ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მის მრჩეველთა საბჭოს უფროსი აღმასრულებელი, ანტრეპრენერი და გავლენის ინვესტორი, ნიკოლოზ ალავიძე შეუერთდა.
იგი თავისი გამოცდილებითა და მრავალმხრივი უნარებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ანალიტიკური ცენტრის ბრენდისა და იმიჯის განვითარებაში კონტაქტების ქსელის გაფართოებაში და ქართულ თემატიკასთან დაკავშირებული ტურიზმისა და სპორტული ინიციატივების განვითარების ხელშეწყობაში.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტორების მხარდაჭერის, საინფორმაციო კომუნიკაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით; ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და მთის კურორტების განვითარების სააგენტოებს.
იგი, ასევე, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ რაგბისთან, როგორც პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი და მონაწილეობას იღებდა უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში.
გარდა ამისა, ნიკოლოზ ალავიძე ჩართულია რამდენიმე კერძო კომპანიის მართვაში, როგორც დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, უძრავი ქონების, სათავგადასავლო ტურიზმის და საერთაშორისო ვაჭრობის და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში.
ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში (2000) და ინოვაციების მენეჯმენტში. ასევე, არის გრენობლის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის (GGSB), (საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნეს-სკოლის ორმაგი პროგრამის კურსდამთავრებული.
იგი თავისუფლად საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. გააჩნია იაპონური ენის საბაზისო ცოდნაც.
„გვიხარია, რომ ნიკოლოზ ალავიძე "ჯეოქეისის" გუნდს შემოუერთდა. იგი თავისი გამოცდილებით და პოზიტიური ცვლილებებისადმი ინტერესით, უდავოდ გააძლიერებს ჩვენი ცენტრის სტრატეგიულ ხედვასა და მისიას დასახული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა.