მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს ყაზახეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ბაურჟან მუხამეჯანოვი შეუერთდა.
ყაზახეთის საჯარო სექტორის სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე და დიპლომატიურ კორპუსში დაგროვებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისთვის ამ ახალ პოზიციაზე მუშაობისას.
ბაურჟან მუხამეჯანოვი ყაზახეთის მთავრობაში წლების განმავლობაში იკავებდა არაერთ მაღალ თანამდებობას.
2020 წელს, ბატონ მუხამეჯანოვს ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება მიანიჭა.
გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში, მას მოპოვებული აქვს აღიარება და არაერთი ჯილდო, მათ შორის ბარისის II ხარისხის ორდენი (2010), ბარისის III ხარისხის ორდენი (2004), პარასატის ორდენი (1999), ყაზახეთის რესპუბლიკის ღირსების სიგელი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ღირსების სიგელი. ასევე, დაჯილდოებულია 20-ზე მეტი მედლით, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიერ.
ბაურჟან მუხამეჯანოვმა დაამთავრა ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება. მისი სადოქტორო დისერტაცია შეეხებოდა თემას - „ყაზახეთის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მოდელი და მთავრობის კონტროლის პრაქტიკა“.
იგი მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის რიგი კანონების მომზადებაში, მათ შორისაა:
- ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის კონსტიტუციური კანონი (1991 წ. 16 დეკემბერი);
- დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი კონსტიტუცია, მიღებული 1993 წელს;
- 1995 წლის კონსტიტუცია.
როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საკანონმდებლო ინიციატივების დეპარტამენტის უფროსს, მონაწილეობა აქვს მიიღებული პრეზიდენტის 130-ზე მეტი ბრძანებულების შემუშავებაში.
„ჩვენთვის დიდი პატივია ელჩ ბაურჟან მუხამეჯანოვს ჩვენს გუნდში გაერთიანება. „ჯეოქეისისათვის“ მეტად მნიშვნელოვანი იქნება მისი გამოცდილება და რეგიონის ეკონომიკური ლანდშაფტისა და პროცესების სიღრმისეული ცოდნა, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტექსტში. გარდა ამისა, მისი კავშირები ხელს შეუწყობს ჩვენს ანალიტიკურ ცენტრს საკონტაქტო ქსელის გაფართოებასა და ახალი მნიშვნელოვანი პროფესიული ურთიერთობების დამყარებაში“, - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.