"საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით" - "ჯეოქეისი" ახალ პროექტს იწყებს

„ჯეოქეისის“ ახალი პროექტის „საკუთარი მომავალი საკუთარი ხელით“ მიზანია საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდების წარმატების ისტორიების საზოგადოებისათვის გაზიარება და ჩვენება იმისა, რომ მასშტაბური წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნიდანაცაა შესაძლებელი.


სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, ბევრმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის ნიჭიერმა ახალგაზრდებმაც.  ბევრმა ემიგრანტმა საზღვარგარეთ ასახელა ჩვენი ქვეყანა და შექმნა წარმატების ისტორია, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის საამაყოა.  ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ საზღვარგარეთ წასული ადამიანების შესახებ ინფორმაციას მასმედიის საშუალებით, რაც გვახარებს. 


ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, არაერთი წარმატებული ახალგაზრდა დაბრუნდა საქართველოში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლისა თუ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ორგანიზაციაში სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ.  მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების ისტორია და მაგალითი სათანადოდ არაა წარმოჩენილი  -  დღეს, სამწუხაროდ, შექმნილია საზოგადოებრივი აღქმა და რწმენა, რომლის მიხედვითაც, წარმატებისათვის აუცილებელია ქვეყნის დატოვება.  მსგავსი სუბიექტური დამოკიდებულება კი დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს, რადგან იმ ვითარებაში, როდესაც ა) მსოფლიო უმძიმეს გეოპოლიტიკურ კრიზისშია, ბ) ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, გ) უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება, დ) ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ე) დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დემოგრაფიული დინამიკა ცალსახად უარყოფითია, - კიდევ უფრო დიდ როლს იძენს საქართველოში დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდების მნიშვნელობა, რომლებიც მამოძრავებელ ძალასა და დემოგრაფიულ რესურსს უნდა წარმოადგენდნენ ქვეყნის მომავლისათვის.


ცხადია, ქვეყნის დატოვება უკეთესი მომავლის პოვნის მიზნით თითოეული ინდივიდის თავისუფალი ნების გამოვლინებაა. თითოეული ადამიანი, რომელმაც, ქვეყნის გარეთ, ურთულეს კონკურენციაში მიაღწია წარმატებას, ყველა ჩვენგანისათვის საამაყოა. თუმცა, ასევე, საზოგადოებრივი თვალსაწიერიდან არ უნდა დაიკარგონ ისინი, ვინც სწორედ საზღვარგარეთიდან, წამყვანი უნივერსიტეტებიდან თუ ორგანიზაციებიდან დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი ცოდნით და გამოცდილებით ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას.  ამდენად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, მათ შესახებაც იცოდეს, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებიც ახლა ირჩევენ საკუთარ კარიერულ გზას. 


საგანგებოდ აღსანიშნია ისიც, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიცაა საქართველო, დემოგრაფია ყოველთვის იყო და იქნება უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომლისათვისაც ეროვნული თანხმობა და საზოგადოებრივი ყურადღების სწორად მიმართვა, უმნიშვნელოვანესია.


სწორედ ამ მიზნით, „ჯეოქეისში“ გადავწყვიტეთ, საზოგადოებას გავუზიაროთ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული წარმატებული ადამიანების ისტორია - ადამიანებისა, რომლებმაც ისწავლეს აშშ-ს, ევროპის თუ აზიის წამყვან სასწავლებლებში, იმუშავეს მსოფლიო მასშტაბით ცნობილ კომპანიებში და დღეს საქართველოდან აგრძელებენ საკუთარი (და ქვეყნის) წარმატებული მომავლის შენებას. ამით კი მათ საკუთარი წვლილი შეაქვთ ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების გადალახვაში და სწორი მიდგომებისა თუ სტანდარტების დამკვიდრებაში. 

გააზიარე: