„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა ბურკაძე აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად კვლავ აირჩიეს.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია მიზნად ისახავს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალების გაერთიანებას და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას. იგი 1300-ზე მეტი რეგისტრირებული წევრისგან შედგება. მათი ამოცანაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების მეშვეობით, ყველა საკვანძო მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, დასავლური გამოცდილების გაზიარება და დასავლური ღირებულებების განმტკიცება.
ხათუნა ბურკაძის ამერიკული გამოცდილება სხვადასხვა პროგრამას მოიცავს. მან ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლა დაამთავრა. ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში პროფესორი ხათუნა ბურკაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერშეტევებისა და კიბერომის საერთაშორისო სამართლებრივ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ის იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ბარდ კოლეჯისა და ფლეტჩერის სკოლის მიწვეული პროფესორი.
პროფესორმა ბურკაძემ წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების საკითხთა კვლევითი ცენტრის უსაფრთხოების გაღრმავებული სწავლების ლიდერთა პროგრამები. ასევე, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის კურსდამთავრებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ხათუნა ბურკაძე 2017-2018 წლებში იყო სამართლისა და საერთაშორისო განვითარების საზოგადოების წევრი ჰარვარდის სამართლის სკოლაში. ასევე, იგი გახლდათ 2018 წლის ევროპული კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ჰარვარდში.