ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი შემოუერთდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია, გაცნობოთ, რომ მის მკვლევართა გუნდს აკადემიკოსი ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილი შემოუერთდა. მისი კვლევითი საქმიანობა ცენტრში ფოკუსირებული იქნება კავკასიისა და ბალტიის ქვეყნების საკითხებზე. მისი საფუძვლიანი ცოდნა ხსენებული ქვეყნების წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ ხელს შეუწყობს ანალიტიკური ცენტრის ექსპერტიზის გაძლიერებას აღნიშნული მიმართულებით. 


ნიკო ჯავახიშვილი 1997 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (2009 წლიდან) და საუნივერსიტეტო სენატის წევრი (2022 წლიდან). ხოლო პარალელურად - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და იმავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გარდა ამისა, იგი არის (ან წარსულში იყო): საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი (2008-2021); საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფულის ნიშნებისა და საიუბილეო მონეტების გარეგნული სახის შემრჩევი კომისიის წევრი (2005-2009); საქართველოს უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი (2018-2019); ლიეტუვის დიდი სამთავროს ინსტიტუტის (ქ. კაუნასი) სამეცნიერო საბჭოს წევრი (2012 წლიდან); საქართველოს ლატვიელთა საზოგადოება "Ave Sol!" საპატიო წევრი (2015); საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამომავალი რამდენიმე სამეცნიერო კრებულის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო საბჭოს წევრი. როგორც საისტორიო მეცნიერების დამხმარე დარგების (ფალერისტიკა, ბონისტიკა, ნუმიზმატიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია და სხვ.) სპეციალისტი, უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავებაში. 


იკვლევს საქართველოს და კავკასიის ისტორიის, ასევე მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის საკითხებს; გახლავთ ავტორი 264 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 22 წიგნისა და 242 სტატიისა, რომლებიც გამოცემულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, პოლონურ, ლატვიურ, ლიტვურ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე. 


საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების აკადემიურ და სამეცნიერო-პედაგოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ბალტიის ქვეყნების არაერთი აკადემიური ინსტიტუციის მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით და წოდებებით. მათ შორის, მინიჭებული აქვს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება (2014) და არჩეულია იმავე აკადემიის უცხოელ წევრად - აკადემიკოსად (2022).


„გვახარებს აკადემიკოს ნიკო ჯავახიშვილის გაერთიანება ჩვენს გუნდში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის მაღალპროფესიონალურ ანალიტიკურ საქმიანობას“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: