აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: აქცენტები და გამოწვევები

ავტორი:

ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი ის სტრატეგიული დოკუმენტებია, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით იქმნება და სადაც ამა თუ იმ სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნები და ხედვები არის მოცემული ეროვნული უსაფრთხოების გარემოსთან მიმართებაში. საქართველოს შემთხვევაშიც, ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია აგერ უკვე 11 წლიანი დაძველების არის. განსხვავებით ღვინისგან, ამგვარი პაუზა ფუძემდებლური დოკუმენტის შექმნის პროცესში, კარგზე არაფერზე მეტყველებს და როგორც წესი არსებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის არათანმიმდევრულობას და მის მიმართ ზერელე დამოკიდებულებას მიუთითებს ხოლმე. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა იმდენად შეცვალა გლობალური უსაფრთხოების გარემო, რომ გამზადებული სტრატეგიული დოკუმენტები ხელახლა გახდა გადასწერი. გამონაკლისი არც საქართველოა, რომლის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გზაშია. 


იგივე მიზეზებით დაგვიანდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS - National Security Strategy), რომელიც აშშ-ისთვის რეკორდულად გვიან გამოქვეყნდა - ბაიდენის თეთრ სახლში მისვლიდან 22 თვეში. აღნიშნული დოკუმენტის ის ნაწილი რომელიც საქართველოს ეხება, მეტნაკლებად ფართოდ გაშუქდა ქართულ სივრცეში, თუმცა დოკუმენტის სხვა ძირითადი აქცენტები ყურადღების მიღმა დარჩა.


ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია როგორც წესი წინ უსწრებს საიდუმლო „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას“ და „ბირთვული მდგომარეობის მიმოხილვას“ - ორ დოკუმენტს, რომლებიც ჩვეულებრივ ქვეყნდება NSS-ის შემდეგ და ასახავს ადმინისტრაციის ფართო ხედვას ეროვნული უსაფრთხოების უფრო ვიწრო საკითხებზე. აღნიშნული დოკუმენტები ჯერ კიდევ მარტში გადაიგზავნა კაპიტოლიუმში, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის გამო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შეყოვნება მოხდა.


ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აშშ-ს მხრიდან სამი ძირითადი მიმართულებით აქტივობებს გულისხმობს: 

 

  • ინვესტირება „ამერიკული ძალაუფლებისა და გავლენის ინსტრუმენტებში“ ეკონომიკის გაძლიერებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვით და ინვესტიციების განხორციელებით საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორიცაა მიკროჩიპები და ნახევარგამტარები;
  • „ერთა ყველაზე ძლიერი კოალიციის შექმნა“ გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმებების გაღრმავების მეშვეობით;
  • სამხედრო ძალების მოდერნიზება, რათა მას ქონდეს უნარი შეებრძოლოს სტრატეგიულ საფრთხეებს, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი და ასევე შეინარჩუნოს სამშობლოს დაცვის უნარი ტერორისტული საფრთხეებისგან;


სტრატეგია ასევე აქცენტს აკეთებს აშშ-ს სამხედრო სამრეწველო და ინდუსტრიული შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე. ისეთ სფეროებში ინვესტიციების აუცილებლობაზე, როგორებიც არის: კოსმოსური და კიბერ შესაძლებლობები, ხელოვნური ინტელექტი და კვანტური სისტემები.


საერთო ჯამში დოკუმენტში არც თუ ბევრი სიურპრიზია. ის საფრთხე, რომელიც ჩინეთის აღზევებისაგან და ავტოკრატიული ქვეყნების მხრიდან მოდის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ძირითადი ფოკუსია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნით გავლენა იქონია გეოპოლიტიკურ პროცესებზე და აშშ-ის მხრიდან დიდი ძალისხმევას ითხოვს, პრეზიდენტის მრჩევლის ერ. უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის თქმით, კონფლიქტს არ მოუხდენია კარდინალური გავლენა დოკუმენტის ძირითად ფოკუსებზე. 


მიუხედავად, ამისა, როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებშია და საინტერესოა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ხაზის გასმა.


„ინტეგრირებული შეკავების“ კონცეფცია


მაშინ, როდესაც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის არა საიდუმლო ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა, პენტაგონის ოფიციალური პირები, მათ შორის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ ამბობენ, რომ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ძირითადი ქვაკუთხედი ეწ. „ინტეგრირებული შეკავების“ კონცეფცია იქნება, რომელიც აშშ-ის სამხედროების მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივ მეშაობას გულისხმობს, როგორც აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოწინააღმდეგეზე ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის გაღების მიზნით. ლოიდ ოსტინის სიტყვებით, აღნიშნული კონცეფციის მიზანია: „შეუფერხებლად გავაერთიანოთ ჩვენი (აშშ-ს) შესაძლებლობები, რათა დავარწმუნოთ პოტენციური მოწინააღმდეგეები, რომ ზიანი მათი მტრული საქმიანობის  შედეგად ბევრად აღემატება შესაძლო სარგებელს - ნებისმიერ თეატრში, ნებისმიერ დომეინში თუ, პოტენციური კონფლიქტის სპექტრში“.


მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში „ინტეგრირებულ შეკავება“ მხოლოდ ერთგან გვხდება, სამხედრო მოდერნიზაციის ნაწილში, ეს აჩენს რისკს, რომ აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მიღებული და გაზიარებული კონცეფცია იქნება და არა სხვა სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდანაც ადაპტირებული მიდგომა.


ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია უფრო ვიწროდ აღწერს „ინტეგრირებული შეკავებას“ თავდაცვის დეპარტამენტის კომპეტენციის ჭრილში, როგორც -კონვენციური და ბირთვული შესაძლებლობების ტრადიციულ საყრდენს. მაშინ როდესაც, არა ერთი ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით, კონცეფცია შეიძლება რეალობაში არ წარმოადგენდეს ამდაგვარი გაგებით შეკავების ქვაკუთხედს, ვინაიდან შეკავება არა მხოლოდ თავდაცვის ჭრილში იგულისხმება, არამედ ერთიან სამთავრობო მიდგომას მოითხოვს, რაც სცდება მხოლოდ თავდაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას.


ინტეგრირებული შეკავების დეფინიცია, დოკუმენტში ვერ წყვეტს მთავარ შეკითხვას, რომელიც აღნიშნულ კონცეფციასთან მიმართებაში არსებობს და ამას არა ერთი ამერიკელი ექსპერტიც ასახელებს. კერძოდ - მოწინააღმდეგეზე დასჯის ამდენი განსხვავებული ინსტრუმენტით მუქარა ხდის თუ არა აშშ-ს რეალობაში უფრო ქმედუნარიანს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც აშშ ყოველთვის არ არის თანმიმდევრული ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებში. ეს პრაქტიკაში აჩენს საფრთხეს, რომ მოწინააღმდეგე რეალურად ვერ აღიქვამს შეკავების პოტენციურ შედეგებს, რაც ამ კონცეფციის ეფექტურობას  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


„სტრატეგია რეალობის პირისპირ“


აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია კარგად აღწერს იმ კომპლექსურ გარემოსა და გამოწვევებს, რომელიც დღეს აშშ-ის წინაშე არსებობს. დოკუმენტის მიხედვით აშშ იმყოფება ე.წ. „გადამწყვეტ დეკადაში“, სადაც  თითქმის თანაბარი წონის მოთამაშეების ჩინეთისა და რუსეთის აქტივობებს უნდა შეებრძოლოს და იმავე დროულად გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორებიც არის ინფლაცია, კლიმატის ცვლილება, პანდემიები და სხვა საკითხები რომელიც აშშ-ის მოქალაქეების კეთილდღეობას ეხება. 


დოკუმენტი პრობლემის აღწერის ნაწილში კარგად გადმოსცემს ყველა იმ საკითხს, რომელიც პლანეტარული მასშტაბით დღეს აშშ-ს მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ნაკლებად არის მასში მოცემული დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზების იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული მიზნების რეალიზაციას პრაქტიკაში. 


ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით. აშშ-ს ყველაფერი უნდა თანაბრად: ჩინეთთან კონკურენცია, რუსეთის შეკავება, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიაზე სამოქმედოდ გლობალური კოალიციების შექმნა, დემოკრატიის გაზიარება როგორც მთავარი გამაერთიანებელი პრინციპის საერთაშორისო ურთიერთობებში და ამავ დროულად ავტოკრატიულ რეჟიმებთან მუშაობა; ასევე, დიპლომატია უპირველესყოვლისა პრინციპის დაცვა სამხედრო დომინირების შენარჩუნების პირობებში; ვაჭრობის, როგორც საგარეო პოლიტიკის ძირეული კომპონენტის გამოყენება, იმდაგვარი სავაჭრო შეთანხმებების უარყოფის ფონზე, რომელიც სათამაშო არეალის თანაბრობის პრინციპს ეწინააღმდეგება.


მაგრამ იბადება კითხვა, თანაბრად ეყოფა თუ არა რესურსი აშშ-ს ყველა ამ მიმართულებით მიზნების მისაღწევად და ხომ არ გახდება საჭირო ამოცანების ლიმიტირება შეზღუდული რესურსების პირობებში?


აქვე გავიზიარებთ ამერიკელი ანალიტიკოსების კრიტიკას, რომ თუ გავითვალისწინებთ, აშშ-ს ძალების არა საკმარის პროექცირებას ინდო-წყნარი ოკეანეთის არეალში, მიზნებისათვის არასაკმარის თავდაცვის ბიუჯეტს და უმთავრესი სამხედრო სისტემების შესყიდვების დაბალ ტემპს, ეს სერიოზულ საფრთხეს აჩენს, რომ მიზნებსა და გაწეულს ძალისხმევას შორის სხვაობა გაიზრდება.
 

ჩინეთის ფაქტორი და კლიმატის ცვლილებები


ამდაგვარი ამბიციური მიზნებისა და გარემო პირობებში, ჩინეთი კვლავინდებურად ნომერ პირველი მოწინააღმდეგედ არის წარმოჩენილი, რომელიც შესაძლოა ასევე არაა კმაყოფილი მისი დღევანდელი საზღვრებით. დოკუმენტში აშშ ჩინეთს უწოდებს „ერთადერთ კონკურენტს, რომელსაც აქვს განზრახვა შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და, სულ უფრო და უფრო მეტი, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალისხმევით ცდილობს დასახული მიზნების მიღწევას“.


მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იმედოვნებს გამოიყენოს თავისი ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი ავტორიტარული ინტერესების წინსვლისთვის, მაინც შესაძლებელია აშშ-ისა და ჩინეთის მშვიდობიანი თანაარსებობა - ნათქვამია სტრატეგიაში.


„ჩვენ პეკინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ - სინციანში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე, ტიბეტში ადამიანის უფლებების დარღვევაზე და ჰონგ-კონგის ავტონომიისა და თავისუფლებების დემონტაჟზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა, შეერთებული შტატები მზად იქნება იმუშაოს ჩინეთთან, როდესაც მისი ინტერესები ამერიკის ინტერესებს შეესაბამება.


„აქტიური კონკურენციის კვალდაკვალ, ჩვენ ვმართავთ ამ კონკურენციას პასუხისმგებლობით“, - ნათქვამია სტრატეგიაში. „ჩვენ ვეძიებთ უფრო დიდ სტრატეგიულ სტაბილურობას ისეთი საშუალებით, რომლებიც შეამცირებს გაუთვალისწინებელი სამხედრო ესკალაციის რისკს, გააძლიერებს კრიზისულ კომუნიკაციებს, ავაშენებთ ურთიერთ გამჭვირვალობას და ჩავრთავთ პეკინს შეიარაღების კონტროლის უფრო ფორმალურ ძალისხმევაში“.


სტრატეგია განსაკუთრებულ აქცენტს ახდენს კლიმატის ცვლილების საკითხზე და მას ფაქტობრივად, ნომერ პირველ საკითხად წარმოადგენს. სიტყვა კლიმატი დოკუმენტში 65-ჯერ გვხდება. 


ჯამში, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ უკიდურესად მზარდ მულტიპოლარულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც აშშ-ის წარმოგვიდგება როგორც დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, სადაც ამ სამყაროს კეთილდღეობას მოკავშირეებთან მჭიდრო მუშაობა ჭირდება. თუმცა აშშ-ს ძალაუფლებასაც გააჩნია ლიმიტი და საზღვრები. აქვე ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ბუნდოვანია ის ახალი საჭირო ცვლილებები აშშ-ს პოლიტიკა(ებ)ში, რამაც კონკრეტულად უნდა უზრუნველყოფას მისი ინტერესების მაქსიმალურად რეალიზება და დემოკრატიული სამყაროს მდგრადობა არსებული გამოწვევების წინაშე. 

 

გააზიარე: