„ჯეოქეისის“ ორგანიზებით, პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გაიმართა

18 ივლ. 2020

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს ორგანიზებით პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.  


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „კოვიდკრიზისი საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის, რთული გამოცდილება იყო. თუმცა, მან გარკვეულწილად გამოგვცადა და ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს ტესტი ჩავაბარეთ. მან გამოსცადა ჩვენი ნდობა და დემოკრატია. ჩვენ შევძელით სწორად გვემართა ნდობის სამკუთხედი - მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება“.


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით: „ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ევროკავშირის მიერ საქართველოს შეყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო და ევროპა ერთმანეთისათვის მხოლოდ სამოგზაურო ადგილი არაა, ეს ჟესტი სოლიდარობის ნიშანიცაა, რომელიც ვაქცინის გამოგონებასთან ერთად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და თითოეულ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა“.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დიპლომატებს პანდემიასთან დაკავშირებული მოკლე  ანგარიში წარუდგინა.


ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების დახმარების საკითხს და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადამიანი შემოვიდა ჯანდაცვის სერვისების მისაღებად. მათგან კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა. 


„გარდა იმისა, რომ მათ ვიღებთ რუხის საავადმყოფოში, ადგილზეც ვეხმარებით ტესტებით, პირადი დაცვის საშუალებებით, კონსულტაციებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აქტიურადაა ჩართული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პერიოდში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და რა პრობლემები არსებობს სისტემაში.


„ჯეოქეისი“-ს  თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: "ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან შეეხება იმ საერთაშორისო კონტაქტებს, რაც ქვეყანას ჰქონდა პანდემიის პირველი ტალღის პროცესში. აუცილებელია, ჩვენ მსოფლიოს გავაცნოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც ამ ხნის განმავლობაში დავაგროვეთ. ჩვენ შეგვიძლია ამით სამართლიანად მოვიწონოთ თავი. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია ხელს უწყობს გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას“.       


„ჯეოქეისი“-ს  მკვლევარმა ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში პარტნიორების მხარდაჭერაზე. „გლობალური გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია  ერთობლივი ძალისხმევით. იმედი მაქვს, პოსტ-პანდემიური საერთაშორისო სისტემა ხელს შეუწყობს ახალი მიდგომების დანერგვას საერთო გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო შეძლებს ახალი სტრატეგიული როლის, რეგიონში ციფრული ჰაბის ფუნქციის განვითარებას“, - დასძინა მან. 

გააზიარე: