ვრცელი შესავლის ნაცვლად
ახლაც, ისე როგორც წინა ნამუშევრებში, გვინდა მტკიცებით საუბარს მოვერიდოთ და მკითხველთან კომუნიკაცია კვლავ მსჯელობის ფორმით ვაწარმოოთ, მით უფრო - საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით. თუმცა ამჯერად ჩვენს მსჯელობას განსხვავებულად - ვრცელი შესავლის გარეშე გავხსნით და მის ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე თეზას მოვნიშნავთ, რომლებიც მასალაზე მუშაობისას ჩვენი ფიქრის პროცესს თან სდევდა:
თანამედროვე მსოფლიოში აბსოლუტური უსაფრთხოება შეუძლებელია, ხოლო მისი უზრუნველყოფის დაპირება კი ფუჭი;
ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმის დამაჯერებლობის ძალა მკვეთრად დაქვეითდა;
საერთაშორისო სამართლისა და მასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი საგრძნობლად დაკნინდა;
პრევენციული პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა აშკარად გახდა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ კეთილ ნებასა და მონდომებაზე დამოკიდებული;
საერთაშორისო ურთიერთობათა ბალანსში ბირთვულმა კომპონენტმა დაკარგა პირვანდელი შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ეფექტი;
სამხედრო კონფლიქტის სტრუქტურა და ბუნება შეიცვალა, მისი პასიური და აქტიური ფაზების ურთიერთისაგან გარჩევა უსარგებლო გახდა გამოყენებული მეთოდების კომპლექსურობის გამო;
გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად გავრცელებულ მიდგომად დამკვიდრდა ე.წ. „სალიამის აგრესია“ (ან: თანდათანობითი აგრესია), ნაბიჯ-ნაბიჯ მოპოვებულ სამხედრო უპირატესობაზე პოლიტიკური შედეგის დაშენებითა და გაფორმებით.
აღწერილ პრინციპებზე ქცევის საოპერაციო კოდექსის უკეთ შესწავლა და ანალიზი, საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტაციაზე უფრო მეტად თუ არა, არანაკლებ მაინც, არის თანამედროვე უსაფრთხოების კონტექსტში ქართული უსაფრთხოების „ჭირ-ვარამის“ უკეთ, ყველაზე საღად დანახვის საშუალება. და თუ ასეთ ხედვაზე ვთანხმდებით, მაშინ: ქართული უსაფრთხოების სისტემის მართვის ყველაზე რეალისტური გზაც ჩამოსაყალიბებელია.
უსაფრთხოების დილემა: შესავალი (გაგრძელება იქნება)
ქართული უსაფრთხოების ქმედითი სისტემის გააზრებაში ორიგინალურობა მოდად იქცა. არ გვინდა ამ ტენდენციას ავყვეთ, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ამ სტატიაში „მოდურობას“ ბოლომდე ვერ ავირიდებთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თანამედროვე ვითარების არასტანდარტულობა ასეთივე არასტანდარტულ გააზრებას და დამკვიდრებული უსარგებლო კლიშეებისაგან გათავისუფლებას მოითხოვს. ასე მაგალითად, ქართულ სივრცეში მოჭარბებულია მსჯელობა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მეტწილად ფორმალურ სტატუსზე. ეს გასაგები და ლოგიკურია, მაგრამ ფორმალურ მხარეზე ცხარე დისკუსიებში დიდწილად იკარგება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი განმსაზღვრელი და განმაპირობებელი - მისი ფუნქციონალური დატვირთვა და გარე სამყაროსათვის საჭიროება. ქართული საგარეო პოლიტიკის სწორედ ამ კრიტიკულ წახნაგზე არაერთგზის გვისაუბრია. კერძოდ, წინა საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ ქვეყნისათვის „პრაქტიკული ფუნქციისა“ და „კონკრეტული სარგებლის“ გამოკვეთისაკენ მიმართული რამდენიმე პროექტი ჩვენს დროშიც კარგ და საჭირო შეხსენებად გამოდგება: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივა წარმოუდგენელია, თუ შენი შექმნილით სხვას არ ასარგებლებ და სხვის შექმნილს საშენოდ არ მოიხმარ. მხოლოდ ინტერესთა ასეთ გადაკვეთაზე აღმოცენებული ახალი წარმატებული პროექტები შეიძლება იქცეს საქართველოსათვის შიდა სტაბილურობისა და გარე სამყაროსათვის საჭიროების ერთ-ერთ კრიტიკულ წანამძღვრად. ახალი დროება და რეალიები 90-იანი წლების პოლიტიკური-დოქტრინალური ხაზის განახლებას მოითხოვს.
გარდა ამისა, უსაფრთხოების დილემა მართლაც რომ „დილემაა“, ვინაიდან საქართველოს მსგავს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია უსაფრთხოების სრული და უპირობო უზრუნველყოფა მხოლოდ ცალსახა მილიტარიზაციის ან მხოლოდ დათმობების გზით. მეტიც, როგორც ერთის, ისე მეორის შემთხვევაში, საჭირო ბალანსის დარღვევამ და რომელიმე უკიდურესობაში გადაშვებამ სულაც უკუეფექტი შეიძლება გამოიწვიოს - კიდევ უფრო წააქეზოს და შეაგულიანოს გარე აგრესია. ამდენად, ქართული ინტერესების გადმოსახედიდან, განსაკუთრებით კი რთული რეგიონის გათვალისწინებით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დილემის დამატებითი სირთულე მისი სწორი პროგნოზირებაა: ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ მიმართული გარე ქმედებების აღკვეთა რაც შეიძლება ადექვატური და გაწონასწორებული ღონისძიებების ხარჯზე - ისე და იმგვარად, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არც „ზომაზე აგრესიულ“ და არც „თვალშისაცემად შემგუებლურ“ ხელწერაში არ დაედოს ბრალი.
ერთი სიტყვით, წინასწარი დასკვნა ისაა, რომ მსოფლიოში შექმნილი (უ)წესრიგ(ობ)ის პირობებში არსებულ გამოწვევებზე აბსოლუტურად საიმედო და ქმედითი საპასუხო ფორმულა რთულად მოიძებნება. დროის ცალკეული მონაკვეთები და ცალკეული რეალისტურ-პრაგმატული გადაწყვეტები კი მოცემული მომენტისა და გარემოებების თანხვედრით განისაზღვრება. ცვალებად სამყაროში უსაფრთხოების ევოლუციონირებისა და სტატიკური, ე.წ. „სტატუს კვოს“ მოდელების ტრანსფორმირების სადემონსტრაციოდ საკმარისია თუნდაც ისეთი მაგალითების დასახელება, როგორებიცაა ფინეთისა და შვედეთის ამასწინანდელი გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ არაბლოკურ სტატუსზე, ავსტრიაში გახშირებული დებატები ქვეყნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სტატუსის შესახებ, შვეიცარიელების მიერ ნეიტრალიტეტის გადახედვა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთების „ისტორიული“ გადაწყვეტილება, დანიის ცალკეული პოლიტიკური წრეების მზადყოფნა, მიუერთდნენ ევროკავშირის საერთო თავდაცვით ინიციატივებს და სხვ.
ამდენად, რა გასაკვირია, რომ დასახელებული დილემა კიდევ უფრო დილემური ხდება ქართულ სინამდვილეში, რომელშიც მრავლადაა პასუხგაუცემელი შეკითხვები როგორც საკუთარი თავის თუ ჩვენი ქვეყნის პარტნიორების მისამართით, ისე გლობალური თუ რეგიონალური უსაფრთხოების სისტემების ქმედითობის თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ საკითხის ბუნდოვანება უფრო მეტად რომ არ გამძაფრდეს, ქართულ სახელმწიფოს მეტი მართებს საკუთარი საზოგადოებისათვის არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების უკეთ ასახსნელად და მასთან ერთად, საერთო ეროვნული კონსენსუსის მოშველიებით, მათზე რეაგირების ეფექტიანი საშუალებების მოსაძებნად.
ალტერნატივებისა და არჩევანის მრავალფეროვნება(?)..
სწორხაზოვანი ტრაექტორიით სვლიდან რამდენიმე შესაძლო ალტერნატივის განხილვისაკენ – აი, ასეც შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ქართული უსაფრთხოების პროგრესირება ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებთან ორგანული მისადაგების მიზნით. ამასთანავე, სწორედ რომ ალტერნატივების განხილვისას, თანაბრად დასაშვებად მიგვაჩნია მათი კომბინირება, ურთიერთშევსება, მონაცვლეობა და ჩანაცვლება: სწორედ ისე და იმდაგვარად, რომ თანამედროვე ტრანზაქციულ საერთაშორისო (უ)წესრიგ(ობა)ში უმთავრეს ქართულ იმპერატივს - ჩვენი უსაფრთხოებისათვის მაქსიმალურად შესაძლებელი პირობების შექმნას მოვემსახუროთ. ამასთანავე, წინათ ნათქვამის განმეორებად, ქართული რეალიზმის აუცილებელ მოთხოვნად მივიჩნევდით მიმდინარე საფრთხეების შესაფასებლად სისტემატურ „სტრეს-ტესტს“, რათა დროულად მოხდეს სწრაფად ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროში ეროვნული უსაფრთხოების რისკების დროული იდენტიფიცირება შესატყვისი პოლიტიკური, სამხედრო თუ ორგანიზაციული დაგეგმარებისათვის.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მაგისტრალური კურსია. ბოლო ხანებში - განსაკუთრებით კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველი სამიტის წინ თუ სამიტის დასრულებისას - ახალი იმპულსით განიხილება ალიანსის წევრობის მოლოდინები. ცხადია, ამაში უჩვეულო არაფერია, თუმცა უკვე წლებია, რაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა წევრობის პერსპექტივისა და პარტნიორი ქვეყნების შემხვედრი ნაბიჯების ბუნდოვანება. ჩვენ თუ გვკითხავთ, წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ შეფასდება ვერც ბოლო სამიტის ჩანაწერი „ინდივიდუალური წევრობის გეგმის“ პირობით საქართველოს გაწევრების შესახებ. მეტიც: ამ ჩანაწერით ნაბიჯი არათუ წინ, არამედ სადღაც „განზე“ და „გაურკვევლად“ გაკეთდა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს ამოქმედებული „ინდივიდუალური წევრობის გეგმის“ არქაულობა და არაადეკვატურობა არ ქმნის მკაფიოსთან თუნდაც ოდნავ მიახლოებულ წარმოდგენას. რეალურად კი, ეს ჩანაწერი უფრო „მოსაცდელ ოთახში“ ქვეყნის ჩარჩენის ლეგიტიმაციის მცდელობას ემსგავსება.
ალიანსის ქმედითუნარიანობისათვის თვისობრივად ახალ ტესტად იქცა უკრაინაში რუსეთის ხელახალი აგრესია. ომის დაწყებიდან განვლილმა ექვს თვეზე მეტმა პერიოდმა ნატო-ს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობა მისცა. მაგრამ ოფიციალური თბილისისათვის უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებული შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ეს შეკითხვა შემდეგნაირად ფორმულირდება: როგორ ესახებათ ალიანსის წევრებს აღმოსავლეთ ევროპისაკენ (ე.წ. „მოსაზღვრე ქვეყნებისაკენ“, საქართველოს ჩათვლით) გაფართოების პოლიტიკა? რამდენად იქნება იგი პრაქტიკულად ქმედითი და არამხოლოდ დეკლარირებული? ამ და სხვა დაკავშირებულ შეკითხვებზე ძირითადი პასუხი ალბათ უკრაინაში ომის დასრულების შედეგშია, თანაც არა მხოლოდ მის სამხედრო-პოლიტიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ მდგენელში. ვფიქრობთ, რომ ომის დასასრული - ევროპაში შესაძლო ახალი გამყოფი ხაზის გავლებით - მთავარ გეოპოლიტიკურ ძალთა შორის ახალ წყალგამყოფად იქცევა. ასეთ შემთხვევაში საკითხავია, გამყოფი ხაზის რომელ მხარეს აღმოვჩნდებით ჩვენ? რამდენად მაღალი იქნება ხსენებული ხაზის ამა თუ იმ მხარეს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ძალთა „კოჰაბიტაციის“ ხარისხი და იქნება თუ არა იგი საერთოდ? რამდენად მოახერხებს და ექნება თუ არა რეალური შესაძლებლობა ქართულ სახელმწიფოს, რომ უკრაინაში ომის ფინალის საერთოევროპული შედეგის გაფორმებამდე მაქსიმალურად მიაღწიოს იმას, რომ ახალი გამყოფი ხაზის გავლებისას „საქართველოს გარეშე საქართველოზე გადაწყვეტილება არ მიიღონ“? დღესდღეობით ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხები მხოლოდ დაშვებებითა და დათქმებით, კატეგორიული ფორმულირებების გარეშე წარმოგვიდგენია.
აღსანიშნია, აგრეთვე, რომ მრავალმხრივ ალიანსებზე საუბრისას, თვალთახედვის არეალის მიღმა რჩება ევროკავშირის ხელშეკრულებაში 2009 წლიდან ამოქმედებული 42(7) მუხლი, რომელიც ევროკავშირის წევრებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმის ფონზე, რომ უკრაინაში ომის ფორმალური დასრულების ერთ-ერთ პირობად შესაძლოა გახდეს ნატოში ქვეყნის გაწევრების სანაცვლოდ ევროკავშირში გაწევრებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. შესაბამისად, ასეთი ვარიანტი საყურადღებოა ჩვენთვისაც: აღმოსავლეთით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არგაფართოების „საკომპენსაციოდ“, ე.წ. „საზღვრისპირა ქვეყნების“ (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროკავშირში მიღების დაჩქარება. ცხადია, ესეც ერთ-ერთი ფორმულაა პოსტ-საბჭოურ სივრცეში არსებული გეოპოლიტიკური ვაკუუმის შესავსებად. ესეც, ბუნებრივია, მხოლოდ დაშვებაა რომელზეც ვრცელი მსჯელობა ჯერჯერობით რთულია.
და მაინც, რადგან ასეთი დაშვება გაისმა და მისი პერსპექტივა, თუნდაც ნაწილობრივ, არსებობს, გვსურს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის არსს მოკლედ შევეხოთ. მით უფრო, რომ ევროკავშირის ეს მეტად კონკრეტული - უსაფრთხოების - ასპექტი ქართულ სივრცეში პრაქტიკულად არ მოიხსენიება, ხოლო ძირითადი დრო და ყურადღება ნატოს თემატიკას მიაქვს.
მართალია, ხელშეკრულების 42(7) მუხლი მუხლი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან დახმარება გაუწიონ შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლად ქცეულ სხვა წევრ სახელმწიფოს, მიიჩნევა, რომ შესაბამისი მექანიზმი ხარვეზიანია. კერძოდ, არ არსებობს ურთიერთდახმარების ამოქმედების მტკიცედ გაწერილი ფორმალური პროცედურები; საკუთრივ მუხლის ფორმულირება მეტად სუსტია, რამეთუ ასახავს განსხვავებული პოლიტიკურ-სამხედრო აქტიურობის ქვეყნებს შორის კომპრომისს (დაწყებული ნეიტრალური ქვეყნებით და დამთავრებული ქვეყნებით, რომელთა საგარეო-პოლიტიკურ ხაზში „მილიტარიზმი“ დომინანტია); მუხლზე მუშაობა კი მიმდინარეობდა ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლზე უკან მოხედვით და სხვ. საგულისხმოა ისიც, რომ პრაქტიკაში ევროკავშირის 42(7) მუხლი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდა - საფრანგეთის დედაქალაქზე ცნობილი ტერორისტული თავდასხმის დროს.
ერთი სიტყვით, ევროკავშირის კოლექტიური კვაზი-უსაფრთხოება არის უფრო განზრახვათა მცდელობა, ვიდრე სრულყოფილი და რეალური ქმედითი სისტემის დასანერგად შემდგარი მოცემულობა. მის შემდგომ დახვეწას კი ესაჭიროება როგორც შესატყვისი საკანონმდებლო ტექნიკა, ისე პრაქტიკაც. მიუხედევად ამისა, საქართველოს - როგორც ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისათვის და ქართული უსაფრთხოების სისტემის მრავალწახნაგობის უკეთ წარმოსადგენად - ევროპული კავშირის საერთო თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების მუდმივი ანალიზი, მათზე დაკვირვება და ეროვნულ ინტერესებზე „მორგებისათის“ გზების კვლევა ევალება.
უსაფრთხოების მეტწილად მრავალმხრივი ალიანსებით, პრაქტიკულად, მთელი ცივი ომის ხანა გამოირჩევა. ეს პრაქტიკა განჭვრეტად მომავალშიც ძალაში დარჩება და თუნდაც ნატოს მაგალითის აღნიშვნა კმარა. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგებო ყურადღება ეთმობა ე.წ. „მინიალიანსებს“ – ქვეყნების გაერთიანებას რეგიონალურ-თემატური ნიშნით, რასაც მხარეთა მიერ საერთო საფრთხის თანაბრად გაცნობიერება უდევს საფუძვლად. ასეთი მინიალიანსების ტენდენცია მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიებში იკვეთება, იქნება ეს აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეს აუზი თუ სხვ.
შესაბამისად, რეგიონალური ნიშნით პოლიტიკურ-საკონსულტაციო თუ უსაფრთხოების სფეროში კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად მიმართული თანამშრომლობა, შესაძლოა, ქართული უსაფრთხოების სისტემის ერთგვარი „ბუსტერად“ თუ ხელშემწყობად გამოდგეს, - მით უფრო, ნატო-ს პრობლემატიკის გათვალისწინებით. ბოლოსდაბოლოს, ხომ ნაკლები რისკის შემცველი და უკეთესად პროგნოზირებადი სამეზობლო გარემო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე სათანადო მრავალმხრივი კონტაქტები. მეტიც, ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ მაგისტრალურ ხაზთან ერთად, ქართული უსაფრთხოების რეგიონალიზაციას დამატებითი, გნებავთ, კომპლემენტური ეფექტი ექნება.
ამავდროულად, რეგიონალურ-თემატური ნიშნით რაიმე გაერთიანებაზე ფიქრისას - მისი სიჯანსაღისა და ქმედუნარიანობისათვის - აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ, ასეთი შესაძლო გაერთიანების ქართულ და სხვა მონაწილეებს ცალსახად უნდა ესმოდეთ, თუ რა არის მათთვის საერთო საფრთხე. ამ მხრივ, ნებისმიერი ინტერპრეტაციის თავიდან აცილება უშუალოდ აისახება შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმებით ასამოქმედებელი ღონისძიებების დროულობასა და ეფექტიანობაზე. აქვე დავძენთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების ამოქმედებისათვის (ამ მხრივ, საგანგებო მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებათა (casus foederis) განსაზღვრას, რომლებიც ერთობლივი თავდაცვით ღონისძიებებს აამოქმედებს), შედარებით მეორეხარისხოვანია გაერთიანებაში მონაწილე მხარეთა ვალდებულებების მკაცრად ფორმალისტურ-იურიდიული გაფორმება. ასეთ დროს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საერთო საფრთხის თანაბარი გააზრება, ხოლო საერთო ღონისძიებების საფუძვლად შესაძლებელია გამოდგეს როგორც სამართლებრივი ნორმა, ისე პოლიტიკური დეკლარაცია ან განცხადება - ე.წ. დე ფაქტო ვალდებულებები. შედეგად, საერთო საფრთხესა და გასატარებელ ღონისძიებებს შორის კავშირი იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ პრაქტიკულად გამოირიცხებოდეს ღონისძიებათა გატარებისათვის თავის არიდება ან დაყოვნება. არანაკლებ საყურადღებოა მსგავსი გაერთიანებით გათვალისწინებული უსაფრთხოების სისტემის გეოგრაფიული არეალი და ხანგრძლივობა, თუმცა ეს უკვე „დეტალებია“, ხოლო უმთავრესი მაინც გაერთიანების წევრთა მიერ საფრთხის შეკავებისა და აღკვეთის პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის რეალური დემონსტრირებაა.
ქართული უსაფრთხოების ერთ-ერთ წახნაგად ე.წ. ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებებიც შესაძლოა მოიაზრებოდეს. მათ პრაქტიკულ სარგებელსა და დასაშვებობაზე წარსულში ასევე რამდენჯერმე ვრცლად ვისაუბრეთ და აქ მხოლოდ ამ მოროგი წახნაგის მოხსენიებით შემოვიფარგლებით.
ბოლო პერიოდის დისკუსიებში დროდადრო გაიელვებს საქართველოს, როგორც ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნის შესაძლებლობა. ამ საკითხზე – როგორც უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტზე – მსჯელობა არათუ ზედაპირული, არამედ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მეტიც, თავად სიტყვა „ნეიტრალიტეტი“ ასოცირდება ქვეყნის კონკრეტულ გეოპოლიტიკურ და საგარეო ხაზთან, რაც, ვფიქრობთ, არასწორია და პრობლემის სიღრმისეული განხილვის თავიდან არიდების მცდელობაა.
ამ სტატიაში ნეიტრალიტეტის თაობაზე დეტალიზებას შეგნებულად მოვერიდებით. ვფიქრობთ, რომ საკითხზე საგნობრივ მსჯელობას მშვიდი, დინჯი და მიუკერძოებელი გარემო სჭირდება. თუმცა, რადგან უსაფრთხოების დილემის ჭრილში ქართულ მრავალწახნაგობაზე ვსაუბრობთ, ჩვენივე სუბიექტური გაგებით რამდენიმე ასპექტს მაინც მოვნიშნავთ - თუნდაც შმდგომი მსჯელობის ხელშეწყობისათის და ესეც მხოლოდ (რიტორიკული) შეკითხვების ფორმით.
ასე მაგალითად, ერთ-ერთი აუცილებლად განსახილველი ასპექტი არის ის, თუ რამდენად თანამედროვეობასთან შესატყვისია (ამჟამინდელი საერთაშორისო ურთიერთობის სპეციფიკის კონტექსტში) თვით სიტყვა „ნეიტრალიტეტი“? გარდა ყურისმომჭრელი ჟღერადობისა, რამდენად პრაქტიკულ და რეალურ შინაარსს ატარებს იგი დღევანდელი მსოფლიოს ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთდაკავშირებულობის პირობებში? მეტიც, ვთქვათ და „ნეიტრალურად“ ქცევის სურვილის შემთხვევაში, როგორია ასეთი სურვილის რეალიზების მექანიზმი? აქ საუბარია არა უბრალოდ სტატუსის დეკლარირებაზე - ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ფიქციის შექმნაზე - არამედ სტატუსის ხელშესახებ (და არა პირობით) საერთაშორისო უზრუნველყოფაზე. ქმნის კი არსებული გარემო ქვეყნის „ნეიტრალურობისათვის“ ნამდვილ სივრცეს, მაშინ როდესაც „ავთენტურად“ ნეიტრალური ქვეყნები ან ღრმა ისტორიული მემკვიდრეობის გამოძახილია ან ასევე ისტორიას მიბარებული მეორე მსოფლიო ომის შედეგია? ვიმეორებთ: აქ მხოლოდ შეკითხვების წამოჭრით შემოვისაზღვრებით, თუმცაღა მართებული შეკითხვის წამოჭრა უკვე ხომ ნახევარი საქმეა.
ამ კონკრეტულ წახნაგზე მოკლე ჩანართის დასასრულს კვლავ ტერმინს რომ მივუბრუნდეთ. ნაცვლად დიდწილად ფიქციური „ნეიტრალიტეტისა“, კონკრეტულ არსთან გაცილებით უფრო მიახლოებული ხომ არ იქნებოდა „სამხედრო მიუმხრობლობა“? არსებული საფრთხეების მინიმიზაციის თვალსაზრისით, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მიმართ ქვეყნის მიუმხრობლობა ხომ არის ის კონკრეტული შინაარსი, რომლის ძიებაშიც არიან „ნეიტრალები“? და თუ ეს ასეა, მაშინ, ვფიქრობთ, რომ სადისკუსიო თემა რეალურად იკვეთება. მით უფრო, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად წარმოებულმა ომმა წარმოაჩინა რიგი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში ე.წ. ბალანსირების ხაზი: პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ჰუმანიტარული დღის წესრიგის დომინირება სამხედრო მდგენელის მაქსიმალურად მინიმიზაციის პირობით. ეს ისევ და ისევ ქართული უსაფრთხოების დილემის კონტექსტში ერთ-ერთ სადისკუსიო საკითხად მხოლოდ.
და ბოლოს. გასათვალისწინებელია, რომ „ნეიტრალურობის“ ფორმულის შესაძლებლობაზე საუბრისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ნეიტრალური სტატუსის მთავარი უზრუნველმყოფი საკუთრივ მოცემული ქვეყანა, მისი უსაფრთხოების სისტემა და თავდაცვის ძალებია. ამ მტკიცე წინაპირობისა და მისი მაღალი ხარისხის, მყარი მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე, თვითგამოცხადებული ან სხვათა მიერ აღიარებული ნეიტრალიტეტი მხოლოდ შინაარსდაცლილ ჟღერადობად შეიძლება შეგვრჩეს მხოლოდ. ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს და სხვა ასპექტები სრულფასოვან და კომპეტენტურ განხილვას მოითხოვს სწორი დასკვნების გასაკეთებლად.
უსაფრთხოების დილემა: გაგრძელება
უსაფრთხოების საკითხებზე განხილვისას ხშირია ბრალდება, თითქოსდა, შემოთავაზებულ თემატიკაზე რეალიზმის მოშველიებით მსჯელობა დაცლილია ეთიკისა და ჰუმანიზმის ნორმებს. ეს ბრალდება, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა, ხოლო რეალიზმისა და მორალის კავშირი ჩვენს წინა პუბლიკაციაში შედარებით ვრცლად განვიხილეთ.
აქ მთავარი გზავნილი არის არა ის, რომ პრობლემის შეჯერებისას განზე უნდა გადავდოთ მორალი და ზნეობა, არამედ ის, რომ მორალურ-იდეოლოგიზებული სწავლებებით გატაცებამ თავად პრობლემის სწორად დანახვასა და გადაჭრაში არ უნდა შეგვიშალოს ხელი. ეს მით უფრო აქტუალურია საქართველოს შემთხვევაში, როდესაც უსაფრთხოების სფეროში ზედმეტმა „იზმებმა“ ჩვენთვის ესოდენ მწირი რესურსი და ძვირფასი დრო ტყუილად და უნაყოფოდ არ დაგვახარჯვინოს - მხოლოდ ელექტორატის სიმპათიისა და ანგაჟირებული მედიის „გულის“ მოსაგებად. არსებული და სამომავლო გამოწვევების გათვალისწინებით, „ქართული პოლიტიკური სკოლისათვის“ ასე დამახასიათებელი რომანტიზებაც არ გამოგვადგება – წარსულზე მოჭარბებული ნოსტალგიით თუ აწმყოსა და მომავალში ჩვენი უმოქმედობისა თუ უუნარობის მიჩქმალვით. ეს სხვა არაფერია, თუ არა უხეირო მცდელობა, შეინიღბოს პრევენციული და პროაქტიული პოლიტიკის არარსებობა.
მარტივად: საგარეო პოლიტიკისა და, მით უფრო, უსაფრთხოების თანამედროვე გარემოში რეალიზმისა და ეთიკის ერთმანეთთან ხელოვნური დაპირისპირება ღრმად კონტრპროდუქტიულია. ეს მიუღებელია. არც იმას ვამბობთ, რომ საფრთხეებისადმი დამოკიდებულებაში ქართულმა სახელმწიფომ სრულად თქვას უარი ეთიკასა და მორალზე. ცხადია – არა. არც იმასაკენ მოვუწოდებთ, რომ მეტისმეტად გავერთოთ გეოპოლიტიკური ემპათიით, თუმცაღა მისი დოზირებული გამოყენება, როგორც წესი, საგარეო და უსაფრთხოების ხაზში ნავიგაციისათვის მეტად სასარგებლოა.
უფრო მარტივად: უსარგებლო იდეალიზმსა და გადაჭარბებულ თეორიზებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ იძლევა საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის მრავალ თემაზე სრულფასოვანი საუბრის საშუალებას, მათ შორის, ისეთ საკითხზე, როგორიცაა დიდი და პატარა ქვეყნების ურთიერთობის თანამედროვე სპეციფიკა. შედეგად კი, პრაქტიკულობის თვალსაზრისით, ქართული პოლიტიკა ხელშესახები სარგებლის, რეალური დანიშნულებისა და საჭირო რეზულტატის „დადების“ მხრივ, მხოლოდ დაზარალდება. საკუთარ თავს დროდადრო უნდა შევახსენოთ, რომ თანამედროვე უსაფრთხოების დილემის პირობებში მიზნის მისაღწევად მიზანშეწონილობასა და საყოველთაო სიკეთეს შორის არჩევანის სივრცე თანდათანობით იშლება: მიზანშეწონილობის რაციონალურობა უფრო და უფრო ავიწროებს მხოლოდ ღირებულებებით ოპერირების სივრცეს.
ცალკე პრობლემაა, თუ როგორ ვცადოთ რომ ვმართოთ - შეფარდებითი წარმატებით მაინც - თანამედროვე უსაფრთხოების დილემიდან მომდინარე გამოწვევები; როგორი მეთოდებისა თუ მიდგომების მოშველიებით მოვირგოთ ან მოვერგოთ ამ მეტად არაორდინალურ და რთულად პროგნოზირებად გარემოს ისე, რომ შეძლებისდაგვარად ხელუხლებლად შევინარჩუნოთ ჩვენი უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტი - ქვეყნის უსაფრთხოება. ამაზე დამატებით ვიმსჯელებთ მკითხველთან ერთად.