უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 2022 წელს რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში, ამ ცვლილებების გათვალისწინებით სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს 2023 წელი “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, შარშან ამ დროს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთს, აშშ-სა და ნატოს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა და 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება მოსთხოვა, რუსეთი აცხადებდა, რომ არ აპირებდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. თუმცა, კრემლის მუქარებს კოლექტიურმა დასავლეთმა მაინც ადეკვატურად უპასუხა.
მაგრამ, დადგა 2022 წლის 24 თებერვალი, დღე, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ იარაღით, ჰუმანიტარული დახმარებითა და სხვა სახის დახმარებებით ეხმარებიან უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რამშტაინის შეხვედრების ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მოწოდების საკითხები განიხილება, არა ერთი შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეცხრე პაკეტი შეიმუშავა. ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანსური, ფინანსური, ტექნოლოგიური, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომი.
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში?
- 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური გეოპოლიტიკური ძვრების საწყისი წერტილი. ამ დღეს რუსეთი შეეცადა საბოლოო წერტილი დაესვა ლიბერალურ ღირებულებებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისათვის.
რუსეთის წარმატება ნიშნავდა, რომ მსოფლიო ავანსცენაზე კვლავინდებურად წინა პლანზე მხოლოდ ძალა გამოვიდოდა, მსოფლიო გავლენის ზონებად დაიყოფოდა და ამ ახალ მსოფლიო წესრიგში, ავტორიტარული ქვეყნების ქმედებები დაუსჯელი დარჩებოდა.
ასეთ ვითარებაში, საქართველოს ნაირი მცირე სახელმწიფოების ბედი გაცილებით რთული იქნებოდა, ამიტომ ამ მხრივ უაღრესად დიდი ფასი აქვს უკრაინელების წინააღმდეგობას, რომლებიც დღეს თავისუფალი სამყაროს საზღვრებს იცავენ და არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობენ ასეთი ქვეყნები გეოგრაფიულად.
ის რასაც ვლადიმერ პუტინი წლების განმავლობაში ცდილობა, რომ დაესუსტებინა დასავლეთის ერთიანობა, ბზარი გაეჩინა მათი ინსტიტუტების მუშაობაში, მომხდარიყო დასავლეთის პოლიტიკური ცხოვრების მაქსიმალური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, აძლევდა მას საბაბს დაეჯერებინა დასავლეთის სისუსტე.
თუმცა საპირისპირო შედეგი დგება. რუსეთისათვის ამ წარუმატებელი ომის შედეგად, ფაქტობრივად დღეს დასავლეთი პოლიტიკურ ჭრილში ხელახლა იბადება და ეს არის ამ კონფლიქტის თანმდევი ერთ-ერთი მთავარი პროცესი.
დემოკრატიული სამყარო კვლავინდებურად ახერხებს ერთიანობის დემონსტრაციას და ეს კრიზისი უკვე გამოიყენება გლობალური დასავლეთის კიდევ უფრო კონსოლიდაციისთვის და მობილიზაციისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის ფონზე, გლობალურად ორი მთავარი ძალა რჩება - აშშ და ჩინეთი.
მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობისა, დღეს აშშ-ს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში მთავარი აქცენტი სწორედ ჩინეთზეა გაკეთებული. რუსეთი ვერც ომამდე იყო მათი თანაბარი წონის მსოფლიოს გეოპოლიტიკური პოლუსი და ამ ომის შედეგად კიდევ უფრო მოუწევს საკუთარი პოზიციების დათმობა გლობალურ ავანსცენაზე.
აშშ-ის და ჩინეთის დაპირისპირება ტექნოლოგიების, ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის, ვაჭრობის, ნახევარ-გამტარების წარმოების სფეროებში შექმნის უახლოესი წლების მთავარ გეოპოლიტიკურ ფონს. პეკინის მიზანია უახლოესი 10 წლის მანძილზე ჩამოყალიბდეს ვაშინგტონის საპირწონე ტექნოლოგიურ გრავიტაციულ ცენტრად.
ჩვენ სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე მოგვიწევს არსებობა. ამ მოვლენებს თან ერთვის ეკონომიკური გამოწვევები, ინფლაცია და პანდემიისა და ომის შედეგად დამდგარი სხვა ეკონომიკური შოკები.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, ისეთი ქვეყნები როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია კვლავინდებურად გააგრძელებენ დასავლეთთან და რუსეთთან ბალანსირების პოლიტიკას. პირველ რიგში ეს თურქეთს ეხება.
თუმცა რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოსთან ერთად მათი ჩართულობა ენერგეტიკულ პროექტებში გაიზრდება, მოგეხსენებათ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას, ამიტომ ჩვენი რეგიონის სახელმწიფოებს ეს დამატებით შესაძლებლობებს უჩენს.
ამ ჭრილში, მნიშვნელოვანია ის მოლაპარაკება რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს შავი ზღვის გავლით. რაც შეეხება სომხეთს, ვფიქრობ ახლო მომავალში დრამატული ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია.
რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ განწყობებში. როგორც ჩანს დასავლეთში, ხვდებიან იგივე სამხედრო მრეწველობის ხელახალი განვითარების აუცილებლობას. არსებულმა კრიზისმა კარგად აჩვენა რამდენად მოუმზადებელია იგივე ევროპა ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტებისათვის.
ყველა სახელმწიფო მისი შესაძლებლობების ფარგლებში ეცდება მაქსიმალურად გაზარდოს ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობები და ამაზე საქართველომაც აუცილებლად უნდა იფიქროს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ომის შედეგების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორი იქნება რუსეთის ბედი მომავალში, შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება შანსი, ეს ომი დიდხანს გაიწელოს.
თუმცა, ყველა ეს მოვლენა ერთ რამეს მიანიშნებს, რომ 2022 წელს შავის ზღვის რეგიონი ფაქტობრივად, მსოფლიოს გეოპოლიტიკური რყევების ეპიცენტრად იქცა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დროა დასავლეთმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო მწყობრი და გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს.
- მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო, ვხედავთ, რომ უკრაინაში წარუმატებელი ომის მიუხედავად, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიმართ დამოკიდებულება არც ხელისუფლებაში და არც საზოგადოებაში არ იცვლება.
პუტინი იმუქრება, რომ 2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას მოახდენს, რომლებსაც უკრაინის ფრონტზე გაგზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთში კომკავშირისა და პიონერული ორგანიზაციის მსგავსი ორგანიზაცია „დვიჟენიე პერვიხ“ იქმნება. ამ პროცესში რომ პრეზიდენტი პუტინი მონაწილოებს, ამის ამსახველი მასალებიც ვიხილეთ. მოკლედ, პრეზიდენტი პუტინი „ჰიტლერუნგენდის“ მსგავსი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აყალიბებს.
ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი არც სწრაფად, და არც მალე არ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ამბობენ რომ კიევს იმდენ ხანს დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა, კითხვას მაინცс ასე დავსვამდი - რამდენად მზადაა კოლექტიური დასავლეთი და აშშ რუსეთთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში იყოს პუტინის რუსეთთან?
- ამ შეკითხვაზე პასუხს ორი მთავარი პლასტი გააჩნია - სამხედრო და პოლიტიკური. სამხედრო თვალსაზრისით ხანგრძლივი ომის პირობებში დასავლეთის დღევანდელი მდგომარეობით გაუჭირდება შესაბამისი რაოდენობის ტექნიკითა და აღჭურვილობით უკრაინის მომარაგება. ამაზე არსებობს უკვე გარკვეული დასკვნები - ღიად საუბრობენ ამაზე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
ამიტომ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მუშაობის გააქტიურების გარეშე შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობები გაჩნდეს მომავალში. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მომავალი წლის პირველ ნახევარში როგორი იქნება უკრაინის სამხედრო ძალების მოქმედებები და რამდენად დიდ წარმატებებს მიაღწევენ ისინი, თუმცა ვიმეორებ რომ ამისათვის აუცილებელი იქნება დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაზრდა.
პრინციპში, იგივეზე ისაუბრა უკრაინის გენშტაბის უფროსმა ზალუჟნიმ, რომელმაც კონკრეტული ციფრებიც კი დაასახელა სამხედრო ტექნიკის, რომელიც უკრაინის მხარეს ესაჭიროება. დღევანდელი გადმოსახედიდან, რუსეთისთვის კარგი სცენარი იქნება ფრონტის სტაბილიზაცია და ამ მდგომარეობის დიდი ხნით შენარჩუნება.
ეს შექმნის სწორედ პოლიტიკურ პლასტში უკრაინაზე და დასავლეთზე ზეწოლის წინაპირობებს, რომ გაჭიანურებულ ომში რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. იმისთვის, რომ მოვლენები არ განვითარდეს არა სასურველი სცენარით, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას კვლავინდებურად ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას დიდი არჩევანი არ ექნება და ჩვენ შეიძლება დაუსრულებელი ომის მომსწრენიც კი გავხდეთ.
ამ ყველაფრის ფონზე იკვეთება, რომ აშშ ამ ომის მიუხედავად, მთავარ საფრთხედ მაინც ჩინეთს განიხილავს და მისი ყურადღების დიდი ნაწილი სწორედ მაქეთ იქნება მიმართული, მათ შორის მთლიანად დასავლეთისაც.
ჩინეთი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და მის ფონზე დასავლეთის აქტიურობას. სათანადო დასკვნებსაც აკეთებს ალბათ, რომელიც პეკინისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტაივანთან მიმართებაში იქნება მომავალში.
- ევროპის დედაქალაქებში, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტებში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ჰააგის სასამართლოს სკამზე მოხვედრაზე.
მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამას წინათ ჰააგის სასამართლომ საქართველო 2008 წლის ომში უდანაშაულოდ ცნო. უფრო სწორად ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან არც ერთ წარმომადგენელს ამ ომში დანაშაული არ ჩაუდენია.
არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ დასავლელ პოლიტიკოსებს რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებების უკრაინაში ჩადენილ დანაშაულობებზე ჰააგის სასამართლოში რუსეთის ხელისუფლების გასამართლება, მაგრამ, ფაქტია, რომ იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ამ ომის შემდეგ მსოფლიო, მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი სისტემა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესებზე, რომელიც ახლა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ხდება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, პოზიციებს, საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას, საშინაო პოლიტიკაში დასავლეთისა და აშშ-ს მიმართ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ რიტორიკას?
- საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის აშშ და დასავლეთის მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. ასე იყო ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდამ და ასე დარჩება მომავალშიც, მანამ სანამ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ითვლება და მისკენ მიისწრაფვის.
იმ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებში ქვეყნის გადარჩენა, რომელთა ნაწილზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, წარმოუდგენლად რთული იქნება საქართველოსთვის დასავლეთის შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე.
ის, რომ ქვეყანას დასავლეთისკენ აქვს სტრატეგიული კურსი აღებული და ეს ისტორიული არჩევანია დასავლეთშიც კარგად იციან, ამიტომ პერიოდული მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობების და წარუმატებლობების მიუხედავად, კოლექტიური დასავლეთის მხრიდანაც სტრატეგიული უგუნურობა იქნებოდა საქართველოზე ხელის ჩაქნევა, ან მისი დასავლური პერსპექტივისთვის უარის თქმა.
ამასთან ერთად ჩნდება ახალი ინტერესები, რომელიც საქართველოს უკვე ჩამოყალიბებულ სატრანზიტო როლს კიდევ ახალი დატვირთვა შეიძლება შესძინოს დასავლეთისთვის. შესაბამისად თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავინდებურად ფართოა.
ამიტომ საქართველოს მხრიდანაც მთავარ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში რაიმე რადიკალური ცვლილება არ იგრძნობა და არ ყოფილა ამის ფაქტები არცერთ პლატფორმაში სადაც ჩვენ როგორც ქვეყანა ვმონაწილეობთ.
თუმცა, დღეს არსებული პოლარიზაციის გათვალისწინებით შიდაპოლიტიკური ქულების დასაწერად, ხშირად ვისმენთ ანტიდასავლურ განცხადებებს ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა არ ემსახურება ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ არჩევანს და ეროვნულ ინტერესებს.
გლობალური და რეგიონული მოვლენები საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება, ამიტომ შიდაპოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციას დიდი მნიშვნელობა ექნება.
- ცხადია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე სწრაფად ვითარდება პროცესები სამხრეთ კავკასიაში, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესები არა მარტო ყარაბაღის გამო, მეორე მხრივ რეგიონში ანკარის გააქტიურება და ჩვენს სამეზობლოში, ჩვენგან არც ისე შორს ირანში მიმდინარე პროცესები.
ამას ემატება დაწყებული საუბრები თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ, ასევე საუბრები და შესაძლებლობები არა მხოლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტის შესახებ.
აღარაფერს ვამბობ, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით გაჭიანურებულ პროცესებზე და იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხში 2023 წლისთვის გადაიდო. რამდენად ადეკვატურად რეაგირებს რეგიონულ გამოწვევებზე საქართველოს ხელისუფლება?
- ქვეყნის შიგნით გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, არ ემსახურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების რეალიზებას და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც ორაზროვანია, ვფიქრობ ჯამში სტრატეგიული გადმოსახედიდან დადებითად შეიძლება შეფასდეს ის აქტივობები რომელშიც რეგიონული პროცესების გათვალისწინებით საქართველო იყო ჩართული, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილშიც.
კონფლიქტის ფონზე საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული ხაზი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რაციონალური და სწორია. ასევე რეგიონულ მოთამაშეებთან მიმართებაშიც, აქ ვგულისხმობ როგორც ქართულ-აზერბაიჯანულ, ქართულ-თურქულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ისე მრავალმხრივ ფორმატებს და ინიციატივებს, რომელიც ვაჭრობას, ენერგეტიკას, ტრანზიტსა და სხვა არსებული კავშირების განმტკიცებას ეხება.
ამის მიუხედავად, როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი კრიზისი ეს შესაძლებლობის ფანჯარაც არის, ამიტომ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მეტი ძალისხმევა და აქტიურობა გვჭირდება.
ამისათვის მნიშვნელოვანი იქნება შიდა პოლარიზაციის დაძლევაც. ვფიქრობ ამ მხრივ აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და „ჯეოქეისის“ და საქართველოს სტრატეგიისა და ანალიზის ცენტრის მიერ ერთობლივად შექმნილი ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა თავისი მისიითა და აქტივობებით სწორედ აღნიშნული პრობლემის ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით მოგვარებასა და ძირეულ საკითხებზე კონსენსუსს გულისხმობს. ეს აუცილებელია, ვინაიდან დღეს შიდაპოლიტიკური რადიკალიზაცია საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
- ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, სავარაუდოდ, რა და როგორი ტიპის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2023 წელს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის გზაზე?
- ვფიქრობ 12 პუნქტიდან 11 აბსოლუტურად შესრულებადია და უნდა ველოდოთ ამ მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს ახლო მომავალში. დანაშაული იქნებოდა კონკრეტული ევროპული პერსპექტივის მისაღებად არა სათანადო ძალისხმევის გაღება, ამიტომ ვიმედოვნოთ, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად დამთავრდება.
მე უკვე ვახსენე და კიდევ გავიმეორებ, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის უგულებელყოფა დასავლეთისთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ იმედი მაქვს ამ მხრივ საბოლოო ჯამში ყველაფერი დალაგდება.
ქვეყანაში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი თუ გამოწვევა დაძლევადია დროთა განმავლობაში და არ შეიძლება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები გადააყოლო, ამიტომ ამაზე დაფიქრება ყველა მხარეს მართებს ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს.
გლობალური კონტექსტი საქართველოსგან პროაქტიულ და კრეატიულ მოქმედებებს მოითხოვს და არა გაუთავებელ შიდაპოლიტიკურ კინკლაობაზე ენერგიის ხარჯვას. 2023 წელიც აქტიური პროცესების წელი იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ დღეს არსებული რეალობიდან და შექმნილი შესაძლებლობები მომგებიანად გამოვიყენოთ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი