„ჯეპრას“ და „ჯეოქეისის“ თანაორგანიზებით პოსტ-პანდემიურ სამყაროში საქართველოს პოზიციონირების საკითხებზე „ფეისბუქ-ლაივი“ გაიმართა.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: “ჩვენ ვხედავთ, რომ სწორ მოქმდებათა ალგორითმის ამოკითხვა რთულია, რადგან მსგავსი კრიზისი აქამდე არ ახსოვს კაცობრიობას. ფაქტია, რომ ვირუსმა გააშიშვლა მთელი რიგი პრობლემებისა. გამოწვევები ყოფილა გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებში. სამწუხაროდ, პრობლემების „დაპაუზება“ მოხდა. ასევე, ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, გაჩნდა ახალი ფორმა დაპირისპირებებისა. საბოლოო ჯამში, თვისობრივად ახალი რისკების წინაშე დავდეგით“.
ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა წესრიგზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებსა და მათ თანმხლებ გამოწვევებზე. თუმცა არსებული შეთანხმებების შეუსრულებლობამ გამოიწვია ერთგვარი ნიჰილიზმი, რის შედეგადაც საერთაშორისო აქტორებმა პრაქტიკულად გარიგებით, კონიუქტურულ მიდგომას მიანიჭეს უპირატესობა. თუმცა თანდათანობით ნულოვანი ჯამის პრინციპი განვითარდა.
ამასთანავე, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა „ტრანს წყნარ ოკეანეში პარტნიორობის ყოვლისმომცველ და პროგრესულ შეთანხმებაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ჩინეთის მიმდებარე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გამჭირვალობის და უნიფიცირების ისეთი ხარისხის უზრუნველყოფას, რაც გამორიცხავდა პეკინის მხრიდან სხვათა ზურგს უკან საკუთარი ვიწროეროვნული დღის წესრიგის ლობირებას.
მისი თვალთახედვით, „დიდი გაჩერების“ პირობებში, „საქართველომ ამ ისტორიული „სრულყოფილი ქარიშხლის“ ძალით ღრიჭოდ გაღებულ ფანჯარაში თავისი უკეთესი მომავალი უნდა დაინახოს და კონკრეტული გეგმის ხარჯზე დაწინაურებულთა რიგებში დამკვიდრდეს“. მან ჩინეთიდან ბიზნესის გადატანის შესაძლო სამი სცენარი გაანალიზა. ვიქტორ ყიფიანი თვლის, რომ ამ თვალსაზრისით აზიურ ქვეყნებს აქვთ გარკვეული უპირატესობა, თუმცა, ამავდროულად, გასთავლისიწნებელია ის ფაქტორი, რომ ბიზნესს უსაფრთხო გარემო სჭირდება. ამ კონტექსტში ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც არაერთი გამოწვევა აქვთ. შესაბამისად, ბიზნეს-შესაძლებლობების კონცენტრირება სავარაუდოდ ევროპაში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში უნდა მოხდეს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთს აქვს უპირატესობები, რომლებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ ყველა კომპანია ჩინურ ბაზარს არ დატოვებს.
ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის პრაქტიკულად მის სამეზობლოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ევროკავშირთან, ევროპულ თავისუფალ ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან და დსთ-ს ქვეყნებთან. ასევე, მან ისაუბრა თეთრი სახლის მიერ დაანონსებული „ეკონომიკური კეთილდღეობის ქსელის“ მნიშვნელობაზე, რომელიც ჩინეთიდან გადმოტანილი ბიზნესის ძლიერ ალტერნატივად უნდა იქცეს. მისი თვალთახედვით, დღევანდელი ეპოქა გაბედულებს ეკუთვნით და საქართველომ უნდა შეძლოს „ისტორიული შესაძლებლობის“ გამოყენება. მით უფრო, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია.
თუ გსურთ, იხილოთ „ფეისბუქ-ლაივის“ ჩანაწერი, დააჭირეთ აქ
გააზიარე: