ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ენდრიუ ჯუელს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რის თანახმადაც სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მარეგულირებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვან რისკს ქმნის.
აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეგმავს ამ საკითხის დეტალურ გამოკვლევას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით. საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, სავალუტო ფონდი უზრუნველყოფს ამ ცვლილებების გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის მათ გავლენას IMF-ის მხარდაჭერილ ქართულ პროგრამაზე.
აგრეთვე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ფაქტორებს, რაც გავლენას ახდენს საფინანსო სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე. განიხილეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს რათა საბანკო-საფინანსო სისტემა დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს და შეინარჩუნოს მედეგობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის.