ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: “2023 წელი საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხ წლად იქცა. ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ შედეგს მიაღწია. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, რეფორმების გზით, საბოლოოდ განახორციელოს მისი ევროპული მიზნები და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამასთან, ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულია და შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. შესაბამისად, გეოპოლიტიკური მოცემულობა გვკარნახობს, პარტნიორების მხარდაჭერით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების გაგრძელებას ევროპულ კრიტერიუმებთან უფრო მეტად დაახლოებისათვის. მით უფრო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და არათუ წლები, არამედ საუკუნეებია ისწრაფვის დასავლურ სისტემასთან სრული ინტეგრირებისათვის. ეს როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია, რომელიც ქმნის მყარ, კონსტიტუციურ საფუძველს იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ჩვენ შევძლებთ მეტი სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის იმპლემენტაციისათვის”.
“ევროპული გზა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, რომლის ფარგლებში სწორედ ადამიანია მთავარი ღირებულება. ნებისმიერი სისტემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ გვჭირდება ინდივიდების უფლებების, თავისუფლებების დასაცავად და მათთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შესაქმნელად. ეს ლოკისეული თეორიიდან გამომდინარე, ერთგვარი კონტრაქტია ინდივიდებსა და სისტემებს შორის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. სწორედ აქ იკვეთება ევროკავშირის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან მისი მიზანია ყველა საკვანძო მიმართულებით (განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა, აგრარული სექტორი, სატრანსპორტო პოლიტიკა, ენერგეტიკა, საჯარო ადმინისტრირება და ა.შ.) იმ ტიპის რეფორმების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეს შესაძლებლობებს მოაპოვებინებს და სამართლიან, ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას განაპირობებს,” - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის თვალსაზრისს