"ჯეოქეისსა" და ევრაზიის კვლევების ცენტრს (AVİM, თურქეთი) შორის მორიგი ონლაინ დიალოგი გაიმართა

ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისისა" და ევრაზიის კვლევების ცენტრის (AVİM) ონლაინ ფორმატის შეხვედრების ფარგლებში მორიგი დიალოგი გაიმართა. AVİM ანკარაში დაფუძნებული ანალიტიკური-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელსაც აქტიური სამუშაო კონტაქტები გააჩნია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.


დიალოგის საგანს წარმოადგენდა თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტატუსი და მოლოდინები. დისკუსია ასევე, შეეხო თურქეთში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს, გაკეთდა წინასწარი შეფასება თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებმა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.


“ჯეოქეისსა და AVİM-ს შორის დიალოგის ფორმატი მნიშვნელოვანი საშუალებაა აქტუალურ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით კონსტრუქციული ერთობლივი ჩართულობისა და დისკუსიისათვის. ჩვენ ვცდილობთ, მეტად შევუწყოთ ხელი ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ჩვენი ქვეყნების ასევე, ფართო რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: