ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია საქართველოს ევროპულ მომავალზე წაიკითხა

19 მარტს სამართლის დოქტორმა, პროფესორმა, „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - "საქართველოს ევროპული მომავალი: კანდიდატობიდან წევრობამდე".
 

ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ევროინტეგრაციის ისტორიის ანალიზის შედეგად თვალსაჩინოა, რომ გაერთიანებული ევროპის იდეა გულისხმობს მშვიდობას, უსაფრთხოებას, განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნას და, რასაკვირველია, მრავალფეროვნების, ევროპული ქვეყნების იდენტობის პატივისცემას, დაცვას. ევროპულმა გაერთიანებამ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეძლო მაღალი ევროპული სტანდარტების განვითარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. შესაბამისად, ამ სისტემის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ სახელმწიფოებში იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც გულისხმობენ ინდივიდის პოლიტიკური, სამოქალაქო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებების დაცვას”.


“საქართველოს ევროკავშირში წევრობა ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს, რაც ევროპული შესაძლებლობების ფანჯრის სრულფასოვან გაღებაზე მიანიშნებს. ეს კი საკუთარი მიზნების განხორციელების საუკეთესო, დემოკრატიული, დაცული, სტაბილური საშუალებაა. ის მოიცავს ევროპული გაერთიანების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის პროფესიული განვითარების თუ ბიზნეს გეგმის იმპლემენტაციის მიმართულებებით. ამასთანავე, ეს გულისხმობს თითოეული ჩვენგანის კანონიერი ინტერესის უზრუნველყოფის ქმედითი ინსტრუმენტების არსებობას და, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის სრული დაცვით, მათზე ხელმისაწვდომობას. სწორედ სამართლის უზენაესობის პატივისცემაა აუცილებელი მოქალაქის უფლებების სათანადოდ რეალიზებისათვის და ამ მიმართულებით მთელი რიგი გარანტიების შექმნისათვის,” - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: