ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით, „ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის მონაწილეობით, ონლაინ დისკუსია გაიმართა. ონლაინ შეხვედრის თემა გახლდათ „შავი ზღვის უსაფრთხოება: დრო კრეატიული ფიქრისთვის და საქართველოს პერსპექტივა“.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „აუცილებელია ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე უსაფრთხოების სისტემაში არსებული დისბალანსის აღმოფხვრა და ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებს შორის პარიტეტის აღდგენა. ამ მიზნით, განვითარებული პროცესები მოითხოვენ სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შავ ზღვაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლობის გასაძლიერებლად და „ერთი ფლანგის, ერთი საფრთხის, ერთი ინტერესის“ პრინციპთან მისაახლოვებლად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია შავი ზღვის რეგიონის სპეციფიკა, რომელიც გამორჩეულია განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების სიმძაფრით. მხოლოდ იმ ფაქტის აღნიშვნა რად ღირს, რომ რუსეთისათვის რეგიონი კრიტიკულ დატვირთვას ატარებს მისი სამხრეთით საზღვრებთან ე.წ. „სტრატეგიული სიღრმის“ უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც შავი ზღვის გავლით ხმელთაშუაზღვაზე და ჩრდილოეთ აფრიკაზე გასასვლელად. აღსანიშნია ისიც, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ფუნქციონალურად მხოლოდ მოცემული რეგიონით არ შემოიფარგლება და ის ასევე ერთგვარი „ჩამკეტია“ აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების სისტემებისა. არცთუ შორეულ მომავალში კი, შავი ზღვის რეგიონს შესაძლოა ახალი, თვისობრივად გამორჩეული, „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ განზომილება დაემატოს, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და კომლექსურს გახდის რეგიონალური ძალთა ბალანსის ამოცანის გადაჭრას“.
ლუკ კოფის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უნდა გაიზარდოს ნატო-ს ფლოტი, რაც რეგიონში ალიანსის პოზიციებს გააძლიერებს. ის გამოვიდა ალიანსის მიერ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრის დაფუძნების ინიციატივით, რომელიც შესაძლოა იყოს ნატო-ს ტალინის კიბერთავდაცვითი ცენტრის ანალოგი. ონლაინ დისკუსიის მსვლელობის დროს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ცენტრის შექმნის იდეა ბათუმში ნატო-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა განხორციელდება.
ლუკ კოფიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. საქართველოს შეუძლია ცალკე გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი. „თუმცა ჩვენ როგორც საქართველოს, ისე უკრაინას უნდა დავეხმაროთ ევროინტეგრაციის გზაზე“, - დასძინა მან.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია და ბუქარესტის 12-წლიანი დაპირება შესასრულებელია. ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ისტორიულ და თანამედროვე ასპექტებზე.
იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი
გააზიარე: