" ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა "დღის კურიერის" ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტზე ისაუბრა

29 სექ. 2020

ანალიტიკური ორგანიზაცია " ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა "დღის კურიერის" ეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში მედიატორის როლი უნდა ჰქონდეს და მხარეების მოლაპარაკების ადგილი უნდა იყოს თბილისი.


"ორი ელემენტი რაც მინდა ვთქვა, პოსტსაბჭოურ სივრცეში კარგ ხანია ყველა ეთნიკური კონფლიქტი იქცა გეოპოლიტიკურ კონფლიქტად. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვხედავთ, მესამე სახელმწიფოთა მხრიდან. სახელმწიფოთა მხრიდან, რომელთაც რეგიონში გარკვეული ექსპანსიის სურვილი აქვთ. ესენი არიან რუსეთი და თურქეთი, ვხედავთ როგორი აქტიურია მათი ჩარევა. ძალიან საყურადღებოა, როდესაც ეთნიკური კონფლიქტი გეოპოლიტიკური კონფლიქტის სახეს იღებს ეს თანაბრად შეეხება ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე გაყინულ კონფლიქტებსაც. ახლა რაც შეეხება საქართველოს ჩარევას, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება და ასევე პოლიტიკური ჩარევა. თბილისი უნდა იყოს მზადყოფნაში და უნდა აფიქსირებდეს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკების ადგილი იყოს თბილისი. ქართული მხარის, როგორც მედიატორის როლი ბაქოსა და ერევანს შორის უნდა იყოს 24-საათიანი,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


" ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტისთვის მზაობა ორივე მხარეს ჰქონდა.


"მსგავსი კონფლიქტების დამახასიათებელი ორი რამ არსებობს, ან კონფლიქტი მოკლევადიანია ან კონფლიქტი იძენს ქრონიკულ გაჭიანურებულ ხასიათს. ამ კონფლიქტის განმსაზღვრელი იქნება მომდევნო დღეები, რაც შემდეგ მოგვცემს დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, იქნება თუ არა ფართომასშტაბიანი საფრთხის საფუძველი. ქრონოლოგიას თუ გავყვებით, ძალიან რთულია იმის დაჯერება, რომ ეს სპონტანური აფეთქება იყო. მზაობა იყო ორივე მხრიდან, ამ შემთხვევაში, ჩახმახს ვინ გამოკრავდა ხელს ეს ტექნიკური მხარეა. მე ვფიქრობ, რომ ყარაბაღის მიმდებარე 6-7 რაიონი შეიძლება იყოს იმ კომპრომისის საფუძველი, რაც მხარეებს აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს,"- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
 

იხილეთ ინტერვიუ

გააზიარე: