5 მარტს, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისისა“ და თოფჩუბაშოვის ცენტრის (აზერბაიჯანი) ერთობლივი ინიციატივის, თოფჩუბაშოვ-ჩხეიძის ფორუმის ფარგლებში, პირველი ვებინარი გაიმართა.
ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი. სპიკერები კი იყვნენ: რუსიფ ჰუსეინოვი, თოფჩუბაშოვის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძნებელი; მაჰამად მამადოვი, თოფჩუბაშოვის ცენტრის მკვლევარი და ბექა ბოჭორიშვილი, „ჯეოქეისის“ კონფლიქტების მიმართულების მკვლევარი.
ვებინარზე რეგიონის უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენები განიხილეს. დისკუსია შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონული ინტეგრაციისა და ბაქოსა და თბილისის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების აქტუალურ საკითხებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გლობალური ძალაუფლებების ცვლილებების ფონზე.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სადისკუსიო სესია გახსნა და თოფჩუბაშოვ-ჩხეიძის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა მის გადამწყვეტ როლს აზერბაიჯანულ და ქართველ ექსპერტთა შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში. მან მოკლედ მიმოიხილა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების პროცესი და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების არსებობის კონტექსტში.
თოფჩუბაშოვის ცენტრის დირექტორმა, რუსიფ ჰუსეინოვმა მსმენელებს თავისი ხედვა გაუზიარა თოფჩუბაშოვ-ჩხეიძის ფორუმის აქტუალურობის, ასევე, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების მრავალმხრივი ასპექტების შესახებ. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების მტკიცე ხასიათს და მდგრადი ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას მიმდინარე გამოწვევების გადაჭრისა და გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენების მიზნით.
მაჰამად მამადოვმა რეგიონის გეოპოლიტიკური არქიტექტურის იმ ბოლოდროინდელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა დროსაც აზერბაიჯანმა და საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. შესაბამისად, აღნიშნა, რომ რეგიონის ენერგეტიკული (სამხრეთის გაზის დერეფანი) და სატრანსპორტო (შუა დერეფანი) მარშრუტების გაზრდილმა მნიშვნელობამ სხვადასხვა ენერგეტიკული ცენტრის რეგიონული და გლობალური სტრატეგიებისთვის, სამხრეთ კავკასიის ორივე რესპუბლიკისათვის არაერთი შესაძლებლობა გააჩინა არსებულ არაპროგნოზირებად სამყაროში თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად. მისი აზრით, ახლა, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ასე ახლოს არიან ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლია თავისი სტაბილური გარემო მეტი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მოსაზიდად გამოიყენოს.
ბექა ბოჭორიშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების სწრაფვაზე და მის შედეგებზე რეგიონის მასშტაბით. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოტენციურ სარგებელსა და გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციასთან. ბექა ბოჭორიშვილმა მნიშვნელოვანი მოსაზრებები შესთავაზა საქართველოს ევროპული მისწრაფებების უფრო ფართო რეგიონული კონტექსტით დაინტერესებულ მხარეებსა და პოლიტიკის შემქმნელებს.
ვებინარი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების, ასევე, რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ გააფართოვებენ როგორც დისკუსიების თემატიკას, ასევე, სპიკერებისა და მონაწილეთა წრეს ორივე ქვეყნიდან, რათა უფრო დეტალურად იმსჯელონ რეგიონული და გლობალური გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ.