ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე - "სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე "სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“.
 

კონფერენციაზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს და აღნიშნული პარტნიორობის გავლენისა და შედეგების შესახებ იმსჯელეს.
 

სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს ამ უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრება გაუზიარა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან ინტეგრაციის უპირატესობას ერთ ბაზარზე დამოკიდებულებასთან შედარებით და აღნიშნა, რომ ჩვენ ეკონომიკური ნაციონალიზმის ეპოქაში ვიმყოფებით, როცა ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე რაოდენობას.
 

ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისით, აუცილებელია ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაცია - ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა, ან საქართველოს უშიშროების საბჭოს სისტემაში მისი ინტეგრირება. ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ შეიქმნას სპეციალური სამთავრობო თანამდებობა მინისტრის ან სახელმწიფო მდივნის სახით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკური რისკების ზედამხედველობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების ანგარიშის რეგულარულ მომზადებაზე. მან ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოების ცალკე კანონის შექმნაზე კრიზისების დროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით; ასევე, მიწოდების ალტერნატიული არხების აუცილებლობასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
 

გარდა ამისა, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას და დასავლეთის ქვეყნებს რეგიონში მეტი პროაქტიულობისკენ მოუწოდა. ”შუა დერეფანი მხოლოდ ვაჭრობისთან არაა დაკავშირებული, მის გარშემო ყალიბდება კავშირი, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოები ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებიდან გამომდინარეც გაერთიანდებიან. ამიტომ, დასავლეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავიდანვე ჩაერთოს პროცესებში, რადგანაც დღეს ჩვენ გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ლანდშაფტის არაერთი მიმართულებით ცვლილების მოწმენი ვართ “, - აღნიშნა მან.
 

კონფერენცია ორგანიზებული იყო Civic IDEA-ს მიერ National Endowment for Democracy for Freedom-თან, CAPS Unlock-თან, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან, ნატო-ს საკონტაქტო საელჩოებთან (დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი) და ტაივანის დემოკრატიის ფონდთან თანამშრომლობით.
 

იხილეთ კონფერენციის საპანელო განხილვის ჩანაწერი
 

გააზიარე: