„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა ხათუნა ბურკაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა

4 აგვ. 2020

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტში გაკეთებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება. კონგრესი შედგება ორი პალატისგან. წარმომადგენელთა პალატისგან და სენატისგან. საუბარია წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტზე, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ ჩანაწერს კარგად შევისწავლით და გავაანალიზებთ, აქ საუბარია, რომ უფრო მეტი რეფორმა განახორციელოს ქვეყანამ როგორც  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა  და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“. 
 

მისი თქმით, როცა ჩვენ მსგავსი ჩანაწერი გვაქვს, ეს გვაძლევს ბიძგს, რომ კიდევ მეტად გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები ამ მიმართულებებით. „აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს სენატში. როგორც წესი, იშვიათადაა პრაქტიკაში, როდესაც სენატის და  წარმომადგენელთა პალატის ფრაზეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, სენატის მიერ სხვა ტიპის დოკუმენტის ინიცირება მოხდეს. ამ შემთხვევაში ორივე პალატის დონეზე ხდება საკითხის განხილვა ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. თუმცა, კანონპროექტი პროცედურების თანახმად, იგზავნება პრეზიდენტთან თეთრ სახლში. პრეზიდენტს, მოგეხსენებათ აქვს უფლება ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს და უკან დაუბრუნოს კონგრესს. ეს საკმაოდ დიდი პროცესია, რომელსაც აქვს თავისი შრეები და ეტაპები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმის, რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის ჩანაწერი ვიხილოთ“, - აღნიშნა ბურკაძემ.
 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, აცხადებს, რომ ასევე ეს დოკუმენტი, შეიცავს არაერთმნიშვნელოვან ჩანაწერს. „მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, როდესაც ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, რომ შეისწავლოს ყველა ის ქვეყანა, რომლის მიმართაც დადგება რამე ტიპის კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ფორმით მოხდა ოკუპაციისადმი მხარდაჭერა. თუ მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, ეს იწვევს აღნიშნული ქვეყნის მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტას. ეს არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის კუთხით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამ ჩანაწერით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის ურყევი მხარდამჭერია“,- აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.


ამასთანავე, „ჯეოქეისი“-ს  მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „აშშ და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამენ, რომ საქართველომ ნამდვილად შეძლო პანდემიის პირველი ტალღის ეფექტიანად მართვა. ასევე ხაზგასასმელია ისიც, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა როგორც ამერიკისგან, ასევე ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენ მხარს გვიჭერენ არა მხოლოდ მშვიდობიან პერიოდში, არამედ კრიზისის პერიოდშიც ჩვენ გვერდით დგანან“. 
 

ასევე, ხათუნა ბურკაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. 
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო პროცესით, თუმცა სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა, რომ საარჩევნო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაცია აუცილებელია ქვეყნის განვითარების შემდგომი პროცესისთვის. ამავდროულად ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ, ჩვენს ქვეყანაში, საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას მომავალში“.
 

„ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ არის საკმაოდ დიდი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესში შედის საქართველოს განვითარებისთვის მტიცე მხარდაჭერა“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: