ანალიტიკურმა ცენტრმა "ჯეოქეისი", უკრაინის საგარეო პოლიტიკის ასოციაციასთან (UFPA) თანამშრომლობით, ონლაინ კონფერენცია გამართა. კონფერენციის თემა იყო: „ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაცია და ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა“.
ღონისძიებაზე განხილული იყო ორივე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან და ევროპული უსაფრთხოების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
კონფერენციას მოდერატორობას უწევდა "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი. მან და UFPA-ს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ხანდოგიმ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:
• იგორ დოლგოვი, უკრაინის ყოფილი ელჩი საქართველოში;
• იოსებ ნანობაშვილი, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონალური დირექტორი და "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი;
• ნიკოლოზ ხატიაშვილი, "ჯეოქეისის" საერთაშორისო მდივანი და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.
სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა იგორ დოლგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის და იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საყრდენი. ასევე ისაუბრა, თუ როგორ განვითარდა ევროპის მიდგომა უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების მიმართ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, ყირიმის ანექსიის, 2014 წელს დონბასში მარიონეტული რეჟიმის მიერ წამოწყებული ომისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდამდე. ელჩმა დოლგოვმა, კონკრეტულ მაგალითებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, განიხილა ევროკავშირის პოლიტიკური და სამხედრო აზროვნების ტრანსფორმაცია ფრთხილი და არაეფექტურიდან გაბედულ ქმედებებამდე, რაც პრაქტიკულად უკრაინის უშუალო სამხედრო მხარდაჭერაში გადაიზარდა. იგი, ასევე, შეეხო ევროკავშირის კიდევ უფრო მკაფიო განცხადებებს უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. „ევროკავშირი გლობალური მოთამაშე გახდა. ამჟამად მისი იდეოლოგია არ გახლავთ აფრიკასთან, ლათინურ ამერიკასთან ან კარიბის ზღვის ქვეყნებთან პარტნიორობის განვითარება; ახლა ევროკავშირის მიზანია ევროპის დაცვა, მათ შორის, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში ჩართვის გზითაც. ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირმა არაერთი შიდა საკითხი უნდა მოაგვაროს, არა მხოლოდ მიიღოს ახალი წევრები - უკრაინა და საქართველო - არამედ განახორციელოს ცვლილებები გაერთიანების შიგნით, რათა შეძლოს მიმდინარე აქტუალურ პრობლემებსა და გამოწვევებთან გამკლავება," - აღნიშნა მან.
ვოლოდიმირ ხანდოგიმ ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკური კონტექსტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ უკრაინის თანამედროვე ევროპაში და მის სტრუქტურებში ინტეგრაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, სადაც საუბარია უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ჩართვასა და საერთო ევროპულ უსაფრთხოებას შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე, ხაზს უსვამს უკრაინის ინტეგრაციის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. „ევროკავშირის გაძლიერებული ინტერესი როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ასპექტების მიმართ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უკიდურესად საჭიროა საერთო რეგიონული უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა მან.
იოსებ ნანობაშვილმა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში გადაწყვეტილებების მიღების სირთულეებზე ისაუბრა, განიხილა ე.წ. "გაფართოების მიმართ გადაღლილობის სინდრომის“ მართვის პროცესი, ასევე პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში გააანალიზა ევროკავშირის ახალი წევრების ინტეგრაციის ეფექტურად წარმართვის უნარი. „ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ევროკავშირს, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხება, საკმაოდ საყურადღებო შიდა პრობლემები გააჩნია. თუმცა ვატყობ, იგი გადაწყვეტილების მიღების უფრო მოქნილი პროცედურებისკენ იხრება და, გარდა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 31-ე მუხლისა, რომელიც კონსტრუქციულ თავშეკავებას ეხება, უპირატესობას, კონსენსუსის პრინციპის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის წესის უფრო ეფექტიანად გამოყენებას მიანიჭებს. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უფრო და უფრო მტკიცე გახდება," - აღნიშნა მან.
ნიკოლოზ ხატიაშვილმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპის უსაფრთხოების საქმეში. განიხილა გეოპოლიტიკური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები შავი ზღვის ფაქტორის გათვალისწინებით. მისი თვალსაზრისით: „ევროპის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევების პირობებში, საქართველოს მრავალმხრივი წვლილი არსებითია ურთიერთდაკავშირებული კონტინენტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ევროპის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის გაფართოებას, ამიტომაც აუცილბელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად და ევროპის უსაფრთხოებისათვის გრძელვადიანი პოზიტიური შედეგების უზრუნველსაყოფად."
ვიქტორ ყიფიანმა ხაზგასმით აღნიშნა: „უკრაინა არის და იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი საყრდენი. შესაბამისად, უკრაინის ძალისხმევა სრულად უნდა იყოს დაფასებული. თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დახმარებასთან დაკავშირებული მისი მოლოდინები კი - სათანადოდ და დროულად გამართლებული“.
დისკუსია კითხვა-პასუხის სესიით გაგრძელდა. კონფერენციის მონაწილეებმა 2023 წლის 14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების გეოპოლიტიკურ შინაარსსა და ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებით აღინიშნა განახლებული ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევის პრაქტიკული ღირებულება.
კონფერენციის საშუალებით პროდუქტიული პლატფორმა შეიქმნა სიღრმისეული ანალიზისა და ღირებული მოსაზრებების გასაზიარებლად, ასევე, უკრაინას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო კავშირების გაღრმავების მიზნით, ძალისხმევის გაერთიანებისათვის.