ვიქტორ ყიფიანი ირლანდიაში დაგეგმილ ენისკორტის 2024 წლის ფორუმზე სიტყვით გამოვა

ენისკორტის ფორუმი ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მდგრადი განვითარების დღისწესრიგის ხელშესაწყობად დაარსდა. ფორუმი ოფიციალურად თანამშრომლობს გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასთან, რომელიც ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურულ გარემოზე და ტრანსფორმაციის ტემპის გლობალური მასშტაბით გაზრდაზე. ფორუმი, Buildings Action Coalition (BAC)-ის მეშვეობით, თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებთან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ ცენტრებთან სამუშაო ძალის განათლებისა და განვითარების, ასევე მიდგომების არჩევანისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარების მიზნით.
 

BAC-ის 2024 წლის სამიტი 8-10 აპრილს, ირლანდიაში, უექსფორდის საგრაფოს ქალაქ ენისკორტიში გაიმართება. სამიტის მომხსენებლებს შორის იქნებიან ვიქტორ ყიფიანი, საქართველოს წამყვანი გეოპოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტის „ჯეოქესის“ თავმჯდომარე და დავით ჩიკვაიძე, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისის გენერალური დირექტორის კაბინეტის ყოფილი უფროსი.
 

ორშაბათს, 8 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ვიქტორ ყიფიანი ისაუბრებს თემაზე „სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“ და განიხილავს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადობის პოლიტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. ბ-ნი ყიფიანის მოხსენება შეეხება გლობალური მდგრადობის დამაბრკოლებელი ფაქტორების ანალიზს რეგიონების მიხედვით.
 

მასთან ერთად, Alliance to Save Energy-ის პრეზიდენტი ლიზა გლოვერ, პენსილვანიის უნივერსიტეტის არქიტექტურული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯეიმს ფრეიჰაუტი, Passive House Institute-ის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სიუზან უინკელი, ირლანდიური არქიტექტურული ფირმის - MosArt მმართველი დირექტორი, ტომას ო'ლირი და ენისკორტის ფორუმის უფროსი მრჩეველი, გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკის კომისიის მდგრადი ენერგეტიკის  მიმართულების ყოფილი დირექტორი, სკოტ ფოსტერი ისაუბრებენ აშშ-ისა და ევროკავშირის ინფრასტრუქტურული გარემოს პოლიტიკისა და პრაქტიკის დინამიკის, ასევე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.

გააზიარე: