ხათუნა ბურკაძე - საფრთხეების ზრდის ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაცია დასაჩქარებელია


შესავალი


21-ე საუკუნეში კრემლის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია, მობილიზაციის გამოცხადება და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მკაფიოდ წარმოაჩენს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დრამატულ მხარეებს. მიანიშნებს, რომ პროცესი კიდევ უფრო სახიფათო მასშტაბებს იძენს. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებად აქციოს. ცხადია, აღნიშნული ბრძანებულება ბათილია, რადგან საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელყოფითაა მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც უკანონობას ეფუძნება შეუძლებელია იქცეს კანონიერად და სამართლებრივი შედეგები წარმოშვას. სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა და ერთგვარი მცდელობაა კოლონიალიზაციის პერიოდში დაბრუნებისა. მოსკოვის მოქმედებები ილუსტრაციაა იმისა, რომ კრემლს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება სურდა. ამ კონტექსტში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა: „ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდა გჯეროდეთ - ამან უნდა გაგიყინოთ სისხლი ძარღვებში“. დღეს ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველ, ერთგულ ლიდერებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სწორედ უკრაინაში წყდება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მომავალი. 
 

ერთი კაცის მიერ არჩეული ომი 


დასავლეთი ყოველთვის ცდილობდა დიპლომატიური და სხვა მშვიდობიანი ინსტრუმენტების გამოყენების მეშვეობით დაეძლია რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სარფრთხეები. 2022 წლის 24 თებერვლამდე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაიმართა მოლაპარაკებები, შედგა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტების დონეზეც. მიუხედავად ამისა, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა და უსამართლო ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია. კრემლა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა მოსპო და  არაერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მეტიც, პუტინის ირაციონალურობამ კაცობრიობა შესაძლოა ბირთვული ომის რეალური საფრთხის წინაშე დააყენოს. ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი აღნიშნავს, რომ ,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ და ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს“. 


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განმარტებით კი  „მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არ სწყურია მშვიდობა, როგორც უკრაინას. ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს ომი და არასოდეს ავირჩიეთ ის, ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით".


პუტინის მიერ არჩეულ ომს მოწინააღმდეგეები ჰყავს რუსეთის შიგნითაც. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე  რუსეთში გარე და შიდა მიგრაციის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა. პუტინს არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყება შესაძლოა პოლიტიკურადაც ძალიან ძვირი დაუჯდეს და ამას მოჰყვეს მისი საბოლოოდ ხელისუფლებიდან ჩამოშორება. 


მიუხედავად კრემლის მუქარისა, რეზერვისტების რაოდენობის გაზრდისა და უკანონო რეფერენდუმების შედეგად ძალით უკრაინის ტერიტორიების მიერთებისა, საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერით, უკრაინა  კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებას აგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტის,  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღეებში, რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის 500 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამასთანავე,  რუსული ძალაუფლების ორი ცნობილი სიმბოლო - მართვადი სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ქერჩის ხიდი - უკრაინულ ყირიმში დაეცა. უკრაინა, პარტნიორების დახმარებით, დეოკუპაციის პროცესის წარმატებით დასრულებასა და გამთლიანებას შეძლებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობა

დღევანდელი გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა არ ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო - უშიშროების საბჭო არათანასწორ, არაპარიტეტულ საწყისებზეა შექმნილი. ამ სისტემაში მცირე სახელმწიფოებისათვის რთულია საკუთარი ინტერესების დაცვა.  ყოველდღიურად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფის ფონზე, ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო პოლიტიკის განმსაზღვრელ ფაქტორს ფასეულობების ნაცვლად გარკვეული ინტერესები წარმოადგენს, მათ შორის ის ინტერესები, რომლებიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამაზიანებელია. ამიტომაც თითქოს საერთაშორისო სამართალმა რეალურ, პრაქტიკულ ვითარებაში მნიშვნელობა დაკარგა, რადგან აღნიშნული ნორმების ხელყოფას არ მოსდევს მყისიერი, ეფექტიანი რეაგირება. ამ საკითხებზე მსჯელობას კიდევ უფრო ამძაფრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის, საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტები ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მოქმედებების სახით. მეტიც, დღეს კრემლის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარიც კი განიხილება.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო წესრიგის „ჩვენს თვალწინ ნაკუწებად ქცევაში“ დაადანაშაულა.


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა უშიშროების საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებაზე ყურადღება გაამახვილა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივი და არამუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდას. ხოლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყების გამო რუსეთისათვის გაერო-ს უშიშროების საბჭოში წევრობის შეჩერება ავტომატურად უნდა ხდებოდეს. 


გაერო-ს წესდების მე-4 მუხლის თანახმად, გაერო-ს წევრობა შეუძლია ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს, რომელიც მზადაა წესდებით დადგენილი ვალდებულებები შეასრულოს. აუცილებელია, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა მოიწვიონ კონფერენცია  გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნასა და გაერო-ს წესდების იმ ნორმების გადახედვასთან დაკავშირებით, რომლებიც სისტემას არა თუ დროულად გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას არ აძლევენ, არამედ მთლიანად პროცესს აჩერებენ. ვეტოს უფლების გამოყენება  საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულების დამაბრკოლებელ ფაქტორს არ უნდა წარმოადგენდეს. კოლექტიური უსაფრთხოების ახალი სისტემის ამოსავალი პრინციპი სახელმწიფოთა თანაბარი წარმომადგენლობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.
 

ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა 


მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, ეს რთული და, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რეგიონალურ დონეზე სათანადო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გაძლიერება. 
 

კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული და უსამართლო ომი ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის კატალიზატორია. პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის დაფუძნებით ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის, სისტემის შექმნის ტენდენციები იკვეთება. აღნიშნული პლატფორმა ევროპის 44 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აერთიანებს. მასში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა და 17 პარტნიორი სახელმწიფო. ნიშანდობლივია, რომ ამ გაერთიანების ყველა ლიდერმა გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი, რაც თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინელებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. პლატფორმის ფარგლებში მონაწილეებმა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებები, ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის დაძლევის გზები განიხილეს.
 

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა,  „ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა რუსეთის გარეშე ჩამოყალიბდება არა იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რომ რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინის მიერ იქნა გარიყული“.
 

დღეს ევროკავშირისა და ნატო-ს თითქმის ყველა წევრი ქვეყანაა ჩართული უკრაინის სხვადასხვა თვალსაზრისით მხარდაჭერის, დახმარების პროცესში, რაც აუცილებელია უკრაინის საბოლოო გამარჯვებისათვის. მისი გამარჯვება კი ნიშნავს ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესის წარმატებით დასრულებას და სუვერენული ევროპული სახელმწიფოების დაცვისათვის ახალი გარანტიების შექმნას. 
 

დასკვნა


საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მოწყვლადობის ფონზე, საქართველომ პროაქტიული საშინაო და საგარეო პოლიტიკითა და კონსტრუქციულობით უნდა მიაღწიოს ეევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებს. ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია როგორც ევროკავშირის, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიმართულებით. აღნიშნული სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორებთან, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება. ცნობისათვის, 2022 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის ძალების  შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.  ამასთანავე, ამა წლის 5-7 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა ბონი  ჯენკინსმა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 


საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას გავხდეთ პროცესების ფასილიტატორები როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე შავი ზღვის რეგიონში.  ამ გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის შიგნით საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გაერთიანებას მოითხოვს, რაც უნდა შევძლოთ.


 

გააზიარე: