კორონავირუსთან ბრძოლის ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, პროფესორ ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია სახელმწიფოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობით ვირუსით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს პანდემიის დამარცხება, კორონავირუსს საზღვრები და ეროვნება არ აქვს. დღეს ის ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. „უხილავი მტრის დასამარცხებლად საჭიროა მსოფლიო ლიდერებმა ერთიანი სტრატეგია შეიმუშავონ იმისათვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ყველაზე ღირებული ფასეულობა - ადამიანის სიცოცხლე, და ამასთანავე, მოხდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების იმგვარი მართვა, რომ მათ არ იქონიონ უარყოფითი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, უპირველესად კი, დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე“ - დასძინა მან.
ხათუნა ბურკაძის განცხადებით: „მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: სოციალური დახმარების პაკეტის შემუშავება; ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების პაკეტის მიღება; ადგილობრივი წარმოების განვითარების პაკეტის შემუშავება; მიზანშეწონილია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხელახალი მუხლობრივი გადანაწილება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს საბიუჯეტო თანხების დაზოგვა. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს ეკონომიკის გაჯანსაღებას. ამასთანავე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში შესაძლებელია ინოვაციური მიდგომების დანერგვა. მაგალითად, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ინფიცირებულთან კონტაქტის დადგენა“.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის ქვეყნის მომავალია. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციების მოზიდვა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე, საბოლოო ჯამში, სტრატეგიული პროექტი არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარს, ხათუნა ბურკაძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად იკვეთება იზოლაციონისტური ტენდენციები, პოსტ-კორონავირუსულ პერიოდში მსოფლიოში განხორციელებული ცვლილებები დიდი ალბათობით პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გლობალიზაციისკენ იქნება ორიენტირებული. მარტივი ჭეშმარიტებაა - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ამასთანავე, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების შესაქმნელად.
გაეცანით ინტერვიუს