მრჩეველთა საბჭოს წევრი
datochik@hotmail.comდავით ჩიკვაიძის გამორჩეული კარიერა დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მმართველობის მიმართულებით თითქმის ოთხ ათწლეულს მოიცავს. მას ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში (UNOG), პოლიტიკურ საკითხებში უფროსი მრჩევლის, შემდეგ კი გენერალური დირექტორის კაბინეტის უფროსის თანამდებობა ეკავა. გაეროს ბიბლიოთეკის დირექტორისა და UNOG-ის კულტურული დიპლომატიის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას კი მან ახალი სტრატეგიული ხედვა შექმნა, აამაღლა ბიბლიოთეკის პროფილი და განავითარა კულტურული, ინტელექტუალური და აკადემიური ურთიერთობების ახალი ფორმები. იგი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისრის უფროსი მრჩეველი კომუნიკაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დარგში და ადამიანის უფლებათა კომისიის სპიკერი.
ჩიკვაიძეს კარიერის განმავლობაში ხშირად უწევდა იმ დროისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების საქმეში მონაწილეობა, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეისა და იუგოსლავიის ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში; მოლაპარაკებებში დასავლეთ საჰარის კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ; ავღანეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციაში; ტაჯიკეთში კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის საჭიროების შეფასებაში; 2013 წლის ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პ5+1 ირანული ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდის ორგანიზებაში ჟენევაში, და სხვა.
გეოპოლიტიკური დინამიკის გამოცდილ დამკვირვებელს, დავით ჩიკვაიძეს კარგად ესმის მსოფლიო ძალაუფლებების ურთიერთობების, ევრაზიის გეოპოლიტიკისა და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების საკითხები და მათი მნიშვნელობა ენერგოუსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და სტრატეგიული სტაბილურობის კუთხით.
გაეროში სამუშაოდ გადასვლამდე, ჩიკვაიძე მონაწილეობდა პრეზიდენტების გორბაჩოვისა და ელცინის გაეროში, აშშ-ში, იაპონიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ კორეაში სახელმწიფო ვიზიტების პროგრამების მომზადებასა და ორგანიზებაში. იგი მუშაობდა პრეზიდენტ გორბაჩოვის სამდივნოს უფროსის მოადგილედ და პრეზიდენტ ელცინის პროტოკოლის თანამშრომლად. ხუთი წლის განმავლობაში (1985-1990), იგი მსახურობდა ვაშინგტონში საბჭოთა ელჩის სპეციალურ თანაშემწედ და საელჩოს პროტოკოლის გამგედ, და ამ როლში ახლო თანამშრომლობა ჰქონდა თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან და აშშ-ს სხვა დეპარტამენტებთან სსრკ-აშშ უმაღლესი დონის შეხვედრებისა და მინისტრთა დონეზე შეხვედრების მომზადებაში.
განათლებით დიპლომატი, დავით ჩიკვაიძე ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს. იგი ავტორია რიგი სტატიებისა საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. აქტიურადაა ჩართული აკადემიურ საქმიანობაშიც, უძღვება გეოპოლიტიკის შესახებ სასწავლო კურსებს და კონსულტაციებს უწევს დამწყებ მეცნიერებს დისერტაციაზე მუშაობისას. იგი გახლავთ ჟენევის უნივერსიტეტის ევროპისა და საერთაშორისო მმართველობის შესწავლის მაგისტრის პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრი და საერთაშორისო კვლევების ევროპული ასოციაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
დავით ჩიკვაიძე ასევე გახლავთ შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე პრეზიდენტი, მსოფლიოს შემოქმედებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ჟენევის დიპლომატიური კლუბის ვიცე პრეზიდენტი, უშიშროების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის ასოცირებული წევრი, ლევან მიქელაძესთან ერთად, შვეიცარიაში საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
ბატონი დავითი თავისუფლად ფლობს მშობლიურ ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.