ფინანსების გავლენა განათლების პოლიტიკაზე


განათლების პოლიტიკის მნიშვნელობა
 

განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი კანონმდებლობითა და საერთაშორისო დეკლარაციებით არის გარანტირებული, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციითაც. შედეგებზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნების განვითარების მძლავრ ინსტრუმენტს. აღნიშნული დარგის გაძლიერება ეხმარება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეკონომიკის განვითარებას, სიღარიბის აღმოფხვრას, მშვიდობის, სტაბილურობისა და გენდერული თანასწორობის მიღწევას, შესაბამისად ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას.


განათლების თითოეულ საფეხურზე დროული ფინანსური ინვესტირება და რესურსების სწორად განაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ევროპის განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) მოუწოდებს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე, ვინაიდან ემპირიული მტკიცებულებების მიხედვით, ფინანსებისა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას ყველაზე დიდი გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე სწავლების ადრეულ წლებში აქვს. მაშინ როდესაც, სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე ინვესტიცია ეხმარება მოსწავლეებს კოგნიტური, სოციო-ემოციური უნარების განვითარებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით კონტრიბუცია აუმჯობესებს განათლებიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესს და უზრუნველყოფს სტუდენტებში თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას.
 

წარმატებაზე მოქმედი ფაქტორები
 

მსოფლიოში გვხვდება არაერთი სახელმწიფო, რომელთა ეკონომიკური განვითარება ხელისუფლებებმა განათლების ფუნდამენტური რეფორმებით დაიწყეს. შესაბამისად, ძლიერი განათლების სისტემის ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნების გვერდით, გვხვდება სახელმწიფოები, რომლებმაც გარდატეხა გასულ საუკუნეში მოახდინეს და ერთ-ერთი წარუმატებელი სისტემიდან  ყველაზე წარმატებულად გარდაიქმნენ. ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება ფინეთი და სინგაპური, მათი წარმატების ისტორია დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ითვლის. 


ფინეთმა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები დაახლოებით 40 წლის წინ დაიწყო. სისტემის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ფინელი მოსწავლეები საერთაშორისო შეფასებებში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, ამასთანავე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კოეფიციენტით ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში, ასევე მაღალია სტუდენტების ინტერესი და ჩართულობა პროფესიულ განათლებაშიც. სასკოლო სისტემის წარმატების მიზეზად სახელდება სამართლიანობა, აღნიშნული გამოიხატება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა დონეზე, ასევე მასწავლებლების საქმიანობაში, რაც გულისხმობს მოსწავლის ჩამორჩენის იდენტიფიცირების და მისი ადრეული აღმოფხვრის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალური პოლიტიკა, რომელიც გამოიხატება სოციალურ სტაბილურობასა და მასთან დაკავშირებული შედეგებში. ფინური განათლების სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობაა, მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა განსაკუთრებულად მოთხოვნადი და კონკურენტულია, რაც მასწავლებელთა კორპუსში მაღალკვალიფიციური კადრების მობილიზების შესაძლებლობას იძლევა.


სინგაპურის წარმატების ისტორიაც დაახლოებით 50 წელს ითვლის. რეფორმების დასაწყისში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა განათლება ეკონომიკური განვითარების კონტექსტში განიხილეს. შესაბამისად, განსაზღვრეს ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის წიგნიერების დაბალ მაჩვენებელში და მიზნად სწორედ აღნიშნული პრობლემის დაძლევა დაისახეს. სინგაპურის სისტემა დაფუძნებულია მკაცრად ცენტრალიზებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, საგნების სწავლების ერთიან მიდგომასა და ხშირ გამოცდებზე. საგანმანათლებლო სისტემის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მასწავლებელთა მაღალი ავტონომიურობა სახელდება. ამასთანავე აღსანიშნავია, სამხრეთ აზიის რეგიონისთვის დამახასიათებელი ძლიერად მერიტორკატიული კულტურის გავლენა.


მიუხედავად იმისა, რომ  ფინეთისა და სინგაპურის საგანმანათლებლო სისტემების მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, შედეგი მსგავსია - ყველა საერთაშორისო შეფასებაში ამ ქვეყნების მოსწავლეები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, რის გამოც აღნიშნული სისტემები მოწინავედ არის აღიარებული. ამ წარმატების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს PISA - საერთაშორისო პროგრამა, რომელიც აფასებს მოსწავლეთა კომპეტენციებს წიგნიერებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. პროგრამის ფარგლებში 2018 წელს შეფასდა 79 ქვეყნის, 15 წლის ასაკის 600 000 მოსწავლე, რის საფუძველზეც დადგინდა მოსწავლეთა საშუალო მიღწევები. შეფასების მიხედვით, სინგაპური და ფინეთი საუკეთესო ათეულში იმყოფებიან. ამასთანავე, მსგავსია ამ ორი ქვეყნის მიერ ერთ მოსწავლეზე სწავლების განმავლობაში გაღებული მთლიანი დანახარჯი, ის აღემატება 100 000 აშშ დოლარს.


ზემოთ მოყვანილი ქვეყნები სისტემის მდგრადობის მიუხედავად განსხვავდებიან მთელი რიგი მახასიათებლებით, თუმცა საერთო ერთია - ხელისუფლებებმა განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრეს, მიიჩნიეს ქვეყნის განვითარების საფუძვლად, რაც ფინანსების მობილიზებაში გამოიხატა. 
 

ფინანსები განათლებაში

 

განათლების ხარისხსა და დაფინანსებას შორის ძლიერ კავშირს აჩვენებს ისეთი მაღალი ვალიდობის მქონე საერთაშორისო შეფასება, როგორიცაა PISA.


იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნების ფინანსური რესურსები შეზღუდულია, გაღებული დანახარჯები მეტწილად დამოკიდებულია მათ სიმდიდრეზე. ქვეყნებს, რომელთაც  ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი უფრო მაღალი ნომინალური მშპ აქვთ,  ხარჯავენ უფრო მეტს ერთეულ მოსწავლეზე, აღნიშნულს ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი ცხრილი. აღსანიშნავია, რომ კავშირი ერთ ადამიანზე გათვლილ მშპ-სა და განათლების დაფინანსებას შორის განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ზოგადი განათლების საფეხურზე.




 
ქვეყნების მიერ ერთ მოსწავლეზე გაღებული ფინანსური დანახარჯი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით.


მიუხედავად ზემოთქმულისა, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე მსგავსი მთლიანი შიდა პროდუქტის მიუხედავად, განათლებაში არათანაბარ ინვესტირებას ახორციელებენ. მაგალითად მოვიყვანოთ სამხრეთ კორეა და ესპანეთი, ორივე ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი, 2018 წლის მდგომარეობით მსგავსი იყო, ესპანეთის შემთხვევაში შეადგენდა 30 000 დოლარს, ხოლო სამხრეთ კორეისთვის 33 000-ს. თუმცა, კორეა სკოლის შემდგომ განათლებაში გაცილებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე ესპანეთი და მეტს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე. სამხრეთ კორეის წლიური ხარჯი ერთ მოსწავლეზე, ზოგადი განათლების მიმართულებით, 27 000 დოლარს აღემატება, ხოლო ესპანეთის დაახლოებით 19 000 დოლარს შეადგენს.   აღნიშნული მიდგომა გამოიხატება საერთაშორისო შეფასებებში, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეელი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვნად აღემატება ესპანელი მოსწავლეებისას.


PISA-ს შეფასების მიხედვით დადებითი კორელაცია ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სა და ფინანსური წიგნიერების სფეროში მოსწავლეთა მიღწევებს შორის თვალსაჩინოა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეებმა იმ ქვეყნებიდან, რომელსაც მშპ-ის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს,  ფინანსურ წიგნიერებაში უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე უფრო მაღალი მშპ-ს მქონე ქვეყნებში მცხოვრებმა პირებმა. მაგალითად, ესტონეთსა და პოლონეთში მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ავსტრალიისა და ამერიკის შეერთებული შტატებისას, მაშინ როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ ესტონეთში და პოლონეთში გაცილებით დაბალია, ვიდრე ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში. აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, რომ დაფინანსების მოცულობა, გარკვეული ნიშნულის ზემოთ აღარ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია დაფინანსების ზრდა მშპ-ს გარკვეულ ნიშნულთან, თუმცა მის ზემოთ გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, მაგალითად: ქვეყნის კულტურად და სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, როგორიცაა რესურსების თანაბარი განაწილება, სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისთვის საჭირო მიდგომები, ინტერვენციები, რომლებიც გათვლილია მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეებზე.


ფინანსური რესურსების გავლენის მიუხედავად, განათლებაზე გაწეული მაღალი დანახარჯი არ არის საუკეთესო შედეგის გარანტი. შედეგებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ ფინეთის ხელისუფლება განათლებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს. მაშინ, როდესაც 2018 წლის მონაცემებით აშშ-ის მიერ ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში გაღებული ხარჯი 28 000 დოლარს უდრიდა, ფინეთის აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 21 000 დოლარი იყო,  თუმცა, საერთაშორისო შეფასებებში, მაგალითად, კითხვის სფეროში ამერიკელი მოსწავლეების შედეგები ფინელი თანატოლების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. 
 

რესურსების თანაბარი განაწილება
 

ხელისუფლებების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსებით უზრუნველყოფა, მათ შორის, მათი იმგვარი გადანაწილება, რომ ეფექტიანად დააკმაყოფილოს სისტემის საჭიროებები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები  განათლების დაფინანსების პოლიტიკის ქვაკუთხედია. შესაბამისად, რესურსების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი თანაბარი გადანაწილება, რომელშიც იგულისხმება მოსწავლეების მხარდაჭერა მაღალპროფესიონალი აკადემიური პერსონალით, დაწესებულების გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მათი უზრუნველყოფა საგანმანათლებლო, მატერიალური და ციფრული რესურსებით, სკოლების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და ა.შ. აღნიშნულის მნიშვნელობას PISA-ს შეფასებებიც ადასტურებს. შეფასების თანახმად, ქვეყნები, რომელთაც ფინანსები თანაბრად აქვთ გადანაწილებული უკეთეს შედეგს აჩვენებენ.


რესურსების თანაბარი განაწილება და შესაბამისად, ხარისხიან განათლებაზე ყველა მოსწავლის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული, 2030 წელს მისაღწევი მდგრადი განვითარების მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი, მეოთხე მიზანი ხარისხიან განათლებას უკავშირდება. აღნიშნული მიზნის 11 ამოცანიდან პირველი ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უზრუნველყოფას გულისხმობს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, რესურსების დეფიციტმა ან არათანაბარმა განაწილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაბრკოლება ხარისხიანი განათლების მიწოდების კუთხით. სწავლა-სწავლების საერთაშორისო შეფასების (TALIS) 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ხარისხიან განათლებაზე მოქმედ ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორად დასახელდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამხმარე პერსონალისა და მასწავლებლების, სასწავლო დროისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურის სიმცირე ან გაუმართაობა. არსებული გამოწვევების მოგვარებისთვის შემოთავაზებული სამი საკითხი უკავშირდება მასწავლებლებს, ესენია: მასწავლებლების რაოდენობის ზრდა კლასის ზომის შემცირების მიზნით, ანაზღაურების ზრდა და მაღალი ხარისხის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება.


თანაბრად ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს სთავაზობენ ორი ძირითადი მიმართულებით ინვესტირებას, პირველი მიმართულება უკავშირდება მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერას, რომელშიც მოიაზრება სოციალურად დაუცველი ფენები, ენობრივი/ეროვნული უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები, ხოლო მეორე მიმართულება გულისხმობს სასწავლო დროის გახანგრძლივებასა და ადამიანური და მატერიალური რესურსების განვითარებას.


როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა,  რათა შემცირდეს სწავლის შედეგების თვალსაზრისით არსებული განსხვავებები და დანაკარგები. სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ხარისხიან განათლებაზე თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია რეპეტიტორობის ეროვნული პროგრამა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ფუნქციონირებს. მისი მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებს, გადამზადებული და გამოცდილი მენტორებითა და რეპეტიტორებით. 2022-2023 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 349 მილიონ გირვანქა სტერლინგს, აღნიშნული თანხები გადაეცემა სკოლებს და აქვთ თავისუფლება, თავად განსაზღვრონ როგორ უზრუნველყონ დამატებითი რესურსით თავიანთი მოსწავლეები. დაწესებულებებს აქვთ 3 ვარიანტი, აირჩიონ აკადემიური პერსონალიდან პირები, რომლებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან აკადემიური ჩამორჩენის დაძლევის მიზნით, დაიქირავონ გარე ორგანიზაციები, რეპეტიტორებით უზრუნველყოფის მიზნითა და ხარისხის გარანტიით, ამასთანავე, სკოლას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი რესურსი, თავად დაიქირაოს კადრები, მათ შორის პენსიაზე გასული მასწავლებლები.
 

რესურსების რაციონალიზაცია
 

როგორც წესი, განათლების დაფინანსების დიდი ნაწილი მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ხელფასებს ხმარდება, აღნიშნული ტენდენცია იკვეთება მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, განსაკუთრებით განვითარებად სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, ევროპის განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებელთა ანაზღაურებაზე დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საერთო ფინანსების 63% მოდიოდა, ხოლო უმაღლესი განათლების საფეხურზე 42%. შესაბამისად, მცირეა ისეთი დანახარჯების წილი, რომელიც დაკავშირებულია სასწავლო რესურსებთან, შენობის მოვლა-პატრონობასთან, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეების საკვებით უზრუნველყოფასთან. დაფინანსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, ევროპის განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ქვეყნებს შესთავაზა სკოლების ქსელის რაციონალიზაცია, რაც გამოიხატება მცირე ზომის დაწესებულებების გაერთიანებასა და საბოლოო ჯამში, რაოდენობის შემცირებაში, იმისთვის, რომ არსებული ფინანსური რესურსები მეტად ეფექტიანად გამოიყენებოდეს. თუმცა ამ პროცესში, უმნიშვნელოვანესია რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებაც.


დასკვნა
 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განათლების პოლიტიკის სისტემური ხედვის განსაზღვრა და მისი დანერგვა ქვეყნის სოციო-ეკონომიური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. მაგალითებმა აჩვენა, რომ არ არსებობს იდეალური სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში გაამართლებს, თუმცა ერთი რამ ნათელია, ძლიერი განათლების სისტემის შესაქმნელად ფინანსური რესურსების მობილიზება მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია. განსაკუთრებით ყურადსაღებია განსხვავებული საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც საჭიროებებზე მორგებული დაფინანსებითა და რესურსების თანაბარი განაწილებით მიიღწევა. 


მიუხედავად იმისა, რომ განათლება მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის ის ემსახურება უფრო დიდ მიზანს, რაც გულისხმობს ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ინკლუზიური და მერიტოკრატიული სახელმწიფოს აშენებას. 


მსოფლიოში გვაქვს მაგალითები, როგორ შეიძლება სისტემური ხედვაზე, პრაგმატული მიდგომებსა და თანამედროვე მოთხოვნებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებით განვითარდნენ სახელმწიფოები. ამისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი პრიორიტეტების სწორად ჩამოყალიბებას უჭირავს. თუმცა, აუცილებელია თავიდან დაისვას სწორი შეკითხვა, რა გვჭირდება წარმატებისთვის? ამისთვის, საჭიროა ქვეყანამ განავითაროს ინტელექტუალური რესურსი, რაც გამოიხატება კრიტიკულად მოაზროვნე მოსახლეობაში, აღჭურვილი თანამედროვე სამყაროში ორიენტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით. შესაბამისად, ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავად განავითარონ ტექნოლოგიები და მათი გამოყენებით  ქმნიდნენ დოვლათს. ზემოთ ნახსენები მახასიათებლების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი განათლების სისტემას უჭირავს. შესაბამისად, გარდამტეხია პოლიტიკის იმგვარად დაგეგმვა, რომ განისაზღვროს მოსწავლისა და სტუდენტის მიერ მისაღწევი შედეგები, მისთვის საჭირო რესურსები და აკადემიური პერსონალის კომპეტენციები. აღნიშნულისთვის აუცილებელია ფინანსების მობილიზება, თუმცა უფრო ყურადსაღებია მათი ეფექტიანი განაწილება. განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური განვითარების გარანტიას იძლევა.

გააზიარე: