"ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვიდა „ისრაელის სახლის" მიერ ორგანიზებულ საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობების 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის პარლამენტის, ქნესეთის წევრები, ისრაელელი ბიზნესმენები, საქართველოს საჯარო, აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის" ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომელმაც „ისრაელის სახლის" საქართველოში საქმიანობა შეაჯამა. აუდიტორიას, ასევე, მიმართეს ქნესეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა და საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაზე გამომსვლელებმა საგანგებოდ დაგმეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა და ხაზგასმით აღნიშნეს მძევალთა უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობა.
ვიქტორ ყიფიანმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს. მან ასევე, ისაუბრა სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონში და გლობალურად განვითარებული მოვლენების ფონზე.
შეხვედრის დასასრულს, წლის ბოლოს საქართველოში ისრაელი-საქართველოს დიდი ბიზნეს ფორუმის ჩატარება დაანონსდა.