ხათუნა ბურკაძე მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ხათუნა ბურკაძეს სიგელი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცეს.
 

ხათუნა ბურკაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სადოქტორო პროგრამის - „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი და „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი. იგი გახლდათ ფულბრაიტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდიატი. პროფესორი ხათუნა ბურკაძე  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. მას არაერთი კვლევა აქვს განხორციელებული ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯის,  ფლეტჩერის  სკოლისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. ხათუნა ბურკაძე გახლდათ 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.

  
ბოლო პერიოდში ხათუნა ბურკაძე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს იკვლევს. მისი სტატიები გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში, მათ შორის „ფლეტჩერ ფორუმში“ და ციტირებულია „ჰარვარდის ეროვნული უსაფრთხოების“ ჟურნალის მიერ. მისი ნაშრომი ციფრული გარდაქმნის საერთაშორისო ტენდენციებზე შეტანილია გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, ხოლო პროფესორ ხათუნა ბურკაძის განმარტებები დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის შესახებ „ფლეტჩერ ფორუმმა“ 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანა. ასევე, ის აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებზე განათლების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების, განხორციელების მიმართულებებით. ხათუნა ბურკაძე თანაავტორია „ხელოვნური ინტელექტის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების“. მისი პუბლიკაციები განთავსებულია EBSCO-ს, HeinOnline-ის, JSTOR-ისა და სხვა ცნობილ ბაზებში. 
 

გააზიარე: