პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებმა საქართველოში ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისთან" თანამშრომლობით უმასპინძლეს თემატურ განხილვას სახელწოდებით "ბრძოლა თავისუფლებისთვის ევროპის დასაცავად - ომი უკრაინაში და მისი პარტნიორების როლი უკრაინისა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვისათვის მისი პარტნიორების გადამწყვეტ როლზე და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას.
ღონისძიება გახსნეს და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ალექსანდრ შულგამ.
განხილვაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ:
- პაველ ჰერჩინსკი, ელჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში;
- მარკ კლეიტონი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში;
- ბარტოშ ჩიჩოკი, პოლონეთის ელჩი უკრაინაში (2019-2023 წწ.);
- მარია ზოლკინა, ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარი; კიევში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების კვლევის ხელმძღვანელი;
- მაჩიეჟ ზანიევიჩი, პროგრამის უფროსი მენეჯერი ანალიტიკურ ორგანიზაციაში Forum Energii;
- ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" თავმჯდომარე.
სადისკუსიო სესიებს მოდერატორობას უწევდნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში, არკადიუშ ლეგიეკი და დანიელ სელიგოვსკი, პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის ხელმძღვანელი.
სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს დღისწესრიგის კავშირს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებთან. მან აღნიშნა, რომ დიდ სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგიდან გადახვევის ფუფუნება, თუმცა ისეთი მცირე სახელმწიფოები, როგორიც საქართველოა, მოკლებული არიან ასეთ მოქნილობას და დიდწილად დამოკიდებული არიან საერთაშორისო წესრიგის საფუძველზე დამყარებულ სტაბილურობაზე.
ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა საფუძვლიანი მომზადებისა და პროაქტიული ღონისძიებების აუცილებლობას კრიზისების მოგვარებისათვის. მან ასევე, გამოთქვა ვარაუდი ევრაზიასა და ევროპაში კრიზისების კვლავ განმეორების თაობაზე და ხაზი გაუსვა დემოკრატიული მდგრადობის, როგორც პირველადი თავდაცვის მექანიზმის, მნიშვნელობას საქართველოს მსგავსი სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მძლავრი სამხედრო ძალა ან ეკონომიკური სიძლიერე. მისი თქმით, საქართველოს ძლიერება მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმზიდველობასა და მდგრადობაში მდგომარეობს, რადგან ისინი ქმნიან ეროვნული მედეგობისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედს.
„ამ ქვეყანას [საქართველოს] არც ბირთვული იარაღი აქვს, არც მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერე. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის თვალსაზრისით მიმზიდველობა და მედეგობა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და მისი ინსტიტუტების ქმედუნარიანობის საფუძველი,“ - აღნიშნა მან.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა უკრაინისადმი სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე, სტრატეგიულ შორსმჭვრეტელობასა და თავისუფლებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების მნიშვნელობას ევროატლანტიკური ქვეყნების საერთო ღირებულებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
იხილეთ ვიქტორ ყიფიანის გამოსვლა თემატურ განხილვაზე.