„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ხათუნა ბურკაძე აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიზნად ისახავს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალების გაერთიანებას და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას. იგი 1300-ზე მეტი რეგისტრირებული წევრისგან შედგება. მათი ამოცანაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მეშვეობით, ყველა საკვანძო მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, დასავლური გამოცდილების გაზიარება და დასავლური ღირებულებების განმტკიცება.
ხათუნა ბურკაძის ამერიკული გამოცდილება სხვადასხვა პროგრამას მოიცავს. მან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში პროფესორი ხათუნა ბურკაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი.
პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
2017-2018 წლებში ხათუნა ბურკაძე ჰარვარდის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების წევრი გახლდათ. ასევე, ის იყო 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.