ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით ვიდეო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა კოვიდ 19-სა და საქართველოს ციფრულ საფრთხეებს. ონლაინ დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი. საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი იაშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერჰიგიენაზე, დისტანციური მუშაობის თანმდევ ახალ საფრთხეებსა და რისკებზე, ასევე, მოწყობილობების უსაფრთხოებასა და მათი რეგულარულად შემოწმების საკითხებზე. „ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ისაუბრა კიბერშეტევებზე, როგორც ჰიბრიდულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ასევე, ხათუნა ბურკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს აქტიური ჩართულობა ინფორმაციული სისტემების დაცვის მექანიზმების განვითარების მიმართულებით უზრუნველყოფს დაცული საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას და გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ როლს, მეტიც აქცევს მას ციფრულ ჰაბად რეგიონში. ხოლო „ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, გიორგი ანთაძემ გაანალიზა გლობალური უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, რომლებიც სახელმწიფოების წინაშე დგას კიბერსაფრთხეებთან გამკლავების პროცესში. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მნიშვნელობასა და მასში კიბერუსაფრთხოების კომპონენტების ასახვაზე.
„ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ვიდეო შეხვედრები „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით კვლავ გაგრძელდება. ასევე, მან გამოხატა ორგანიზაციის მზადყოფნა შეიტანოს თავისი წვლილი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
ონლაინ ვიდეო შეხვედრის ნახვა
გააზიარე: