თოფჩუბაშოვის ცენტრი (აზერბაიჯანი) და ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი" (საქართველო) მოხარულნი არიან, განაცხადონ ახალი პროექტის - თოფჩუბაშოვ-ჩხეიძის სახელობის ფორუმის შესახებ, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტების ინიციატივას წარსულში ორი ქვეყნის გამორჩეული დიპლომატების პატივსაცემად, რომლებიც ერთი საუკუნის წინ ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე თავიანთი ქვეყნების დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ.
ფორუმი მიზნად ისახავს აზერბაიჯანისა და საქართველოს წამყვან მეცნიერებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის ხელშეწყობას აქტუალური და სტრატეგიული გამოწვევების განხილვებისათვის, ასევე რეგიონის უფრო მდგრად, მშვიდობიან და უზრუნველყოფილ მომავალზე მსჯელობისათვის პლატფორმის შესაქმნელად. ფორუმი დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელ წრეებს მოისმინონ ერთმანეთის შეხედულებები, შეაჯერონ პოზიციები და ძირითადი გზავნილები გადასცენ პოლიტიკურ ელიტას, მედიასა და საზოგადოებას.
დაგეგმილია, დისკუსიები ჩატარდეს დახურულ, ე.წ. Chatham House წესების მიხედვით, რაც მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაცვლას უფრო თავისუფალ, კომფორტულ და მოხერხებულ ფორმატში უზრუნველყოფს.
მხარეები ასევე შეთანხმდებიან, საჭიროების მიხედვით, თუ რა გზავნილები უნდა გადასცენ როგორც თავიანთ მთავრობებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე მედიასა და საზოგადოებას.
ფორუმის განხილვებს კოორდინირებას თოფჩუბაშოვის ცენტრი (აზერბაიჯანი) და ჯეოქეისი (საქართველო) გაუწევენ. ამასთან დაკავშირებით, ისინი შეარჩევენ ფორუმის ჩატარების ადგილს, შეადგენენ მონაწილეთა სიას და დღის წესრიგს, ასევე, ღონისძიების შემდგომ მოამზადებენ დისკუსიების ძირითადი ასპექტების შესახებ ანგარიშს და განსაზღვრავენ თითოეული სესიის მედიაში გაშუქების რეგლამენტს.