ხათუნა ბურკაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა, ხათუნა ბურკაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 

ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  შესაბამისი გარემოს შექმნა ინდივიდუალური გეგმების განვითარების, კლასების, აუდიტორიების სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვის, თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვის, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტექნოლოგიური მიღწევების სწორად გამოყენების გზით.“
 

ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. „საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. სამწუხაროდ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის ცნებას არ განსაზღვრავს და არ ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. შესაბამისად, აუცილებელია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა თანაბრად ყველას ჰქონდეს. ეს პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განხორციელებას,“ - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.
 

პროფესორმა ბურკაძემ აღნიშნული მოხსენება  ბტუ-ს სახელით განხორციელებული კვლევის ფარგლებში - “როგორ შევუწყოთ ხელი აუტისტი მოზარდების უკეთ ჩართვას უმაღლეს განათლებაში? საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და ინკლუზიური პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება” - წარადგინა. აღნიშნული კვლევის თანახელმძღვანელია ზარინა ბურკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 


 

გააზიარე: