ევროკავშირი - დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთობები


გადმოწერეთ PDF ფაილი

„ევროკავშირის გაფართოება მთელი დასავლეთ ბალკანეთის მასშტაბით არის ევროპული კომისიის აბსოლუტური პრიორიტეტი“ - მიიჩნევს ოლივერ ვარჰელი, ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

 

70-წლიანი არსებობის მანძილზე ევროპული პროექტი 7-ჯერ გაფართოვდა და ერთხელ შემცირდა: 1951 წელს, ევროპის კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფის პრეტექსტითა და ეკონომიკური წინსვლის მოტივით, ექვსი სახელმწიფოს ერთობით შეიქმნა ევროკავშირის ფუძემდებლური გაერთიანება - „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“, რომელმაც შვიდი ათწლეულის განმავლობაში ევროპის 28 სახელმწიფო გააერთიანა. ეკონომიკური დანიშნულებით შექმნილი კავშირი თანდათან პოლიტიკურ პროექტად გარდაიქმნა, რის ნიადაგზეც, უმეტესწილად, ევროპულმა პროექტმა დანაკლისი განიცადა - 2020 წლის 31 იანვარს, ევროპულ კავშირს ერთი სახელმწიფო - გაერთიანებული სამეფო გამოაკლდა. აღნიშნულმა დეზინტეგრაციამ ინტეგრაციის ნიშა დატოვა ევროკავშირში - ამჯერად, რიგში დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები დგას. მოცემული რეგიონიდან ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხორვატია გახლავთ. ეს უკანასკნელი ევროპულ გაერთიანებას ყველაზე ბოლოს - 2013 წელს შეუერთდა. დასავლეთ ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებს კი ევროკავშირის ოფიციალური ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სტატუსი აქვთ: ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატები გახლავთ - ჩრდილოეთ მაკედონია (2005 წლიდან), მონტენეგრო (2010 წლიდან), სერბეთი (2012 წლიდან) და ალბანეთი (2014 წლიდან), ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო, ჯერჯერობით, მხოლოდ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნების სტატუსით შემოიფარგლებიან. ევროკავშირი გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს ოფიციალური კანდიდატებიდან ორთან - მონტენეგროსთან 2012 წლიდან, სერბეთთან კი მოლაპარაკებების ფაზა 2014 წელს დაიწყო. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს, მათთან ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს ევროკავშირის მხრიდან ვეტო გასული წლის ოქტომბერში დაედო. საკითხი ხელახლა იქნება განხილული ახლო მომავალში, მაქსიმუმ ამა წლის მაისში დაგეგმილ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე, სადაც ასევე, იმსჯელებენ დასავლეთ ბალკანეთის მთელ რეგიონსა და ევროკავშირს შორის არსებული 20-წლიანი ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე.


დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ 2000 წელს, ზაგრებში გამართულ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის 1-ელ სამიტზე იქნა აღიარებული ევროკავშირის მხრიდან. ის, რომ „ბალკანელების მომავალი ევროკავშირშია“, შემდგომში - 2003 წლის თესალონიკის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული. ევროკავშირის ინტერესი დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, უპირველესად, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რაც თავისთავად ევროკაშირის უსაფრთხოების წინაპირობას წარმოადგენს; აგრეთვე, აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება გამოძახილია ევროპის გაერთიანებული კონტინენტის იდეისა. თავად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის კი ევროკავშირში ინტეგრაცია არის სტაბილურობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 20-წლიანი ხედვა, უალტერნატივოდ განხილული პერსპექტივა, რასაც დაეფუძნა აღნიშნული რეგიონის ქვეყნების სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია და არაერთი რეფორმის განხორციელება უშუალოდ ევროპული დირექტივების შესაბამისად. 


დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზა მთელი ამ ორი ათწლეულის  განმავლობაში ვარირებდა დიფერენცირებულად, როგორც ევროკავშირის შიდა მდგომარეობის, ისე ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური სპეციფიურობებიდან გამომდინარე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ-ბალკანური 20-წლიანი ურთიერთობების მანძილზე, ევროკავშირს, ზოგადად, თითქმის ყოველთვის საყვედურობდნენ აღნიშნული რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის არადროულ (თუ გნებავთ არასათანადოდ) დაფასებაში, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობის შემცირების საფუძველიც გახლავთ. ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთობები ნელი ტემპით პროგრესირებს, რასაც ცხადყოფს, მაგალითად, ევროკავშირის მიერ სერბეთთან და მონტენეგროსთან გაწევრიანების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების ამჟამინდელი მდგომარეობა. დღეის მონაცემებით, 2014 წელს სერბეთთან დაწყებული მოლაპარაკებების 35 საკითხიდან, პროგრესის მოტივით, დროებით დახურულია მხოლოდ 2, 18-ზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხოლო დანარჩენ საკითხებზე ჯერ კიდევ არ დაწყებულა; რაც შეეხება მონტენეგროს, რომელთანაც მოლაპარაკებები ევროკავშირმა 2012 წელს დაიწყო, 35 საკითხიდან, ამჟამად, პროგრესის მოტივით, დროებით დახურულია მხოლოდ 3 საკითხი, ხოლო დანარჩენ 32-ზე კი კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 


ევროპულ-ბალკანურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი გახლდათ 2018 წელი, როდესაც ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთთან ურთიერთობის განახლებული სტრატეგია მიიღო, რამაც სრულიად ახალი მოტივაცია მისცა ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას. ევროკავშირის მხრიდან მაშინ აღინიშნა, რომ სავარაუდოდ, 2025 წლისთვის სერბეთი და მონტენეგრო მზად იქნებიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი კი, ასევე სავარაუდოდ, - 2030 წლისთვის.   ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის დღევანდელი ურთიერთობების ჩარჩოც სწორედ მოცემულ სტრატეგიას ეყრდნობა, რომლის ფარგლებში განსაზღვრულ იქნა 6 პრიორიტეტული მიმართულება დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. დღეს რეგიონის ქვეყნები მეტ-ნაკლებად ისეთი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა - კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მზარდი მასობრივი მიგრაცია შობადობის დაბალი მაჩვენებლით და კარგი სამეზობლო ურთიერთობების უზრუნველყოფა. ევროინტეგრაციის კონტექსტში განსაკუთრებით პრიორიტეტულია ეს უკანასკნელი - კარგი სამეზობლო ურთიერთობებისა და შერიგების საკითხი, ვინაიდან ისტორიულად დასავლეთ ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად მიიჩნევა, სადაც ეთნიკურ ნიადაგზე ადგილი ჰქონდა არაერთ სისხლიან დაპირისპირებას. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებული გადაუჭრელი ორმხრივი დავები. რეგიონში ეთნო-ნაციონალისტური რყევები შეიმჩნევა დღესაც. 


ამ მხრივ, მაგალითად, საყურადღებოა ალბანელი უმცირესობების საკითხი, ვინაიდან ალბანეთის მოსახლეობის მესამედზე მეტი, დღეს, ყოფილი იუგოსლავიის წევრ ქვეყნებშია წარმოდგენილი. ეთნიკურ ნიადაგზე შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით, ალბანეთის სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ალბანელი უმცირესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებში. აღნიშნულ კონტექსტში ურთიერთობები დელიკატურია ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, ვინაიდან ჩრდილოეთ მაკედონიის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს ალბანელები შეადგენენ, რომელთა სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. სწორედ ალბანელი უმცირესობის უფლებების საკითხს უკავშირდება 2001 წელს ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომი, რომლის უარყოფითი შედეგი ჯერ კიდევ აისახება ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფოზე. ზოგადად, მიიჩნევა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყანაში ალბანელი უმცირესობის სრულფასოვანი ინტეგრაციისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საუკეთესო პირობა შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად ამ პრობლემატური საკითხისა, დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობა სტაბილურია, ისინი ერთდროულად ისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.


ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით, კარგი სამეზობლო ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით, აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი ბოლო პერიოდის ე.წ. შემრიგებლური პოლიტიკა, რაც სანიმუშოა მოცემული რეგიონისთვის. მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიამ 2017 წელს ბულგარეთთან გააფორმა ე.წ. მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ორმხრივი ურთიერთობები. ისტორიულად ორ ქვეყანას შორის არსებობს წინააღმდეგობრივი ხედვები მათი კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებისა და მაკედონური ენის შესახებ, რომელსაც ბულგარელები ერთ-ერთ თავიანთ დიალექტად მიიჩნევენ.

 
ევროპული ინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიერ არაერთი რეფორმის განხორციელებისა და კარგი სამეზობლო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, ისეთ არაორდინალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, როგორიც გახლდათ, მაგალითად, ქვეყნისთვის თვით სახელის ცვლილება ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის წევრი კანდიდატი ოფიციალურად 2005 წელს გახდა, მასსა და ევროკავშირს შორის ამ დრომდე არ დაწყებულა მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე, რასაც უწინარესად, საბერძნეთი ბლოკავდა. ათენი ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში - ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მისი სახელწოდების გამო ეწინააღმდეგებოდა. მაკედონიელებმა ქვეყანას მაკედონიის რესპუბლიკა იუგოსლავიის დაშლის პერიოდში - 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს უწოდეს. ათენი კი აცხადებდა, რომ მაკედონია ისტორიულად საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელწოდებაა  და მაკედონიელების მხრიდან ქვეყნის ამგვარი დასახელება ეწინააღმდეგებოდა საბერძნეთის სახელმწიფო ინტერესებს. სწორედ საბერძნეთთან უთანხმოების გამო, 2019 წლამდე ქვეყანას მაკედონიის რეპსუბლიკის ნაცვლად ოფიციალურად მოიხსენიებდნენ როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. ბერძნებსა და მაკედონიელებს შორის ქვეყნის სახელწოდების თაობაზე 27-წლიანი დავა ოფიციალურად გასული წლის თებერვალში დასრულდა. მაკედონიელებმა ქვეყანას სახელი შეუცვალეს და მაკედონიის რესპუბლიკის ნაცვლად მას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა უწოდეს, რითაც თეორიულად გაიხსნა გზა ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისა.


თუმც, ევროკავშირის კუთხით, აღნიშნული საკამარისი არ აღმოჩნდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხს გაწევრიანების თაობაზე, გასული წლის ოქტომბერში, ვეტო საფრანგეთის რესპუბლიკამ დაადო. აღნიშნული ვეტო შეეხო, ასევე, ალბანეთს, რომელთანაც მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგ საფრანგეთის გარდა, დანია, ნიდერლანდების სამეფო და ესპანეთიც გამოვიდნენ. ვეტოს  საკითხი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ევროკავშირის დონეზე მისი შიდა რეფორმირების აუცილებლობით ახსნა; აგრეთვე, ორივე ქვეყანაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის მეტად უზრუნველყოფის და კორუფციის პრობლემის მოგვარების საჭიროებით დაასაბუთა. ალბანეთის შემთხვევაში კი, პრეზიდენტმა მაკრონმა ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევაც დაასახელა; კერძოდ, დღეის მდგომარეობით, საფრანგეთის რესპუბლიკაში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მხრივ, ალბანელები მე-2 ადგილს იკავებენ, რაც ქვეყანაში ზრდის არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. რაც შეეხება ჩრდილოეთ  მაკედონიას, რომელთანაც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხს ვეტო მხოლოდ საფრანგეთმა დაადო, აღნიშნულის მართებულობას ნაკლებად მყარი არგუმენტირებული საფუძველი ჰქონდა.


საფრანგეთის ზემოაღნიშნული ვეტოს დაძლევისა და ზოგადად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დახვეწის მიზნით, ევროკავშირმა გაწევრიანების თაობაზე ცვლილებათა ახალი პაკეტი მიიღო. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში უნდა იქნეს განსაზღვრული მოლაპარაკებების დაწყება ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან ახლო მომავალში, ყველაზე გვიან ამა წლის მაისში ჩანიშნულ ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე.


სამიტამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ ბალკანელების ევროკავშირში ინტეგრაცია, რეგიონის არასტაბილურობის ტენდენციის მხედველობაში მიღებით, დღეს აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც თავად დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ისე მშვიდობიანი ევროპისთვის. ამასთან, ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ერთიანი ევროპული კონტინენტის იდეას პასუხობს, რომლის განუწყოფელ ნაწილს შეადგენენ ბალკანელები გეოგრაფიული, ისტორიული თუ კულტურული თვალსაზრისით. ბალკანური კულტურა კი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის „ერთიანობას მრავალფეროვნებაში“.


შეჯამებისთვის, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, დასავლეთ ბალკანეთის მიერ 20 წლის წინ დაწყებული ინტეგრაცია ევროკავშირთან მნიშვნელოვნად პროგრესულ სახეს ატარებს ეკონომიკურ დონეზე. ბალკანეთის ქვეყნების უმრავლესობისთვის, გარდა კოსოვოსა და მონტენეგროსა, ევროკავშირი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია  ექსპორტისა და იმპორტის მთლიანი მოცულობის წილით. საერთო ჯამში, ევროკაშირს, დასავლეთ ბალკანეთის სახით, დაახლოებით 18-მილიონიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რაც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საყურადღებო ფაქტს წარმოადგენს; პროგრესულია, აგრეთვე, ხალხთა შორის დაახლოების საკითხი, ვინაიდან უკვე დაახლოებით 10 წელია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები, გარდა კოსოვოსი, ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით სარგებლობენ.


დღეს ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის საკითხს ენიჭება. უახლოესი პერიოდისთვის კი აღნიშნულის კონკრეტული გამოხატულება, უწინარესად, უნდა იყოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე კონსესუსის მიღწევა. მით უმეტეს, რომ ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის  მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე შესაბამისი რეფორმების განხორციელების მხრივ. საპირისპირო შემთხვევაში, მეტად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროკავშირისადმი ნდობის საკითხი ბალკანეთის მოსახლეობაში, მაგრამ აგრეთვე, მის მიღმა. არსებითია ევროკავშირის მხრიდან მისი პოლიტიკის თანმიმდევრულობის ჩვენება, როგორც მზარდი ევროსკეპტიკური განწყობების საპირწონედ, ისე საერთაშორისო დონეზე გავლენის გაძლიერების კონტექსტში, რათა ნაკლებად მოხდეს რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეების გავლენების გაფართოება. მაგალითად, ჩინეთის, რომლის გავლენა ეკონომიკურ ჭრილში სულ უფრო იზრდება რეგიონში, ან თუნდაც,  რუსეთის, რომლის ქმედებები მიმართულია აღნიშნული რეგიონის ნაკლები ინტეგრაციისკენ ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ან კიდევ თურქეთის, რომლის ინტერესის სფეროს, გავლენის თვალსაზრისით, ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიები.  


და აი, სწორედ ამიტომაც არის მთელი ევროპის მოლოდინი, რომ ქალაქ ზაგრებში, ისევე როგორც 20 წლის წინ, მიმდინარე წელსაც, მაისის ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე ჩვენი კონტინენტის ახალი ისტორია დაიწერება.

 

ფოტო: http://www.comece.eu/ 

გააზიარე: