე როგორც რომანოვები XVIII-XIX საუკუნეებში, მოგვიანებით კი საბჭოთა მესვეურები, თანამედროვე რუსი მმართველებიც მსგავსი უხეში, მაგრამ მარტივი ლოგიკით ოპერირებენ.
 

რუსული ხედვა თავის სამეზობლოზე მარტივი ლოგიკიდან მომდინარეობს: არ უნდა დაიშვან არარეგიონული ძალები შავ ზღვაში, სამხრეთ კავკასიასა თუ ცენტრალურ აზიაში. რომანოვების და საბჭოთა კავშირის დროს რუსებს ამ სივრცეების ექსკლუზიურად გაკონტროლება შეეძლოთ. ამისვის მათ სამხედრო და მეტ-ნაკლებად ეკონომიკური პოტენციალიც გააჩნდათ. მეტიც, ბევრისთვის რუსეთი მიმზიდველი იყო. ევრაზიის შუაგულისთვის (და საქართველო ნაწილობრივ ამ შუაგულში მდებარეობს), გეოგრაფიული დისტანციების გამო, რუსეთი ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა ევროპასთან დასაკავშირებლად.
 

დღეს რუსეთს ამ რეგიონების ექსკლუზიური მართვის შესაძლებლობა არ გააჩნია. ეს კარგად ესმით მოსკოვში. ზუსტად ამიტომაც, ის რეგიონში არსებულ სხვა, ასევე ამბიციურ ძალებთან ერთად ცდილობს ახალი წესრიგის აგებას. სამხრეთ კავკასიაში ასეთი ძალებია თურქეთი და ირანი, კასპიის ზღვაში – ირანი, ხოლო ცენტრალურ აზიაში კი ჩინეთი. ამით რუსეთი რეგიონალიზმის პრინციპს იშველიებს, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სივრცე და ჩვენს შემთხვევაში ეს სამხრეთ კავკასიაა, უნდა იმართებოდეს მეზობელი დიდი სახელმწიფოების მიერ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ არარეგიონული ძალები, იქნება ეს აშშ თუ ევროკავშირი მაქსიმალურად გარიყულები უნდა იყვნენ.
 

საქართველოსთვის რუსეთის ეს მიდგომა ისტორიულად საკმაოდ კარგად ნაცნობია. თუმცა ის რაც სიახლეს წარმოადგენს და ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს არის თურქეთის და ირანის პოზიციონირება. ტრადიციული ანალიზის მიხედვით, თურქეთსა და რუსეთს შორის დაახლოება უფრო დროებითია, რადგან ისტორიული გამოცდილება (თორმეტი ომი) და თანამედროვე პერიოდში სირიაში, მთიან ყარაბაღსა თუ შავ ზღვაში არსებული განსხვავებები შეუძლებელს ხდის ამ ორი ქვეყნის გრძელვადიან დაახლოებას.
 

რეალობა კი ბევრად განსხვავებულია. ორივე ძალა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიიდან არარეგიონული ძალების გავლენის შემცირებით. ანკარა და მოსკოვი დარჩებიან კონკურენტებად, მაგრამ მათ ისწავლეს რთული ვითარებიდან გამოსავლის მოძიება. მათ არ ესაჭიროებათ ერთმანეთთან ოფიციალური სამოკავშირეო ხელშეკრელებების დადება. პირიქით, ასეთი დოკუმენტები მათ უფრო ზღუდავს თავისუფალი მოქმედებისგან. ასეთი თანამშრომლობიდან მომდინარე შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. თურქეთი ნატოში რჩება, მაგრამ ის ამას აბალანსებს რუსეთთან ურთიერთობებით. რუსეთთან დაახლოება, ან მოსკოვის ზედმეტი მოძლიერება კი დასავლეთთან არსებული მჭიდრო სამხედრო კონტაქტებით ნეიტრალდება.
 

 ამ ორ ძალას კარგად გაცნობიერებული აქვს მეორე მხარის გადაულახავი წითელი ხაზების არსებობა. ორივე პატივს სცემს გავლენის სფეროების იდეას და თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია არის სივრცე, რომელიც რეგიონის პატარა სახელმწიფოებსა და მათ დიდ მეზობლებს შორის უნდა იმართებოდეს. ორივეს სჯერა ერთგვარი იერარქიული წესწყობილებისა, სადაც დიდ ძალებს მეტი გავლენა და უფლება ექნება, ვიდრე მცირე მოთამაშეებს. ამით კი ანკარა და მოსკოვი ლიბერალურ წესრიგზე უარს ამბობენ და უფრო ქაოტური საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მომხრე არიან.
 

ამით რუსულ-თურქული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიისადმი ირანის დამოკიდებულებას გავს. ისლამურ რესპუბლიკასაც სურს ეს სივრცე დასავლური სამხედრო და პოლიტიკური გავლენისთვის ჩაიკეტოს. დღეს, რეგიონალიზმი თეირანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ისევე, როგორც თურქეთ-რუსეთის შემთხვევაში, ნარატივი, რომ ირანი და თურქეთი, ან ირანი და რუსეთი ისტორიული მტრები არიან და, შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იქნებიდან  ერთად, მცდარ ანალიზს ეფუძნება. რუსეთი ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის არგავრცელების ერთადერთ გარანტს წარმოადგენს.
 

ერთად აღებული, თურქეთი, რუსეთი და ირანი ურთიერთობების ერთგვარ „ევრაზიულ“ სტილს ემხრობიან. ისინი აცნობიერებენ წინააღმდეგობებს, რაც მათ შორის არსებობს, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთთან უფრო მეტად კომფორტულად არიან, ვიდრე კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობისას. რიტორიკულად სამივე ძალა საერთაშორისო არენაზე ე. წ. „ვესტფალიურ პრინციპებს“ იცავს, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებლად მიაჩნიათ. აქ უფრო დასავლეთის მხირად პოტენციურ ჩარევაზეა საუბარი და არა იმდენად საკუთარი პოლიტიკის გადახედვის სურვილზე. რუსეთის უკრაინაში და მანამდე საქართველოში განხორციელებულმა სამხედრო კამპანიებმა ეს ნათლად გვიჩვენა.
 

შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიც არის „3+3“ ზუსტად სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის ამ გარდამავალ პერიოდში იქნა წამოყენებული. „3+3“ სამხრეთ კავკასიაში ახალი პოსტ-ლიბერალური წესრიგის დამყარების მკაფიო მცდელობაა. ახალი სისტემის უმთავრესი მახასიათებელი ადამიანის უფლებების მკაცრ დაცვაზე, დემოკრატიის განვითარებასა და სხვა ლიბერალურ ღირებულებებზე ყურადღების მიქცევის შესუსტება იქნება. ახალ წესრიგში ნაკლები აქცენტი გაკეთდება სეპარატისტული კონფლიქტების საბოლოო მოგვარებაზე. პრიორიტეტებში სამხედრო წესრიგი (სიმშვიდე) ყველაზე მაღლა იდგება და გადაფარავს ისეთ საკითხებს, რომლებიც ლიბერალური წესრიგის დროს იყო წინ წამოწეული. ე. წ. „რუსული მშვიდობა“ შეიძლება თურქულ-რუსულ-ირანულ სისტემად გარდაიქმნას.

 

საქართველოს პოზიციონირება

 

საქართველოსთვის აღნიშნული წესრიგი არა მარტო არაა იდეალური, არამედ, ბევრ შემთხვევაში, ის ქვეყნისთვის უამრავი ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ერთი მარტივი მაგალითია საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა. ახალი სამხრეთ კავკასიური სისტემა თავშივე უარყოფს რეგიონში დასავლური გავლენის მოძლიერებას. მაგრამ როგორც ყველა გარდამავალი პერიოდი, ჩვენს წინაშე მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეო-ეკონომიკური ცვლილებებიდანაც შესაძლებელია სარგებლის მიღება.
 

1990-იან წლებში საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს ევროპისა და ცენტრალური აზიის/ჩინეთის დამაკავშირებელ სივრცედ მოიაზრებდა და ამისთვის შთამბეჭდავ შედეგებსაც მიაღწია ტრანსრეგიონული ინფრასტრუქტურის აშენების კუთხით. 2004-2012 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს ტრანზიტული როლი ისევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საფუძვლად რჩებოდა. 2012 წლიდან დღემდე პრაქტიკულად იდენტური ხედვა დომინირებს – საქართველო როგორც ტრანზიტი, დამაკავშირებელი რეგიონებს ქვეყნებს და მთელ რეგიონებს შორის. ამრიგად, ათწლეულების განმავლობაში ტრანზიტული როლი რეგიონში საქართველოს პოზიციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენდა.
 

დღეს, სამხრეთ კავკასიაში და უფრო ფართოდ კი ევრაზიაში მიმდინარე პროცესები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილის გადაფასებას მოითხოვს. სასურველია დაიწყოს საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლის მიღმა ფიქრი. ეს არ ნიშნავს ტრანზიტულ პოზიციაზე უარის თქმას. საქართველომ უნდა მოირგოს სხვა როლებიც. წინ უნდა წამოიწიოს კავკასიაში საქართველოს ცენტრალურობა. მეზობლებთან ურთიერთობები იმგვარად უნდა აიგოს, რომ საქართველოს მხარდაჭერა საკვანძო გახდეს, ხოლო მისი თანადგომის გარეშე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროექტების განხორციელება მინიმუმ არაეფექტიანი იყოს.
 

ამავდროულად, საქართველო დიდ მეზობლებს შორის ერთგვარ დამბალანსებლად უნდა გამოდიოდეს. უხეში ისტორიული პარალელი, რომ მოვიშველიოთ საქართველოს როლი მეცხრამეტე საუკუნეში ავსტრიის იმპერიის პოლიტიკას უნდა წააგავდეს. ხედავდა რა თავის სამხედრო და ეკონომიკურ სისუსტეს, ასვტრიის საგარეო პოლიტიკა ევროპის კონტინენტზე მის ცენტრალურობაზე იყო აგებული. ავსტრიის მხარდაჭერის გარეშე ნაპოლეონი ვერ მოახერხებდა კონტინენტზე გრძელვადიან ბატონობის დამყარებას. ისევე როგორც მოკავშირეები ვერ მოახერხებდნენ ფრანგი იმპერატორის დამარცხებას ავსტრიის თანადგომის გარეშე. ზუსტად ავსტრიის მხარდაჭერა მოკავშირეებისადმი იყო გარდამტეხი რუსეთის იზოლირებაში 1853-1856 წლების ყირიმის ომის დროს.
 

სამხრეთ კავკასია ევროპის კონტინენტი არაა და, მითუმეტეს, არც თანამედროვე პერიოდია მეცხრამეტე საუკუნე, მაგრამ პრინციპი, რომლითაც საქართველო დღეს შეიძლება ხელმძღვანელობდეს ავსტრიის მსგავს „ცენტრალურობას“ შეიძლება ეფუძნებოდეს. თურქეთისთვის ჩვენ რუსეთის შემაკავებელი უნდა ვიყოთ, ისევე, როგორც რუსეთი უნდა განიხილავდეს საქართველოს თურქეთის მზარდი გავლენისგან საჭირო სივრცედ. ბაქოსთვის ჩვენ ძალა ვართ, რომელთანაც მუდმივი მუშაობა მოუწევს მომავალში აზერბაიჯანულ-სომხური პოტენციური გართულებების დროს ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად. იგივე მიზანი უნდა ამოძრავებდეს სომხეთსაც.
 

მეტიც, საქართველომ შეიძლება ის მთავარი ნაკლი, რომელსაც ჩვენ ოფიციალური სამხედრო მოკავშირის არყოლას ვეძახით, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ხშირად ოფიციალური მოკავშირის არყოლა (ფიქსაცია ერთ რომელიმე მოთამაშეზე) ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში ლავირების უფრო მეტ საშუალებას აძლევს, რითაც სახელმწიფო ინტერესების უფრო მარტივად იდენტიფიცირება და დაცვა ხდება.
 

უფრო ფართო ხედვა რომ მოვიშველიოთ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიის ფონზე საქართველოს პოზიციის გაძლიერება ევრაზიაში სავაჭრო გზებზე მიმდინარე ცვლილებების სწორად გამოყენებითაც შეიძლება. „შუა დერეფნისთვის“, რომელიც თურქეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე გადის, დღეს, საკმაოდ სახარბიელო გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ეს კი საქართველოს არამარტო თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ხდის უფრო მეტად მნიშვნელოვან მოთამაშედ, არამედ კოლექტიური დასავლეთისთვის და ჩინეთისთვის.
 

დღეს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში სირთულეების მიუხედავად, გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ტენდენცია დროებითი ხასიათის იქნება. რუსეთზე გამავალი გზების ჩაკეტვის შემდეგ, ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე მისასვლელად საქართველო ერთადერთ სახმელეთო დერეფანად გარდაიქმნა. საქართველოს გარეშე წვდომა ცენტრაული აზიის ნაწარმსა და ბუნებრივ რესურსებზე ევროპას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. მეტიც, საქართველოს გარეშე ევროკავშირს წვდომა აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურზებზეც შეუმცირედება. როგორც ბრიუსელსა და ბაქოს შორის ახლახანს ხელმოწერილი ისტორიული ხელშეკრულება მოწმობს, ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს. საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება.

გააზიარე: