არჩევანთა გზაგასაყარზე: როდესაც მათი სიმრავლე დამაბნეველია, ხოლო სიმცირე შემზღუდველი

ავტორი:

ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალგზის ითქვა: ძველი წესრიგი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, ხოლო ახალი - ალტერნატიული და რეალურად ქმედითი - ჯერ არ დამკვიდრებულა. დღეს ასევე ცნობილია (თუმცა ზოგიერთი ალბათ კვლავ შეგვეკამათება), რომ ძველი სისტემა არათუ განიარაღებულია არსებული მრავალმხრივი კრიზისის წინაშე, არამედ ამ პოლიკრიზისულ გარემოში ყველა მწვავე შეკითხვაზე ცალსახა პასუხს თეორიულადაც ვერ აყალიბებს. მოლოდინი, რომ გლობალურ დონეზე ეკონომიკური ინტეგრაცია და სავაჭრო კავშირებით მსოფლიოს დაქსელვა კონფლიქტებისა და ექსტრემიზმის ეფექტიანი პრევენცია იქნებოდა, ილუზია აღმოჩნდა. საერთაშორისო ურთიერთობაში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უსაფრთხოების მთლიანი სისტემა ერთ მეტად კონკრეტულ, გარდაუვალ და ყველაზე ფუნდამენტურ გამოწვევამდე მიიყვანა. ამ გამოწვევას საკუთარი თავის რეფორმირება ჰქვია. ეს თავად ისეთი საფრთხეა, რომელსაც აუცილებელი რეფორმირების პროცესში მყოფი ნებისმიერი სახის სისტემა, მარჯვე მართვისა და აწონილი პრიორიტეტების არარსებობის პირობებში, შესაძლოა, სულაც გადაყვეს. 


თუმცა ფაქტი, რომ გადაწყობის პროცესი დაიძრა და შესაძლო სამომავლო გლობალური წესრიგის ვარიაციები უკვე მოსანიშნია. ცხადია ისიც, რომ ამა თუ იმ ვარიაციის საბოლოო კონტურებზე საუბარი ნაადრევია, როგორც მინიმუმ, უკრაინაში ომის დასულების შედეგად ევროპაში ძალთა გადაწყობის გამოკვეთამდე, ისე როგორც წყნარი და ინდოეთის ოკეანეების აუზებში ძალთა ბალანსის გადახალისებამდე. სავარაუდოდ, ეს ორი გეოგრაფიული ცენტრი ევრაზიულ სივრცეში „მსოფლიოზე ბატონობის“ ახალი წონასწორობის დამყარებას განაპირობებს. თუმცა უკვე არსებული ფაქტობრივი თუ თეორიული მასალა გარკვეული დაკვირვების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენც ამჯერად სწორედ ამ დაკვირვების მკითხველისათვის გაზიარება დავისახეთ მიზნად. 


ვიდრე თემას განვავრცობდეთ, მიგვაჩნია, რომ სასარგებლო იქნება ახალი წესრიგის ჩამოყალიბების კვალდაკვალ წარმოქმნილი კონტექსტის, არსებული საერთაშორისო გარემოსათვის  დამახასიათებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის მონიშვნა.


დეგლობალიზაცია თუ გლობალიზაციის „გადატვირთვა“?


საკითხის ფორმულირების მიუხედავად, ფორმირებადი ახალი (უ)წესრიგ(ობი)ის ერთ-ერთი კრიტიკული ტრენდი ზედაპირზევე იკვეთება. უწინარესად, ეს არის ცივი ომის შემდგომი პერიოდის ურთიერთობათა სისტემის იმგვარი სტრუქტურირება, რომლის მახასიათებლებს მოკლედ ასე მოვნიშნავთ:


მეტი რეგიონალიზაცია: არაერთგზის გვითქვამს, რომ ახალი „სისტემური“ წესრიგი გამორჩეული იქნება შექმნილი რეგიონალური გეოპოლიტიკური ცენტრების გამსხვილებითა და მათი როლის ზრდით. ახალი თარგის საერთაშორისო ურთიერთობაც, დიდწილად, ასეთ რეგიონალურ „გრავიტაციულ კლასტერებს“ დაეყრდნობა, ხოლო შედარებითი გლობალური სტაბილურობა და ამა თუ იმ მსხვილი რეგიონალური ცენტრის არეალში მოვლენათა პროგნოზირება ასეთი მსხვილი ცენტრების ურთერთდამოკიდებულებაზე დაფუძნდება. უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განხრით რეგიონალურ დაქსელვას (hub-and-spoke setup) დღეს უკვე არაერთი თავდაცვითი თუ სავაჭრო ალიანსის სახით ვხედავთ. ამ ახალი „სისტემის“ ერთ-ერთ მსხვილ რეგიონალურ კვანძად დღეს უკვე შავი ზღვის დიდი რეგიონიც სახელდება. განჭვრეტად მომავალში რეგიონალიზაციის ასეთი ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდება, ვინაიდან ძალა, რომელიც ამ პროცესს შემოატრიალებს, ჯერჯერობით არ ჩანს. შედეგად, გლობალური (უ)წესრიგ(ობი)ის ახალი ურთიერთდაკავშირებულობის ხარისხი მსხვილი რეგიონალური გეოგრაფიულ-პოლიტიკური ცენტრების ურთიერთმიმართებისა და ინტერაქციის ხარისხში გამოვლინდება.


ეკონომიკური თვითკმარობა: ეს ის შემთხვევაა, რომელსაც სხვადასხვა წყაროები განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ, იქნება ეს „ეკონომიკური ნაციონალიზმი“, „საკუთარ, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე ზრუნვა“, „პროტექციონიზმი“, „ახალი ეკონომიკური იზოლაციონიზმი“ თუ სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოვლენა გულისხმობს არასაიმედო ანდა არამეგობრულ უცხოურ საწარმოო თუ მომმარაგებელ გეოგრაფიებზე ნაკლებ დამოკიდებულებას (თუ შესაძლებელია, მათგან სრულიად ჩახსნასაც კი), ზემოხსენებული რეგიონალიზაციის პირობებში საკუთარი ეკონომიკური მედეგობის განმტკიცებას, კრიზისის ეკონომიკის ფუნქციონირების საკუთარი  (სამამულო), თვითკმარი ინფრასტრუქტურითა და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას.


სავარაუდოდ, ამავე ფაქტორს დაუკავშირდება ე.წ. გარემოსდაცვით კაპიტალიზმზე – ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებაზე – გადასვლის ტემპის შენელება. სტრუქტურული პრობლემები ჩინეთის ეკონომიკაში, აგრეთვე, განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს, რომელსაც, გაუარესებული დემოგრაფიისა და გაზრდილი სოციალური ვალდებულებების ფონზე, უშუალო გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკურ (და არამარტო ეკონომიკურ) ვითარებაზე. 


რეალიზმის შემობრუნება:  ანუ იმგვარი რეალობა, როდესაც დაუფარავი თუ არცთუ ოსტატურად დაფარული ეგოისტური ინტერესები გადაწყვეტილებათა მიღების მთავარი მამოძრავებელია. საერთაშორისო ურთიერთობა, კულისებს მიღმა, კონიუნქტურული ინტერესებისაგან დაცლილი არასდროს ყოფილა. თუმცა ბოლო პერიოდის პროცესები ცხადყოფს, რომ გლობალურ ასპარეზზე საქმეთა კეთება კიდევ უფრო ნაკლებად იდეოლოგიზებული გახდება, ხოლო trade off-ის პრინციპი,  - იგივე ტრანზაქციონალიზმი,  - მაღალი ალბათობით, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავა. ქართული პოლიტიკაც ამ რეალობასაც უნდა შეეგუოს და სათანადო უნარებით აღიჭურვოს ეროვნული „ეგოს“ (მეტი უსაფრთხოება/უკეთესი ეკონომიკა) სარეალიზაციოდ.


ძალის ფაქტორი: ცივი ომის პერიოდის დასრულებიდან მოყოლებული, საკუთარ ინტერესთა თუ გავლენათა განსავრცობად ძალის დაუფარავად გამოყენება კვლავ აღზევებულია. შეიარაღების სრულყოფისა თუ თავდაცვის ძალების მოდერნიზებისათვის რესურსების ხარჯვა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ნიშანდობლივია, რომ მაშინაც კი, როდესაც საკითხი ჯერ კიდევ დიპლომატიურ სიბრტყეზე განიხილება და „ცხელ ფაზაში“ არ გადაუნაცვლებია, ამა თუ იმ კონტექსტში ძალის შესაძლო გამოყენების სუსხი მაინც იგრძნობა. რეალიზმზე დაფუძნებული ურთიერთობაც ხომ, სხვა თანმდევ პრინციპებთან ერთად, სუსტის მიერ ძლიერის ხმის სათანადო გაგონებას, შესმენას და, საჭიროებისას, მისადაგებას მოიაზრებს. ამასთანავე, მაშინ როდესაც კონფლიქტების სამართლიანი დარეგულირების მიზნით სამყაროში სათანადო ავტორიტეტული „უზენაესი ორგანო“ არ არსებობს, ხოლო საერთაშორისო სამართალს მორალურის გარდა, სხვა ძალა არ აქვს, ფიზიკური რესურსი თუ კინეტიკა ისევ ანგარიშგასაწევ ფაქტორად იქცევა. ესეც ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ქართულმა პოლიტიკურმა პროცესმა თვალი უნდა გაუსწოროს და შესატყვისაად განაგრძოს სათანადო სახელმწიფოებრივი სისტემების გამართვა და მისადაგება.    


უსაფრთხოება ფართო გაგებით: ჩვენს დროში უსაფრთხოება, პრაქტიკულად, გასცდა „ჯავშანთან“ ასოცირებულ გაგებას და გაცილებით უფრო ვრცელ განზომილებაში გადაინაცვლა. ამის განმაპირობებელი მიზეზები, უწინარესად, საფრთხეთა სახეცვლილებასა და გამრავალფეროვნებაშია მოსაძებნი. შედეგად, თუ მხოლოდ თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შინაარსის, ე.წ. „ჯავშნის უსაფრთხოების“ ვიწრო ფარგლებს გავცდებით, არაერთი ისეთი გამოწვევას დავინახავთ, რომელთა მოუგვარებლობა პირდაპირ აზიანებს საერთო-ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენი შინაგანი რწმენით, ამ მხრივ უმთავრესი გამოწვევა სიღარიბე და სოციალური უთანაბრობაა, რომლითაც გარე აგრესორსაც შეუძლია ისარგებლოს და შიდა ექსტრემიზმისათვისაც ნოყიერი ნიადაგია. ეს მით უფრო იოლი დასაშვებია, თუკი მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე კონფლიქტის არაკონვენციურობას, როდესაც მიზნის მისაღწევად ტყვიის გავარდნა სულაც არ არის აუცილებელი. დღეს არსებული მეთოდების ნაირსახეობა - კიბერსივრცეში დივერსიით დაწყებული, სავაჭრო-სასანქციო წნეხის ღია თუ ფარული ამოქმედებით გაგრძელებული და დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოებრივი განწყობის მართვით დასრულებული - შესაძლოა მომხდურს სასურველი მავნე მიზნისაკენ მიმავალ გაცილებით ეფექტიან გზას სთავაზობდეს. უსაფრთხოების მოწყვლადობის განმაპირობებელ რისკებს შორის ენერგეტიკა და სურსათით მომარაგება, ისე როგორც მედიაში სახელმწიფოებრივი განცდისა და თანაზომიერი თვითშეკავების დეფიციტი, აგრეთვე, განსაკუთრებულად გამოსარჩევია. ამდენად, უსაფრთხოების რისკების ძველი და ახალი ნომენკლატურის თვალსაზრისით, ქართული გადმოსახედიდან კვლავ გადამწყვეტი იქნება ერთხელ უკვე აღნიშნული სამწევროვანი სისტემის საიმედო კოორდინაცია: პროაქტიული დიპლომატია, პრევენციაზე ორიენტირებული სპეცსამსახური და რბილი ძალის მაპროეცირებელი მექანიზმები.  


მართვის სისტემათა დაახლოება: ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და წინააღმდეგობრივი ტენდენცია, რომლის თანახმადაც განსხვავებული პოლიტიკური სისტემები (ცხადია, გარდა აშკარად გამოხატული ავტორიტარული სისტემებისა) ერთმანეთისაკენ მოძრაობენ. შედეგად, დროთა განმავლობაში ამ სისტემებს შორის განსხვავებასთან შედარებით მეტ მსგავსებას მივიღებთ. ერთმანეთთან დამსგავსების (ერთგვარი კონვერგენციის) ელემენტებს, მეტწილად, გადაწყვეტილებათა მიღების დეიდეოლოგიზაციაში უნდა ვეძებდეთ, ისე როგორც ცხოვრების ხარისხისა და უსაფრთხოების (დიდი გაგებით) უზრუნველყოფისაკენ მიმართულ პრაქტიკულ ქმედებებში. გასაგებია, რომ ეს მეტად ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება; აშკარაა ისიც, რომ გაუარესებული უსაფრთხოების გარემო და პოლიტიკური დღის წესრიგით მანიპულირება ამ პროცესის მთავარი წინაღობა იქნება. თუმცა თანაბრად სავარაუდოა ისიც, რომ სახელმწიფო მართვის იმიჯისა და რეპუტაციის გაგება აქაც ძირეულად გადასხვაფერდება: ასეთი იმიჯი და რეპუტაცია, ძირითადად, კონკრეტული შედეგით გაზომილი მმართველობითა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქისათვის შესაბამისი სერვისების (ეკონომიკური შესაძლებლობის, სოციალური თანაბრობის, პირადი უსაფრთხოების) ეფექტიანი მიწოდებით გაიზომება.    


ერთპოლუსიანიდან ორპოლუსიანამდე


ზოგადად, გავრცელებული აზრია, რომ ცივი ომის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულით მსოფლიოში ერთპოლუსიანი ე.წ. Pax Americana გაბატონდა. ბოლო პერიოდის ასევე ერთ-ერთი დამკვიდრებული წარმოდგენაა, რომ ერთპოლუსიანობაზე საუბარი ახლა უკვე  საფუძველს მოკლებულია და მას ორპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი ენაცვლება. აღნიშნულ წარმოდგენას, ცხადია, თავისი წანამძღვრები აქვს, ისე როგორც სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც მას უფროსი თაობებისათვის კარგად ნაცნობი ორპოლუსიანი წყობისაგან არსებითად განასხვავებს.


დავიწყო იმით, რომ ორი კი ორია, მაგრამ ამჯერად ორთა კომპოზიცია თვისობრივად სხვაგვარია. თუკი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან გლობალურ წონასწორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სსრკ ქმნიდა, ახლა ამ უკანასკნელს ჩინეთი ჩაენაცვლა. 


ფიგურანტთა მიუხედავად, ზოგადად, ორპოლუსიანი წესრიგის მიმართ არსებობს ერთი პრინციპული მოლოდინი, რომ იგი შედარებით სტაბილური იქნება და ტანდემში მონაწილე სუბიექტების საერთაშორისო ურთიერთობა გარკვეულ პროგნოზირებადობას დაექვემდებარება. ამ მხრივ, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ წინა ვერსიის (აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით) ორპოლუსიან სამყაროს ყველაზე „ხანგრძლივი მშვიდობიანობის“ პერიოდი ეწოდა. რა თქმა უნდა, სიტყვა „მშვიდობიანობა“ აქ მაინც პირობითია მრავალი ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ინტერვენციისა და გარედან მხარდაჭერილი შიდა ამბოხის გათვალისწინებით. თუმცა, ხსენებულ კონტექსტში მთავარი აზრი მაინც ის არის, რომ არცერთი დაპირისპირება (proxy war), რომელშიც ორივე პოლუსი ღიად თუ ფარულად მონაწილეობდა, არ გასცდა დასაშვების ფარგლებს და რომ აშშ-სა და სსრკ-ს უშუალო კონფლიქტსა და ბირთვულ ომში არ გადაიზარდა. სავარაუდოდ, ამიტომაც არის, რომ თანამდროვე დებატებში არაერთი საერთაშორისო მოღვაწე და სპეციალისტი სამყაროში გავლენათა კვლავ ასეთ, ორ არეალად დაყოფას ამჯობინებს. ეს კი, გავლენათა სფეროების გადანაწილებასთან ერთად, ტანდემის ფორმატში სადავო საკითხების მოგვარებასა და ურთიერთობათა ერთგვარ სისტემურობაზე შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობის აღებასაც გულისხმობს.


ასეა თუ ისე, ორპოლუსიანობის სხვადასხვა ვერსიის თეორეტიზება ამით შემოიფარგლება, ხოლო კონკრეტიკა კი ისევ და ისევ შესაბამის დროსა და მოცემულობაში ორპოლუსიანი სისტემის რაობით განისაზღვრება. საკუთრივ აშშ-ჩინეთის ორპოლუსიანობის ბუნებაზე დღეს ბევრი იწერება და მრავალი საგულისხმო მოსაზრება ისმის. ამ ხაზის შედარებებისა და მოსაზრებების ევოლუციონირებაზე მუდმივი დაკვირვებაა საჭირო, რამეთუ ცვალებადი გარემოებები, როგორც ობიექტური, ისე ამა თუ იმ ლიდერის პირადი თვისებებით განპირობებული, ასეთ ევოლუციას უშუალოდ უკავშირდება. ცხადია, ერთი სტატიის ფარგლებში თანამედროვე ორპოლუსიანობაზე მსჯელობის გაშლა შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე დამახასიათებელი თეზა სავალდებულო აღნიშვნას იმსახურებს.


დავიწყოთ იმით, რომ არის აზრი, რომლის მიხედვითაც აშშ-სა და ჩინეთის ორპოლუსიანი სამყარო, თითქოსდა, ისეთივე სტაბილური ვერ იქნება, როგორიც აშშ–საბჭოთა კავშირისა იყო. 


მეორე მსოფლიო ომის შედეგად აღმოცენებული ორპოლუსიანობა მაშინდელი ორივე ფიგურანტის ერთობლივი შედეგი გახლდათ: ომში გამარჯვებული ორი ზესახელმწიფო ომის შემდგომი მსოფლიოს წესებს ერთიმეორესთან შეჯერებითა თუ შეპირისპირებით ქმნიდა. შედეგად, გავლენებს შორის არც ჩამორჩენა იყო იმგვარი, რომ რომელიმე პოლუსს მეორის მიმართ პირდაპირი აგრესიის გამოხატვის სურვილი აღსძვროდა. ასე და ამგვარად, „კოჰაბიტირებული“ აშშ და სსრკ ერთმანეთშიც პოულობდნენ საერთო ენას (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მწვავე კრიზის ზღვრამდეც მიდიოდნენ) და თავიანთი გავლენის სფეროებში მოქცეულ სუბიექტებსაც „აპოვნინებდნენ“. 


აშშ-სა და ჩინეთის თანამონაწილეობით ახალი ორპოლუსიანი სისტემის სიმყარის დეფიციტს სწორედ „ორთა შორის“ ურთიერთმიმართების თავისებურებებს მიაწერენ, რომელთა შორისაც რამდენიმე პრინციპულის გამოყოფას შევეცდებით.


თუკიდიდეს ხაფანგი:  მიანიშნებს ისეთ ტენდენციაზე, როდესაც გავლენების მხრივ დინამიკურად მზარდი აქტორი უკვე კარგა ხნის დამკვიდრებულ და გავლენიან აქტორს პირველობას და, პრაქტიკულად - ჰეგემონიას ეცილება. სწორედ „თუკიდიდეს ხაფანგს“ უკავშირდება დაპირისპირების უშუალო სამხედრო კონფლიქტში გადაზრდის რისკი იმგვარ პირობებში, როდესაც ჩინეთის ფაქტორის გაძლიერება აშშ-ს მსოფლიოში ერთპიროვნული ლიდერის როლის დაკარგვით ემუქრება. აღნიშნულ ტენდენციაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ასეთი ღია და ფართო კონფლიქტი ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რადგან: (ა) ჩინეთის სამხედრო პოტენციალი ამისათვის სათანადოდ მზად არ არის, და (ბ) ჩინურ „გამბედაობას“ ამ ეტაპზე არა გლობალურ, არამედ მეტწილად რეგიონულ ჰეგემონად დამკვიდრების სურვილი ამოძრავებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოსაზრება მხოლოდ ნაწილობრივ არის მართებული. ჯერ ერთი, თანამედროვე პირობებში როლის გლობალურად განმტკიცებისათვის, სამხედრო ფაქტორთან ერთად, თანაბრად აუცილებელია ეკონომიკური და ე.წ. „რბილი ძალის“ პოტენციალიც. ამ მხრივ, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი საკმაოდ დაწინაურდა და საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რამდენად ავსებენ თუ აბალანსებენ ერთმანეთს სამხედრო, ეკონომიკისა და „რბილი ძალის“ კომპონენტები. და მეორე: მართალია, პეკინი ჯერჯერობით რეგიონში საკუთარი „მონროს დოქტრინის“ განვრცობით არის დაკავებული, მაგრამ ნებისმიერი რეგიონალური კონფლიქტის (ვთქვათ, ტაივანის საკითხის) გლობალურში გადაზრდის საფრთხეს სრულად არც ეს გამორიცხავს. აღნიშნულ ბიპოლარულ სისტემაში დიდი კონფლიქტის თავიდან არიდების ერთ-ერთ ხელშემწყობ ასპექტს დაპირისპირების იგივე რეგიონალური ნიშანთვისებაც განაპირობებს: საქმე ისაა, რომ ფაქტობრივი „შემხებლობის ხაზი“ აშშ-სა და ჩინეთს შორის შედარებით მომცრო საზღვაო აკვატორიაზე გადის და არა გლობალურ ოკეანეზე ან სახმელეთო არეალზე. სავარაუდოდ, ესეც მხოლოდ ჯერჯერობით.


ასევე ფაქტია, რომ აშშ-ჩინეთს შორის შესაძლო სტაბილურობის მისაღწევად დიდი როლი ენიჭება ჩინური ბირთვული შეიარაღების პოტენციალს, ანუ მის იმ დონემდე მიღწევას, რომელიც ამ შეიარაღებას, სსრკ-ს და აშშ-ს დაპირისპირების მსგავსად, რეალურად შემაკავებელ ადგილს მიუჩენს. აქვე დავთქვამთ, რომ დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ხანაში ბირთვულ ფაქტორს სხვა არაერთი განმსაზღვრელი „ცდომილება“ აქვს (მათ შორის, მოწინააღმდეგის განზრახვის არასწორი წაკითხვა და საპასუხო მოქმედების მცდარ გათვლაზე დაფუძნება). 


ამავე თემის შემადგენლად მოიაზრება გავლენების განვრცობისათვის ახალი ფორმებისა თუ მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებით, კიბერ და სხვა სივრცეებში. მათი ეფექტიანი ამოქმედება არის სამხედრო თუ პოლიტიკური შედეგის განმტკიცების ერთგვარი შესავალი ან თუნდაც წინაპირობა, ვინაიდან სწორედ რომ კონვენციურ და არაკონვენციურ ღონისძიებათა ერთობლიობა ქმნის თანამედროვე კონფლიქტის არსს, განსაზღვრავს პრევენციული თუ საპასუხო კონტრზომების ეფექტიანობას. ეს ყოველივე უკვე სპეციალურ ცოდნაზე დაფუძნებული განხილვის საგანია, რომელიც წარმოდგენილი სტატიის ფარგლებს მიღმაა.


ურთიერთდამოკიდებულება: ანუ აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური ინტერესების მჭიდრო კავშირი, რომელიც ე.წ. მეორე ვერსიის ცივ ომს, - გასული საუკუნის ანალოგის შედარებით -  უდავოდ ანიჭებს ერთგვარ უნიკალურობას. მიუხედავად არაერთგზის გაკეთებული განცხადებისა და ამ მხრივ ნაწილობრივ გადადგმული ნაბიჯებისა, „გამოცალკევების“ (decoupling) რეალურად მიღწევა და არსებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ჩახსნა მეტად რთული აღმოჩნდა. ვრცელი სტატისტიკური ანალიზის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე გარემოებაზე მივუთითებთ.


სასოფლო სამეურნეო პროდუქციით დაწყებული და სხვადასხვა სანედლეულო მასალითა თუ წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტებით დამთავრებული, ჩინეთი კვლავაც აშშ-ს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, მართალია, ის აშშ-სა და ჩინეთს შორის გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ეს დეფიციტი აშშ-ს ბაზარზე ჩინური ექსპორტის მესამე ქვეყნებიდან (ვიეტნამი, მალაიზია, ტაივანი, ინდონეზია) და არა უშუალოდ ჩინეთიდან შეღწევით აიხსნება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ელექტრონული კომერციის მოცულობაც.


აშშ-ს პროტექციონისტული პოლიტიკით დასახული მიზნებისათვის, მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას მიმართა, რომელთაც ჩინეთთან მიმართებით მეტი პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა და ეკონომიკური სივრცის ზრდა უნდა მოჰყოლოდა. შორს რომ არ წავიდეთ, საგანგებოდ აღვნიშნავთ ინფლაციის შესამცირებლად მიღებულ აქტს აშშ-ში სამამულო წარმოების ხელშესაწყობად, ან ჩინელების მიერ მიკროჩიპების სამომავლო წარმოების შეზღუდვისაკენ მიმართულ საკანონმდებლო ემბარგოს პაკეტის მიღებას. ამასვე დაემატა ვაშინგტონის ერთგვარი პოლიტიკური ხასიათის ზომები ევროკავშირის მიერ ჩინეთთან სავაჭრო კავშირების შესუსტების ან თუნდაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის როლის შესამცირებლად. ანალოგიური მაგალითების პალიტრას აწ უკვე პეკინის აშკარად პროტექციონისტური პოლიტიკის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების აღნიშვნაც გაამდიდრებდა. ფაქტია, რომ გაჩაღებული პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებში, ამერიკულ-ჩინური ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად მოქმედებს არა მარტო ბიპოლარულ, არამედ მთლიანად ახალი გლობალური (უ)წესრიგ(ობ)ის ფორმირებაზე. 


აქვე აღსანიშნავია ის გარემოებები, რომლებიც აშშ-სთან ბიპოლარული დაპირისპირების პირობებში ჩინეთის ეკონომიკის სისტემური გამოწვევების სახით ვლინდება. მიუხედავად ჩინური ეკონომიკური პოტენციალის „შეუზღუდავი“, „უკიდეგანო“ და „გარანტირებული“ რესურსის შესახებ გავრცელებული მოსაზრებებისა, რეალობა სხვაგვარია. ამ გამოწვევების მთავარი მიზეზი მაკროეკონომიკურ სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ, რომელიც დაუბალანსებელია. ეს უთანაბრობა, დიდწილად, უძრავი სექტორის პრევალირებით გამოიხატება, ხოლო არსებული დისბალანსის შესამცირებლად საჭირო საინვესტიციო რესურსი, მათ შორის, ადგილობრივ კომპანიათა მიერ საკუთარ წარმოებაში ინვესტირება, მოცემულ ეტაპზე არასაკმარისად მიიჩნევა. ამდენად, მაღალი პროცენტით გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ესოდენ კრიტიკულია ჩინეთის პოლიტიკურ-სოციალური ფონის სტაბილურობისათვის, პრობლემურია და ოფიციალური პეკინისათვის ეროვნული საფრთხის ტოლფას გამოწვევად იკვეთება. მეტიც, ქვეყნის განვითარების გზაზე არსებით გამოწვევად შესაძლოა იქცეს (უკვე თუ ასეთად არ იქცა) ეკონომიკაში ე.წ. „საშუალო შემოსავლიანობის ხაფანგად“ ცნობილი მოვლენა: ანუ ისეთი ვითარება, როდესაც საწარმოო პოტენციალის საჭირო ტემპის შენელება და მაღალშემოსავლიანი ქვეყნებისგან ჩამორჩენა უშუალოდ აისახება მოსახლეობის შემოსავლების გასაშუალოებაზე. ჯამში კი ასეთი ნეგატიური პროცესი გლობალური გავლენის დასუსტებაში ვლინდება.       


ფაქტია, სრული და ეფექტიანი „განცალკევება“ პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას ორივე მხარე აცნობიერებს. სწორედ ეს გამოკვეთს აშშ-სა და სსრკ-ს ბიპოლარულობისაგან განსხვავებულ, ამჯერად უკვე აშშ-სა და ჩინეთის ბიპოლარულ სამყაროს, სადაც თანამედროვე ვერსია, - წინამორბედისაგან განსხვავებით - საგრძნობლად ნაკლებად იდეოლოგიზებულია. ახსნა რამდენიმე საკვანძო ასპექტში უნდა ვეძებოთ. თითოეული ამ ქვეყნისათვის მეორის საექსპორტო დანიშნულების შესახებ მოკლედ უკვე ვთქვით. 


ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს აშშ დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი, რომელსაც, რთულია, პეკინმა ანგარიში არ გაუწიოს. ამასთანავე, დოლარის როლის შესანარჩუნებლად აშშ-ს ხაზინის ფასიანი ქაღალდების პორტფელში ჩინური მფლობელობის წილი წამყვანია - სავალო ქაღალდების მყისიერი ანდა მნიშვნელოვანი რეალიზება  აშშ-ს ობლიგაციებსა და ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე კრიტიკულად იმოქმედებს. ანალოგიურად, აშშ-ს სავალუტო რეზერვებთან მიმართებით, ჩინური იუანის აშშ-ს დოლარზე „პეგირება“ განმსაზღვრელია დოლარის ღირებულებისათვის. შესაბამისად, სათანადო წინდახედულებითა და შემხვედრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ბიპოლარული სისტემის ამ მეტად კრიტიკული სეგმენტის ტვირთი ვაშინგტონმა და პეკინმა „იძულებით და ღირსეულად“ უნდა ატარონ. 


უპოლუსო თუ მრავალპოლუსიანი?
 

ეს სიტყვათა თამაში არ არის, რადგანაც - უპოლუსო თუ მრავალპოლუსიანი - არსებითად, განსხვავებული ეფექტის მატარებელია. თუმცა ორივე მათგანს ახასიათებს ის, რომ არ არსებობს ერთპიროვნული გლობალური ჰეგემონია ან გლობალური გავლენების გადასანაწილებლად ორი ზესახელმწიფოს მიერ „პირის შეკვრა“. თუმცა ამ ორის მსგავსება აქ მთავრდება და შემდეგ უკვე უფრო განსხვავებები იჩენს თავს. ზოგან ასეთი განსხვავება სტრუქტურულია, ზოგან – ფუნქციონალური, მაგრამ ორივე შემთხვევაში გლობალური (უ)წესრიგ(-ობ)ის სხვადასხვა რეჟიმებზე გავდივართ.
 

უპოლუსო არამარტო „გადაწყვეტილების მიმღებთა“ სიმრავლით და სიჭრელით ხასიათდება. რაოდენობასთან ერთად, ამ სისტემას სერიოზული ფუნქციონალური ხარვეზები აქვს, რაც, საბოლოოდ, საერთაშორისო ურთიერთობის უსისტემობასა და მაღალი არასტაბილურობაში ვლინდება. მეტიც, კონკრეტული გლობალური საფრთხისა და გამოწვევის წინაშე, უპოლუსო სისტემამ, შესაძლოა, სულაც კოლაფსი განიცადოს. ერთი სიტყვით, უპოლუსობის პირობებში კავშირი ძალაუფლებასა და გავლენას შორის მეტად სუსტი, პრაქტიკულად კი - არარსებულია. ეს ვინმეს იქნებ მოეწონოს კიდეც, მაგრამ თანამედროვე რთულ გამოწვევებთან ერთად, ასეთი კავშირის არარსებობა უკონტროლობასა და ქაოსს მიახლოვებულ ნაპრალს ქმნის. ამდენად, უპოლუსო სისტემა (თუ უსისტემობა) მხოლოდ სხვა სისტემების აკადემიური კვლევის ათანმდევ ფონად თუ გამოდგება. საერთაშორისო საკითხთა მართვის თუ პროგნოზირებადად წარმართვის პრაქტიკული მიზნით კი, ფაქტობრივი პასუხისმგებლობისაგან დაცლილი ამ მოდელის ფასი ნულს უახლოვდება.
 

ამდენად, რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერთპოლუსიანი წესრიგის ჩამნაცვლებელი ორპოლუსიანობის შესაძლო ალტერნატივა მულტილატერალური, ანუ მრავალპოლუსიანი მოწყობის სისტემაა, რომლის თაობაზეც მკითხველთან რამდენიმე უკვე კარგად ნაცნობ საკითხზე უნდა შევჯერდეთ და რამდენიმე ახლებურად დანახულ ასპექტსაც შევეხოთ.
 

მრავალპოლუსიანობა დღევანდელი გაგებით
 

გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, მრავალპოლუსიანი წეს–წყობა არ უნდა გავიგოთ როგორც „მრავალპოლუსიანელთა კლუბში“ ნებისმიერი მსურველის ულიმიტო და შეუზღუდავი დაშვება.
 

მრავალპოლუსიანი გლობალური წესრიგის საწყისი გაგება რამდენიმე სახელმწიფოსა ან სახელმწიფოთა ჯგუფის შეთანხმებულ (კოოპერირებად) მოქმედებას ეფუძნებოდა, რომლის მიზანი, ზოგისათვის მოსაწონი, ხოლო ზოგისათვის კი დასაწუნი, ურთიერთობათა გასაგები სისტემის უზრუნველყოფაა. მარტივად რომ აიხსნას, „დიდები“ ადგენენ თამაშის წესებს როგორც თავისთვის, ისე „პატარებისათვის“; „დიდები“ ასევე განსაზღვრავენ ამ წესების დარღვევისათვის „დისციპლინარული სახდელის“ ფორმებს; ხოლო მთლიანი სისტემა ძალთა ბალანსსა და „მაჟორიტარ აქციონერთათვის“ მისაღებ წონასწორობაზეა დამყარებული.
 

რაც შეეხება თანამედროვე გაგებით მრავალპოლუსიან წესრიგს მორიგ ნიშანთვისებას არის ის, რომ ის გასცდა მის პირვანდელ ფარგლებს, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო ურთიერთობაში მხოლოდ სახელმწიფოთა მონაწილეობით განისაზღვრებოდა. ვინაიდან ამ ურთიერთობებმა თანდათანობით იცვალა არსი და ბუნება, გავლენიანი პოლუსები მხოლოდ ქვეყნების სუბიექტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას არ უკავშირდება. გლობალურად გავლენათა გადანაწილებაში აგრეთვე ჩაბმული არიან სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები (ვთქვათ, ევროკავშირი), მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები (მაგალითისათვის, „ვაშინგტონის კონსენსუსის“ საყრდენი, - მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი), სუვერენული ფონდები (ასე მაგალითად, კატარის სუვერენული ფონდი) თუ ტრანსნაციონალური კორპორაციები (ვახსენოთ, თუნდაც, „გუგლი“, „ამაზონი“ და ა.შ.). მეტიც, მრავალპოლუსიან სამყაროში თავიანთ წილზე პრეტენზიას ისეთი კვაზი-სახელმწიფო აქტორები აცხადებენ, რომლებსაც ძალის ფაქტორის გამო სიტყვა ეთქმით როგორც კონკრეტული ქვეყნის შიდა, ისე ქვეყნის საგარეო საკითხებში (ერთ-ერთი ნათელი დემონსტრირებაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, „ვაგნერის“ ფორმირება). ამ ერთობ სიმრავლის მიუხედავად, ძალა და გავლენა მაინც შერჩევითად ნაწილდება სისტემის მონაწილეებს შორის, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წესრიგის თვალსაზრისით, გარანტირებული მინიმალური ხარისხის სტაბილურობასა და კოორდინაციას უწყობს ხელს. შექმნილი ვითარება არც უნიპოლარიზმის ელემენტების ინერციით არსებობას გამორიცხავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ექს-უნიპოლარული (ყოფილი ჰეგემონი) ქვეყანა იძულებულია სხვების ინტერესებს ანგარიში გაუწიოს და ძველებურად, უკანმოუხედავად ვერ იმოქმედებს.
 

რაკი მრავალპოლუსიანი წესრიგის განხილვა წამოვიწყეთ, გარდა ზემოაღნიშნულისა, რამდენიმე სპეციფიკური ელემენტიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ.
 

რეგიონალიზაციის ზოგადი ეფექტი
 

მრავალპოლუსიან სამყაროში სისტემის სხვადასხვა მონაწილის დივერსიფიცირების საჭიროება ვახსენეთ და ეს სწორიც იყო. ამასთანავე, მრავალპოლუსიანობისაკენ შესაძლო სვლის მახასიათებელი მსხვილი გეო-რეგიონალური ცენტრების წარმოქმნა ან გამსხვილება იქნება. რეგიონალურ ინტერესებსა და გავლენებს განკუთვნილ საკითხთა უმეტესობა ასეთი ცენტრების, - ერთგვარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გეოგრაფიული ჰაბების ფარგლებში ჩამოყალიბდება და ამავე ფარგლბეში გადაწყდება. ამგვარ „რეგიონალურ დაქსელვაზე“ დამყარებული გლობალური საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობა დამოკიდებული იქნება როგორც კონკრეტული რეგიონის არეალში ინტერესთა თანხვედრაზე, ისე სხვა მსხვილ რეგიონალურ ცენტრებთან ინტერესთა შეთანხმებასა და ერთმანეთთან კოორდინაციაზე. ასეთ დროს, მსოფლიოში მსხვილი მასშტაბის დაპირისპირებების (სავარაუდოდ, ცივი ომის პერიოდისათვის დამახასიათებელი ე.წ. proxy war კვლავ დღის წესრიგში იქნება) თავიდან არიდებას ისევ და ისევ ძალთა სწორი ბალანსის პოვნა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დიდი რეგიონი ახლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ მსხვილ გეოგრაფიულ რეგიონად ფორმირდება და ამ პროცესში არა მხოლოდ შიდარეგიონალური - ე.წ. რეგიონალური ზესახელმწიფოების, არამედ „გარე“ გლობალურ ზესახელმწიფოთა მზარდი როლი დღითიდღე იგრძნობა.
 

რეგიონალიზაცია ინტერესთა მიხედვით
 

სახელმწიფოთა მინიალიანსებისა თუ ჯგუფების ფორმირება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ტენდენციაა, რომელსაც ჩვენ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. პრაქტიკულად, საუბარია ინტერესთა თანხვედრის პრინციპით და კონკრეტული დღის წესრიგის ირგვლივ ისეთ „სიტუაციურ გაერთიანებებზე“, რომლებსაც განსაკუთრებული ფორმალური წესები გაწერილი არ აქვთ. უმეტესწილად, ასეთი გაერთიანებები არსებული გლობალური წესრიგის თანმდევი ფორმალური ინსტიტუტების მიღმა იქმნება და მოქმედებს. აღნიშნული ტენდენციის საილუსტრაციოდ საკმარისია ვახსენოთ იმგვარი სიტუაციური, ე.წ. ad hoc მინიალიანსები, როგორებიცაა AUKUS (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, აშშ), QUAD (აშშ, ავსტრალია, ინდოეთი, იაპონია) ან I2U2 (ინდოეთი, ისრაელი, გაერთიანებული საამიროები, აშშ).
 

ინტერესთა მიხედვით სიტუაციური გაერთიანება, ერთგვარად, შუალედური მოდელია ორპოლუსიან და მრავალპოლუსიან სამყაროებს შორის. ამავე კონტექსტში მეტად აქტუალურია შეკითხვა: რამდენად უწყობს ეს ტრენდი ხელს მსოფლიოში სტაბილურობასა და კონფლიქტების პრევენციას? ხომ არ წარმოშობს ეს ტრენდი ფრაგმენტაციის დამატებით წინაპირობას გლობალური პროცესების მართვადობის კუთხით?
 

რა თქმა უნდა, ეს შეკითხვები საფუძვლიანია. თუმცა მათზე ესა თუ ის პასუხი მაინც წინარე და შუალედური იქნება, რამეთუ მკაფიო და საბოლოო პოზიცია შედარებით ხანგრძლივმა პრაქტიკამ თავად უნდა ჩამოაყალიბოს. ამავდროულად ერთი ერთი რამ უკვე ნათელია: ასე თუ ისე, უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით, ინტერესთა მიხედვით რეგიონალური გაერთიანება სწორედ რომ პირდაპირი რეაქციაა დღეს არსებული უსაფრთხოების სისტემების არაეფექტიანობასა და უშედეგობაზე. თავისი არსით, აღნიშნული კატეგორიის გაერთიანება მეტი პრაქტიკულობით, მოქნილობით, ეკონომიურობითა და მიზნობრიობით გამოირჩევა, რაც, მსხვილ ბიუროკრატიულ ორგანიზაციებთან შედარებით, პრობლემაზე უფრო სწრაფი და ადეკვატური რეაგირების წინაპირობას ქმნის.
 

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ რეგიონალურ მინიალიანსებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მათთვის საინტერესო სხვა თემებზეც ეძლევა (მაგალითად, I2U2-ს ამოცანებს შორის მოიაზრება ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა, ხოლო Five Eyes-ს ვიწრო სპეციალიზაცია სადაზვერვო მონაცემების ურთიერთგაცვლაა). გადაწყვეტილებათა მისაღებად ნაკლებ ბიუროკრატიასთან ერთად, ესა თუ ის გაერთიანება გაცილებით უკეთ არის ფოკუსირებული მისთვის აქტუალურ გეოგრაფიაზე, რაც მას „მეორად გეოგრაფიებზე“ რესურსის ხარჯვისაგან ზოგავს. აქვე საგანგებოდ უნდა გამოვყოთ ის შედარებითი უპირატესობაც, რომელიც მინიალიანსსა თუ ინტერესთა ჯგუფში გაწევრების პრაქტიკულ და არა იდეოლოგიურ მოსაზრებებს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, პოტენციური წევრი-სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი ინტერესების სარეალიზაციოდ, სხვა წევრი-ქვეყნების ინტერესებთან რაციონალური თანხვედრის პირობით. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი, ვითომ კონცეპტუალური „იზმებისაგან“, იდეოლოგიური დოგმებისა თუ არასაჭირო ფარისევლობისაგან.
 

ნათქვამის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ტენდენციის ჭრილში, მკითხველის ყურადღებას კვლავ მივაპყრობთ დიდი შავი ზღვის რეგიონს და მის ფარგლებში თემატური გაერთიანების ფორმირების აუცილებლობას. კონკრეტულ მექანიზმზე წარსულში არაერთხელ გვისაუბრია. ახლაც, კვლავ წამოვწევთ ერთ-ერთ წინა სტატიაში განხილულ შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ინიციატივას, რომელიც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის, ახალი საკომუნიკაციო არხების დროსა და საჭიროებაზე მორგებულ თანამედროვე საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატს მოემსახურებოდა.
 

ასეთი დეკლარაცია გამოკვეთს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. რიგი აქტუალური თემების გასწვრივ, დეკლარაცია: (1) ხაზგასმით მიუთითებს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის მხარეთა პარტნიორობას; (2) საგანგებოდ განიხილავს რეგიონს, როგორც მავნე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებისაგან“ თავისუფალ არეალს; (3) გამოკვეთს რეგიონალური ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; (4) აღნიშნავს გაყინულ ე.წ. ეთნიკურ, მაგრამ რეალურად გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; (5) უზრუნველყოფს პლატფორმას რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხების, მაგალითად, ტერორიზმსა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად; (6) დასახავს მიმართულებებს რეგიონალური მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ.
 

აღნიშნულის გარდა, დეკლარანტების ყურადღება რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე დამატებით და საგანგებოდ გამახვილდება. ერთ-ერთ კონკრეტულ ინიციატივად მოვიაზრებდით მსხვილი რეგიონალური პროექტის დეკლარაციით, ვთქვათ, „შავი ზღვის კეთილდღეობის (განვითარების) სარტყლის“ ინიციირებას. პროექტის მიზნებში მოექცეოდა საფინანსო რესურსის მობილიზება რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ასევე გარკვეულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირება, სოციალური ხასიათისა და გარემოსდაცვითი მიზნობრივი პროგრამების რეალიზება და ა.შ. დღეის მდგომარეობით, „სარტყლის“ კონცეფციაში ორგანულად თავსდება ბოლო პერიოდის განაცხადი ისეთ ორ მსხვილ პროექტზე, როგორებიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგური. ამავე ხაზს განამტკიცებდა შუა დერეფნის წარმატებული რეალიზება უმოკლეს დროში, მისგან გამომდინარე შესატყვისი პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდებით ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისათვის.
 

აქვე დავძენთ, რომ საჭირო ფუნქციონალური ხარისხის უზრუნველსაყოფად გასააზრებელია მაღალი რანგის რეგულარული სამიტების გამართვა დეკლარაციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების, სტრატეგიულ პარტნიორთა და მოკავშირეთა მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. რეგულარული სამიტების მთავარი დანიშნულება რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა; სამიტის მონაწილეების განხილვის საგნად ასევე უნდა იქცეს რეგიონში რეალურად გეოპოლიტიკური (და არა ე.წ. „ეთნიკური“) კონფლიქტების, ზოგადად, რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხები და გამოწვევები.
 

გლობალური სამხრეთი
 

ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი მზარდი „გეოგრაფიულ-გეოპოლიტიკური ცენტრი“, რომლის თავისებურება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებით გამოიკვეთა. ამჟამად რთულია ამ თითქოსდა ახალი პოლუსის მომავალზე საუბარი, თუმცა მისი ფორმირება და გავლენა გლობალურ პროცესებზე უკვე იგრძნობა.
 

ორიოდე სიტყვით, სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების სახით, გლობალური სამხრეთის დამახასიათებელი ხელწერა სამხედრო დაპირისპირებაში რომელიმე მხარის გვერდით დგომაზე უარის თქმაა. მსოფლიოში ამა თუ იმ ბანაკში გადაჯგუფებულ ქვეყნებს მიღმა მყოფი ეს „დანარჩენი ქვეყნები“ ღია აფიშირებას უკეთებენ საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ მაკიაველისებურ ხაზს, სადაც „მიზანი ამართლებს საშუალებას“. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში, კონფლიქტურ მხარეებთან მიმართებით სიმპათიებისა თუ შედეგის თვალსაზრისით, ეს ხაზი გეოპოლიტიკურად არცთუ შედეგობრივად „უნაშთოა“. ასე მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებთან მიერთებაზე უარი (საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარების მიზნით) აქვეითებს ამ სანქციების ქმედითობას და რუსეთის ეკონომიკას ერთგვარ „მაშველ რგოლს“ სთავაზობს. კონკრეტული მაგალითების დახასიათება შორს წაგვიყვანს, თუმცა ზოგადი კლასიფიკაციის მიზნით, „დანარჩენთა“ ეს ჯგუფი, ალბათ, ახლოს არის წინა საუკუნის 70-ბში განვითარებულ მიუმხრობლობის მოძრაობასთან. განვმეორდებით: ახლოს არის, მაგრამ მის ყველა ასპექტს სრულად როდი იმეორებს; მეტიც, - იმ დროისაგან კარდინალურად განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალობის გამო, ვერც გაიმეორებს.
 

გლობალური სამხრეთის პოლიტიკური ხელწერა, მაინც და დიდწილად, ტრანზაქციულია, ანუ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამავე დროს, ერთიანი კონტექსტიდან სამხრეთის ასეთ „ამოვარდნაში“ არა მარტო მისი განზრახვა უნდა ვეძებოთ, არამედ დიდი მოთამაშეების მხრიდან „დანარჩენთა“ მიმართ (მინიმუმ!) სათანადო მოპყრობის დეფიციტი პოსტ-ცივი ომის პერიოდში. ასე მაგალითად, აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შეიქმნა იმგვარი ვითარება, როდესაც ევროპის სხვადასხვა პრობლემა მსოფლიოს პრობლემად გადაქცეულა, თუმცა დანარჩენი მსოფლიოს ესა თუ ის პრობლემა იშვიათად გამხდარა ევროპის სათანადო ყურადრების ღირსი.
 

სტატიის ამ ნაწილის დასკვნისათვის, ხელახლა აღვნიშნავთ გლობალური სამხრეთის მნიშვნელობას მსოფლიო პროცესებისათვის. თუმცა დავძენთ იმასაც, რომ გლობალური გავლენის თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი პროეცირების თვალსაზრისით, გლობალური სამხრეთის მონოლითურ პოლუსად დამკვიდრებაზე დამაჯერებლად საუბარი ჯერ მაინც ნაადრევია.
 

ჩვენ: ქართული მხარე
 

არსებულ რეალობაში ქართული გეოპოლიტიკური ხაზის გატარებაზე ახლო წარსულში არაერთგზის გვისაუბრია. ამჯერად მხოლოდ იმის მოკლე კონსტატირებით შემოვიფარგლებით, რომ საგარეო-პოლიტიკური ჩარჩო ფორმატით განსაზღვრული პრიორიტეტების პირობით, ეს ხაზი, შეძლებისდაგვარად, ეროვნულად ეგოცენტრისტული უნდა იყოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, აღნიშნული ეგოცენტრიზმის მამოძრავებელია: (1) ქართული სახელმწიფოსათვის კრიტიკულად მთავარი „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ფორმულიდან გამომდინარე ინტერესების სხვათა ინტერესებზე პრიმატი - სადაც კი ეს დასაშვებია; (2) ამავე ფორმულით განპირობებული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების სხვათა ინტერესებთან თანწყობა - მაქსიმალურად, სადაც კი ეს შესაძლებელია.
 

ლავირება-ბალანსირება საქართველოსათვის უცხო არ არის. ისტორიულად, ამა თუ იმ ეტაპის ამოცანების შესაბამისი მიზნების მისაღწევად ჩვენი ქვეყანა ამას ცვალებადი წარმატებით ცდილობდა. ამ ხაზის სწორად და მარჯვედ გატარება სამომავლოდაც პრიორიტეტული იქნება მსოფლიოში, რომელშიც ნებისმიერი კონფიგურაციის წესრიგი, განჭვრეტად მომავალში, დამოკიდებული დარჩება: (ა) ძალთა გლობალურ ბალანსზე; (ბ) ძალთა გლობალური ბალანსის განმსაზღვრელი სისტემების იდეოლოგიურ შინაარსსა და (გ) გეოგრაფიული მდებარეობის ფაქტორზე.
 

ამ ფონზე, სტატიაში აღწერილი ტენდენციების გათვალისწინებით, გვინდა აუდიტორიას რამდენიმე მოსაზრება მოკლე დასკვნის სახით გავუზიაროთ. მიგვაჩნია, რომ პრაქტიკული პოლიტიკის ქმნის ხერხად თითოეული მათგანის დამკვიდრება სასარგებლო იქნება პრაქტიკული და არა თეორიული შედეგის მისაღწევად. დავიწყოთ იმით, რომ (1) მიმდინარე პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის პირობებში საქართველო აღმოჩნდა თანაბრად რთული და ისტორიულად უნიკალური შესაძლებლობის წინაშე - ერთიორად გაზარდოს ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის, მიმზიდველობა და რეგიონის „ეკონომიკურად თანამოაზრე“ ქვეყნებთან ერთად, დააწინაუროს ეს რეგიონი ახალი მსოფლიოს სამრეწველო და სატრანსპორტო აღმოცენებად სტრუქტურაში. ამავე მოსაზრებას უკავშირდება მეტად შესამჩნევი ტრენდი, რომლის თანახმადაც გლობალური კომპანიები იდეოლოგიურად შედარებით „ნეიტრალური“ ხდებიან და რელოკაციისათვის უფრო მეგობრულ, შედარებით უსაფრთხო გეოგრაფიებს ეძებენ. ქართული მხარისათვის ამ ისტორიული მომენტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას (ერთიანი საჯარო-კერძო ძალისხმევით) მოწინავე ბიზნესინტერესებისათვის ე.წ „ფრენდშორინგის“ („მეგობრულ გარემოში დაბინავების“) ოპტიმალური არჩევანის შეთავაზების საშუალება ეძლევა. ამ კონტექსტში ანაკლია, შავი ზღვის კაბელი თუ შუა დერეფნიდან გამომდინარე სუბრეგიონალური პროექტები აღნიშნულ შეთავაზებას კონკრეტული შინაარსით შეავსებს; (2) უკვე ნახსენები „მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის“ ქართული ეგოსტანდარტის სარეალიზაციოდ საჭიროა ქართული რბილი ძალის, პრევენციული სპეცსამსახურისა და პროაქტიული დიპლომატიის სწორი სინერგია. თითოეულის ეროვნული მნიშვნელობა ასევე არაერთგზის აღგვინიშნავს. ამჯერად კი მხოლოდ ქართული დიპლომატიის უპრეცედენტოდ მზარდ როლზე ვიტყვით ორიოდე სიტყვით: მან ისეთ სტანდარტს უნდა მიაღწიოს, რომ ადრეულ ეტაპზევე პოლიტიკურად გაანეიტრალოს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რათა სახელმწიფოს დანარჩენი რესურსი (სამხედრო თუ ეკონომიკური) მაქსიმალურად დაიზოგოს; (3) როგორც საშინაო, ისე საგარეო (თუმცა ეს დაყოფა დღეს ძალზე პირობითია) ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში საკითხთა პრიორიტეტიზაცია უნდა დაინერგოს: დრო და რესურსი პირველი თუ მეორეხარისხოვნების, პირველი თუ მეორე რიგის ამოცანათა მიხედვით უნდა გადანაწილდეს. ცალკეულ ვითარებაში არაპროგნოზირებადი და რისკიანი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საგნობრივ შედეგზე მიმართული პოლიტიკის ქმნა, შესაძლოა, სულაც ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას დაეფუძნოს.
 

ძალიან ზუსტი ნათქვამია, რომ თანამედროვე ეპოქის პოლიტიკურ ლიდერებს ორი უმთავრესი და საბაზისო თვისება უნდა გამოარჩევდეთ: მოვლენების მშვიდად მიღება მაშინ, როდესაც მათი სასიკეთოდ შეცვლა ან მათზე ზემოქმედება ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო გამბედაობა მაშინ, როდესაც სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა ხელეწიფებათ. ქართული სინამდვილიდან გამომდინარე, ამ ორ თვისებას ერთსაც დავამატებთ: პოლიტიკოსისათვის თანაბრად აუცილებელია სიბრძნე, რომ კარგად გაარჩიოს, თუ როდის უნდა იმოქმედოს მშვიდად და როდის - გაბედულად.

 

გააზიარე: