ხათუნა ბურკაძე - 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე საქართველომ ნატო-ში MAP-ის გარეშე წევრობის შესაძლებლობა უნდა მოიპოვოს

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის შედეგებზე, სავარაუდოდ, უკრაინას ნატო-ში მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებით, თუ ამ ტერიტორიების გარეშე, ასევე იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო სამიტმა ალიანსის გრძელვადიან პერსპექტივებსა და იმაზე, თუ როგორია საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უკრაინის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოკავშირეებისა და მთლიანად ალიანსისათვის. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაფართოებული პაკეტი შესთავაზეს.


აღნიშნული პაკეტი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ელემენტს. პირველი კომპონენტი ეხება დახმარების პროგრამების განვითარებას, რაც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან მეტად თავსებადობის უზრუნველყოფას. 
 

მეორე ელემენტი უკავშირდება ნატო-უკრაინის თავდაცვის საბჭოს შექმნას. აღნიშნულ საბჭოში უკრაინა მიწვეულია, როგორც თანაბარი წევრი. ეს ფორმატი ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მის ფარგლებში მხარეები განიხილავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული მოქმედებების კონტექსტში. საბჭო უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განიხილება.
 

მესამე ელემენტი მოიცავს ალიანსში წევრობას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივისადმი. ეს პროცესი ამოკლებს უსაფრთხოების რეალური გარანტიისაკენ მიმავალ გზას იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც დღეს იბრძვის უსაფრთხოების სამართლიანი არქიტექტურის შესაქმნელად. კერძოდ, იგულისხმება ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება“.
 

მისივე  განმარტებით, უკრაინის ნატო-ში მიწვევა დამოკიდებულია მოკავშირეთა შეთანხმებასა და პირობების შესრულებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული სკეპტიზმი იმის თაობაზე, რომ მეტი სიცხადე იყო საჭირო.


თუმცა, არსებული მოცემულობის ანალიზის საფუძველზე, კონკრეტული პირობების განსაზღვრა შესაძლოა აღმოჩნდეს უფრო დამაზიანებელი ევროატლანტიკური მიზნების დაჩქარებით მიღწევისათვის მომავალში. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემაზე კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერის ფრაზეოლოგია მეტი მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა, რაც საერთაშორისო პოლიტიკის დინამიკური, ცვალებადი ბუნების გათვალისწინებაზე მიანიშნებს.


ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „შემდგომი სამიტი ნატო-ს დაფუძნებიდან 75 წლის პერიოდს ეძღვნება. ის 2024 წელს ვაშინგტონში გაიმართება. ამ ეტაპიდანვე, ვილნიუსის სამიტის გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა დავიწყოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველომ ალიანსში MAP-ის გარეშე წევრობის შესაძლებლობა მოიპოვოს. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების, დაჩქარებული წესით, მისაღწევად“.


„საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია და შეუძლია თავისი წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში. შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის გარეშე კი ვერ მოხდება მთლიანი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაცვა მომავალში.


მეტიც, ჩვენ არაერთ სამშვიდობო ოპერაციასა თუ ჰუმანიტარულ მისიაში ვმონაწილეობდით. ასევე დავადასტურეთ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველო წარმოადგენდა უმსხვილეს კონტრიბუტორს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. საქართველო ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მეტს იმსახურებს და უნდა შევძლოთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი კონსტიტუციური, საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.


გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს

 

გააზიარე: