შალვა ლომიძე
“ჯეოქეისის” მრჩეველი,
თადარიგის გენერალ - მაიორი
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აგვისტო მძიმე თვეა - აფხაზეთში ომის დაწყება, აგვისტოს ომი, შინდისის ბრძოლა. ეს თარიღები უახლესი ისტორიიდანაა და გვაჩვენებს, რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მშვიდობა არ არის თავისთავად მონიჭებული მოცემულობა. მათ ჯერ მოპოვება უნდა და შემდეგ - დაცვა და შენარჩუნება.
„მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც!“ - მერაბ კოსტავა.
…ეს უახლოეს წარსულში თქვა დიდმა მერაბ კოსტავამ და, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 35 წელიწადში მისი ეს დაშვება რეალობად იქცეოდა.
დღეს, ამ საუკუნეში, ომს ბევრი სახე აქვს. მიზნის მიღწევა მინიმუმ ორი გზით შეუძლია მტერს: ერთი - ფართომასშტაბიანი ბრძოლის შედეგად დაპყრობით, რის მცდელობასაც დღეს ჩვენ ვხედავთ უკრაინაში; და მეორე - ჰიბრიდული ომით, რომელიც თავისი ხასიათითა და მასშტაბით ფორსირებულად მიმდინარეობს საქართველოში.
დიახ, უკრაინის მსგავსად, დღეს საქართველოც ომშია. რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, დღეს ქვეყანას გვართმევს. მოქმედებს უხილავად - შიგნიდან ნგრევის პრინციპით, რაც გამოიხატება ინსტიტუციების ჩამოშლით, ღირებულებების აღრევით, საზოგადოების დაბნევით, ოჯახების, მეგობრების, კოლეგების გახლეჩვით. და რაც ყველაზე მძიმეა - ეს ყველაფერი ხდება მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხელით.
ჩვენ ვერ ვხედავთ ტანკებს, არც ტყვიების ხმა ისმის, მაგრამ ეს სიჩუმე უფრო ხმაურობს, და ეს სიჩუმეც ისეთივე შემზარავია, როგორც ნაღმის აფეთქების ხმა. თითქოს ფიზიკურად არ გვკლავენ, მაგრამ გვხლეჩენ და გვაშორებენ ერთმანეთს. გაქრა სოციალური ურთიერთობები, გაჩნდა უნდობლობა და, რიგ შემთხვევებში, შუღლი.
ყველაფერს უნდა დავარქვათ სახელი - ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ, ეწირება ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
დღეს გადამწყვეტია ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობას შეუძლია ჩვენი გაძლიერება, და მხოლოდ ერთობით შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს რუკაზე როგორც ბედნიერი მოქალაქეების დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული სახელმწიფო.
სწორედ ამიტომ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა დაინახოს თავისი როლი ამ ბრძოლაში - მით უფრო, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მომუშავე ოფიცრებმა, რადგან სწორედ, თქვენ საზოგადობის იმ ნაწილს წარმოადგენთ, რომელიც უნდა იცავდეს სახელმწიფოს ინტერვენციისგან, იცავდეს საზოგადოებას, ქვეყნის კონსტიტუციას, ქვეყნის სტაბილურობას და გრძელვადიან პერსპექტივას.
იმედია, გახსოვთ - საჯარო სამსახური არ არის უბრალოდ კარიერა. ეს არის მოვალეობა, პასუხისმგებლობა და მოწოდება - იყო ერთგული კონსტიტუციის, პრინციპების, პროფესიული ღირსებისა და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულების.
სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა წარმოადგენს ვალდებულებას ხალხისა და მომავლის - მინიმუმ თქვენი შვილების - წინაშე.
გახსოვდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს, გახდება ჩვენი სუვერენიტეტის შერყევის მსურველი გარე და შიდა ძალების მტრული სტრატეგიის ნაწილი.
დუმილი ისეთ დროს, როცა პროცესები სწრაფი ტემპით ვითარდება, არ არის ნეიტრალიტეტი. ხშირად ეს ნიშნავს თანხმობასა და მონაწილეობას სახელმწიფოებრიობის დაზიანებისაკენ მიმართულ ქმედებაში.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას!