„ჯეოქეისს“ ელჩი მალხაზ კაკაბაძე შეუერთდა

მოხარულები ვართ განვაცხადოთ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ ელჩ მალხაზ კაკაბაძის მრჩევლის რანგში შემოერთების შესახებ.
 

მალხაზ კაკაბაძეს დიპლომატიის სფეროში და საჯარო სამსახურის მაღალი რანგის თანამდებობებზე მუშაობის გამორჩეული გამოცდილება გააჩნია. 
 

მალხაზ კაკაბაძე 2016 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. 
 

2000-2004 წლებში, საქართველოს საგანგებო დავალებათა (კონფლიქტების მოგვარების) მინისტრის თანამდებობაზე, მალხაზ კაკაბაძემ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. იგი მონაწილოებას იღებდა რუსეთის მესაზღვრეების სამხედრო ბაზების დახურვისა და მათი ძალების საქართველოდან გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებებში და პირადად მოაწერა ხელი შეთანხმებას 1998 წლის ნოემბერში.
 

მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (PCA)  განხორციელებაში. ასევე, მონაწილეობდა საქართველოში Visa-სა და საპასპორტო სისტემის შექმნაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს ევროპის საბჭოში გაერთიანებაზე მომუშავე გუნდის საქმიანობას. 
 

თავისი კარიერის მანძილზე მალხაზ კაკაბაძე მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო შეხვედრებში, გაეროს უშიშროების საბჭოს სესიებსა და ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსებში. ძალისხმევას არ იშურებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ გალის რაიონსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებისა და რეაბილიტაციის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. 
 

დიპლომატიური საქმიანობის გარდა, დაკავებულია კვლევითი საქმიანობითაც. 
 

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
 

“ჩვენთვის პატივია ბატონი მალხაზ კაკაბაძის ჩვენი გუნდის წევრობა, წარმატებას ვუსურვებთ მას და მოუთმენლად ველით მასთან პროდუქტიულ თანამშრომლობას“, - განაცხადა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: