ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქესის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრად მეოთხე ვადით აირჩიეს.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს.
ორგანიზაცია აერთიანებს 1200-მდე რეგისტრირებულ წევრს. ასოციაციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი წევრები და არსებული ინტელექტუალური რესურსია.
ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა. EPAG-ი არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე – სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშირებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალების ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად.
EPAG-ის მისია ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების, გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ადვოკატირების გზით.