ვიქტორ ყიფიანი და გიორგი ციკოლია ერევანში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ

ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი და Lineate-ის რეგიონალური დირექტორი, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი ციკოლია სიტყვით წარდგნენ საერთაშორისო ფორუმზე - „ახალი რეალობა და „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რომელიც ერევანში გაიმართა.
 

ფორუმი ეხებოდა გეოპოლიტიკის, რეგიონში არსებული რეალობის, ეკონომიკური კავშირებისა და პოტენციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს.
 

ასევე, ფორუმის ფარგლებში, ვიქტორ ყიფიანი დაესწრო სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის ვაჰან ქერობიანის მიერ ღონისძიების მონაწილეებისაგან შემდგარ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას, რომელზეც განხილული იყო რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკისა და კომუნიკაციების განვითარების პერსპექტივები. მინისტრმა დამსწრეებს გააცნო სომხეთის საინვესტიციო გარემო და მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ დეტალები, რაც მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის კონცეფციას მოიაზრებს.
 

შეხვედრები აგრეთვე გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთანაც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა სომხეთის ხედვა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ სიტუაციაზე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორსა და პრიორიტეტებზე. შეხვედრების დროს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია განხილული საკითხების დეტალებში ჩაღრმავების მიზნით.
 

“მოხარულები ვართ, რომ გვქონდა ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა. ფორუმმა შექმნა საკმაოდ პროდუქტიული პლატფორმა დეტალური დისკუსიებისათვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სფეროების განსასაზღვრად, ურთიერთობების განსამტკიცებლად და განვითარების ახალი გზების მოსაძიებლად,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: